მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
ქართველები შველას ითხოვდნენ...

"ბატონო ვაჟა! მართალია, ახლა საქართველოდან შორს ვიმყოფები, მაგრამ უცხოეთში ცხოვრებას ქართული პრესა მიადვილებს, რომელსაც დროდადრო ჩემი მეგობრები მაწვდიან. ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრაში" თქვენი წერილი წავიკითხე აფხაზი მატეო ფალკონეს შესახებ, რომელმაც ქართველების შეურაცხყოფა არ აპატია თავის ერთადერთ ვაჟს და საკუთარი ხელით მოკლა იგი. არ შეიძლება ამ ისტორიამ არ შეგძრას, მით უმეტეს, აფხაზეთიდან და მოგვიანებით, მიზეზთა გამო საქართველოდან ლტოლვილი ჩემნაირი ადამიანი, ვისთვისაც სიცოცხლის ერთადერთი აზრი შვილებია. მე გუდაუთაში დავიბადე და, ბუნებრივია, აფხაზი გოგო-ბიჭების გვერდით ვიზრდებოდი. ჩემი მეგობრების გრძელ ნუსხაში იმხანად მხოლოდ ერთადერთი არააფხაზი, ჩემი საბავშვო ბაღის მეგობარი ნათია გახლდათ (სახელს შეგნებულად ვცვლი. მიზეზს ქვემოთ შეიტყობთ). აფხაზებმა რომ აურიეს, პირველ ხანებში სერიოზულად არ მიგვიღია. ვფიქრობდით, ხვალ-ზეგ გონზე მოვლენ-თქო, მაგრამ... იმხანად გუდაუთელ ქართველზე გავთხოვდი. ნათია მოგვიანებით რამდენიმე დღის გაცნობილ გაგრელ აფხაზს გაჰყვა ცოლად. მითხრა,- ეს იმიტომ გავაკეთე, აფხაზები რომ ჭკუაზე მომეყვანა. რომ იცოდე, როგორი ქმარი მყავს, შეიძლება ინანო კიდეც, აფხაზს რომ არ გაჰყევიო ცოლად. ღიმილიანი გოგო იყო ნათია, სიცოცხლისა და ადამიანების მოყვარული. ვიცოდი, ამჯერადაც გულახდილი იყო. თურმე მის სიხარულს დიდი დღე არ ეწერა. კართან ომი მომდგარიყო, ვიღაცის გამოგონილი ომი."

ამის შემდეგ წერილი იმდენად არათანამიმდევრული, თანაც იმდენად ემოციურია, რომ საჭიროდ ჩავთვალე, ოდნავ მაინც შემელამაზებინა. ის სიმძაფრე კი მაინც შერჩა...

რედაქციის მხრივ კი დავძენთ: აფხაზი და ქართველი კაცის საერთო ტკივილი თუ უბედობა ეს ის თემებია, რასაც გვერდს ვერასოდეს ავუვლით და ამიტომაც დღევანდელ ნომერში ამ მძიმე ამბავზე შევაჩერეთ თქვენი ყურადღება.

ხანმოკლე ბედნიერების დასასრული

- ნათიას ქორწილში ვერ წავედით. ან კი ვის ექორწილებოდა? გუდაუთაში პირველი სისხლი დაიღვარა და აქამდე მოყვარე ხალხი მტრებად ვიქეცით. თუ დამიჯერებთ, პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ თურმე შესაძლებელია ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილი. ჩვენ კი კარგა ხანს არ გვსურდა ამის დაჯერება.

მე და ნოდარს მეშვიდე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. კუნთმაგარი და მხრებგანიერი ბიჭი იყო. ცხენოსნობა იტაცებდა და თავისუფალ დროს ერთთავად ცხენით დაჯირითობდა. ხშირად მითქვამს, მგონი ჩემზე მეტად ცხენი გიყვარს-მეთქი და გულიანად გვეცინებოდა. ის იყო, დაქორწინება გადავწყვიტეთ, რომ ნოდარი ცხენიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. ხერხემლის დამბლის გამო მხრების დამჭიმავ კორსეტს მუდმივად ატარებდა და ყავარჯნების გარეშე სიარული აღარ შეეძლო. ყველას ეგონა, მივატოვებდი, მაგრამ კიდევ უფრო შემიყვარდა. ვიცოდი, ახლა სჭირდებოდა ჩემი სიახლოვე. ექვსი თვე თავზე ვადექი საავადმყოფოში. ნათიაც ჩემთან იყო. არც მას მივუტოვებივართ. სხვა დაქალები ნოდართან განშორებას მირჩევდნენ, ის კი, პირიქით, მაქეზებდა. ნამდვილი სიყვარული ისაა, ამგვარ გასაჭირს რომ გაუძლებსო, მეუბნებოდა და ამის გამო დღემდე მადლობელი ვარ მისი. საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა, იმ დღესვე ხელი მოვაწერეთ. ნათია ჩვენი ხელისმომკიდე იყო და ჩემი და ნოდარის ბედნიერებით ხარობდა. თვითონ კი ვერ იქნა და ვერავინ შეიყვარა. ამიტომაც ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, ერთ მშვენიერ დღეს რომ მომახარა- ორი დღის გაცნობილ, მაგრამ ღირსეულ აფხაზ ვაჟკაცს გავყევი ცოლადო. მეც და ნოდარსაც გულით გვეწადა მისი მეუღლის გაცნობა, მაგრამ მალე ისე აირია ყველაფერი, საამისოდ აღარავის ეცალა და თავდაპირველად თუ ტელეფონით მაინც ვუკავშირდებოდით ნათიას, მერე და მერე, ესეც სანატრელი გაგვიხდა. გუდაუთაში ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. გუშინდელი ჩვენი მეგობარი აფხაზები ისეთი თვალით გვიყურებდნენ, აშკარა იყო, კარგს არაფერს დაგვმართებდნენ. ნოდარის ინვალიდობის მიუხედავად, შეძლებული ოჯახი გვქონდა და სხვაგანაც კარგად მოვეწყობოდით. თუმცა მაინც ვიმედოვნებდით, რომ ინვალიდ კაცს ხელს არ ახლებდნენ. ამასთან, ნოდარი მამა-პაპისეულ სახლს, ეზო-კარს ვერ თმობდა. არადა, სიტუაცია დღითი დღე იძაბებოდა. ერთ დღეს კი ნათიამ დაგვირეკა და შემოგვჩივლა,- რა მეშველება, ჩემი ქმარი აფხაზთა რაზმში ჩაეწერაო...

სისხლი სისხლს ემატებოდა და ერთ გვიან ღამით უბედურებამ ჩვენს კარსაც მოაკაკუნა. ჯერ მეზობლის კივილმა გამოგვაღვიძა. მერე ამას ავტომატის კაკანი და ისეთი ხმაური მოჰყვა, გვეგონა, სახლს ანგრევენო. მერე მეორე მეზობელთანაც იგივე განმეორდა. ქართველები შველას ითხოვდნენ, მაგრამ ვისგან? სულ სამი ქართველი ვცხოვრობდით იმ უბანში. ნოდარი სიმწრით იკვნეტდა ტუჩებს. იარაღი მომიტანეო, მითხრა, ეს გარეწრები ეტყობა არც ჩვენ დაგვტოვებენ უყურადღებოდო. ვთხოვე, არ გინდა, ჩვენთან შემოსვლას როგორ იკადრებენ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, მჯეროდა საკუთარი სიტყვების. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ნოდარის კბილა ხალხი იყო. მაშასადამე, იცნობდნენ კიდეც. უფრო მეტიც, დაინვალიდებამდე ნოდარი მათი კერპი იყო, მისით ამაყობდნენ კიდეც. გამარჯვების რამდენი დროშა ჩამოუტანია გუდაუთაში გამოცდილ ცხენოსანს, ვინ იცის? ახლა ხელს ვინ აღმართავს-მეთქი ნოდარის ოჯახზე, თავს ვარწმუნებდი. თურმე ამაოდ... ჯერ ჭიშკარი შემოანგრიეს, ძაღლმა რომ შეუტია მომხდურებს, ავტომატით ჩაცხრილეს. მერე ფანჯრებს დააყარეს ავტომატის ჯერი და კარის შემონგრევა სცადეს.

- წამომაყენე და იარაღი მომეცი,- ბრძანების კილოთი მითხრა ნოდარმა, მაგრამ თავი ისე დავიჭირე, თითქოს ვერ გავიგე, რა მითხრა და კარის გასაღებად გავვარდი. ვიცოდი, რომ არ გამეღო, უფრო გახელდებოდნენ. ხუთნი იყვნენ, მაგრამ ერთი გარეგნულად ყველასგან გამორჩეული იყო- მარჯვენა წარბთან ნაიარევი აჩნდა. ის აქტიურობდა ყველაზე მეტად. ეტყობოდა, აქაურები არ უნდა ყოფილიყვნენ. წარბგაჩეხილმა თავისიანებს სახლის გაჩხრეკა უბრძანა, ჩემკენ შემობრუნდა და Uლტ ნდჯქ ვე;?- მკითხა და თვალებში ჩამხედა. ღმერთო ჩემო, გავიფიქრე, ამ ლამაზ სხეულში რამ ჩაასახლა-მეთქი ეს სისასტიკე. ვიდრე პასუხს გავცემდი, ნოდარის ოთახიდან ხმაური მოისმა. მივხვდი, ეტყობა წამოდგომა დააპირა და ყავარჯენი დაუვარდა საბრალოს. მეთაური თვალის დახამხამებაში ნოდართან გაჩნდა, როგორც ჩანს, იფიქრა, სროლას მიპირებენო და მწოლიარე კაცს ჯერ წიხლი ჩაარტყა ფერდში, მერე პისტოლეტის სახელური მოუქნია. არ ვიცი, ასეთ დროს საიდან იკრებენ ადამიანები ძალას, მაგრამ ის კი ვიგრძენი, რომ ახლა ამ კაცის გაგლეჯა შემეძლო. ნოდარს გადავეფარე და ვიკივლე, ხელი არ ახლოთ, ინვალიდია-მეთქი. ჯალათი წამით შედგა. მერე ნოდარს თავი მიანება, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და უხსენებლის ხმით, წმინდა ქართულით დაისისინა- თუ ქმარზე არ შეიძლება, იქნებ ცოლზე ვცადოთო. კაბა ხელის ერთი მოქნევით შემომახია და მეორე ოთახში დამიპირა გათრევა. სასოწარკვეთილმა ნოდარმა მთელი ხმით იღრიალა- არ გაბედოო და ისე გაიბრძოლა, წამოდგომაც მოახერხა და ის იყო, ყავარჯენს მისწვდა, ამ გარეწრისთვის თავზე რომ გადაემტვრია, მაგრამ ვნებისაგან გახელებულმა ჯალათმა იარაღი იშიშვლა. რატომღაც ჯერ ფეხებში ესროლა უბედურს, მერე კი, როცა ნოდარი უკანვე, ლოგინზე გადავარდა, მთელი მჭიდი დააცალა... მერე მე მომხვდა თავში რაღაც მძიმე საგანი და გონი დავკარგე... მოგვიანებით, ბავშვის კივილმა გამომაფხიზლა. ჩვენი პატარა გოგონა მამამისის უსულო, ერთიანად დაცხრილულ სხეულს ზედ გადამხობოდა და მოთქვამდა. ვიდრე წამოდგომას მოვახერხებდი, ძარღვებში სისხლი გამეყინა და კვლავ დავკარგე გონი. როცა გონს მოვედი, ჯალათები აღარსად ჩანდნენ. ტირილისაგან დაოსებული თიკა ახლა ჩემს გამოფხიზლებას ლამობდა. სახლი თავდაყირა იყო, პირქვე ეყარა დაცარიელებული კარადები, დამსხვრეული ჯამ-ჭურჭელი და ლეიბ-საბნები. ეტყობა, ფულსა და ოქროულობას ეძებდნენ, მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობდი. რაკი შვილი ახლოს დავიგულე, ნოდარი მოვიძიე და უცებ გამახსენდა, რაც მოხდა. გიჟივით წამოვიჭერი და მეუღლის უსულო სხეულს გადავემხე.

ჯოჯოხეთი სალხინეთში

მერე და მერე, როცა ყველაფერი გავაცნობიერე, მივხვდი რომ ჩემი ხანმოკლე ბედნიერება დასრულებულიყო. იმავე დღეს ჩვენი ოჯახის მეგობარი ერთი აფხაზის დახმარებით სახლის სარდაფში დავმარხეთ ნოდარი, შეღამებულზე კი მე და თიკას თავისი მანქანით ადლერისკენ მიგვაქანებდა ის კეთილი აფხაზი... ჯალათებს ფული და ძვირფასეულობა ვერ ეპოვათ და ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი ჩემი დედამთილ-მამამთილის ეს დანაზოგი გახლდათ. ჩემი ნამზითვი ორიოდ ბეჭედიც მქონდა. ამ მეორედ მოსვლიდან ძვირფასეულობისა და ფულის გატანა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ისევ ძია ასტამურმა იმარჯვა, ყველაფერი სათადარიგო საბურავში ჩატენა.

გზა სავსე იყო აფეთქებული და დამწვარი მანქანებითა და საბრძოლო ტექნიკით. ყოველ ორ-სამ კილომეტრში გვაჩერებდნენ და მიუხედავად ბიძია ასტამურის თავგამოდებული მტკიცებისა, ჩემს რძალსა და შვილიშვილს ადლერში თვითმფრინავზე ვაცილებო, მაინც ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდნენ. აღარ მახსოვს, რამდენჯერ გაჩხრიკეს ჩვენი მანქანა. გული მიგრძნობს, ამ საბურავს წაგვართმევენო, თავისთვის ჩაილაპარკა ასტამურმა და სათადარიგო საბურავი მოარგო ბორბალს. შემდეგ გაჩერებაზე მართლაც ამოგვაცალეს საბურავი საბარგულიდან, უამისოდაც იოლად გახვალთო. ღმერთს მადლობა შევწირეთ და ფსოუს სასაზღვრო პუნქტს მივადექით. აფხაზებთან თითქოს გამოვნახეთ საერთო ენა, მაგრამ რუსებმა თავი მოიკლეს და მანქანით არ გაგვატარეს. იმ ღამით ძია ასტამურმა საკაცე იშოვა სადღაც. მანქანაში სავარძლები მოხსნა და საკაცე გამართა. მერე იმ საკაცეზე მე დამაწვინა- "უიმედო ავადმყოფი". ამან გაჭრა და მეორე დღეს რუსების ახალმა ცვლამ გაგვატარა.

არ ვიცი, რამდენ ხანს მიწერია სიცოცხლე, მაგრამ ვიცი, ვერასოდეს დავივიწყებ ძია ასტამურს. ისიც ვიცი, ვერც ნოდარის მკვლელის დავიწყებას შევძლებ- თუმცა ჩვენ მას კიდევ შევხვდებით...

მოსკოვში ჩემს ბიძაშვილს მივადექით მე და თიკა. მართალია, თვითონაც ვიწროდ ცხოვრობდნენ, მაგრამ რაკი ცოცხლები გვნახეს, ისე გაიხარეს, ისე მოგვეფერნენ, რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა ახლობლების სითბო. მართალია, დედისერთა გოგო ვიყავი, მაგრამ ვიდრე ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ვიდრე აფხაზეთში ვცხოვრობდი, ბიძაშვილის ოჯახი ყოველ ზაფხულს ჩვენთან ატარებდა და მაშინ ისეთი ბედნიერები ვიყავით, გვეგონა, ასე გაგრძელდებოდა სიცოცხლის ბოლომდე. რამდენიმე დღის შემდეგ ნათიამ დარეკა. ჩვენ ადრევე გავცვალეთ შესაძლო გადაადგილების კოორდინატები და იოლად მიპოვა. თვითონაც მოსკოვში გადმოსახლებულა. დაჭრილი ქმარი გაგრაში დავტოვე და ბავშვიანად წამოვედი, რადგან გაავებული აფხაზები მეც აღარ მინდობდნენო. იმ დღესვე მივაკითხე, შეცვლილი მეჩვენა, ვკითხე კიდეც- ავად ხომ არა ხარ-მეთქი. გადავიღალე და ალბათ იმის ბრალია, ასე რომ გამოვიყურებიო,- მიპასუხა. ჩემსავით, მასაც ერთადერთი პატარა გოგონა ჰყავდა, ცუგრუმელა, თვალებბრიალა. ჩემი თიკა ხომ სიხარულით აღარ იყო. დღეში რამდენჯერმე მთხოვდა, იასთან წამიყვანეო. რაკი ნათია ჩემს სიახლოვეს დავიგულე, სიცოცხლეს მეტი აზრი მიეცა. ბავშვს აღზრდა სჭირდებოდა. ბინასა და სამსახურზეც უნდა მეფიქრა. ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლებოდა ბიძაშვილთან ცხოვრება? ერთი პირობა, საქართველოში, ჩემს ნათესავებთან დავაპირე გადმოსახლება, მაგრამ გავიგე, ისეთ სიდუხჭირეში ჩაცვენილან, იქით გამხდარან საპატრონო.

მოსკოვის გარეუბანში ბინა ვიქირავე და ნათია და მისი პატარაც ჩემთან წავიყვანე. ცოტა ხანს კიდევ მეყოფოდა თან წამოღებული ფული და ოქროულობა. ჩემი დაქალი კი უკვე კაპიკებს ითვლიდა. ამისდა მიუხედავად, დაიჟინა, გაგრაში უნდა წავიდე მეუღლის სანახავად. გული მიგრძნობს, ამის მეტს ვეღარ ვნახავო და მართალიც აღმოჩნდა... თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ნათია აშკარად ავადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამის გამო, წესით, წინ უნდა აღვდგომოდი მის გადაწყვეტილებას, მე, ნოდარის ქვრივს, დაჭრილი მეუღლის ნახვა როგორ დამეშალა უახლოესი მეგობრისთვის. ბილეთიც ავუღე. ფულიც მივეცი და გავაცილე კიდეც. ბავშვი, პატარა ია, ჩემთან დავიტოვე...

- მდინარე ფსოუზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამალებული ვაჭრობა მიმდინარეობდა. ჯერ რუსებს გადავუხადე ფული, შემდეგ აფხაზებს. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ერთხელ კიდევ (ღმერთო ჩემო, მერამდენედ) მომთხოვეს პასპორტი, სადაც ჩემი ქართული გვარით ვიყავი წარმოდგენილი.

- აფხაზეთში არ შეგიშვებთ, მაგრამ თუ რუსეთში დაგაბრუნეთ, მადლობელი უნდა დაგვრჩეო,- მითხრეს. კი, მაგრამ მე ხომ აფხაზის მეუღლე ვარ, აფხაზი ბავშვის დედა. ჩემი ქმარი თქვენ გვერდით იბრძოდა, დაიჭრა და საავადმყოფოში წევს, მის სანახავად მივდივარ-მეთქი. გეტყობა, როგორი ერთგული მეუღლეც ყოფილხარ. ამდენი ხანია, რუსეთში გულაობ. ქმარი ახლა გაგახსენდა? ალბათ, ფული შემოგელია და ახლა მეუღლის ოჯახი გინდა დააყაჩაღოო,- მიამბობდა მოსკოვში დიდი ტანჯვა-წამების გავლის შემდეგ დაბრუნებული ნათია.

- ხალხო, რა ყაჩაღი მე მნახეთ. გაიგეთ, საყვარელი ადამიანი დაჭრილი საავადმყოფოში მიწევს და ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი-მეთქი. არაფერი შეისმინეს. დილიდან დაღამებამდე მაყურყუტეს, მერე ნესტორის ნაყიდი საყურეები შემხსნეს და როგორც იქნა, გამატარეს. არც აქეთ, რუსების მხარეს იყო დიდი წესრიგი, მაგრამ იქით, აფხაზების ზონაში რომ შევაბიჯე, ვიფიქრე, უზარმაზარ სანაგვეში მოვხვდი-მეთქი. ირგვლივ ყველაფერი ისე ყარდა, ერთი სული მქონდა, სწრაფად გავცლოდი იქაურობას. მძღოლმა ფსოუდან გაგრამდე გადაყვანაში ხუთასი მანეთი მომთხოვა. ვკითხე, ყველა ორას მანეთს იხდის, მე რა მდიდარი მნახე-მეთქი და, ეგ ფასი აფხაზებისა და რუსებისთვისაა დაწესებული. შენ ქართველი ხარ და ამიტომ ხუთასი უნდა გადაიხადოო. არადა, მხოლოდ ოთხასი მანეთი მქონდა. მაგ ფულით სანატორიუმ "გრებეშოკამდე" მიგიყვან და მერე გაგრამდე გზა ფეხით გააგრძელეო. ვიფიქრე, ამას ისე, მეტის გამოძალვის იმედით ამბობს, თორემ გზაში როგორ გადმომსვამს-მეთქი და დავთანხმდი. იმ არაკაცმა კი ღამის თორმეტ საათზე მართლაც დამიპირა მანქანიდან ჩამოსმა... ვიდრე საქორწინო ბეჭედი არ შევაჩეჩე ხელში, არაფერმა გაჭრა. ასე, სულით ხორცამდე გაძარცული მივადექი საავადმყოფოს, სადაც ნესტორი მეგულებოდა. იქ კი საავადმყოფოს დაცვაში ჩემი მეუღლის მეგობრები დამიხვდნენ და უპრობლემოდ გამატარეს. ეგ იყო მხოლოდ, გულდასმით გამჩხრიკეს, ქართველი ქალი ხარ, მაინც ვერ გენდობითო.

პალატაში შესულმა საზარელი სურათი ვიხილე,- სახის გარდა, ნესტორი ერთიანად თაბაშირში იყო ჩასმული. აგუძერაში ტერიტორიას ვნაღმავდით და შეცდომით ჩემსავე დაგებულ ნაღმზე ავფეთქდიო. ექიმებმა მითხრეს, თუ ოდესმე ფეხზე წამოდგა, მხოლოდ ყავარჯნებით თუ შეძლებს გადაადგილებასო. ასე რომ, მე ინვალიდი ქმარი მაინც მეყოლება. შენ მეცოდები ნოდარის გარეშე...

ნათიას იმედს არ ეწერა აღსრულება. მალე მას ექიმებმა მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. მეგონა, ეს იყო ბედისწერისგან ჩემკენ ნასროლი ბოლო ისარი, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

გამოცხადება

ნათიას გარდაცვალებამდე და შემდეგაც, გაგრიდან დროდადრო რეკავდა ხოლმე მისი მეუღლე, რომელიც იმედს არ კარგავდა, რომ ბოლოს და ბოლოს, წამოდგებოდა. ცოლ-შვილსაც ნახავდა და იმ ქართველ ქალბატონსაც გაიცნობდა, რომელმაც ამ მძიმე წლებში მისი ოჯახი შეიფარა. ერთხელ ისიც კი მითხრა, თუ ოდესმე ფეხზე დავდგები, ყველაფერს გავაკეთებ, ქართველებისთვის ჩემგან მიყენებული წყენა თქვენი პატივისცემით რომ გამოვისყიდოო.

ნოდარის გამო ყველა ინვალიდი მებრალებოდა და ამიტომ რამდენადაც შემეძლო, ვანუგეშებდი- ცხოვრება ჯერ წინ გაქვთ, ადრეა-მეთქი გულის გატეხა, მაგრამ ნათიას სიკვდილის შემდეგ ამის თქმა მიჭირდა. ვგრძნობდი, ვგრძნობდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ აშკარად ვცრუობდი...

წლები გავიდა. ვიცოდი, იმ დილით ნესტორი უნდა ჩამოსულიყო შვილის სანახავად. მაგრამ ეტყობა, თვითმფრინავმა დააგვიანა და ბავშვები სკოლაში გავუშვი. მალე კარზე დააკაკუნეს, ნესტორი უნდა ყოფილიყო. კარი გავაღე, ჩემ წინ ყავარჯნებიანი მაღალი კაცი იდგა, რომელსაც მარჯვენა წარბთან აშკარად აჩნდა ნაიარევი...

პ. ს. როგორც ჩვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა გვითხრა, იმ დღესვე სხვა ბინაში გადასულა. მერე კი მოსკოვიც დატოვა და ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს კი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ იას არ ენახა საკუთარი მამა, რომელსაც სისხლით დასვრილი ხელები აქვს. დედობას კი პატარა გოგოს თვითონ გაუწევს.

ავტორი: ვაჟა გავაშელი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი