80-იან წლებში სრულიად აშკარა და ნათელი გახდა, რომ ძლევამოსილი, წარსულში უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მქონე საბჭოთა კავშირი დაშლისთვის იყო განწირული. ამ პერიოდს საეჭვოდ დაემთხვა ეკოლოგიური მოძრაობის აღმალობა დასავლეთ ევროპაში. მოძრაობის წარმომადგენლები მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით იპყრობდნენ საზოგადოების ყურადღებას და აყენებდნენ საკმაოდ კეთილშობილურ, ყველასთვის მისაღებ მოთხოვნებს, რომლებიც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენ იყო მიმართული. მსოფლიომ ეს მოძრაობა "მწვანეთა მოძრაობის" სახელით გაიცნო.
ევროპელი მწვანეების იდეოლოგია, თუ მათ მიერ დეკლარირებული პრინციპების მიხედვით ვიმსჯელებთ, მემარჯვენე ორიენტაციის პარტიების იდეოლოგიასთან სრულ ჰარმონიაშია. მწვანეები, ისევე, როგორც ნებისმიერი მემარჯვენე პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, არ უარყოფენ კერძო საკუთრების უფლებას. მაგრამ იგივე მწვანეები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს ეკოლოგიურ პრობლემათა მოგვარების საკითხში. დღეს ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მწვანეების იდეოლოგია აშკარად იხრებოდა მემარცხენეობისკენ, რადგან მასში შეინიშნებოდა სოციალისტური აზროვნების ნიშნები: ეს მოძრაობა ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის უმთავრეს მეთოდად სახელმწიფოს ჩარევას, მისი მხრიდან აკრძალვების განხორციელებას, ბიუროკრატიული მექანიზმის ამუშავებას მიიჩნევდა. მაგრამ ექსპერტების აზრით, ეკოლოგიური პრობლემა არის არა სახელმწიფოს, არამედ პიროვნების პრობლემა; ეს პრობლემა არსებობს იქ, სადაც არ არის კერძო საკუთრება, ე.ი. განუსაზღვრელად დიდია სახელმწიფოს როლი. იქ კი, სადაც კერძო სექტორი და კერძო ინტერესი ძლიერია, ეკოლოგიური პრობლემებიც ნაკლებად იჩენს თავს, ხოლო ასეთი პრობლემები, მათი არსებობის შემთხვევაში, გადაწყდება არა სახელმწიფოს ჩარევის, არამედ ადამიანთა ურთიერთობის, ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველზე.
ექსპერტები მწვანეთა მოძრაობის იდეოლოგიურ ლაფსუსებზე ახლა იწყებენ საუბარს. მაშინ კი, ამ მოძრაობის ისტორიის საწყის ეტაპზე, მწვანეების მომხიბლავი ლოზუნგებისა და სამყაროს გადარჩენის კეთილშობილური მიზნით მოწყობილი მანიფესტაციების მიღმა საეჭვოს ვერავინ ვერაფერს ხედავდა. 80-იან წლებში ევროპელი მწვანეები სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ და, მაგალითად, დასავლეთ გერმანიის ბუნდესტაგში ადგილების დაკავებაც მოახერხეს.
ეჭვები "მწვანე პოლიტიკოსებისადმი", როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგვიანებით გაჩნდა. ეს ეჭვები, სხვათა შორის, არ უკავშირდება მხოლოდ მწვანეთა იდეოლოგიურ ცდომილებებს. ეჭვები უფრო შორს მიმავალია და ნამდვილად იმსახურებს ყურადღების გამახვილებას. მაგალითად, დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თავის დროზე, 80-იან წლებში, დასავლეთ ევროპაში მწვანეთა მოძრაობის უკან საბჭოთა უშიშროების სამსახური იდგა. სწორედ, მისი ხელშეწყობით და მისი ფინანსებით აგორდა "მწვანე ტალღა", რომელიც საოცარი ტემპებით იკრებდა ძალებს და რომელიც ასევე საოცრად მოკლე დროში გახდა პოპულარული თითქმის მთელ მსოფლიოში. საბჭოთა სუკმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იცნობდა საბჭოთა იმპერიის კულუარულ, გაუხმაურებელ მონაცემებს მისი ეკონომიკური პოტენციალის კატასტროფულად შემცირების შესახებ, საბჭოთა კავშირის გადასარჩენად შექმნა "მწვანეები", რომელთაც საკუთარი პროტესტი, უპირველესად, ევროპაში სულ უფრო მზარდი ტემპებით მიმდინარე ინდუსტრიალიზაციის პროცესისკენ უნდა მიემართათ.
დღეს ღიად და საჯაროდ საუბრობენ იმის შესახებაც, რომ გერმანელ "მწვანეთა" ლიდერი, გერმანიის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშკა ფიშერი, საბჭოთა სუკთან თანამშრომლობდა. როგორც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, იოშკა ფიშერის წითლებთან ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა სასამართლოშია წარდგენილი. დოკუმენტებს შორის არის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია იოშკა ფიშერის კუთვნილი ავტომანქანა. როგორც ამტკიცებენ, ამ ავტომანქანით გადატანილი ასაფეთქებელი საშუალებებით გერმანიაში საკმაოდ გახმაურებული ტერაქტი - პოლიციის შენობის აფეთქება განხორციელდა.
მოკლედ, ექსპერტების მტკიცებით, "მწვანე მოძრაობა" სუკმა შექმნა, რათა დასავლეთ ევროპის ეკონომიკური განვითარება რამენაირად, თუნდაც ამ მოძრაობის საშუალებით, შეეფერხებინა და, ამგვარად, გაენეიტრალებინა საბჭოთა კავშირში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის მწვანეთა მოძრაობის შექმნის რეალურ მიზნებზე 80-იან წლებში არაფერი იყო ცნობილი, ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ სარგებლობდა ეს მოძრაობა იმ პერიოდში დიდი პოპულარობით მთელ მსოფლიოში. დღეს კი ევროპას, როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებს აღარარსებული საბჭოთა კავშირი და მასთან დაკავშირებული წითელი საფრთხე, აქედან გამომდინარე კი, არც ინფორმაცია მწვანეების წითლებთან შესაძლო კავშირის შესახებ. ამით უნდა აიხსნას ევროპული საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება კომუნისტებთან კავშირში მხილებული პოლიტიკოსებისადმი (მაგალითად, ზემოთ დასახელებული ფიშერისადმი), რომლებიც დღესაც აქტიურ პოლიტიკაში არიან.
ქართველი "მწვანეების" დასაწყისი
ქართველი მწვანეების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ევროპული ეკომოძრაობა აღმავლობის პიკზე იმყოფებოდა. ქართული ეკომოძრაობის სათავეებთან ის პიროვნებები იდგნენ, რომლებიც დღეს საქართველოში წამყვანი პოლიტიკური პარტიის, "მოქალაქეთა კავშირის", ლიდერთა შორის არიან. ისინი ქართულ პოლიტიკაში "მწვანე" იდეებით მოვიდნენ და ქართველ საზოგადოებას მხოლოდ იმით დაამახსოვრეს თავი, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს ე.წ. ეროვნულ ჭრილში განიხილავდნენ. სხვათა შორის, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ევროპაში შობილმა მწვანე ტალღამ საქართველომდეც მოაღწია, ეკოლოგიური მოძრაობის სათავეებთან მდგარ პიროვნებებს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არავინ აღიქვამდა. ქართველი საზოგადოება ამ ჯგუფს თანაგრძნობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უცხადებდა, რომ იგი გაცილებით პოპულარული და სტაჟიანი, დისიდენტური მოძრაობიდან მოსული პოლიტიკოსების გვერდით იდგა და საქართველოში მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის ხელშემწყობი პირობების შექმნაში კომუნისტურ რეჟიმს ადანაშაულებდა. მოკლედ, ქართველი მწვანეები საზოგადოებას 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის ერთგვარ დანამატად მიაჩნდა - ეკოლოგიური პრობლემების სფეროში. დამოუკიდებელ და სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ქართული ეკოლოგიური მოძრაობა იმ პერიოდში არავის აღუქვამს.
მწვანეთა მოძრაობა რუსთაველის საზოგადოების წიაღში იშვა, როგორც მისი ერთ-ერთი ასოციაცია. იმ პერიოდში რუსთაველის საზოგადოება ერთადერთი ლეგალიზებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო და ახლად ჩამოყალიბებულმა მწვანეებმა მას მიაშურეს, რათა თავადაც ლეგალურის იმიჯი შეეძინათ.
ეკოლოგიური მოძრაობის დამფუძნებელთა შორის იყვნენ დღევანდელი "მოქალაქე" ლიდერები: ზურაბ ჟვანია, რევაზ ადამია, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ჩუბინიშვილი. ამ მოძრაობას მოგვიანებით შეუერთდა მიხეილ მაჭავარიანი. დასახელებულ პოლიტიკოსებთან საერთო "მწვანე" წარსულით არიან დაკავშირებული ბატონები: პეტრე მამრაძე, ლევან მამალაძე, გია გვაზავა.
ქართული ეკოლოგიური მოძრაობის დეკლარირებული მიზანი ასეთი იყო: ამ მოძრაობას აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაეწია საქართველოში კომუნისტების მიერ განხორციელებული ეკოლოგიური გენოციდისთვის. მთავარი ლოზუნგები: შეწყდეს ხუდონჰესის მშენებლობა! შეწყდეს დიდი ჰესების მშენებლობა! გამოვიყენოთ ენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროები!
სხვათა შორის, მოგვიანებით, როცა ზემოთ დასახელებულ "მწვანეთაგან" უკლებლივ ყველა ხელისუფლებაში მოვიდა, მათ აღნიშნულ ლოზუნგთაგან უკანასკნელის (ლოზუნგი ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესახებ) ცხოვრებაში გატარების მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ანუ: რასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, იმის განხორციელება ვერ შეძლეს ხელისუფლებაში ყოფნის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1992 წლიდან - დღემდე).
ქართველმა "მწვანეებმა" პირველი სერიოზული აქცია 1989 წელს, თებერვალში, გამართეს. აქცია იპოდრომზე მოეწყო. ეს იყო პირველი ნებადართული მიტინგი საქართველოს ისტორიაში. იმავე წლის თებერვალში ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა ირაკლი წერეთელსა და მის მომხრეებს, რომლებიც საპროტესტო მიტინგის ჩატარებას აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურმა ხელისუფლებამ მომიტინგეების დასაშლელად მერვე "პოლკის" სამხედროები გამოიყენა. ხოლო რატომ დაუშვა იმავე ხელისუფლებამ "მწვანეების" მიტინგი, ეს კითხვა იმ პერიოდში რატომღაც არავის გასჩენია.
ზურაბ ჟვანია - მთავარი მწვანე
მოგვიანებით, 1989 წლის სექტემბერში, ეროვნული მოძრაობის წიაღში შექმნილი პოლიტიკური პარტიები იღებენ გადაწყვეტილებას ეროვნული ფორუმის შექმნის შესახებ. ამ პერიოდში ეკოლოგიურ მოძრაობას საქართველოში უკვე იცნობდნენ. მოძრაობის ლიდერი ზურაბ ჟვანია უნივერსიტეტში გამართული თავყრილობების ტრიბუნებზე თითქმის უცვლელი ორატორია. უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორი, ბ-ნი ნოდარ ამაღლობელი, ყოველთვის უყოყმანოდ უთმობს ტრიბუნას ახალგაზრდა "მწვანეს". ისიც ყოველთვის ამართლებს ნდობას: 9 აპრილგამოვლილი, ეროვნული იდეებით აღტკინებული სტუდენტობის ემოციების მოთოკვას ხელისუფლების მისამართით გამოთქმული რბილი საყვედურებით; ლავირების, აქცენტების ნაკლებად მწვავე პრობლემებზე დასმის ხელოვნებით გამორჩეული მოხსენებებით. მოკლედ, "მწვანე" ჟვანია იმ პერიოდში ნამდვილად არ გამოირჩეოდა რადიკალიზმით. ხოლო რატომ ჩნდებოდა უნივერსიტეტის ტრიბუნებზე იგი ასე ხშირად და რატომ უწყობდა მას ამაში ხელს რექტორი ამაღლობელი - ეს კითხვებიც დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი.
1989 წლის სექტემბერში საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები ქმნიან ეროვნულ ფორუმს. ფორუმი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის წაეყენებინა დემოკრატიული, არასაბჭოური, მრავალპარტიული არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. ფორუმში თითოეულ პოლიტიკურ პარტიას სამ-სამი კანდიდატურა უნდა წარედგინა. ნაკლებად წონად პარტიებს ერთი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიეცათ. ამ დროისთვის "მწვანეები" პოლიტიკურ პარტიად არ იყვნენ ჩამოყალიბებული.
"მწვანეები" პარტიად ჩამოყალიბდნენ ფორუმის შექმნის წინა დღეს. ამგვარად დააფიქსირა მწვანეთა პარტიამ პირველად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობის სურვილი. მას, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვან პარტიას, ფორუმში მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება მისცეს.
ფორუმის მონაწილე ბევრი პოლიტიკოსი დღეს ვერც კი იხსენებს, თუ რომელი "მწვანე" იღებდა მონაწილეობას ფორუმის მუშაობაში. ნათელია: "მწვანეთა" იმიჯს ფორუმში მონაწილეობამაც ვერაფერი შემატა. ყოველ შემთხვევაში, ისტორიას ნამდვილად არ შემოუნახავს "მწვანეების" აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დამადასტურებელი ფაქტები.
მოგვიანებით ფორუმი ორად გაიყო: კომუნისტური ხელისუფლების მიერ არჩევნების დანიშვნის მომხრეებად და ამ იდეის მოწინააღმდეგეებად. მოწინააღმდეგეებმა ე.წ. კონგრესის არჩევნების იდეა წამოაყენეს. ხელისუფლების მიერ არჩევნების დანიშვნის მომხრე პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა დააარსა პოლიტიკური გაერთიანება "მრგვალი მაგიდა".
პოლიტიკური სარბიელის გარეშე დარჩენილი "მწვანეები" "მრგვალ მაგიდას" ეკედლებიან. დროის გარკვეულ მონაკვეთში ამ პოლიტიკური გაერთიანების ეგიდით მოწყობილ ყველა შეხვედრას ესწრებიან. "მწვანე" ზურაბ ჟვანია რამდენიმე სხდომის სპიკერის ამპლუაშიც გვევლინება.
მრავალპარტიული არჩევნები
მოვლენების შემდგომი განვითარება ასეთია: კომუნისტური ხელისუფლება ნიშნავს მრავალპარტიულ არჩევნებს. არჩევნების მომხრე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბლოკებში ერთიანდებიან. "მწვანეები" ისევ გამსახურდიას "მრგვალ მაგიდას" სთხოვენ "პოლიტიკურ თავშესაფარს". მისგან უარის მიღების შემდეგ ერთიანდებიან ბლოკ "თავისუფლებაში", რომლის შემადგენლობაში არიან: ქრისტიან-დემოკრატები, რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტია (ირაკლი შეგნელაია), ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია (მიხეილ ნანეიშვილი), "დასი" (რევაზ შავიშვილი). იმ პერიოდში ბლოკ "თავისუფლებაში" შესვლა არ მოისურვეს ნოდარ ნათაძის სახალხო ფრონტმა და აკაკი ბაქრაძის რუსთაველის საზოგადოებამ. ასეთი გადაწყვეტილება მათ საბოლოოდ მხოლოდ არჩევნების წინა დღეს მიიღეს და განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების სახით მიიღებდნენ. სხვათა შორის, ბლოკ "თავისუფლების" წარმომადგენლები არჩევნებში განცდილი მარცხის მიზეზად, სწორედ, სახალხო ფრონტისა და რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენელთა ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევენ. არჩევნებში დამარცხებულ პარტიათა შორის აღმოჩნდნენ ბლოკ "თავისუფლების" წევრი "მწვანეებიც". დამარცხებული "მწვანეები" გამარჯვებულ გამსახურდიას მიადგნენ და სთხოვეს, უფლება მიეცა მათთვის, მონაწილეობა მიეღოთ უზენაესი საბჭოს ეკოლოგიური კომისიის მუშაობაში. გამსახურდიამ ისინი უარით გამოისტუმრა.
1991-92 წლები და "მწვანეების" "ნეიტრალიტეტი"
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს "მწვანეები" აჯანყებულთა მხოლოდ იდეური თანამოაზრეების როლში მოგვევლინენ. ისინი გამსახურდიას ხელისუფლებას ტყვიებს არ უშენდნენ. მხოლოდ უნივერსიტეტის ბაღში გამართული მიტინგების დამსწრეების სტატუსით კმაყოფილდებოდნენ. სხვათა შორის, ისინი დღეს სიამაყით აცნობებდნენ საზოგადოებას, რომ მონაწილეობა არ მიუღიათ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. მაგრამ უკომენტაროდ ტოვებენ იმ ფაქტს, რომ მათ არასდროს გაუპროტესტებიათ არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების ძალადობით, რუსული ჯარის და რუსული იარაღის გამოყენებით დამხობის ფაქტი; არ გაუპროტესტებიათ არც ამ ხელისუფლების მომხრეთა მიერ მრავალათასიანი მიტინგები პირდაპირ ქუჩებში დახვრეტის ფაქტები, რასაც ასობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების, სიცოცხლე ეწირებოდა.
დღეს ბევრი პოლიტიკოსი იხსენებს: როგორ დადიოდა გადატრიალების შემდეგ ზურაბ ჟვანია დანგრეულ და გადამწვარ რუსთაველზე და როგორ ქადაგებდა: ახლა ჩვენი ვალია, გამარჯვებულების მხარეს დავდგეთ (იგულისხმებოდნენ გამარჯვებულები: იოსელიანი და კიტოვანი). შეიძლება ითქვას, რომ "მწვანეებმა" ამჯერადაც ნათლად გამოავლინეს საკუთარი კრედო: დავდგეთ ყოველთვის გამარჯვებულთა მხარეს!
მწვანეები 1992 წლის პარლამენტში
"მწვანეები" თანამშრომლობდნენ მოგვიანებით შექმნილ სახელმწიფო საბჭოსთან. 1992 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად იყარეს კენჭი. 1992 წლის პარლამენტში საქართველოს მწვანეთა პარტიას წარმოადგენდნენ დეპუტატები: რევაზ ადამია, გიორგი ბარამიძე, დავით ბაშალეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია გვაზავა, გრიგოლ თუმანიშვილი, როზა ლორთქიფანიძე, ლევან მამალაძე, პეტრე მამრაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ზურაბ ჟვანია.
დასახელებული პირები პარლამენტის მუშაობის პირველივე დღეებიდან შევარდნაძის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ.
1992 წლის მოწვევის პარლამენტის ისტორიამ შემოინახა "მწვანეების" შევარდნაძისთვის თავდადების არაერთი მაგალითი. დავასახელებთ რამდენიმეს: როცა ეს პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თემურ ხაჩიშვილის კანდიდატურას ამტკიცებდა და ეს უკანასკნელი აშკარად განიცდიდა ხმების საჭირო რაოდენობის ნაკლებობას, ყველაფერი "მწვანე" გიორგი ბარამიძის თავგანწირულმა ნაბიჯმა გადაწყვიტა: მან საჯაროდ განაცხადა, რომ ხაჩიშვილს აძლევდა ხმას. ასეთივე ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი "მწვანეებმა" თავდაცვის მინისტრის პოსტზე აღზევებულ შევარდნაძის ფავორიტს, გია ყარყარაშვილს - აფხაზეთის ნამდვილ გმირს, მაგრამ, ამავე დროს, თბილისის ომისა და სამეგრელოში მოწყობილი დარბევების ერთ-ერთ შემსრულებელსაც.
აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოს ???-ში შესვლის შემდეგ, როცა მრავალ პილიტიკოსს, რომლებიც შევარდნაძის პოლიტიკის მომხრეთა რიგებში ირიცხებოდნენ, შევარდნაძის პოლიტიკურმა კურსმა დისკომფორტი შეუქმნა და რომლებმაც ოპოზიციონერთა რიგებში გადაინაცვლეს, "მწვანეები" ისევ შევარდნაძის პოლიტიკური კურსის მომხრეთა და დამცველთა სადარაჯოზე იდგნენ. ანუ ისევ აქტიურად და უცვლელად მოქმედებდა მათი მთავარი ლოზუნგი: ყოველთვის გამარჯვებულთა და ძლიერთა მხარეს!
მწვანეები - შევარდნაძის მთავარი იდეოლოგის როლში
საბოლოოდ, 1995 წლის არჩევნების წინა პერიოდში, "მწვანეები" შევარდნაძის მთავარ იდეოლოგებად ჩამოყალიბდნენ. მაშინ, როცა ვახტანგ რჩეულიშვილი გამალებით ცდილობდა შევარდნაძის დასაყრდენი პარტიის შექმნას, "მწვანეები" გია ჟორჟოლიანთან, ლანა ღოღობერიძესა და ე.წ. "თბილისელებთან" (რევაზ ამაშუკელი და კომპანია) ქმნიან "მოქალაქეთა კავშირს".
ამ პარტიის ისტორიასთან ერთად იწყება საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების ისტორია; ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კომპრომისების, კონფორმიზმის, ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა აღზევების ან ჩაძირვის პოლიტიკის პრაქტიკაში დამკვიდრების ისტორია. 1995 წლის მოწვევის პარლამენტში მოხდა "მწვანეთა" რიგებიდან დღევანდელ ორთოდოქს "მოქალაქეთა" გამოცალკევებაც. რეფორმატორებად ამ ჯგუფის წარმომადგენელთა სახელდებაც და კიდევ მრავალი მრავლის მეტყველი ისტორია.
ამ პერიოდში დამკვიდრდა ახალგაზრდა "მოქალაქეების" მხრიდან მათთვის სასურველი პოლიტიკური ფიგურების აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით "გათრევის" პრაქტიკა. "რეფორმატორების" დამსახურებათა მოკლე ნუსხა ასე გამოიყურება: მათი აქტიურობის შედეგი (მოგვიანებით - მსხვერპლი) - მიხეილ ჭკუასელი - ფინანსთა მინისტრის პოსტზე. მასთან დაკავშირებული 30 მილიონიანი სკანდალი, რომელთან დაკავშირებითაც დაწყებული გამოძიების ბედი დღემდე ბურუსით არის მოცული. ჭკუასელის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მოვლენები: საქართველოს ბიუჯეტის პირველი გარღვევა; პირველი სეკვესტრი; ე.წ. 50%-იანი სახელმწიფო ვალდებულებების გაცემა და, აქედან გამომდინარე, მძიმე შედეგები.
"მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდა ლიდერების მიერ დღეს შერისხული მინისტრები თავის დროზე ამ პოსტებზე, სწორედ, ამ "ახალგაზრდების" მხარდაჭერით და ხმებით დაწინაურდნენ. ისევე, როგორც, სწორედ, მათი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით მოიპოვეს ის ქონება, რომლის წინააღმდეგაც ასე თავგამოდებით ილაშქრებს დღეს ბ-ნი სააკაშვილი. ჩხარტიშვილის სასახლეებით აღშფოთებულ "მოქალაქეებს" მოვუწოდებთ: გაიხსენონ "შემნახველი ბანკის" (თავმჯდომარე ჩხარტიშვილი), "ექსიმ ბანკის" (თავმჯდომარე სიორიძე), "ინდუსტრიაბანკის" (თავმჯდომარე მაღლაკელიძე), "საქართველოს გაერთიანებულ ბანკად" გარდაქმნის ისტორია.
(პირველი წერილის დასასრული)
















































































მთავარი
კონტაქტი
2010