მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
ქართული სიმღერა სიღნაღის პეიზაჟს ჰგავს: ამერიკელი კახელისთვის "ჯიგარი" ის სიტყვაა, ყოველივე ქართული და კარგი რომაა მოქცეული...

შემოდგომაზე, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე საინტერესო რამ მოვისმინე- თურმე უკვე რვა წელია, რაც სიღნაღში ამერიკელი მხატვარი ცხოვრობს, ვინმე ჯონი, რომელიც შესანიშნავად მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, საკუთარი ანსამბლი "ზედაშეც" ჰყავს, კაი ქართული თამადობაც იცის და თონეშიც გვარიან კახურ ლავაშებს აკრავს, თანაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჰოლივუდელ ვარსკვლავს ბრედ პიტს. ჰოდა, მტკიცედ გადავწყვიტე, ეს კაცი უნდა ვნახო-მეთქი. ვისაც კი გავუმხილე ჩემი სურვილი, ყველას ეღიმებოდა და შეთანხმებულივით ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ- ჯონი არ ვიცით რა კაცია, მაგრამ რადგან პირველად მიდიხარ სიღნაღში, მართლაც დიდი სიამოვნება გელის, ზღაპარ-ქალაქს იხილავო. არც შემცდარან, სიღნაღმა, ბოდბემ, წმინდა ნინოს საფლავმა (შეგეწიოთ მისი მადლი), მართლაც რომ ფრთები შემასხა და კიდევ უფრო გამიძლიერა ჩემი მომავალი რესპონდენტის ნახვის სურვილი. ჯონს მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია, ამ ჯადოსნურ ადგილას რომ დასახლებულა. აბა, მე ვარ ქართველი? ამ ხნისა მოვიყარე (ისე ძალიან დიდიც ნუ გეგონებით) და ქიზიყი პირველად ვნახე. ალაზნის ველზე გაბნეულ სოფლებს არწივის ბუდესავით გადაჰყურებს სიღნაღი. ერთხელ გვიან ღამით, ჩამოსულან უცხოელი სტუმრები, აბა, ღამით რას დაინახავდნენ, სამაგიეროდ, უთენია წამომხტარან და ნისლში გახვეული და მასში კუნძულივით ამომარული ქალაქი რომ დაუნახავთ, გაოცებულებს უკითხავთ, ეს რა, ზღვააო? დიახო, ეშმაკური ღიმილით დაუდასტურებიათ გულღია და ხუმარა სიღნაღელებს. სტუმრებს საცურაო კოსტიუმებისთვის დაუვლიათ ხელი და "ზღვისკენ" გაქცეულან, ამასობაში მზე გვარიანად ამოწვერილა და "ზღვაც" გამქრალა. ქიზიყი უბატონო მხარე იყო, სიღნაღთან უამრავ მომხდურს მოუტეხია კისერიო,- ამაყად მეუბნებოდნენ ყიზიყელები და მეც, მით უფრო ვჩქარობდი ჯონის ნახვას. აქაურები საქართველოდან გარბიან, ის კაცი კიდევ ამერიკიდან აქ ჩამოსულა და უშუქო და უწყლო, მაგრამ მზიან და კოხტა სიღნაღში დასახლებულა-მეთქი, ვფიქრობდი, მასთან მიმავალი. თურმე ამაოდ- ჩემს ნანატრ რესპონდენტს ანსამბლი "ზედაშე" გასტროლებზე წაუყვანია უცხოეთში...

ერთი სიტყვით, მოგვიანებით, მომიწია მასთან და მის პატარა ქართულ ოჯახთან შეხვედრა. დიახ, ქართულთან. შინ პატარა ლაზარე ეზრდებათ, რომელიც მამასთან ერთად სიამოვნებით აჭაშნიკებს კახურ ღვინოს. ოჯახს კი ქართველი დიასახლისი ჰყავს- ქეთინო, რომელიც "ზედაშეს" ერთ-ერთი სოლისტია.

ჯონს ახალ სახლში ვეწვიეთ- ახალი ნაყიდი აქვს, თორემ სახლი ლამის საუკუნეზე მეტისაც იქნება. მასპინძელმა მარანი დაგვათვალიერებინა და გაგვანდო:- აქ ხის კასრებით სხვადასხვა ქართული ღვინო უნდა შევინახო, სტუმრის გამასპინძლება რომ შევძლოო. ერთი განახათ, ჯონი რა რიხიანად და ლაზათიანად ამბობს ქართულ სადღეგრძელოებს, მისი ქართველი მეგობრები ხუმრობენ:- ჯონს კარგა ხანია დაავიწყდა, რომ ამერიკელია. რომ წამოდგება ჭიქით ხელში და იტყვის, აბა, ახლა ჩვენი ქართველი მამა-პაპის დღეგრძელობისა იყოსო, დაიბნევი. ჯონისთვის "ჯიგარი" ის სიტყვაა, რომელშიც ყოველივე ქართული და კარგია მოქცეული. ამიტომ, როცა რაიმეთი კმაყოფილია, "ჯიგარიაო" ამბობს. ჩვენი საუბარი ქართულ ენაზე წარიმართა და თანაც ისეთი გამართული ქართულით, ცოტა არ იყოს, დავიბენი:

- ჯონ, როგორ გაიგე ქართველებისა და საქართველოს შესახებ?

- ეს ჩემს სიყმაწვილეში მოხდა. ქართველი გოგო, შემდგომში ჩემი პირველი ცოლი ნინო ღომიჩავა გავიცანი. მისგან გავიგე საქართველოს შესახებ. ერთხელაც მუსიკალურ მაღაზიაში შესულმა აღმოვაჩინე ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები- ანსამბლების: "მზეთა-მზის", "მთიების" და "სოინარის" შესრულებით. ვიყიდე, მოვუსმინე, ძალიან მომეწონა. ბუკლეტში მცირე რამ საქართველოს შესახებაც წავიკითხე და ბიბლიოთეკაში წავედი საქართველოს ისტორიის გასაცნობად. სახელმძღვანელოსავით მედო ეს წიგნები და ამ ქვეყნის შესახებ ყველაფერს ვსწავლობდი. თუმცა, დღემდე არ ვიცი რატომ. მერე მე და ნინო დავქორწინდით. მასთან ერთად საქართველოშიც ჩამოვედი და მოვიარე სხვადასხვა მხარე. დღემდე არ გამნელებია შიომღვიმის მონასტრისა და სხვა მრავალი საოცარი ადგილის ხილვისგან მიღებული შთაბეჭდილება.

- ყველაზე მეტად მაინც რამ მოგხიბლათ?

- რა გითხრათ, აქ ყველაფერი ნამდვილია, ნაღდია, გრძნობ რა არის კარგი და რა ცუდი, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ამერიკაში ასე არ არის, ზოგი კარგს აკეთებს ვითომ, სინამდვილეში ცუდია... თქვენი კულტურა ყველას ხიბლავს. ლამაზი ადგილები სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ აქაური სულ სხვაა. ჩემი და იყო ჩამოსული საქართველოში, ახლა საბერძნეთში სწავლობს უნივერსიტეტში. ვერ ეგუება იქაურობას, აქეთ მოუწევს გული.

- ჯონ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ალბათ, უფრო კარგად გაიცანით ქართული ხალხური სიმღერები, ანსამბლები?

- 8 წლის წინ, პირველი ღამე საქართველოში საოცრება იყო. რესტორანში გახურებული ქეიფის დროს მედუდუკეები მოვიდნენ. "სოინარი" აღმოჩნდა. თარჯიმნის დახმარებით ვისაუბრეთ- მე თქვენ გიცნობთ, იქ, ამერიკაში გისმენდით-მეთქი. ძალიან გაიხარეს.

- სიღნაღში როგორ მოხვდით?

- მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. სადიპლომო ნამუშევარი ხალხურ ტრადიციებზე უნდა გამეკეთებინა- ხალხურ ტრადიციებზე უნდა დამეხატა სურათი. საქართველოში ჩამოვედი და სამუშაოსთვის შესაფერისი სიტუაციის ძებნა დავიწყე. ასე აღმოვაჩინე სიღნაღი. მომეწონა, სახლიც ვიყიდე. მას შემდეგ ხშირად ჩამოვდიოდით. მერე მე და ნინო ერთმანეთს დავშორდით. იგი მუსიკოსი იყო და სულ გასტროლებზე გახლდათ, მე კი სოფლური იდილია მიტაცებდა და ხატვა მსურდა. ასე დავსახლდი სიღნაღში, სადაც მომავალ მეუღლესაც შევხვდი.

- უკვე არსებობდა ანსამბლი "ზედაშე"?

- ქეთინო, მისი ძმა და ორი მეგობარი ეკლესიაში გალობდნენ, როცა მათ დავუმეგობრდი. ჩემს მეგობართან ერთად სიმღერები "სიდზე" ჩავწერე, სახელად დავარქვით "იქ, სადაც მთები სამოთხეს უერთდებიან". უკვე მეორე ალბომიც გვაქვს. მისი ჩაწერის დროს ქეთინო ფეხმძიმედ იყო- ვიცოდით, ბიჭი რომ გაჩნდებოდა, სახელი- ლაზარეც- შერჩეული გვქონდა. ალბომსაც "ლაზარეს აღდგინება" დავარქვით, ნიშნად იმისა, რომ ლაზარე საქართველოს სიმბოლოა, რომ საქართველო აღდგება.

ქართული სიმღერა ძალიან ჰგავს სიღნაღურ პეიზაჟს- ჰანგი ხან ღრუბელს ქვევითაა, ხანაც- ზევით. რომ ვნახეთ, როგორ მოეწონათ ქართული პოლიფონია უცხოეთში, დავიწყეთ ქართულ სოფლებში სიარული, ვეძებდით იმ მოხუცებს, რომლებმაც ქართული ხალხური სიმღერები იცოდნენ. ვიწერდით სხვადასხვა ვარიანტს. ასე აღმოვაჩინეთ სვანეთში ფირცხელანების ოჯახი, სადაც 8 დედმამიშვილიდან ყველა მღერის, უკრავს და ცეკვავს. სამი მათგანი ახლა "ზედაშეში" მღერის, ამიტომაც ჩვენი ანსამბლის რეპერტუარში, უმეტესად, კახური და სვანური სიმღერებია.

- ახლახან გასტროლებზე ყოფილხართ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- ორი კვირა დავყავით ინგლისში, თითქმის ექვსი კი- ამერიკაში. კონცერტების წინ ჩემი მეგობრისა და საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული პერუელის, რაფაელ გალუეზის გადაღებული ფილმი გადიოდა საქართველოზე. მალე ისევ ჩამოვა და ფეხით შემოივლის ყველა კუთხეს ახალი ფილმის გადასაღებად. საოცარ შეხვედრებს გვიწყობდნენ აშშ-ში. იქ უკვე ბევრი ამერიკელი მღერის ქართულად. ყველა სულგანაბული გვისმენდა, გაოცებას და მოწონებას ვერ ფარავდნენ.

- ჯონ, თურმე აქ მონათლულხართ მართლმადიდებლად...

- მოსკოვში ჩემთან ერთად ბერები სწავლობდნენ, თავიდან მიჭირდა მათი საუბრის მოსმენა, გაგება. მე კათოლიკე კი ვიყავი, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების არაფერი გამეგებოდა. იქ, ამერიკაში, სამხატვრო სასწავლებელში "გიჟები" სწავლობდნენ- ბოჰემურად ცხოვრობდნენ. მოსკოვში კი სრული კონტრასტი დამხვდა, რამაც, ცხადია, იმოქმედა ჩემზე და მართლმადიდებლობით დავინტერესდი. უკვე საქართველოში ყოფნის დროს, ჩემმა მეგობარმა, თელავის თეატრის მსახიობმა ვანო იანტბელიძემ მითხრა- ჩემი შვილი უნდა მონათლოო. თავად მოსანათლი ამას ვერ შევძლებდი, ამიტომ წავედით ეკლესიაში და მოვინათლეთ. თუმცა, მამა მიქაელმა თავიდან უარი მითხრა, არ შეიძლება ასე, ჯერ კათოლიკე იყო და მერე უცებ მართლმადიდებელი გახდეო, ვუთხარი,- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, ჩანს, უფალს ასე სურს და მომნათლე-მეთქი. იმის მერე მართლმადიდებელი ვარ და ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო.

- გავიგე, კარგი თამადაც ყოფილხართ.

- ვიყავი (იცინის). ახლა კურთხევა მაქვს მიღებული- არ უნდა დავლიო. ამიტომ ჩემი თამადობაც არ შეიძლება.

თუმცა აქ, თქვენს მასპინძლად თამამად შემიძლია ღმერთი ვადიდო, ეს ქვეყანა და ეს ქალაქი ვადღეგრძელო და თქვენ დაგლოცოთ ამ კახური ღვინით (ჯონი ვეგეტარიანელია, მასთან ერთად მეც სიამოვნებით მოვულხინე სახელდახელოდ მოტანილ ჭყინტ ყველს, წიწაკის მწნილს და კახურ ღვინოს. ახლა ჩვენ ქართველები ვართ, მაგრამ ქეთინო შოკოლადს და ყავას რომ მოგვიტანს, ფრანგები გავხდებით,- გულიანად იცინოდა მასპინძელი).

- ჯონ, დავიჯერო ყველაფერი მოგწონთ საქართველოში?

- ცხადია, არა... მართალია, საქართველოში მძიმე სიტუაციაა და სამსახურის შოვნა ჭირს, მაგრამ არც ამდენი უსაქმურის ყოლა გვარგებს. დედა, მამა, ფული მომეცით!- ეს აკერიათ ახალგაზრდებს პირზე. მშობლებიც უსაქმური შვილების სარჩენად დღე და ღამეს ასწორებენ. მე არაფერი მაკლდა- ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვი ვიყავი, მაგრამ, როცა მეც გამიჩნდა რაღაცის ქონის სურვილი, მამამ ტრაქტორი დამიქირავა, ზაფხულის არდადეგებზე ვმუშაობდი და ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა. პირველად, ჩემი შრომის საზღაური 12 წლისამ მივიღე. აქ კი ზოგიერთი საკუთარ ეზოსაც არ უვლის, ყვავილსაც არ რგავს, რომ თვალი გაახაროს მაინც. ამას წინათ, ერთი ჯან-ღონით სავსე კაცი მოვიდა და მთხოვა- შენ ფული გაქვს, მე- არა. ოჯახი მშიერი მყავს, დამეხმარეო. კარგი, გაჩუქებ ფულს, მაგრამ რომ გაგითავდება, მერე რას აპირებ-მეთქი? შევთავაზე,- რახან ქალაქი ნაგავს მიაქვს, ინდივიდუალური დასუფთავების სამსახური შექმენი, მანქანის მძღოლი დაიქირავე და ყველა ფულს გადაგიხდის-მეთქი. მე ქართველი ვარ, მენაგვედ ვერ ვიმუშავებო,- მიპასუხა. ეს გაუგებარი ამპარტავნებაა, რასაც ცუდი შედეგი მოსდევს. ალაზნის ველი ლამის თათრების ხელში ჩავარდეს. ბიზნესმენებმა საწარმოები რომ გახსნეს და მუშახელი მოითხოვეს, ქართველები ახლოს არ გაეკარნენ. სამაგიეროდ, თათრები საიდან არ მოვიდნენ, ქართველებს თვალი სულ აქედან წასვლაზე უჭირავთ. მიკვირს, ეს უძველესი მიწათმოქმედი ხალხი რად იყრება თავისი მიწიდან და სხვას რად უტოვებს თავის საკუთრებას? არა სჯობს, საქმეს მიხედონ, თავიც გადაირჩინონ და ქვეყანაც.

- ამბობენ, ჯონის ჩამოსვლის შემდეგ სიღნაღს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები და ზოგი ბინებსაც კი ყიდულობსო...

- ვინც სილამაზის ფასი იცის, სიღნაღიდან გულგრილი ვერ წავა. მართლაც, იყიდეს სახლები უცხოელებმა. საწყენია, რომ ეს ულამაზესი მხარე თანდათან ცარიელდება ახალგაზრდებისგან და ლამის ბებრების ქალაქად იქცეს. არადა, შეიძლება აქ ტურისტული ბიზნესის აღორძინება. მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოს და აქ ჩამოსვლის მოსურნე უამრავ უცხოელს გულს არ უხეთქავდეს ინტერნეტში გაკეთებული განცხადება: "საქართველოში წასვლის შემთხვევაში არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას. ქვეყანაში რთული კრიმინოგენული სიტუაციაა. იტაცებენ მძევლებს და ა.შ...."

- თქვენ, უცხოელი, როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდით, რაიმე საფრთხის წინაშე ხომ არ მდგარხართ?

- მე და ქეთინო ჯვრისწერის შემდეგ თუშეთში წავედით თაფლობის თვის გასატარებლად. შენაქოში 6 კვირით ვაპირებდით დარჩენას. მოვიდა დიდი წვიმა. გზები ჩაიკეტა. კარტოფილსა და რძის პროდუქტებზე გაძლება გაგვიჭირდა. ქეთინო ორსულად იყო. იძულებული გავხდით, ზურგზე ბარგმოკიდებულები წამოვსულიყავით ფეხით. 12 საათი მოვდიოდით. სამწუხაროდ, ქეთინოს მაშინ მუცელი მოეშალა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ომალო რუსეთმა დაბომბა. ჩვენ მაშინ იქ ვიყავით.

- სვანეთი რით დაგამახსოვრდათ?

- მანქანის საბურავები დაგვიჭრეს. არ ვიცი, რატომ. შეიძლება გაძარცვას გვიპირებდნენ. თან ძვირფასი გადამღები აპარატურა გვქონდა. ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მახსენდება ულამაზესი კუთხე- უშგული, კოშკები, მუზეუმები, ეკლესიები, ფრესკები. კანონიკურად- ბიზანტიური სკოლის შესაბამისად შესრულებული ხელწერაა, მაგრამ ცივილიზაციიდან შორს მყოფი მხატვრის თავისთავადობა ჩანს. მამაცი, ლამაზი ხალხია სვანები, მაგრამ ცოტა შარიანები არიან.

- თავად ხომ არ ქმნით ხატებს?

- ჩემთვის წარმოუდგენელია ხატი შექმნას ამქვეყნიური ყოფით მცხოვრებმა მხატვარმა... რადგან საეკლესიო თემაზე ვსაუბრობთ, გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ღვთისმსახურთა ნაკლებობაა, სიღნაღშიც კი... ნუთუ არ შეიძლება ამის მოგვარება?

- ჯონ, თქვენზე ამბობენ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ან ხატავს, ან რაღაცას აშენებს, ან კიდევ საქართველოს ეცნობაო. უახლოეს მომავალში რას აპირებთ?

- ჩემი მეგობარი რაფაელი ჩამოვა მარტში და ფილმის გადაღებას დავიწყებთ. ხულოს რაიონში ჩობანზე, დოლზე დამკვრელები უნდა გადავიღოთ. სურათებსაც დავხატავ და კიდევ უფრო ახლოს გავიცნობ ამ ქვეყანას.

P.S. ჯონ ვერდერმანი 26 წლისაა, ნიუ-მექსიკოში დაიბადა, ვირჯინიაში გაიზარდა, მაგრამ მასთან საუბრისას ისეთი განცდა დამეუფლა, რომ სადღაც აქ, ჩვენ გვერდით იყო მუდამ. ერთი შვილის მამას ძალიან უნდა 15 შვილი ჰყავდეს. ამ იდეის მოწინააღმდეგე ცოლს ღიმილით ემუქრება- აბა, ვნახოთ, ვისი აჯობებსო.

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი