სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც რამოდენი დღის წინ ცენტრალურ საარცევნო კომისიაში შეიტანა მოთხონა რეფერენდუმის ჩატარების ნებართვის თაობაზე, ცსკომ უარი უთხრა. საინიციატივო ჯგუფი ცსკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. "ახალი თაობა" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ ერთ წევრ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა:
- ბატონო გელა, როგორც ცნობილი გახდა ცსკომ უარი გითხრათ რეფერენდუმის ჩატარებაზე. თქვენი აზრით, რატომ გეთქვათ ამ მოთხოვნაზე უარი?
- დავიწყებ იმით, რომ სამართლებრივად არანაირი გამართლება არა აქვს ამ უარს, იმიტომ რომ კანონში არის სპეციალური ჩამონათვალი, რა საკითხებზე შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და იქ არანაირად, მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ანუ მოსახლეობის გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მათი არგუმენტი იყო ის, რომ პარლამენტის დათხოვნას, არეგულირებს სპეციალური კანონი და ჩამონათვალია კონსტიტუციაში, რა შემთხვევაში შეიძლება პარლამენტის დათხოვა და იქ არ არის მითითებული რეფერენდუმი. ჩვენ ხომ არ შეგვიტანია განცხადება იმის თაობაზე და კითხვა არ დაგვისვამს იმის თაობაზე - გსურთ თუ არა პარლამენტის დათხოვა. ჩვენი კითხვა ფორმულირებული იყო ასე - გსურთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ჩატარდეს საქართველოში 2014 წელს? ეხლა, როდესაც 200 ათასი კაცი გამოხატავდა ამის სურვილს, მერე უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო დანიშნავდა თუ არა რეფერენდუმს, მაგრამ ქართველი ხალხის ნებას გავიგებდით, სურს თუ არა ჩვენს საზოგადოებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სწორედ ამის საშუალება არ მისცეს საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ არ ვითხოვდით იმას, რომ პარლამენტი დაითხოვეთო, ეს უკვე მერე კანონს უნდა დაერეგულირებინა. ჩვენ უბრალოდ ხელმოწერების შეგროვების უფლებას ვითხოვდით.
- იმის თქმა გინდათ, რომ ცსკომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო?
- სრულიად არაკანონიერი და არა ადეკვატური პასუხი გაგვცეს. ჩვენ რომ გვეკითხა ახლა რომელი საათიაო და იმათ ეპასუხათ კარგი ამინდიაო, აი დაახლოებით ესეთი პასუხი გაგვცეს.
- რატომ გააკეთეს ეს?
- სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ცსკოში წარმოდგენილია ორი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორივე ძალა წარმოდგენილია პარლამენტში და აქედან გამომდინარე ამ პოლიტიკურ ძალას არ სურს ძალთა სხვანაირი გადანაწილება რომ დაფიქსირდეს ახალ პარლამენტში. მათ რეალურად იციან, რომ ახალი არჩევნების შემთხვევაში, მათ ნამდვილად არც ერთს ექნება ის 40%, რომელიც დაიწერეს და არც მეორეს ექნება დანარჩენი პროცენტი ხმებისა, რომელიც მართლა მისცა ხალლხმა თავის დროზე.
- ანუ ამ ძალების მხრიდან დაიბლოკა ეს გადაწყვეტილება?
- რა თქმა უნდა, აბა სხვა ძალები ცსკოში არც არიან და მხოლოდ ეს ორი ძალაა. უბრალოდ, მე გამაკვირვა იმ ერთსულოვნებამ, რომელიც მათ აჩვენეს, ყველამ მხარი დაუჭირა და ამან მომაგონა ცეკას დადგენილებები და პოლიტბიურო და უზენაესი საბჭოს სხდომები, სადაც არცერთი წინააღმდეგი არ იყო და განსხვავებული აზრი არ არსებობდა.
- რა ბერკეტები რჩება საინიციატივო ჯგუფს?
- ჩვენ ხუთი დღის ვადაში გავასაჩივრებთ ამას, როგორც კანონი იძლევა ამის საშუალებას, საქალაქო სასამართლოში და შემდეგ კიდევ ხუთ დღეში, სასამართლო ვალდებულია ჩვენ გაგვცეს მოტივირებული პასუხი
- წინააღმდეგ შემთხვევაში არა გაქვთ უფლება რეფერენდუმის ჩატარების?
- არა. სხვა შემთხვევაში, რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეაგროვო, მაინც არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. აქედან გამომდინარე, აზრიც არა აქვს. ეს უბრალოდ სოციოლოგიური გამოკითხვა იქნება.
- გამოდის, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება?
- ამ ეტაპზე ასეა. თუ არ შეიქმნა რაიმე არაორდინალური ვითარება და ვთქვათ, თუ ისეთი პრეზიდენტი არ მოვიდა ქვეყანაში, რომელიც თვითონ დანიშნავს რეფერენდუმს, მაშინ რეალურად არ ჩანს სხვა გზა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010