მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
უსასრულო საშობაო ზღაპარი

მე რომ არ გითხრათ და არ მოგახაროთ, თქვენც კარგად ხედავთ: ახალი წელი მოგვდგომია კარს. დამეთანხმებით, ყველა დღესასწაული კარგია, მაგრამ ახალი წელი მათ შორის განსაკუთრებულია. ქეიფი და დოლის ცემა იქით იყოს, 31 დეკემბერს დიდი და პატარა განსაკუთრებული განწყობით ელოდება. პატარებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ღამით, როცა მათ სძინავთ, ქარისა და ყინვის მიუხედავად, კეთილი თოვლის ბაბუა არაფერს შეეპუება და მათი გულების გასახარად ნაძვის ხის ძირში სათამაშოებს დააწყობს.

არა, მთლად ისეც კი არაა საქმე, თითქოს ქართველი ბავშვები ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ სასწაულების ბოლომდე სჯეროდეთ. განსაკუთრებულად მიამიტი პატარებიც კი ხვდებიან, რომ კეთილზე კეთილი თოვლის ბუბუების შესაძლებლობა უსაზღვრო არაა. საჩუქრების სიაც, რატომღაც, დედიკოსა და მამიკოსთან უნდა შეათანხმონ. რაღაცას უეჭველად ხვდებიან პატარები, მაგრამ იქნებ, დიდების გულის მოსაგებად, თავს იკატუნებენ? ცხადია, პატარებს სასწაულის ბოლომდე არ სჯერათ...

ისე, თოვლის ბაბუების შესაძლებლობა მართლაც რომ ამოუწურავი იყოს, რაღა გვიჭირდა ქართველებს: უწყვეტი დენი და გაზი, მაღალი ხელფასები და პენსიები ოცნებიდან რეალობად გვექცეოდა.

უბედურება ისაა, რომ, უცნაური ლოგიკის წყალობით, პატარებზე მეტად საშობაო სასწაულების დიდებს სჯერათ. ბავშვები ახალი წლისგან, ანუ თოვლის ბაბუისგან, შოკოლადის ფილებს, ველოსიპედებს, საინტერესო წიგნებს, სახატავ რვეულებს, ასაწყობ "კონსტრუქტორებს", კომპიუტერებსა და მაგნიტოფონებს ითხოვენ.

დიდებს კი რა მოსდით?

ზრდასრული ქართველები ახალი წლისაგან ცხოვრების პირობების მკვეთრ გაუმჯობესებას, ფინანსურ წარმატებას, სამსახურში დაწინაურებას, მოკლედ, მეტ ბედსა და იღბალს ითხოვენ. თოვლის ბაბუისთვის სია რომ ჩამოვწეროთ, ვშიშობ, ჩვენი სურვილების ჩამოწიკწიკებას თაბახის ფურცელი არ ეყოფა. სურვილების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი (ალბათ, უფასო) სამედიცინო დახმარებით და უფასო საშუალო განათლებით გაიხსნება. მაღალ ხელფასებსა და პენსიებს კვალში იაფი დენი და ბუნებრივი აირი მოჰყვება. ჩვენდა სამარცხვინოდ, აფხაზეთი, სამაჩაბლო და სამასი ათასამდე გაუბედურებული დევნილი სადღაც ფურცლის შუა ნაწილის გავლისას თუ გაგვახსენდება...

ვშიშობ, ერთი უცნაურობა გვჭირს: ხელისუფლება თოვლის ბაბუაში გვეშლება. იმას, რასაც მთავრობას ყოველდღე უნდა ვთხოვდეთ, წელიწადში ერთხელ, 31 დეკემბერს უცხო ბერიკაცს - "თოვლის ბაბუას" ვთხოვთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკოსები ვაიძულოთ, წელიწადის ყველა დღე "ახალ წლად" გვიქციონ, მშვიდად ვუცქერით, თუ როგორ მდიდრდებიან და ლაღობენ ჩვენს ხარჯზე. ხელისუფლება და ხალხი ხომ ზიარჭურჭელივითაა: როცა მთავრობა უზომოდაა გასუქებული, ხალხი გაჭირვებისგან წელში წყდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მდგომარეობის შესაცვლელად გავაკეთეთ, საახალწლო დღესასწალთა რიცხვის გაორმაგებაა. ახალი წელი ყველგან 1 იანვარს დგება. ჩვენთან პირველშიც დგება და 14-შიც. შობაც ეგრე არაა? 25 დეკემბერსაც ვხარობთ და 7 იანვარსაც. მოკლედ, ორ-ორად გვაქვს ლხინი და სასწაულის, სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი.

ახლა მეკვლეობის ამბავს არ იკითხავთ? ახლით "ახალ წელსა" და ძველით "ახალ წელს", ახლითა და ძველით ბედობის დღეებიც ემატება.

ეჰ, ვინ არ ყოფილა საქართველოში მეკვლე და ვის არ უოცნებია განსაკუთრებულად ფეხბედნიერი მეკვლის სახლში მიტყუებაზე.

ზრდასრულ ადამიანებს, რატომღაც, გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ძველი წელი ყველა პრობლემას თან გაიყოლებს; ახალი კი ყველაფერ კარგსა და საუკეთესოს მაინცდამაინც ჩვენთვის გამოიმეტებს. ამ ჩვენს გულუბრყვილობას გვირგვინად მეკვლეობის გაუკუღმართებული ტრადიცია ადგას. ქართველის გარდა ვინ დაგვიჯერებს, რომელი ჭკუათმყოფელი, რომ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ფეხზე დამოკიდებულია ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების სულ ცოტა უახლოესი ერთი წელიწადი. აქ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება უსაყვედურონ ადამიანს, რა ცუდი ფეხი გქონიაო.

თურმე, ნუ იტყვით და მეკვლეს ფეხზეა დამოკიდებული, გათხოვდება თუ არა ჩაბერებული ქალიშვილი; დაგაწინაურებენ, თუ არა სამსახურში; გოგო შეგეძინება თუ ვაჟი...

ბედობისა საქართველოში ძალიან ბევრს სჯერა. თუმცა, მეკვლეს მიწვევაზე უარს არც "ურწმუნოები" ამბობენ. ამ შემთხვევაში მუშაობს პრინციპი: ჯადოსნობა, გჯერა თუ არ გჯერა, ნებისმიერ შემთხვევაში ჭრის. "სტუმარი ღვთისააო", ეს ნათქვამი, ალბათ, ჭეშმარიტებას შეესაბამება, მაგრამ არა ბედობა დღეს. ფუჭი იმედი ნუ გექნებათ, ბედობა დღეს შემთხვევით ადამიანს კარს არავინ გაუღებს... აბა, ვინ რა იცის, როგორი ფეხი აქვს? ისედაც არაა დალხენილი ცხოვრება და, როგორი ამბავია, სტუმართმოყვარეობის გამო ოჯახის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენო - ვერ გაათხოვებ ჩაბერებულ ქალიშვილს; არ დაგაწინაურებენ სამსახურში; რვა გოგონა რომ გყავდეს, მეცხრეც უეჭველად გოგო იქნება...

ლამაზი ზღაპარია არა?

სამას სამოცდახუთიდან მხოლოდ ერთ დღეს შეუძლია განსაზღვროს ის, თუ როგორი იქნება დანარჩენი სამას სამოცდაოთხი. უკეთესს ვერც მოიფიქრებ, თანაც, ქართველებს ამ ზღაპრისა გვჯერა. განა, რა გასაკვირია: ყოველდღიურ შრომას, სწავლას, პატიოსნად ცხოვრებას ერთი დღისა და ერთი ფეხის იმედად ყოფნა არ სჯობია?!

უბედურება ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაშიც ტიპური ქართველები არიან. საკუთარი ქვეყნისთვის ბედნიერება, ალბათ, მათაც სწადიათ, მაგრამ რა ქნან, განა ცდას აკლებენ?

ფაქტია, მეკვლეების არჩევანში არ უმართლებთ!

თუმცა იქ, ზემოთ გულს მაინც არ იტეხენ. ჩვენდა გასახარად, ბედობის ამ "საახალწლო ზღაპარს" დასასრული არ აქვს. წლევანდელმა მეკვლემ არ ივარგა? რა მოხდა მერე - გაისად სხვას ავირჩევთ. ერთი როგორ არ გამოგვადგება.

ავტორი: დათო ქარდავა


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი