ერთი კვირაც და მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსე წელი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდება, მას დრო გადააფასებს და ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევს.
ჩვენ კი ბევრი საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, თავად ამ ისტორიული მოვლენების შემოქმედებს, ქართველ პოლიტიკოსებს დავუკავშირდით და ვთხოვეთ 2002 წლის ყველაზე არაორდინარული შემთხვევა დაესახელებინათ. ხაზზე ისინი არიან, ვისაც დღეს ქართული პოლიტიკის სამჭედლოს შენებაზე აქვთ პრეტენზია.
ჯემალ გოგიტიძე:- 2002 წლის კი არა, საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო და ყველაზე არაორდინარული მოვლენა იყო, როცა სახელისუფლებო ფრაქციებმა პარლამენტი დატოვეს და სხდომები ჩაშალეს. ეს იყო მოულოდნელი მოვლენა, რომელსაც ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ღერძი შეუძლია გატეხოს. ეს იყო ყველაზე დიდი გაუგებრობა, რაც შესაძლოა ისეთ სერიოზულ მოვლენებში გადაიზარდოს, რომ უმართავი სიტუაცია გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რომ უღალატონ კონსერვატორებმა, პარლამენტი დატოვონ და დაიშალონ, რა მოხდება... ასეთი რამ გაუკეთეს მოქალაქეებმა თავიანთ პრეზიდენტს. ასევე არაორდინარული მოვლენა იყო შევარდნაძის მოხსენებით გამოსვლა პარლამენტის წინაშე. ამ მოვლენას შემდეგი სახელი ვუწოდე- შუბლის ძარღვი გაწყვეტილია კი არა, აღარც არსებობს. მაშინ მივხვდი პირველად, რომ თურმე ასეთი ადამიანებიც იბადებიან.
გოგი თოფაძე:- ბევრი ფიქრი და სჯა-ბაასი არ უნდა იმის მტკიცებას, რომ 2002 წლის ყველაზე არაორდინარული მოვლენა ბრიტანელი ბანკირის, ანუ თაღლითის პიტერ შოუს სპექტაკლი იყო, რომელიც ქართველი ბიზნესმენებისა და ბანკირების დამაქცეველმა მძარცველმა თავად მოაწყო. თავისი თავი ვითომ მოატაცებინა ვიღაც-ვიღაცებს. ეს იყო ყველაზე არაორდინარული და ორიგინალური შოუ შოუს ავტორობით. სამწუხაროა, რომ მას ამ სპექტაკლის დამდგმელი "შემოქმედებითი" ჯგუფი, სულ ქართველებისგან ჰყავდა დაკომპლექტებული.
ასევე არაორდინარული მოვლენა იყო ფეხბურთში საქართველო-რუსეთის ეროვნული ნაკრებების ჩაშლილი მატჩი. რაც მოხდა დიდი მზადების შემდეგ, სრულიად მოულოდნელი იყო ყველასთვის. თუ საშუალებას მომცემთ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს გაზეთს და ამ სიცრუითა და დამახინჯებული ინფორმაციებით სავსე ქვეყანაში "კვირის პალიტრის" არსებობასაც არაორდინარულ მოვლენად ვთვლი. გისურვებთ ასეთი ობიექტურები ყოფილიყავით ყოველთვის და არც კარგი სიტყვა დაგეკლოთ ჩვენთვის და არც "მათრახი", რა თქმა უნდა, თუ დავიმსახურებთ.
ირაკლი ბათიაშვილი:- 2002 წლის ყველაზე არაორდინარული მოვლენა? საქართველომ ნატოში შესვლის სურვილის განაცხადი გააკეთა. ამაზე არაორდინარული რაღა გინდათ? ქვეყანა, რომელიც ნამდვილად არ არის მზად არანაირი თვალსაზრისით ნატოში გაწევრებისთვის, მთელი მსოფლიოს გასაგონად მოულოდნელ განაცხადს აკეთებს, სიურპრიზი მოვაწყვეთ რა. ასევე არაორდინარული მოვლენა პირადად ჩემთვის ჩემი ქალიშვილის გათხოვებაა. ამან დიდი ბედნიერება მომანიჭა (ვულოცავთ- რედაქცია).
გია ბარამიძე- არაორდინარულს ქართულად არაჩვეულებრივი ჰქვია, ამიტომ მეც ასე ვიტყვი. წლის ყველაზე არაჩვეულებრივი მოვლენა იყო პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ მისთვის სულერთია რა დადგენილებას ან რა კანონს მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომ არ აპირებს მის შესრულებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გვექნება და გვქონია იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე სინამდვილეში გვეგონა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ და ღიად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და უპირისპირდება საკანონმდებლო უმაღლეს ორგანოს, ეს უდიდესი დანაშაულია. ცივილიზებულ ქვეყანაში ამგვარი რამ არ მოხდებოდა და თუ მოხდებოდა, ძალიან ცუდად დასრულდებოდა.
შალვა ნათელაშვილი:- ეს ხელისუფლება რომ ისევ ადგილზეა და 2003 წელშიც გადაგვყვება, ეგ არის ჩემი აზრით, ყველაზე არაორდინარული მოვლენა. მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება ეს პროცესი და შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ დაუდგება ქართველ ხალხს ნამდვილი ახალი წელი. ქვეყანა ფაქტობრივად ხელიდან გამოგვეცალა ამ უნიათო ხელისუფლების წყალობით, ამაზე არაორდინარული რაღა უნდა იყოს. ამიტომაც ახალი წელი დგება მთელი კაცობრიობისათვის ქართველების გამოკლებით. კაცმა დღეს ამ ქვეყანაში აღარ იცის რაზე იფიქროს, როგორ გადაიხადოს არანაირი შემოსავლებით კომუნალური გადასახადები, როგორ აღნიშნოს ახალი წელი ცარიელი სუფრით. ამისთანა ზამთარი კიდევ 20 წელია არ ყოფილა. ბუნებამ თავისი სახე დაიბრუნა, ეგებ ნორმალური ხელისუფლებაც გვეღირსოს.
მამუკა გიორგაძე:- ალბათ ამაზე მძიმე წელი არც გვქონია. XXI საუკუნეში საქართველოში ადამიანები შიმშილით, სიცივით, უსახსრობით იღუპებიან, სიყვარულის ნაცვლად ბოროტებას სჩადიან- მამა შვილს კლავს, შვილი დედას, დედა ახალშობილს სანაგვეზე აგდებს... კატასტროფაა და ამ საშინელ სიტუაციაში აღარავის ახსენდება მართლაც არაჩვეულებრივი შემთხვევა- ჩვენი რაგბისტების გამარჯვება, რომლებიც უსახსრობის გამო უცხოეთში არიან გადახვეწილნი, ერთ-ერთ მათგანს კი უფულობის გამო ცოლიც ვერ შეურთავს...
ღმერთმა ინებოს, მომავალ წელს უფრო სასიხარულო თემებზე გვესაუბროს...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010