დღეს ქართული კლუბები ევროპის ლიგის პლეი-ოფში პირველ მატჩებს გამართავენ: თბილისის "დინამო" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, ხოლო გორის "დილა" ვენაში "რაპიდს" შეხვდება.
მართალია, ჩვენს თანამემამულეებს ძლიერი მეტოქეები ჰყავთ, მაგრამ შემოთავაზებული წერილი - გახსენება კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ყველას, რომ ღირსეულად გამკლავება და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამარჯვების მოპოვება, ნებისმიერთან შეიძლება. მაშ ასე:
1973 წლის აგვისტო. ესპანეთის ქალაქი უელვა. ოთხთა ტრადიციული, რიგით |X ტურნირი. მონაწილენი: მადრიდის "ატლეტიკო", ლისაბონის "ბენფიკა", ინგლისის "დერბი ქაუნთი" და თბილისის "დინამო".
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის მთავარმა პრიზმა - "კარაველას თასმა" მანამდე მხოლოდ ორჯერ დატოვა იქაურობა - ეს ბრაზილიის "სან პაულუმ" და უნგრეთის "დოჟა უიპეშტმა" შეძლეს. დანარჩენ შემთხვევებში ყველას მადრიდის "რეალმა", სევილიის "ბეტისმა", ადგილობრივმა "რეკრეატივომ" და იმავე "ატლეტიკომ" აჯობეს.
როცა 40 წლის წინანდელ ბატალიებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი პრესტიჟულობა, რასაც მონაწილეთა პოტენციალი განაპირობებდა.
კერძოდ, ჩვენი პირველი მეტოქე მადრიდის "ატლეტიკო" იმ სეზონში ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც თითქმის მოგებული ტიტული დათმო მიუნხენის "ბაიერნთან" (გერმანელებმა ანგარიში დამატებითი დროის ბოლო წამებზე გაათანაბრეს - 1:1, ხოლო მეორე დღეს გამართულ დამატებით მატჩში ფსიქოლოგიურად დათრგუნულ ესპანელებს წირვა გამოუყვანეს - 4:0).
აი, ასეთი მრისხანე ოპონენტს შეებნენ ალიოშა კოტრიკაძის გაწვრთნილი დინამოელები ტოლ-სწორად სტარტზე და პენალტების სერიაში დაამარცხეს კიდეც - 4:2 (ძირითადი და დამატებითი დრო - 0:0).
სხვათა შორის, იმ წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველად დაინერგა ფრედ დასრულებული თამაშების შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი საჯარიმოების შესრულება და, ბედის ირონიით, ესპანეთში გამგზავრებამდე დინამოელებმა ზედიზედ ორი ბრძოლა მოიგეს საფეხბურთო ლატარიაში. ალბათ, ნერვების ომში მიღებული გამოცდილებაც დაეხმარა თბილისელთა მეკარე დავით გოგიას, თავი მადრიდელებთანაც გამოეჩინა.
კიდევ უფრო მდიდარი ისტორიით გამოირჩეოდა ჩვენი გუნდის მეტოქე გადამწყვეტ ბრძოლაში - ლისაბონის "ბენფიკა", რომელსაც ჩემპიონთა თასის ხუთი ფინალიდან ორი მოეგო. მართალია, პორტუგალიელთა ლეგენდარული ლიდერი ეუსებიო ტრავმის გამო ამჯერად აკლდა პარტნიორებს, მაგრამ მურთაზ ხურცილავასა და გივი ნოდიას არყოფნით გამოწვეული საკადრო პრობლემები თბილისელებსაც ჰქონდათ.
სამაგიეროდ, ისინი, ვინც იმ საღამოს მტკვრისპირელთა მაისურები მოირგო, შეუდარებელნი იყვნენ, ხოლო მათ შორისაც კი ვლადიმერ გუცაევი ბრწყინავდა, რომელმაც ჯერ დავით ყიფიანს გაახსნევინა ანგარიში, შემდეგ კი დუბლი შეასრულა - 3:1 და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
და ბოლოს, მოდით, გავეცნოთ იმ გუნდის წევრებს, ვინც ქართული საკლუბო ფეხბურთის სასახელო გამარჯვება გამოჭედა: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ფირუზ კანთელაძე, ზარბეგ ებრალიძე, გოჩა გავაშელი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ბესარიონ მჭედლიშვილი, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი.
ბარაქალა მათ!















































































