მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
ასე ტკბილად დამიბერდით?!

ბაზრობაზე საკონდიტრო ნაწარმით მოვაჭრეებს თავი მოვაბეზრე, სანამ შოკოლადის ნაწარმის დამამზადებელი ერთ-ერთი იატაკქვეშა საამქროს მისამართი არ გავიგე. მეორე დღეს, თბილისის გარეუბანში მდებარე "ხრუშჩოვკის" ტიპის პროექტის ერთ ხუთსართულიან კორპუსს კითხვა-კითხვით მივაგენი. ეზოში თოვლში მოგუნდავე ბავშვებთან საამქროს ადგილმდებარეობა კიდევ ერთხელ დავაზუსტე. პატარებმა ამიხსნეს: ჯერ ადრეა, საამქროს მოგვიანებით გააღებენ, მანამდე კი მეორე სართულზე რომ დეიდა შუშანა ცხოვრობს, რამდენსაც გინდათ, იმდენ შოკოლადის კანფეტს, "ჩიტის რძეს" მოგყიდითო. ასეც მოვიქეცი. კარი ხანში შესულმა, ტანსრულმა ქალმა გამიღო. ეჭვიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შუბლშეკრულმა სტუმრობის მიზეზი მკითხა. როცა დარწმუნდა, რომ "ჩიტის რძის" კლიენტი ვიყავი, ისე ფართოდ გაიღიმა, ოცდათორმეტივე ოქროს კბილი აუელვარდა და შინ შემიპატიჟა. პატარა სამზარეულოში, გაზქურაზე დიდი ალუმინის ორ ქვაბში გაურკვეველი წარმოშობის სითხე თუხთუხებდა. იქვე ხარიხაზე, პატარა ვაფლის ნაჭრები იყო ძაფზე ჩურჩხელებივით ასხმული.- ზვიადჯან, საიდანამ მომაგენი, ცავატანემ? ალბათ, გეორქამ გამოგაგზავნა ხომა? ჩემთან რომ მოდი, ნამდვილად კარქი საქმე გააკეთე. აბა, პადვალში საკონდიტრო ცეხი რომ აქვთ გახსნილი, იქ კანფეტებს კი არა, საწამლავებს აკეთებენ. ჩემს "ჩიტის რძეს" კი მანი-ქაშიდან ვხარშავ. ისინი კიდევა პურის ფქვილით აკეთებენ გულსა. ადრე სიმინდის ფქვილს ხარშავდნენ და ეგ იყო "ჩიტის რძე". მე კიდევ შიკოლადის "გლაზურიც" ნამდვილი მაქვს,- მითხრა დეიდა შუშანამ და თავისი სიტყვების სიმართლეში რომ დავერწმუნებინე, ხარიხიდან ერთი ასხმა ვაფლის ნაჭრები ჩამოიღო და ქვაბში უკრა თავი, სადაც მისივე მტკიცებით შოკოლადი იხარშებოდა. რამდენიმე წამში ყავისფერი ბლანტი სითხით მოთხვრილი ვაფლის ნაჭრები ქვაბიდან ამოიღო, გააცივა და "დათუნია" კანფეტის ეტიკეტში გაახვია: "აი, ესეც "დათუნია" მზად არის. თითო კილოს ოთხლარ-ნახევრად მოგცემ. შენა კიდევ შენს მაღაზიაში რვა ლარადაც თავისუფლად გაყიდი". მერე მასპინძელმა "ჩიტის რძის" დამზადების ტექნოლოგიაც გამაცნო. პატარა ყალიბებში ჟელეგარეულ მანანის ფაფას ასხამდა, აცივებდა, მანანის ბურღულის პატარა ბრიკეტებს ძაფზე ასხამდა და შოკოლადით ისევე "ღებავდა", როგორც "დათუნიას". ფალსიფიკატორმა თავისი საფირმო ნაწარმის დაგემოვნებაც შემომთავაზა. რაღას ვიზამდი, თავი გადავდე და თითო-თითო "დათუნია" და "ჩიტის რძეც" გავსინჯე. მერე, როგორც იქნა, შუშანას თავი დავაღწიე და ახლა იქვე, კორპუსის სარდაფში მდებარე იატაკქვეშა საამქროსაც მივაკითხე. სამწუხაროდ, იქ შესვლის უფლება არ მომცეს, სამაგიეროდ, მოსკოვის ცნობილი საკონდიტრო ფაბრიკების ნაწარმის ყიდვა შემომთავაზეს. ამ საქონელში საწარმოო გაერთიანება "თბილკონდიტერის" ეტიკეტით დამშვენებული "დათუნია" კანფეტებიც იყო. ალბათ, შუშანას "ტექნოლოგიით" დამზადებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ წარმოების მოცულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე "ინდმეწარმესთან".

იატაკქვეშა საამქროს მეპატრონეებს მეორე დღისთვის შეკვეთა მივეცი და ცალი თვალით საამქროში შეხედვაც მოვახერხე. ფოტოაპარატზეც დავაფიქსირე იქ შექმნილი ანტისანიტარიული მდგომარეობა.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტის, ნინო მაისურაძისგან მოწოდებული მონაცემებით, რომელიც საქარ-თველოში წარმოებულ და აგ-რეთვე იმპორტირებულ საკონდიტრო ნაწარმის საერთო მოცულობას შეეხება, საკმაოდ საინტერესო ციფრს მივიღებთ, თუ საკონდიტრო ნაწარმის საერთო რაოდენობას რესპუბლიკაში მცხოვრებ ადამიანთა საერთო რიცხვზე გავყოფთ. გამოდის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ 7 გრამზე, ანუ ერთ ცალ კანფეტზე ნაკლები საკონდიტრო ნაწარმით კმაყოფილდება. უფრო დამაფიქრებელი გასული წლების ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის მაჩვენებელი გახლავთ. ამ წლებში ქართველობა საკონდიტრო ნაწარმს თითქმის არ გეახლებოდათ.

ჩვენ ფაბრიკა "მზიურში", ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ამ დარგის სპეციალისტებს მივაშურეთ, რათა თქვენთვის გაგვენდო, როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი საკონდიტრო ნაწარმი ფალსიფიცირებულისაგან.

საკონდიტრო ფაბრიკა "მზიურის" შენობაში ნებართვის გარეშე შესვლა ადრე შეუძლებელი იყო და დაცვის ჯიხურში რომ არავინ დამხვდა, ძალიან გამიკვირდა. თითქმის მთელი ფაბრიკა ისე შემოვიარე, რომ კაციშვილს არ უკითხავს: აქ რას დახეტიალობო. აჭედილი და დალუქული ოთახების კარი პირქუშად შემომცქეროდა. ეს მაშინ, როცა ახალი წელი კარს არის მომდგარი და თუ არა ამ დროს, მაშ, როდის უნდა იმუშაოს საკონდიტრო წარმოებამ? ბოლოს, ისევ ფაბრიკის გამოსასვლელში აღმოვჩნდი. ერთ-ერთი ოთახიდან ლაპარაკის ხმა შემომესმა და მეც ის კარი შევაღე. პატარა ოთახში ათამდე ადამიანი ელექტროღუმელს შემოსჯდომოდა.

როგორც გაირკვა, ამ პატარა ოთახში ფაბრიკა "მზიურის" სამეთვალყურეო საბჭოს თითქმის ყველა წევრი, მათ შორის თავმჯდომარე სვეტლანა მახარაძე და დირექტორი ჯამბულ ღუღუნიშვილი შეკრებილიყვნენ და დაძმარებული სახეებით რაღაცაზე საუბრობდნენ.

- რაშია საქმე? ახალი წელი კარს მოგადგათ და ფაბრიკა არ მუშაობს?

- ყველაფერი დაკეტილ-დალუქულია. ყოფილმა ხელმძღვანელობამ, რაც გასაყიდი იყო, ყველაფერი გაყიდა- საწარმო გააკოტრეს. თითქმის ხუთი წელიწადია, სასამართლოებში დავრბივართ. გასულ წელს უზენაესმა სასამართლომ, როგორც იქნა, მიიღო დადგენილება ჩვენთვის, კოლექტივისთვის საწარმოს 1993 წლის მდგომარეობით გადმოცემის შესახებ, ანუ ვალების გადახდაზე ჩვენ, ახალი ხელმძღვანელობა არ ვართ პასუხისმგებელი. ახლა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო უარს გვეუბნება საწარმოს ხელახალ რეგისტრაციაზე. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველომ დაკარგოს ეს უნიკალური საკონდიტრო ფაბრიკა. ყოფილ ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, "პრივატიზებული" აქვს დიდუბის სასამართლო და ცდილობს, საწარმოს რეგისტრაცია არ დაუშვას. გამოდის, საწარმო ჩვენია და არცაა ჩვენი. ახალარჩეული სამეთვალყურეო საბჭოს ზოგიერთი წევრი გადაიბირეს. ვერა და ვერ შეელია საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელობა "მზიურის" "ტკბილ" ფულს. საწარმო ხომ გააკოტრეს, ახლა მის ლიკვიდაციას ცდილობენ. დაანგრევენ ფაბრიკას- აგურ-აგურ და ფიცარ-ფიცარ გაყიდიან. მერე ტერიტორიასაც ("მზიურს" 3 ჰექტარი მიწის ფართობი უკავია ქალაქის ცენტრში, დიდუბეში) გაასაღებენ. თუ ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის საბაზრო ფასი 500-600 დოლარია, მაშინ ფაბრიკის მიწიდან მიღებული შემოსავალი 15-18 მილიონი დოლარი იქნება. ამ თანხის ჩაჯიბვის სურვილი ბევრს დღესაც არ დაუკარგავს. ბოლოს და ბოლოს, აქვეა "ელიავას" ბაზრობა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიაზე ვეღარ ეტევა და გაფართოებას ცდილობს ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე.

- ამასობაში კი საქართველოს ტკბილეულის სამომხმარებლო ბაზარი ფალსიფიცირებული და საეჭვო ხარისხის პროდუქციით ივსება.

- მართალი ბრძანდებით. ხელისუფლებას ურჩევნია, ტკბილეული იმპორტით შემოიტანოს და აბსოლუტურად არ იცავს ადგილობრივი წარმოების ინტერესებს. ბაზარი გაივსო თურქული საკონდიტრო ნაწარმით, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ქარხნულ დონეზეა ფალსიფიცირებული. თურქული საკონდიტრო ნაწარმი, ძირითადად, ნატურალური პროდუქციის ნაცვლად, ქიმიური შემავსებლებითაა დამზადებული. აიღეთ ნებისმიერი თურქული შოკოლადი ან თუნდაც ნამცხვარი. წაუკიდეთ მას ცეცხლი და გარანტიას გაძლევთ, მოეკიდება, იმიტომ, რომ ქიმიური დანამატებით არის გაჯერებული. ხშირად დასავლეთ ევროპიდან და რუსეთიდან შემოტანილი პროდუქციაც ვერ აკმყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. მეტიც, ქართველი ფალსიფიკატორები ვლადიკავკაზში ან უფრო ხშირად თურქეთში აბეჭდვინებენ გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის საკონდიტრო ფირმების შესაფუთ მასალას, რომელშიც ადგილობრივ ფალსიფიცირებულ ნაწარმს ახვევენ. ზოგჯერ ამ ხერხს ლიცენზირებული საწარმოებიც მიმართავენ. არცთუ იშვიათად, ოჯახებშიც აქვთ გამართული "საამქროები"- იქ მთავარი დანადგარი უთო გახლავთ (უთოს მეშვეობით ფალსიფიკატორები ბონბონიერების ყუთებს ცელოფანში ახვევენ). რამდენი ხანია სააქციო საზოგადოება "მზიური" არ მუშაობს, მაგრამ ბაზარში "ჩვენი პროდუქციით" ვაჭრობენ, სინამდვილეში ეს ფალსიფიკატორების ან ლიცენზირებული ადგილობრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების საქონელია.

- მაინც რომელ ქიმიურ შემავსებლებს იყენებენ ფალსიფიკატორები?

- შოკოლადი კაკაოს ცხიმისა და მისი ფხვნილისაგან მზადდება. ფალსიფიკატორები კაკაოს ცხიმის ნაცვლად, უკეთეს შემთხვევაში სოიის ზეთს, უარეს შემთხვევაში კი თურქულ ერბოს ხმარობენ. მაგალითად, "თექსუნს", არცთუ იშვიათად, ტექნიკურ ცხიმებსაც იყენებენ. მერე იყიდიან იაფფასიან ვაფლს და ასე ამზადებენ შოკოლადის კანფეტ "დათუნიას", რომელიც სტანდარტით მხოლოდ ნატურალური მცენარეული კომპონენტებისგან უნდა იყოს დამზადებული. ფალსიფიკატორები ასევე იყენებენ ესენციებს, კვების პროდუქტების საღებავებს, კონსერვანტებს და სხვას. მომხმარებელმა ფალსიფიცირებული ნაწარმი ნამდვილისგან რომ განასხვაოს, უნდა დააკვირდეს იარლიყს, ნუგბარის შეფუთვის ხარისხს, ყურადღება უნდა მიაქციოს მის ღირებულებას, საეჭვოდ დაბალი ფასი მის ფალსიფიცირებაზე მიუთითებს. შოკოლადის ნაკრების ყუთზე, ე. წ. ბონბონიერზე, ისევე როგორც კანფეტის ქაღალდზე, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დამამზადებლის კოორდინატები. სანამ კანფეტს იყიდით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ: სასიამოვნო გემო ხარისხის უტყუარი დასტური იქნება.

ფაბრიკიდან გამოსული სადგურის მიმდებარე, ე.წ. ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ბაზრობაზე ტკბილეულის რიგს ვესტუმრე.

დახლები უცხოური და რუსეთის საკონდიტრო ფირმების ნაწარმით იყო გავსებული. ჩემი ყურადღება ერთი და იმავე ფირმის, ერთი და იმავე ნაწარმის ფასთა მნიშვნელოვანმა სხვაობამ მიიქცია. ერთ-ერთმა გამყიდველმა ამიხსნა:- განსხვავებული ფასები ერთსა და იმავე საქონელს იმიტომ აქვს, გააჩნია, რომელი რამდენადაა მიახლოებული ორიგინალსო. მაგალითად, არც ერთი არ არის მოსკოვური "დათუნია". მაგრამ ჩვენთან კარგი ხარისხის პროდუქციასაც ნახავთ და მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული უნდა იყო ამ საქმეში, რომ ვინმემ ფალსიფიცირებული შოკოლადი ან სხვა კანფეტი არ შემოგატყუოს.

- რომელი დასახელების ფალსიფიცირებული კანფეტები გაქვს?

- ფალსიფიცირებულ კანფეტებს არ ვიღებ. ან თუ ვიღებ, ნამდვილისაგან დიდად არ განსხვავდება. ფალსიფიცირებული ხანდახან შოკოლადის ნაკრებები ან "ბამბანერკები" მაქვს. თუმცა "ბამბანერკებს", მით უმეტეს, პოლონურს, რა ფალსიფიცირება უნდა, პოლონეთიდან მოდის უკვე ფალსიფიცირებული. მის ყუთს რომ შეხედავ, ისეა გაფორმებული, ძნელია არ იყიდო, მაგრამ თუ სტუმრად წაიღებ, შერცხვენა ნაღდად არ აგცდება- დიდრონ კოლოფში რვა-ათი ცალი უბრალო შოკოლადის ნაჭერი დევს და შეიძლება დაობებულიც იყოს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტის უფროსი ომარ კაჭარავა:- სამინისტროს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია, რომ კონტრაბანდას ან ფალსიფიცირებულ პროდუქციას ებრძოლოს. ჩვენ ვიცით, რა ხდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. ამის შესახებ რამდენჯერმე მივწერეთ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამაოდ. ადგილობრივი საკონდიტრო წარმოება- მხედველობაში მაქვს სააქციო საზოგადოება "მზიური" და მარმელადის ფაბრიკა "საამო", გააჩანაგეს და ამჟამად არც ერთი არ მუშაობს. სამინისტრომ ვერაფერი გააწყო, რადგან კანონმდებლობაც ხელს არ გვიწყობს. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული.

- მაგრამ არსებობს "სახსტანდარტი", რომელსაც საკმარისზე მეტი ბერკეტები აქვს ფალსიფიცირებულ პროდუქტთან საბრძოლველად.

- ჰოდა, "სახსტანდარტის" ხელმძღვანელობას მიაკითხეთ.

ჩვენ "სახსტანდარტის" მისამართიც კარგად ვიცით და ამ უწყების სოკოებივით მომრავლებული სერტიფიკაციის ორგანოების მუშაობის სტილსაც ძალიან კარგად ვიცნობთ, ამაზე აღარ შევჩერდებით, რომ გუნება-განწყობილება სულმთლად არ გაგიფუჭოთ.

ერთი კი ფაქტია, მავანთა წყალობით ახალ წელს ქართველები ერთმანეთს ტკბილეულს თამამად ვერ გავუწოდებთ და ვერ ვეტყვით,- ასე ტკბილად დამიბერდიო! იქნებ ძველებურად, მამაპაპურად ტკბილად დაბერება, ჩურჩხელით ან ტკბილი კვერით ვუსურვოთ- ორიგინალურიც იქნებოდა და უსაფრთხოც. ისე, ჩვენი და ჩვენი რესპონდენტების რჩევების გათვალისწინებას მაინც გირჩევთ.

ავტორი: ზვიად ჩაკვეტაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი