მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
მზეს ველოდებით!!! წლის გახმაურებული მკვლელობები, შემთხვევები და ვერსიები...

მაფიის თათი ხელშეუხებელია...

2002 წლის დასაწყისში, 22 იანვარს, დუდუ დადიანი მოკლეს. თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ გამოძიებას დღემდე ამ მკვლელობაზე არაფერი აქვს სათქმელი. უფრო მეტიც, ქალაქის პროკურატურამ მკვლელობიდან ხუთი თვის თავზე ძიება შეწყვიტა და საქმე თაროზე შემოდო. არადა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გამოძიებაში სამი სერიოზული ვერსია ტივტივებდა და საქმის გახსნით მონდომებულ კაცს მკვლელობის გახსნა არ უნდა გასჭირვებოდა. ფაქტია, რომ დუდუ დადიანი გარკვეულ წრეში გავლენიანი პიროვნება იყო და ასეთივე კატეგორიის ხალხთან უხდებოდა ურთიერთობაც და შესაძლოა, კონფლიქტებიც. შესაბამისად, მისი მკვლელობაც ისეთი ადამიანის მიერ უნდა იყოს ჩადენილი, რომლის გამომზეურებაც პროკურატურას არ და ვერ ძალუძს.

გამოძიებამ მკვლელობის შემდეგ დუდუ დადიანის წარსულის ამოქექვა დაიწყო. მით უფრო, რომ მას 1997 წელს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა შავი სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტეტთან. ვერსიის თანახმად, "ავტორიტეტმა" დადიანს დედა შეაგინა. ერთი წლის შემდეგ ხსენებული "ავტორიტეტი" გლუვლულიანი იარაღით მოკლეს. სხვათა შორის, ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. ამბობენ, რომ დუდუ დადიანმა მას დედის შეგინება არ აპატია და ამის გამო, საზღვარგარეთაც კი იყო გაქცეული. თუმცა ამ მკვლელობის ირგვლივ ოფიციალური სამხილი არ არსებობდა. სამართალდამცველები არ გამორიცხავდნენ, რომ დადიანის მკვლელობა შესაძლოა, შურისძიების მოტივით "ავტორიტეტის" მეგობრებს ჩაედინათ, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს და ეს ვერსიაც გამორიცხეს.

მეორე მხრივ, განიხილებოდა მკვლელობის ის ვერსია, რომელიც დადიანის ბიზნესს უკავშირდებოდა. საქმე ეხებოდა დუდუ დადიანის წილს კაზინო "აჭარაში", რომელიც შეიძლებოდა, დავის საგანი გამხდარიყო, მაგრამ ძიებისას გაირკვა, რომ დადიანს კაზინო "აჭარაში" წილი არ ჰქონია. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დადიანი აღნიშნულ კაზინოში ხშირად კი დადიოდა, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

ერთ-ერთ ძირითად ვერსიად ასევე განიხილებოდა ქალის გამო შურისძიება. მით უფრო, რომ ძიების მასალებში ჩნდება დუდუს დის, მაკა დადიანის ჩვენება, რომლის თანახმად, 2001 წლის ოქტომბერში დუდუ დადიანი ხუთი დღის მანძილზე სახლიდან არ გასულა. ამის მიზეზად დუდუ დადიანს დაუსახელებია ერთი ელიტარი ქალბატონის სიტყვები, რომ დუდუზე მისი ქმარი "ნადირობდა" (ქმრის გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ). გამოძიების მიხედვით იკვეთება მისი ახლო ნაცნობობა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებთან.

რამდენიმე ხნის წინ, როდესაც აღნიშნულ საქმეზე ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლორდი ლებანიძეს გავესაუბრეთ, მას არც ერთი ზემოხსენებული ვერსია არ უარუყვია, თუმცა დასძინა, მკვლელობის გახსნა მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდაო.

...ამ მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის თავზე კახი ასათიანს ჩაცხრილავენ მანქანაში. მისი მეუღლე ლუიზა ასათიანი "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადებს, რომ ეს მკვლელობა მაფიის ნახელავია და მის გახსნას ქართველი სამართალდამცველები ვერ შეძლებენ.

მკვლელობის ვერსია აქაც რამდენიმეა. საქმეში, ძირითადად, ავიაკომპანია "აირზენა" დომინირებს, რომლის ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი გახლდათ. სხვათა შორის, ერთი წლის წინ "აირზენას" პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის დისშვილი, დავით ბახტაძე მოკლეს გაიაშვილის მანქანასთან. როგორც ამბობენ, მაშინ ბახტაძე გაიაშვილში შეეშალათ. დღემდე ეს მკვლელობაც გაუხსნელია. თავად თამაზ გაიაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "ჩემი დისშვილის მვლელობაზე რაიმე რომ დადგენილიყო, კახის მოკვლას ვეღარ გაბედავდნენ". თავის მხრივ, სკანდალურ განცხადებას აკეთებს რუსეთში მოკალათებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. მისი თქმით, მკვლელობა პატარკაციშვილისა და ჩხარტიშვილის დაკვეთით მოხდა და იგი ჩეჩნების ხელით განხორციელდა. სხვათა შორის, ამის შესახებ მან მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა, ელენე თევდორაძესაც დაურეკა და დოკუმენტების გადაცემასაც კი დაჰპირდა. თვითონ თევდორაძე კიტოვანის ამ განცხადებას ეჭვის თვალით უყურებს და სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალური კასეტის არ იყოს, დოკუმენტებს ელოდება.

თვითმკვლელობები თუ მაფიის განაჩენი?!

2002 წელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების კრიზისის თვალსაჩინო გამოხატულებაა. ეს არის წელი, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მნიშვნელოვანმა ფიგურამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა- ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა. მართალია, გენერალურმა პროკურატურამ "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ფაქტია, ამ თვითმკვლელობის მოტივს ნათელი არასოდეს მოეფინება. თუმცა საზოგადოებაში აზრი დღემდე ორად არის გაყოფილი: მოკლეს თუ თავი მოიკლა? ის ვერსია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს თუნდაც კაკუბავას და კიტოვანის განცხადებების გამო მოეკლა თავი, თავიდანვე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მით უფრო, რომ იმ პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი კულუარული ინფორმაციით, საჯაიას კაბინეტში თვითმკვლელობამდე ტელეფონზე, ე.წ. "ვერტუშკაზე" დაურეკეს. საუბრის შემდეგ საჯაია მოსასვენებელ ოთახში გავიდა და თავი მოიკლა. თუ ეს კულუარული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აშკარაა, რომ იგი დიდ პოლიტიკურ თამაშს გადაჰყვა და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად თავი გაწირა. ლაპარაკია იმაზეც, რომ პრეზიდენტსა და მას შორის ბოლო ხანს კანცელარიის ინტრიგებისა და ენატანიობის გამო ურთიერთობა გაცივებული იყო. ცხადია, ამის მიზეზი ისევ და ისევ ზოგიერთი პიროვნების მიერ პრეზიდენტის "ნდობის მანდატის" მოპოვების სურვილში უნდა ვეძიოთ. მეორე მხრივ, ითქვა ისიც, რომ საჯაიას ჩამოცილებით შევარდნაძის შესასუსტებლად ისევ და ისევ პრორუსული ძალა იყო დაინტერესებული.

თვითმკვლელობითვე ასრულებს სიცოცხლეს საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრის მოადგილე დავით მეგრელიძე. ერთ-ერთი ვერსიით, მან იარაღი- ე.წ. "გენერალსკი", რომელსაც მანამდე სამსახურის სეიფში ინახავდა, წინა საღამოს მიიტანა შინ. სამართალდამცველები მის ბინასა თუ სამსახურში ეძებდნენ პირად წერილს, ჩანაწერებს, სადაც მისი ტრაგიკული გადაწყვეტილების მიზეზი იქნებოდა დაფიქსირებული, თუმცა ამგვარ წერილს ვერსად მიაკვლიეს. ისე კი მისი მეგობრები არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა მეგრელიძე იმ მომენტში იარაღს ათამაშებდა და გასროლა გაუფრთხილებლობით მოხდა. იმავდროულად, იმ პერიოდში პრესაში არაერთხელ გამოქვეყნდა, რომ მას შემდეგ, რაც მირიან გოგიაშვილი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, იგი ხშირად ურეკავდა გოგიაშვილს და შეხვედრას სთხოვდა. თუმცა მოუცლელობის მოტივით გოგიაშვილი მას არ შეხვედრია. ამ პერიოდს უკავშირდება ერთი სკანდალური ვერსიაც, რომლის გადამოწმება გასაგები მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. საქმე ეხებოდა რამდენიმე ბანკიდან საბიუჯეტო გეგმის შესრულების მიზნით მილიონობით სესხის გამოტანას. როგორც ამბობენ, ბანკებთან ხელშეკრულებებზე ხელი ჰქონდა მოწერილი მეგრელიძეს, არ არის გამორიცხული, სიტყვიერი გარიგებაც ყოფილიყო. თანხა კი, შესაბამისად, დავალიანების მქონე ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან უნდა დაბრუნებულიყო. რა თქმა უნდა, ბანკში ვალები არ დაბრუნდა. ბიუჯეტიც ჩავარდა და ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრისთვის ყველაფერი ცნობილი გახდა. წყალი უკვე ამღვრეული იყო, ძნელაძე შემოსავლების მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამ ვერსიიდან გამომდინარე, მეგრელიძე მარტო აღმოჩნდა. თუმცა თავის დროზე, როდესაც მირიან გოგიაშვილს მომხდარის შესახებ გავესაუბრეთ, მან კატეგორიულად უარყო ეს ვერსია, მაგრამ დაადასტურა, რომ მეგრელიძე მასთან შეხვედრას მართლაც ითხოვდა, მაგრამ იგი უბრალოდ, მოუცლელობის გამო ვერ შეხვდა. გოგიაშვილმა გაიხსენა ბოლო მესიჯიც, რომელიც მეგრელიძემ ხუმრობით გაუგზავნა: "გრიპი მაქვს, ამ მესიჯს რომ მიიღებ, გადაგედება..."

სამსახურებრივ ტრაგედიას უკავშირდება აგვისტოს თვეში "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაც. ირკვევა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის მსგავსად, ისიც რეგისტრირებული იარაღით მოკლეს და, შესაბამისად, "ომეგას" პრეზიდენტის ზაზა ოქუაშვილის მამის დაცვის წევრს დათო მჭედლიძეს დააპატიმრებენ. იგი დღემდე არ აღიარებს მკვლელობას და გადაჭრით აცხადებს, რომ მას ნიკა ლომინაძე არ მოუკლავს. პარალელურად მოწმდება "თელასის" ფინანსური დოკუმენტაცია და დღემდე გამოძიებას საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. სამაგიეროდ, გარდაცვლილის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სამსახურს შეეწირა.

პანკისი უკვე მთელი საქართველოა?

იყო დრო, როცა პანკისზე თვით ამერიკაც ალაპარაკდა და ამ პრობლემის მოგვარება სავაჭრო თემად იქცა. შეიძლება ითქვას, ამერიკის ინტერესმა საქართველოს მიმართ ისე გააბოროტა რუსეთი, რომ პანკისის კი არა, უკვე თბილისის დაბომბვითაც კი იმუქრებოდა. ისე კი პანკისური "კრაზანების ბუდე", რომელიც თავის დროზე პოლიციის თუ უშიშროების ზოგიერთი მაღალჩინოსნის კერძო ბიზნესის წყაროდ იქცა, უკვე თვით ხელისუფლებისთვის გახდა მოსაბეზრებელი. ხუმრობა ხომ არ არის, ჯერ იყო და წითელი ჯვრის თანამშრომლები გაიტაცეს, შემდეგ ცნობილი ფეხბურთელის, კალაძის ძმა, რომელიც საერთაშორისო განსჯის საგანი გახდა, მერე დეპუტატი ცისკარიშვილი, და აი, პიტერ შოუს გატაცებამ ხომ საბოლოოდ დაგვასხა თავზე ლაფი და თბილისი განგსტერების ქალაქადაც კი გამოაცხადეს. აღარაფერს ვამბობთ, ბერ მაჩიტაძეზე, თამუნა გოგინაშვილზე და ბევრ სხვაზე. ფაქტია, რომ არც კალაძე, არც ბერი მაჩიტაძე, არც თამუნა გოგინაშვილი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ და შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის დაპირებაც, რომ მძევლებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს, დაპირებად რჩება. თუ გავითვალისწინებთ წარსულის მწარე გამოცდილებას, როდესაც გაათავისუფლეს იმავე წითელი ჯვრის თანამშრომლები, იგივე ესპანელი თუ არაბი ბიზნესმენები და ამას პიტერ შოუს გათავისუფლებაც მოჰყვა, ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომაა, რომ სახელდობრ უცხოელებს ათავისუფლებენ ჩვენი ძალოვნები და არა ქართველებს? მართალია, ამას კობა ნარჩემაშვილი სრულ შემთხვევითობას უწოდებს, მაგრამ მის დაპირებებს თანდათან შაურის ფასი რომ ედება, ფაქტია. სულ ახლახან, "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამის, სადი შარიფოვის გატაცების დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მძევალს რამდენიმე საათში გაათავისუფლებდნენ. არადა, საცოდავი 79 წლის მოხუცი რამდენიმე დღის შემდეგ მკვდარი იპოვეს. რა მნიშვნელობა აქვს, მოხუცი გულის შეტევით გარდაიცვალა თუ იარაღის სროლის შედეგად. აქ მთავარი ის არის: შარიფოვს დაემართებოდა სასიკვდილო გულის შეტევა, რომ არ გაეტაცებინათ?!

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მთელ საქართველოს სარეველა ბალახივით მოედო ადამიანთა გატაცებები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პანკისი უკვე მთელი საქართველოა. ამის მთავარი და სავალალო მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენს სამართალდამცველებს არც ერთი გამტაცებელი არ დაუსჯიათ, რაც საბოლოოდ ამყარებს აზრს, რომ თითოეული გატაცება თვითონ სამართალდამცველებისგან იგეგმება.

ყველა გაგიჟდა?!

მთელი საქართველო შეძრა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვის ისტორიამ, რომელსაც ღორებმა ხელზე მეოთხე და მეხუთე თითები მოაჭამეს. ნაპოვნი ბავშვის მდგომარეობა კი ბოლო ინფორმაციით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას. მას ჩირქოვანი მენინგიტი განუვითარდა და ექიმების თქმით, გადარჩენის შანსი მხოლოდ 0,5-1%-ია. ბავშვის დედა ლელა კურდღელია სასამართლომ პირობითი ხელწერილით გაათავისუფლა, თუმცა გამოძიებას მისთვის საკმაოდ მძიმე ბრალდება- "არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობის" მუხლი აქვს წაყენებული, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს კურდღელიას ოჯახი იმით იმართლებს თავს, რომ ახალდაბადებული მკვდარი ეგონათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნორმალური ადამიანები გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ნაგავსაყრელზე არ ყრიან და წესისამებრ ასაფლავებენ. ამ შემთხვევაში კი მკვლელობა თავიდანვე რომ იყო ჩაფიქრებული, თუნდაც ისიც ადასტურებს, რომ გამოძიების თქმით, ქალმა უნიტაზზე იმშობიარა. მეტიც, თურმე ყველაფერი ეს უმტკივნეულო რომ ყოფილიყო, კურდღელიას მეგობარმა, ნინო ბასარიამ ის ნემსი გაუკეთა, რომელსაც ძროხებს უკეთებენ მშობიარობისას(!). არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ერთეული შემთხვევა არ აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ ქარელში 22 წლის იამზე ბესტაევა დააკავეს, რომელმაც თავისი ახალშობილი ბავშვი მდინარეში გადააგდო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ახალშობილის გვამი მდინარე ძამას ერთ-ერთ შენაკადში იპოვეს. სავარაუდოდ, ბავშვი წყალში მშობიარობიდან რამდენიმე საათში ჩააგდეს, რაც მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. იამზე ბესტაევა აღიარებს, რომ ახალშობილი თვითონ გადააგდო, თუმცა აცხადებს, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი დანით დაჭრეს...

თითქმის ერთი თვე იწურება და ჩვენს სამართალდამცველებს პასუხი დამნაშავისთვის არ მოუკითხავთ. არადა, ვაჟა გავაშელს გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო მიაყენეს ორი ჭრილობა- კისრისა და მუცლის არეში. საბედნიეროდ, ჭრილობები მძიმე არ აღმოჩნდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კისრის არეში მიყენებული ჭრილობა საძილე არტერიას ბეწვზე ასცდა. ამაში თვით ჟურნალისტსაც მიუძღვის წვლილი, რომელმაც რედაქციაში მომხდურის მოგერიება შეძლო. თითქოს გაურკვეველიც არაფერია, მაგრამ დღემდე გამოძიებას არ დაუკითხავს დამნაშავე და, შესაბამისად, არც ბრალი წარუდგენია. ერთადერთი, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურამ გააკეთა, ის არის, რომ საქმე ბოროტი ხულიგნობის ფაქტზე აღიძრა. საქმე ახლა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა და ამჟამად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი ვაჟა არობელიძე იძიებს, რომელიც ძიების თავიდან დაწყებას აპირებს. მისი თქმით, დაკითხვები ცუდად არის ჩატარებული(!) და მან ჟურნალისტი ხელახლა უნდა დაჰკითხოს. ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ მოუთმენლად ველოდებით საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ისევ ბნელეთში ვართ...

აი, ასეთი უღიმღამო, არაფრით გამორჩეული იყო ცხენის წელი საქართველოს ცხოვრებაში. ისევ სისხლიანი გარჩევები, ისევ ქურდული მენტალიტეტი, ისევ გაღატაკებული მოსახლეობა, კორუფცია და ისევ ბნელეთი ყველგან და ყველაფერში. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ თანდათან ვემსგავსებით XX საუკუნის აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც ცხოვრობენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. ამ ჯადოსნური წრედის გარღვევა თითქმის შეუძლებელი ხდება და ისღა დაგვრჩენია, მთელი ძალით ვიყვიროთ: მზეს ველოდებით!!!

ავტორი: მარინა მამისაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი