წლების განმავლობაში ფაფუკ თოვლს მონატრებული დედაქალაქი ბოლო დღეებში დედოფალივით გამოეწყო და თოვლის ფიფქებით მოგვრილმა სიხარულის კიჟინამ ლამის ქუჩები წალეკა... როგორ უხდება თურმე ზამთრის თბილისს თოვლი, "დაღამება აღარ მოგინდება"- გამუდმებით მესმოდა ქუჩებში და მეც გადავწყვიტე, ყოველგვარი პრობლემა ცოტა ხნით მიგვევიწყებინა და ბუნებისაგან მოძღვნილ სიხარულზე გვესაუბრა, თბილისელები თოვლთან დაკავშირებულ ლამაზ ამბებს იხსენებენ:
ვეტა- ჩვენს ოჯახში დიდი ჟრიამული გამოიწვია თოვლის მოსვლამ. ჩემს ორი წლის ზოზოს დღემდე არ ენახა თოვლი, გადაირია სიხარულისგან. იგივე დაემართა, რაც პირველად ზღვის დანახვაზე. დარბოდა, თოვლში გორაობდა და ყვიროდა- თოვლი პიურესავით ფაფუკი და რბილიაო (პიურე უყვარს ძალიან). თოვლით ზოზოსავით გაიხარა ჩვენმა ნაგაზმა, ისიც ბავშვივით გორაობდა თოვლში ზოზოსთან ერთად. ბოლოს იძულებული გავხდი სახლში ზოზო დამემწყვდია და ეზოში ნაგაზი. მერე ზოზოს ყურები ასტკივდა. მოიწყინა, რომ გამემხიარულებინა, ვუთხარი, თოვლის ბაბუას წერილი მივწეროთ-მეთქი. კარგი, მე გიკარნახებო- დამთანხმდა და დაიწყო- თოვლის ბაბუამ მომიტანოს ურიკა და ცოლი-გოგოო. ურიკა რად გინდა-მეთქი, ცოლი-გოგოს ჩავსვამ და ვასეირნებო.
კახა- თბილისში მოსულმა პირველმა თოვლმა მარტო გოგონებს კი არა ბიჭებსაც შეუქმნა საფრთხე. თოვლით მეომარი ბიჭები ქუჩაში ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან ერთად მიმავალ გოგონებსაც არ ინდობდნენ და მათ "კავალერებსაც" ცუდ დღეში აგდებდნენ. თუ გაბრაზდებოდი და ჩხუბს მოინდომებდი, აქეთ დაგანამუსებდნენ- კაი რა, ხუმრობა არ იციო? მოკლედ მე გამოსავალი ვნახე. როგორც დაცვის თანამშრომელმა, რაცია ხელში დავიკავე და თოვლიან ქუჩებში ეგრე დავდიოდი. რის გამოც სამსახურიდან თითქმის ყველა თანამშრომელი გოგოს სასურველ ტრანსპორტამდე მიცილება მომიხდა.
ლიკა- ამ თოვლის მოსვლამ სულ გადარია ბიჭები, ნამდვილი ომი მოაწყვეს თბილისში გოგოების წინააღმდეგ. მეტროს ჩასასვლელები ბარიკადებს ჰგავდა, რომლის მისადგომებიდან თოვლის "ბომბებით" შეიარაღებული "ვაჟკაცები" თავს გვესხმოდნენ. მე ჩანთა ჩამოვიკიდე დიდი პალტოს შიგნით გულზე, ბიჭებს ჩემს "ღიპზე" ვუთითებდი, არ მესროლოთ, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. არ მესროდნენ. სხვები კი გუნდებით ჩათოვლეს.
თაკო- ისე გავგიჟდით თოვლის დანახვაზე, რომ ძალიან ფუმფულა თოვლის ძებნა დავიწყეთ და ასე ავედით მანქანით "ქართვლის დედასთან", სადაც კინაღამ დავრჩით, ისეთი მოლიპული იყო აღმართი. თოვლმა კი გაგვახარა, მაგრამ ქუჩაში იაპონელებივით მოკლე ნაბიჯებით დავდივართ იმის შიშით, რომ არ დავეცეთ. კარგია, ახალ წელსაც თუ მოთოვს, ძალიან ლამაზი იქნება თბილისი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010