მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
ამ სიდუხჭირემ პირველი თოვლის სიხარული ჩამიკლა

გასული წელი საქართველოსთვის საკუთარი თავის ძიების, თვითდამკვიდრებისა და დიდი პერიპეტიების წელიწადი იყო. ზოგი რამ კარგი მოხდა, ზოგიც მტკივნეული და მწარედ გასახსენებელი. არაერთხელ დაგვბომბეს, არაერთხელ გვაყურებინეს ხალხის რჩეულთა ცემა-ტყეპაში გადაზრდილი შოუ-წარმოდგენები, არაერთხელ მოგვიკლა გული უნიათო მთავრობის, აღმასრულებლებისა და კანონმდებლების დაპირისპირებამ. წელსაც, როგორც ყოველთვის, ისევ გაირღვა ბიუჯეტი (თუმცა მავანთ მტკიცებით, მისი პარამეტრები წარმატებითაც კი შესრულდა), ისევ ვერ გაიზარდა ხელფასები და პენსიები, კრიმინალურ გარჩევებს არაერთი ქართველი შეეწირა, თოვლიან ზამთარში ისევ ცივა, ისევ არ არის დენი და გაზი...

გასული წლის ანალიზი და შეფასება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ვთხოვეთ:

- გასულმა წელმა მართლაც მნიშვნელოვანი გახადა საქართველოს როლი თანამედროვე გეოპოლიტიკაში. ჩვენმა ქვეყანამ იპოვა თავისი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, როგორც სახელმწიფომ, გარკვეული ფუნქცია შეიძინა. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო შედის არა მარტო რეგიონალურ, არამედ ევროპის და მსოფლიოს სახელმწიფოების ინტერესების სფეროში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილის დამკვიდრებისა და რეალური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. აქ, თავისთავად ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის საერთაშორისო პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდა ბოლო წლების მანძილზე საქართველო. ჩვენმა ხელისუფლებამ და ხალხმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა ევროპული სტრუქტურებისაკენ. საქართველო სულით, კულტურით მართლაც ევროპული ქვეყანაა და მისი სწრაფვა ევროპულ სტრუქტურებში გაწევრებისა და ევროპული სახელმწიფოებისკენ, ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ, ეს შეუქცევადია და როგორადაც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური ფიგურები და გნებავთ, სახელმწიფოები, ევროპული ფასეულობებისკენ (ადამიანის უფლებათა დაცვა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დემოკრატიზაცია, სიტყვის თავისუფლება) აღებულ გეზზე უარს არასოდეს ვიტყვით. ჩვენ ძვირად დაგვიჯდა მოპოვებული სახელმწიფოებრივი და პიროვნული თავისუფლება, ქვეყანაში დემოკრატიის ფორმირება და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ამ ჭრილში საქართველოს ნატოსთან დაახლოებასა და ნატოს წევრობის პრეტენდენტობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნატო არ არის თვითმიზანი და ცარიელი სიტყვები. ეს ის ორგანიზაციაა, სადაც საქართველო თავის უსაფრთხოებას ხედავს. ჩვენი ნატოსთან დაახლოება ვინმეს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. აქ რუსებს ვგულისხმობ. გვესმის, რომ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაარსებობის მოსურნე ნებისმიერი ქვეყანა უნდა ზრუნავდეს არა მარტო თავის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონისაზეც. ამ მხრივ ნატოს ნამდვილად პოზიტიური როლის თამაში შეუძლია. თუმცა ის ინფორმაციული ომი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამართა, თავისთავად ცხადია იყო "ქარიშხალი ჭიქაში". ბევრს უნდოდა, ჩვენში არსებული პრობლემები სრულიად სხვა კუთხით წარმოეჩინა. ზოგიერთი რუსი გენერალი ცდილობდა, საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის პლაცდარმად მოენათლა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ათასობით ჩეჩენი ბოევიკი და ტერორისტი იმყოფებოდა, რათა შემდეგ საშუალება მისცემოდა, ჩეჩნურ ფრონტზე თავისი წარუმატებლობა საქართველოსთვის დაებრალებინა.

დღეს პანკისის პრობლემის დარეგულირება უნდა გამოვიყენოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციისა და პანკისის ხეობაში საბოლოო წესრიგის დასამყარებლად. მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ გაზაფხულზე, თოვლის დნობასთან ერთად ეს პრობლემები კვლავ არ წამოიჭრას. ამას წინათ მაღალი რანგის რუს პოლიტიკოსებს ვესაუბრე. თქვეს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 1998-2000 წლებში გაფუჭდა. ეს იყო ურთულესი ფაზა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის პერიოდშიო. ნათქვამი ცხადყოფს, რომ რუსეთი ყოველთვის ცალმხრივად უყურებს ჩვენთან ურთიერთობას და "ურთიერთობების გაფუჭებას" იმ დროიდან ითვლის, როცა ჩეჩნების საკითხს ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოც დაუკავშირდა. მაშინვე შევუსწორე რუს კოლეგებს- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზე 1992-93-94 წლებში მივიდა, კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, როცა თქვენ აფხაზებს აშკარად დაუჭირეთ მხარი-მეთქი.

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ბოლო დროს რუსეთი აფხაზეთისა და ოსეთის მცხოვრებთ უკანონოდ აძლევს თავის მოქალაქეობას. კერძო, იურიდიული პირები ყიდულობენ ქონებას აფხაზეთში, რუსეთის დელაგაციები, იქ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ისე ჩადიან მოსალაპარაკებლად. რუსეთი არღვევს დსთ-ის სახელმწიფოთა გადაწყვეტილებას, რომელიც პრეზიდენტ ელცინის მიერ იყო ხელმოწერილი. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსები წლების განმავლობაში აბრკოლებენ აფხაზეთის საკითხის განხილვის პროცესს. აფხაზ სეპარატისტებს რუსები რომ არ უჭერდნენ მხარს, ასე აგრესიულად ვერ დაელაპარაკებოდნენ საქართველოს და კონფლიქტიც გადაწყდებოდა.რუსეთმა თავად იწვნია, რა არის სეპარატიზმი, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამჟამად სხვაგვარად შეხედავს ჩვენს პრობლემებს. რუსეთს ხელს უნდა აძლევდეს ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი და მეგობრულად განწყობილი საქართველო. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ის არ შეეცდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაღმების გამოყენებას და პირიქით, პოზიტიურ როლს ითამაშებს კონფლიქტის მოგვარებაში.

ჩვენს ურთიერთობებს ართულებს სამხედრო ბაზების საკითხიც. რუსი სამხედროებისგან არაერთხელ მსმენია, საქართველოში სამხედრო ბაზები არ გვჭირდებაო. თუ ასეა და მათ ეს ბაზები დესტაბილიზაციისთვის არ სჭირდებათ, რატომ არ გაჰყავთ?

- ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო ატეხილ ხმაურსაც ბევრმა "რუსული კუდი" გამოაბა- რუსეთი ხომ აშკარად წინააღმდეგი იყო, ამ ნავთობსადენს საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო...

- ეს ალბათ პროექტის ჩაშლის მცდელობა იყო... ბორჯომის ხეობა ჩვენი სიმდიდრეა და უნდა გავუფრთხილდეთ. ნავთობსადენის პროექტში ჩადებულია სერიოზული გარანტიები, მაგრამ ყოველთვის არსებობს გაჟონვის ან ავარიის თეორიული შანსი. ამიტომ ხელისუფლება, პარლამენტი და მოსახლეობაც დაინტერესებული უნდა იყოს პროექტის მაქსიმალური უსაფრთხოებით.

უცნაურად მეჩვენა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთზე დაცვის უფროსად ბ-ნი გიგა გელაშვილის დანიშვნა. თუ თემურ ხაჩიშვილს და გელაშვილს მართლაც ჩადენილი აქვთ ის დანაშაული, რის გამოც სასჯელს იხდიდნენ, წარმოუდგენელი იყო ჯერ მათი გათავისუფლება, შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება და მით უმეტეს, ასეთი უმნიშვნელოვანესი უბნის მათთვის ჩაბარება. თუ უდანაშაულოდ დააპატიმრეს და ეს იცის ხელისუფლებამ, მაშინ კეთილი ინებოს და, დასაჯოს ისინი, ვის გამოც ეს ხალხი ამდენი წელი ციხეში იჯდა, ხოლო თუ ეს ხალხი მართლაც დამნაშავეა, მაშინ, ბოდიში და, პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან ცოტა შორს უნდა დადგნენ...

ხაჩიშვილმა რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია "დათვი" შექმნა. ძნელი სათქმელია, ვინ მართავს მას, თუმც გარკვეული მოსაზრებები და ეჭვი ამის თაობაზე, არსებობს. ცოტა უხერხული ხომ არ არის ხაჩიშვილისგან იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა რუსულიც უნდა იყოს. ქართულს ან საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენას გამოაცხადებს რუსეთი სახელმწიფო ენად? საკუთარი თავის, ენის, ქვეყნის და ერის პატივისცემას თუ არ მივეჩვიეთ, არაკეთილმოსურნეები ყოველთვის ეცდებიან საქართველოს საშინაო საქმეებში ხელის ფათურს. გულისტკივილით ვუყურებ. საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობისათვის. არ გვგრძნობთ პასუხისმგებლობას სამშობლოს მომავლისა და ხალხის წინაშე. საქართველოს ყოველთვის შიდადაპირისპირება ღუპავდა, როცა ქვეყანას ერთმანეთის ჯიბრით აქეთ-იქით ვექაჩებოდით...

- ბოლო დროს პოლიტიკური პარტიების არსენალში იარაღიც გამოჩნდა. ვარაუდობენ, რომ ამით ცდილობენ ვითარების ხელოვნურად დაძაბვას, ქაოსის შექმნას, რასაც შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოჰყვეს. რაც შევარდნაძეს საპრეზიდენტო ვადას გაუხანგრძლივებს...

- პოლიტიკური პარტიის არსენალში იარაღი კი არა, პოლიტიკური მეთოდები, სიტყვა და კალამი უნდა იყოს. იარაღის ჟღარუნს ქვეყნის შიდაცხოვრებისთვის სიკეთე არასოდეს მოუტანია. მიუხედავად იმისა, კრიმინალური ფონი მძიმეა, კომენდანტის საათის შემოღების საშიშროებას ვერ ვხედავ. თუმცა არ გამოვრიცხავ ხელოვნურ დაპირისპირებას. არა მგონია, ეს შევარდნაძეს უნდოდეს და ვერც იმას ვიტყვი, რომ 2005 წლის შემდეგაც დარჩეს პრეზიდენტად.

- საქართველოს პარლამენტი სამწუხაროდ მშვიდობიანი თანამშრომლობის მაგალითს ნამდვილად არ იძლევა.

- დაპირისპირება, უნდობლობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, რაც პარლამენტშია, საზოგადოებრივი ყოფის ანარეკლი გახლავთ. პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის მიმართ შეუწყნარებლები არიან. ეს განპირობებულია ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით, მაგრამ ამის გამართლება არ შეიძლება. ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ხალხის რჩეულმა, თავი უნდა შეიკავოს ხოლმე. მართლაც საშინელი საყურებელია ის დაპირისპირება, რომელსაც ხშირად ვხედავ სხდომათა დარბაზში.

ჯერ კიდევ 1999 წლის არჩევნების დროს მეგონა, ახალი პარლამენტი ძველზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა მაშინ გარეთ და ბევრი ნაკლებად ღირსეული აღმოჩნდა პარლამენტში. ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ძალები სერიოზულად ცდილობენ პარლამენტის დისკრედიტაციას და ეტყობა, არ ესმით, რომ ამას შესაძლოა სერიოზული სავალალო შედეგები მოჰყვეს. როგორიც არ უნდა იყოს პარლამენტი, მან თავისი ფუნქცია მაინც უნდა შეასრულოს. საჭიროა მივიღოთ ნორმალური საარჩევნო კანონი, რომელიც მოგვცემს ყველა საზოგადოებრივი ფენისა და ყველა პოლიტიკური ძალისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები პარლამენტის არჩევის საშუალებას.

- საპარლამენტო შეხლა-შემოხლას ხშირად კანცელარიას აბრალებენ. ეს პროცესი მართლაც მართულია?

- სამწუხაროა, მაგრამ რაც ბოლო ხანებში ხდება, უკვე მიუღებელ ფორმებს იღებს. სახელისუფლო პარტიების ქმედებებს კანცელარიის ზეწოლად აღვიქვამ. გასულ კვირას ფაქტობრივად არაფრისაგან შექმნეს პრობლემა. ხაზარაძემ და მისმა მომხრეებმა იცოდნენ, რომ პარლამენტი გასულ კვირასვე აპირებდა სამინისტროების რეორგანიზაციაზე მსჯელობას. ადამიანებმა, რომელთაც მშვენივრად იციან რეგლამენტი, კონსტიტუციის დარღვევაში დამადანაშაულეს და სხდომათა დარბაზში დემარში მოაწყვეს. ეს არის კანცელარიის მხრიდან პარლამენტის იგნორირების, მისი მართვის მცდელობა. ვეცდები, ამას წინ აღვუდგე, მაგრამ არა იმიტომ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირება მსურს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას მაძალებენ, რომელიც მე კი არა, "სხვას" მიაჩნია სწორად, ვერავინ წამართმევს ჩემი აზრის ქონის უფლებას. თუ მტყუან-მართლის გარჩევის უნარი და საშუალება არ მექნება, არა მგონია, ჩემნაირი პარლამენტის თავმჯდომარე დასჭირდეს ხალხს. შესაძლოა, მართული პარლამენტის თავმჯდომარე რომელიმე თანამდებობის პირს ხელს აძლევდეს, მაგრამ მე მინდა ისეთი ვიყო, როგორიც ქვეყანას სჭირდება.

სახელისუფლო ფრაქციებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი არ აძლევს თავს უფლებას, კონკრეტულად მიმითითოს- დღეს ეს გააკეთე, ხვალ- ისო. მას ბევრ საკითხში, განსაკუთრებით, რაც საგარეო პოლიტიკას ეხება, ვეთანხმები. შიდაპოლიტიკური პროცესებისადმი კი, ხშირად განსხვავებული აზრი გვაქვს, რასაც ზოგ შემთხვევაში საჯაროდ აღვნიშნავ, ზოგიერთ თემაზე კი პრეზიდენტთან ან ვიწრო წრეში ვსაუბრობ. ბატონ ვიტალი ხაზარაძეს ერთადერთი მიზანი აქვს- დაანახვოს პრეზიდენტს, როგორ იცავს მის ინტერესს და ებრძვის პარლამენტის ურჩ თავმჯდომარეს. დემარში, საბიუჯეტო განხილვის წინ, იყო გაფრთხილება, რომ გონს მოვიდე და "ჭკვიანად" ვიყო.

- უჩვეულო პროცესებია სახელისუფლო პარტიაშიც. ერთ დროს პრეზიდენტის საყრდენი ძალა დაიქსაქსა, დასუსტდა. პარტიის ახალი ლიდერის ავთანდილ ჯორბენაძის ძალისხმევა პარტიის აღორძინებისათვის რამდენად ნაყოფიერად გეჩვენებათ?

- არ მგონია პარტიაში ხალხის ძალით გაწევრებამ რაიმე შედეგი გამოიღოს. მოქალაქეთა კავშირის მომავლისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუ ასე გაგრძელდა, ამ პარტიას ძალიან გაუჭირდება.

- სოციალური სიდუხჭირით მანიპულირება პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლო დროს მასებზე ზეგავლენის საუკეთესო საშუალებად აქციეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ამომრჩეველს არასწორი არჩევანისკენ უბიძგებს.

- ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. ყოველთვის მიყვარდა თბილისის ქუჩებში გასეირნება- ადამიანებს სახე უცინოდათ. დღეს ფეხით სიარული სიამოვნებას აღარ მგვრის, რადგან თანაქალაქელებს დაჩაგრულებს და შეწუხებულებს ვხედავ. ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს გაჭირვებით აგვარებენ. ყოველთვის მიყვარდა თბილისში თოვლი. ახლა კი გული საოცრად დამძიმებული მაქვს. ვგრძნობ, რამდენ პრობლემას უქმნის თოვლი ჩვენს მოსახლეობას. მეც კი, ადამიანს, რომელიც უფრო უზრუნველყოფილი ვარ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამ სიდუხჭირემ პირველი თოვლის სიხარული ჩამიკლა. არ მინდა, ასე გაგრძელდეს, არ მინდა, ადამიანებს ჩაბნელებულ, გაცივებულ სახლებში სუფრაზე ცარიელი პურის ან მჭადის ნატეხები ეწყოთ...

- შარშან "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაიჩივლეთ, შინაურებისათვის დრო აღარ მრჩება, შამპუნის ყიდვასაც ვეღარ ვახერხებო. შეიცვალა რამე?

- ვცდილობ არ მოვწყდე ოჯახურ პრობლემებს, თუმც გარკვეულწილად ჩემიანები უკვე შეეჩვივნენ უჩემობას- 14 საათი, ზოგჯერ მეტიც, გამოსული ვარ შინიდან. ასე რომ, შამპუნის ყიდვას უჩემოდ ახერხებენ.

- ქალბატონო ნინო, ჩვენმა მკითხველმა თავისი პოსტისთვის ყველაზე შესაფერის პიროვნებად თქვენ დაგასახელათ...

- საზოგადოების აზრს ყოველთვის ვუწევდი ანგარიშს. იმ დროს, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები დემარშს აწყობენ პარლამენტში, მკითხველის შეფასება ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერაა და საქმიანობაში მეტ სტიმულს მაძლევს. დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" და მის მკითხველს.

- საახალწლო სუფრისათვის თუ მოიცლის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენი ნახელავი რა გექნებათ?

- ალბათ ნიგვზიანი წითელი ფხალი და ტკბილეული, ძირითადად ნამცხვრები. ვნახოთ, როგორი სამუშაო გრაფიკი მექნება. შესაძლოა ლობიანი და ხაჭაპურიც გამოვაცხო.

- ვიცი, რომ თქვენი შვილები თოვლის ბაბუის საჩუქრებს ნაძვის ხესთან პოულობენ. ხომ არ გაგვანდობთ, ვინ არის თოვლის ბაბუა?

- თოვლის ბაბუა არის თოვლის ბაბუა... ალბათ ამ ინტერვიუს ჩემი შვილებიც წაიკითხავენ და... ჩემს უმცროს ვაჟს სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. რატომ არ უნდა სჯეროდეს იმის, რაც ლამაზი, კარგი და სასიამოვნოა?

- ამბობენ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი სრულდებაო. რას ინატრებდით?

- იმას, რასაც ნებისმიერი ადამიანი ინატრებს, რომ მისთვის ძვირფასი, საყვარელი ადამიანები, მისი ოჯახის წევრები ჯანმრთელნი და ბედნიერნი იყვნენ, მომავალი წელი სიკეთის და სიხარულის მომტანი იყოს, ვინატრებდი, რომ მომავალი წელი ჩემი ქვეყნისთვის გაერთიანების, სიმშვიდის და სინათლის წელი იყოს.

ჩვენს ხალხს 2003 წლის დადგომას ვულოცავ. ისინი გაცილებით უკეთეს ცხოვრებას, ბევრად უკეთეს ხელისუფლებას და პარლამენტს იმსახურებენ. მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ერთიანი. მინდა, იბადებოდეს უფრო მეტი ბავშვი, იქმნებოდეს მეტი ბედნიერი ოჯახი. თითოეულ თქვენგანს სულის სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ისეთ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებდი, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს.

ავტორი: დაჩი გრძელიშვილი, იზო რიკაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი