დაიბადა თბილისში, ვერის უბანში. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, ვისაც, როგორც წესი, საკუთარი მამები სახით არ ახსოვთ, რადგან მათი მამების უმრავლესობამ საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი 1930-ანი წლების რეპრესიებისას, ხოლო მათმა შვილებმა ათეულ წლობით ზიდეს "ხალხის მტრის შვილების" უმძიმესი თიკუნი!
უმამობის სიმწარე ბატონ ნუგზარს მეტ-ნაკლებად მისმა გამზრდელმა პაპა-ბებიამ დაუტკბეს - თებრო ფიროსმანაშვილმა და მოსე ჯორკოშვილმა, უბრალო ქიზიყელმა გლეხებმა აღზარდეს და "გზაზე დააყენეს"!..
ძია მოსე! ასე ეძახდა სიყვარულით დიდ-პატარა მაშინდელი თბილისის კოლორიტად ქცეულ ქიზიყელ მწყემსს, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე იჯდა თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელში და სტუდბილეთებს უმოწმებდა სტუდენტებს - ახლა სტუდენტებს მწყემსავდა ძია მოსე, თუმცა უსტუდბილეთოდაც ცნობდა უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტს, აკი ერთხელ, უნივერსიტეტის ერთ ლექტორს გაოცებულს უკითხავს - ძია მოსე! ამდენ ხალხს როგორ იმახსოვრებო.
- ჯოო! ფარაში, რომელი ბატკანი რომელი ცხვრისა იყო, იმას ვცნობდი და სტუდენტების ცნობას, რა უნდაო. - ქიზიყურად გაუცია პასუხი...
ჰოდა, სად, თუ არა დედაუნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას ყმაწვილი ნუგზარ მხეიძე - იქვე, უნივერსიტეტის გადაღმა ვარაზისხევში მცხოვრები და თანაც ძია მოსეს შვილიშვილი.
მაშინ, "იმ ბნელ დროს", დღევანდელივით მხოლოდ პრაგმატული, ბიზნეს-ეკონომიკური ფაკულტეტები კი არ იყო მოდაში, არამედ უფრო რომანტიკულ-ვაჟკაცური მისწრაფებები დომინირებდა ყმაწვილკაცობაში და ნუგზარ მხეიძემაც გეოლოგიურზე გააკეთა არჩევანი - როგორც წესი, გეოლოგიურის სტუდენტები კეთილაღნაგობითაც გამოირჩეოდნენ და სპეციალური ფორმა, რომლითაც ისინი დადიოდნენ, მხოლოდ ხაზს უსვამდა მათ მამაკაცურობას, რაც დიდი მოწონებით სარგებლობდა მაშინდელ კდემამოსილ ქალიშვილებში, რომელთა საყვარელი უმაღლესი სასწავლებელი ასევე უნივერსიტეტი იყო!..
გურამ თიკანაძე, თემო (კუხო) კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი - გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც დიადი მთების გოროზ სილამაზეს შესწირეს ლამაზი სიცოცხლე. აღარაფერს ვიტყვი ფილოლოგიურის სტუდენტ, გურამ რჩეულიშვილზე, რომლის გატაცებაც მთები იყო, მაგრამ სიცოცხლე საკუთარი თავივით მღელვარე შავი ზღვის ტალღებში დაასრულა!
ასევე გეოლოგიურის სტუდენტები იყვნენ ნორა ინწკირველი, ენდი ვარსიმაშვილი, ლამარა ბაძაღუა, რომლებიც ისეთი ლამაზები ყოფილან, რომ "ფორას მისცემდნენ" დღევანდელი სილამაზის კონკურსის დედოფლებს... არაფერს ვიტყვი სხვა ფაკულტეტების ფერიებზე, რადგან მათი ჩამოთვლა, აუუუ, ძალიან შორს წაგვიყვანს...
მოკლედ, ნუგზარ მხეიძე არჩევანში არ შემცდარა. მით უმეტეს, რომ ისეთი კაცის, ძია მოსეს პროტეჟე იყო, ვისაც უნივერსიტეტის რექტორმა, დიდმა ნიკო კეცხოველმა (ერთმანეთთან ჯანსაღად ფამილარული, ალალი ურთიერთობა ჰქონდათ) მესამე სართულიდან ჩამოსძახა თურმე "პოსტზე მდგარს" - მოსე, მოსე! შენს შვილიშვილს ნიშნები მეტი მოუვიდაო... ასეა, მამავ და შვილო, რომ არა ნაცების გენია, ხედავთ, უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ როდის იხრჩობოდა ნეპოტიზმისა და კორუფციის ჭაობში!..
ერთი სიტყვით, ბატონმა ნუგზარმა სტუდენტობისასაც, როგორც მოყვარულმა მთამსვლელმა, ზემოთ ჩამოთვლილ მთის არწივებთან ერთადაც იარა ალპინიადებში და მას მერეც, როგორც გეოლოგმა, მოიარა საქართველოს მთა-ბარი და 50-ანი წლების მიწურულს ჩაება იმ დროისათვის "კერასინკებიანი" თბილისის გაზიფიკაციის საქმეში.
1959 წელს, მოწინავე გამოცდილების მისაღებად, თბილისიდან კიევს მიავლინეს მომავალ ინჟინერ-ტექნიკოსთა დიდი ჯგუფი ოთარ ჩინჩალაძის მეთაურობით, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად ახალგაზრდა ინჟინერი ნუგზარ მხეიძეც იყო.
იმ "სხვებთან ერთადში" ჩამოვთვლი ვინც გამახსენდება. ანუ, იმათ, ვის სახელებსაც უკავშირდება თბილისისა და შემდეგ მთელი საქართველოს გაზიფიცირების საშვილიშვილო საქმე. მიუხედავად იმისა, ვინ იყო და ვინ არა, იმ ქართული დესანტის შემადგენლობაში უკრაინაში: გიორგი ბარძიმოვი, ჯერ თბილგაზის და შემდეგ "გლავგაზის" უცვლელი ხელმძღვანელი, ოთარ ჩინჩალაძე - ბარძიმოვის შემდეგ თბილგაზის უცვლელი მმართველი, ვახტანგ კვანტრიშვილი, კარლო ნიკოლაიშვილი, ვანო ზაზაშვილი, ვანო ჯაფარიძე, ჯუმბერ დუმბაძე, ბიძინა გიორგაძე, ჯემალ ქლიბაძე, ნოდარ ბარნაბიშვილი, მიშა მაისურაძე, ოთარ ჩაჩანიძე, ანზორ ზუბაშვილი, თენგიზ (კიკლია) ლილუაშვილი, საშა ჯიქია, ოთარ გოგეშვილი, ჟორა კოპალეიშვილი, ლეო მჟავია და ა.შ. სხვა მართლაც მრავალნი (ვინც ვერ დავასახელე, მათ მიმართ ბოდიშს ვიხდი. განსაკუთრებით გარდაცვლილების სულებს ვთხოვ შენდობას - ვინც დავასახელე, მათი უმრავლესობა ხომ აღარ არის და ვინც გამომრჩა მათი უმრავლესობაც გარდაცვლილი იქნება), რომელთაგან თანამდებობრივად, ზოგი უფროსი იყო, ზოგი უმცროსი, მაგრამ ყველანი თბილისის გაზიფიკაციის პიონერები იყვნენ და მათი დამსახურებაა, რომ საქართველოში, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველთაგან რესპუბლიკაში, მაშინ ცისფერი ალი აინთო!
ეს ამბავი კი 1959 წლის 29 დეკემბერს მოხდა და სიმბოლური ჩირაღდნის ანთების პატივი, მაშინ ლენინის რაიონის კანტორის მთავარ ინჟინერს ნუგზარ მხეიძეს ხვდა წილად. სიმბოლიკის გარეშე კი, მოსკოვის პროსპექტის (პირველ რიგში ყველაფერი ვაკე-ვერასთვის კეთდებოდაო, რომ იჭაჭება სააკაშვილი...- დ.მ.), ანუ, თბილისის გარეუბნის სამი კორპუსის მოსახლეობა შეხვდა ახალ წელს "კერასინკების" გარეშე!..
მას შემდეგ, აგერ ნახევარ საუკუნეზე (!!!) მეტია, ნუგზარ მხეიძე სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. დიახ, ემსახურებოდა, მაგრამ, ამაზე ქვემოთ...
ნიჭიერი ინჟინერი ერთი ისეთი დანადგარის გამოგონების ავტორიც არის, რომელიც დღესაც გამოიყენება ყოფილ საბჭოეთში და არა მარტო...
"ხოლოდნაჭ ვრეზკა" - ქართულად და ვრცლად კი მისი გამოგონება საშუალებას იძლევა მაგისტრალურ, ანუ, მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენზე ამა თუ იმ ობიექტის მიერთებისა, მთელი რაიონის გამოურთველად, რაც დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ჰოდა, 1967 წელს,ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავზე, მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (ე.წ. ვდნხ) საქართველო ძირითადად მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიღწევებით ყოფილა წარმოდგენილი და მაშინდელმა, თბილისის აღმასკომის თავმჯდომარემ (დღევანდელი სტატუსით, თბილისის მერი) შოთა ბუხრაშვილმა სთხოვა ბატონ ნუგზარს, რომ მოსკოვის გამოფენაზე მისი გამოგონებული აგრეგატი გაეტანათ, რაზედაც უარი მიიღო, რადგან გამოგონების დემონსტრირება მანამდე, სანამ საპატენტო ბიურო დაამტკიცებს ავტორის უფლებებს, არ შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში ავტორობის უფლება იკარგება!
არა უშავს, ჩვენ დაგეხმარებითო, შოთა ბუხრაშვილმა და...
დაპატენტების შემთხვევაში ყოველწლიური მატერიალური სტაბილური შემოსავლის მაგივრად (იმ გამოფენაზევე საზღვარგარეთის 7 ქვეყანამ შეიძინა აგრეგატი), ბატონი ნუგზარი პრესა-ტელევიზიაში აღიარება-ქებაზე გადაატარეს - დაპირება კი დაპირებად დარჩა და გამოგონება უბრალო "რაცპრედლოჟენიად" ჩაეთვალა!
მოგვიანებით ისევ რუსებმა დაუფასეს გარჯა - შეიტყვეს რა, ზემოთ ხსენებული "კიდოკის" შესახებ, 1969 წელს, რუსეთის "გლავგაზმა" ერთჯერადი პრემიის სახით 5000 მანეთით დააჯილდოვა გამომგონებელი!..
ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა...
"დავიდოვიჩ" - ასე მიმართავდნენ უფროს-უმცროსნი ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა და ასე იხსენებენ დღესაც, აწ უკვე "ყაზტრანსგაზში" აქა-იქ შემორჩენილი თბილგაზის ძველი თანამშრომლები. რაც იმითი დაიმსახურა იუბილარმა, რომ დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა; ყოველთვის და ყველა დონეზე შეუპოვრად იცავდა თავისადმი დაქვემდებარებული კოლექტივის ინტერესებს; განსაკუთრებით აფასებდა უბრალო მუშების, "სვარშიკების" თუ "ექსკავატორშიკების" შრომას - მათთან ლხინში არც პურ-ღვინის გაზიარებას თაკილობდა და არც ღამეული ავარიების დროს, გათხრილი ორმოს პირას მათთან ერთად პურ-ძეხვის მირთმევას; ჭირში ხომ ყველგან პირველი იყო - რიგითი თანამშრომლისთვის მისასამძიმრებლად მანძილს, დროსა და ამინდს არ დაგიდევდათ!
ყაზახები ვახსენე და მათაც დაუფასეს პროფესიონალიზმი და გამოცდილება. უკვე სამოცდაათს გადაცილებული კაცის მეტრიკაში ქექვა არ დაუწყიათ და თბილისის საავარიო სამსახურის უფროსობიდან, მთელი ტრესტის მთავარ ინჟინრად დააწინაურეს!
ზემოთ ვთქვი, ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა-მეთქი საყვარელ საქმეს და, რა თქმა უნდა, მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე, მაგრამ...
2008 წელს, აგვისტოს ომში კრახის შემდეგ, იგრძნეს რა ნაცებმა მათი მმართველობის კრახის მოახლოება, გადაწყვიტეს ყველა პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტის ტოტალური გაკონტროლება. თბილგაზის შემთხვევაში ყაზახები დაითხოვეს და ტრესტის მმართველად ანი თაქთაქიშვილი, აი იმ ჩიორას ბიძაშვილი დანიშნეს, რომლის ცხვირსაც ლამის მთელი საქართველო გადააყოლეს!
ჰოდა, ამ დედაკაცმაც ნაცების ჩვეულ სტილში, ძველი კადრების დევნა-შევიწროვებით დაიწყო! ბევრი იძულებული გახადა წასულიყო, ხოლო ახლებს ერთთვიანი კაბალური კონტრაქტები გაუფორმა, რომელთაც ყოველი თვის ბოლოს, ან გაუგრძელებდა, ან არა! სისტემა საკუთარი დაქალებით გაავსო, ანუ, ერთ "კოფე-ფართად" აქცია, რომლის მთავარი დანიშნულება გაჭირვებული მოსახლეობიდან ნებისმიერი საშუალებით გადასახადების ამოღება იყო!
ამას ყაზახებიც არ კადრულობდნენ - არა, გადასახადებზე ისინიც ზრუნავდნენ, მაგრამ ასე, არანაირი შეღავათის გარეშე. "ძველი გვარდია" ალბათ ამიტომაც არ აწყობდა ქალბატონს, რადგანაც ისინი, სადაც ეს შეიძლებოდა, თვალს ხუჭავდნენ მცირე დარღვევებზე და უმეტესად ანგარების გარეშე. ახალმა "მენეჯერმა" კი, გეგმები დაუდგინა ე.წ. "წამკითხველებს", რამდენი ჯარიმა უნდა მიეტანათ ყოველდღე!
თავიდან ბატონ ნუგზარს არ შეხებია რეპრესიების სუსხი. უფრო სწორედ ნაწილობრივ შეეხო, რადგან მოსვლისთანავე ჩიორა || მთავარი ინჟინრობიდან მრჩევლად გადაიყვანა, ხელფასიც შეუნარჩუნა, კაბინეტიც და მანქანაც! ჰოდა, მავანი იტყვის ალბათ, მეტი რა უნდოდა 80 წლის ბებერსო.
ეს ბებერი, პროფესიონალიზმში ხომ უდავოდ და ისედაც ბევრ ახალგაზრდას "ფორას მისცემდა", ენერგიაში, შემართებაში, გნებავთ ჩაცმა-დახურვის სტილში, გინდაც ავტომობილის მართვაში (პირადი მძღოლი არასოდეს ჰყოლია) და თუ მართლაც დაეტყო ამ ბოლო დროს ასაკი, ეს პირველ რიგში იმ "საპატიო მრჩევლობის" გამოა, რომელიც ბევრისთვის იქნებ სასურველი მისაღები იქნებოდა, მაგრამ არა ნუგზარ მხეიძისთვის, რომელიც "მუქთა მაყუთს" არასოდეს გამოკიდებია.
ბოლოს კი, "საპატიო მრჩეველმა", როდესაც ერთ თათბირზე მართლა რჩევის მიცემა გაბედა, დედაკაცმა, სხვა, მასავით ლაწირაკი თანამშრომლების თანდასწრებით - დაჯექით, ბატონო ნუგზარ, თქვენი დრო წავიდაო!
ჰოდა, თუ დააბერა და მოტეხა რამემ, უწინარესად, ამ გაუგონარმა შეურაცხყოფამ და არა იმან, რომ ამ ცოტა ხნის წინათ საერთოდაც დაითხოვეს თავისივე აშენებული თბილგაზიდან. თანაც ისე, რომ იუბილე კი არა, მადლობის თქმაც არავის გახსენებია...
ჩიორას კლონს გული კი არა, ოდნავი ჭკუა მაინც რომ ჰქონოდა, არა თუ ჯერ კიდევ ენერგიულ ნუგზარ მხეიძეს, არამედ, თუნდაც მიხრწნილ ბერიკაცს იუბილემდე "გააქაჩინებდა", პატარა გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობდა და ასე გააცილებდა დამსახურებულ პენსიაზე. არც ის იქნებოდა ურიგო, რომ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი თბილგაზის გარდაცვლილი ვეტერანების სურათებიც ეკიდოს ტრესტში, მაგრამ ნაცები ხომ უწარსულო მანქურთები არიან და ამიტომაც აშენებდნენ ქვეყანას ისტორიის გარეშე!
დავით მხეიძე
p.s. ბოლოს, ჩემი ვინაობა მინდა გაგიმხილოთ - ნუგზარ მხეიძის უფროსი ვაჟი გახლავართ და, ამის გათვალისწინებით, ალბათ, მე არ უნდა ვწერდე ამ წერილს, მაგრამ, რა ვქნა, სხვამ არავინ შეიბერტყა ყური!
საკუთარ მამაზე ძნელია საუბარი და იქნებ გარკვეულწილად სუბიექტურიც ვიყავი, მაგრამ ეს ისეთი სუბიექტორობაა, რომელსაც ობიექტური მიზებები განაპირობებს - მკითხველმა განმსაჯოს...
მანამდე კი დიდი მადლობა ნუგზარ მხეიძეს გაწეული მამობისთვის. მან ჩამინერგა ქართველობის, მხეიძეობის, კაცობის განცდა, გამაგებინა ძმაკაცობის ფასი, მოკლედ მისი "ბრალია", რაცა ვარ. ბევრჯერ გვიკამათია, უბრადაც ვყოფილვართ და როდესაც სამოცს მივუკაკუნე, ახლაღა მივხვდი, რომ მშობელთან შეიძლება რაღაცაში სწორი იყო, მაგრამ მართალი. არასოდეს!
მამა! გილოცავ იუბილეს - 80 წლისთავს! დიდხანს იცოცხლე და მრავალჟამიერ შენს ნაგრამს!..
დ. მ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010