მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები

განვლილი 2002- "ცხენის წელი" ქართველი მხედრებისთვის, ერთი შეხედვით დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან- კვლავ დეზერტირობა, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ცემა-ტყეპა ყაზარმებში, კორუფცია გენერალიტეტში, მუდმივი დაუფინანსებლობა, სკანდალები სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის, ქართული სოფლების დაბომბვები "უცხოპლანეტელთა" მიერ და უსუსური ხელისუფლების მხოლოდ სიტყვიერი ქადილი, ჩეჩნები პანკისში და ა.შ.

მაგრამ, საბედნიეროდ, 2002 წელს მაინც გამოანათა იმედის სხივმა, რომ საქათველოსაც ადრე თუ გვიან, ეყოლება რეალურად ბრძოლისუნარიანი არმია. მერე რა, რომ ეს სხივი შორეული ამერიკიდან მოდის, მთავარია, რომ ვიღაცას ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებაზე უფრო მეტად შესტკივა გული ქართული არმიისათვის.

ვეცდებით, გავაანალიზოთ ის მოვლენები, რომლებმაც 2002 წელს მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

"წვრთნა და აღჭურვა" ამერიკულად

ამ ამერიკულ-ქართული პროგრამის დაწყება გაზაფხულზე დიდ აჟიოტაჟთან იყო დაკავშირებული- ამერიკელებმა საქართველოში თავისი დესანტი გადასხეს და მათთან ერთად პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას აპირებენო,- ბობოქრობდა მოსკოვი.

მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა სულაც არ ითვალისწინებდა ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების აქტიურ ჩარევას პანკისში მიმდინარე მოვლენებში, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო, ქართველი კოლეგის ხელშეწყობით, რამდენჯერმე ყოფილიყო ამ ხეობაშიც, პირველ რიგში "ალ-ქაიდას" წევრების მოსაძებნად.

თავად "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, მიუხედავად ბევრი ობიექტური და სუბიექტური სახის პრობლემისა, მთელი წლის განმავლობაში მაინც გეგმაზომიერად წარიმართა.

წარმატებით დამთავრდა ამ პროგრამის პირველი (ინფრასტრუქტურის შერჩევა და მომზადება) და მეორე (70-დღიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც 200-ზე მეტმა ქართველმა ოფიცერმა გაიარა) ფაზები. წლის ბოლოს დასრულდა მესამე ფაზის პირველი ეტაპი- 100-დღიანი ტაქტიკური მომზადების შემდეგ ჩამოყალიბდა პირველი ქართული პროფესიონალური სპეცდანიშნულების ბატალიონი "კომანდო". გაისად ანალოგიურ წვრთნას გაივლიან ეროვნული გვარდიის საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი და მე-11 ბრიგადის ორი ბატალიონი. საერთო ჯამში, ამ პროგრამით 1.700-ზე მეტი ქართველი სამხედრო მომზადდება.

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, რომელიც 64 მლნ დოლარი ჯდება, ამერიკულმა მხარემ წლის ბოლოსთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეისყიდა და ჩამოიტანა 1.200-მდე "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი. წვრთნაში მონაწილე ქართველ სამხედროებს დაურიგდათ 2.000 დოლარად შეფასებული საველე აღჭურვილობა.

პროგრამაში ჩართულმა პირებმა თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც ჯარისკაცებისა და ბატალიონის მეთაურებისთვის 380-650 ლარის ყოველთვიურ ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ყოველივე ეს საუკეთესო სტიმულია იმისთვის, რომ ქართული არმია ნელ-ნელა პროფესიონალური დაკომპლექტების საფუძველზე გადავიდეს, რაც უკვე არააქტუალურს გახდის არა მარტო ალტერნატიულ სამსახურს, არამედ მთლიანად მოსპობს დეზერტირობას და ჯარში გაწვევისგან თავის არიდებას. პირიქით, გაიმართება დიდი კონკურსი, რათა ფიზიკურად და მორალურად კარგად მომზადებულ ახალგაზრდას უფლება მიეცეს, იმსახუროს პროფესიონალურ არმიაში.

ეს ყოველივე შეიძლება შორეული პერსპექტივის საქმეა, მაგრამ სწორედ 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი საქართველოში პროფესიონალური საარმიო დანაყოფების შექმნას, რომელიც კარგად მომზადებული რეზერვის ფონზე სახელმწიფოს თავდაცვის საუკეთესო გარანტიაა. მთავარია, სწორედ სახელმწიფომ ბოლომდე შეასრულოს კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობა, პროფესიონალ ჯარისკაცს დროზე გადაუხადოს ჯამაგირი და ყველა პირობა შეუქმნას სამხედრო სამსახურისთვის.

პანკისში საქართველო დაბრუნდა

2002 წელს საქართველო გადაურჩა უზარმაზარ საფრთხეს, რომელსაც პანკისის პრობლემა ერქვა.

ერთი ბეწო ხეობა, რომლის არსებობა საქართველოშიც ბევრმა არ იცოდა, ცოტა ხანში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. თუ რატომ მოხდა ეს, ამაზე ჩვენი ვერსიაც გაგვაჩნია: ავღანეთში "ალ-ქაიდასა" და ბინ ლადენის ძებნის მიზეზით აშშ-ის მიერ დაწყებული საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფონზე, მოსკოვმა თავისი პატარა "ავღანეთის" გათამაშება მოინდომა პანკისის ხეობაში. ამისთვის მას საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში კი პანკისის ხეობაში რუსლან გელაევის, კიდევ რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურისა და 700-800-მდე შეიარაღებული ჩეჩენის სახით. ამიტომაც რუსული საჰაერო დესანტის გადმოსხმა უშუალოდ ხეობაში და მის ახლომახლო, რასაც თავდაპირველად ძლიერი საჰაერო დაბომბვა წაუძღვებოდა წინ, რეალობად მოჩანდა.

და ასეთ დროს, თეთრმა სახლმა დრო იხელთა და ძალიან მომგებიანი ინფორმაცია გაავრცელა- პანკისის ხეობაში ჩეჩნების გარდა, იმალებიან ის საერთაშორისო ტერორისტები, რომელთა ხელი ურევია 11 სექტემბრის ტრაგედიაში, ამიტომაც ანტიტერორისტულ ოპერაციას მარტო რუსეთი ვერ ჩაატარებსო.

სწორედ ვაშინგტონის მტკიცე პოზიციამ შეაჩერა მოსკოვი, ხელი აეღო პანკისში ჯარის გადასხმისგან, თორემ ხეობა უთუოდ მეორე ჩეჩნეთად გადაიქცეოდა. ამ შემთხვევაში მოგებული იქნა ასე საჭირო დრო, რომელიც მოხმარდა ხეობაში გამოკეტილ შეირაღებულ ჩეჩნებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელ საველე მეთაურებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომლებსაც ქართული სპეცსამსახურები წარმართავდნენ.

საბედნიეროდ, სწორედ ამგვარი მოლაპარაკებებით და დარწმუნებით მოხერხდა რუსლან გელაევისა და მას მიკედლებული 700-მდე მებრძოლის მშვიდობიანი გაყვანა ჯერ პანკისის ხეობიდან და შემდგომ საქართველოს ტერიტორიიდან. რამდენიმე უცხოტომელმა საველე მეთაურმა და მათმა რაზმმა არ მოინდომეს გელაევისთვის მიებაძათ, რის გამოც რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეს მცირერიცხოვანი რაზმები კვლავ აფარებენ თავს პანკისის მახლობელ ტყეებს და ეტყობა, ხეობაში ჩუმად მაინც გამოიზამთრებენ. მათ წინააღმდეგ რაიმე გრანდიოზული ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება არ იქნებოდა მართებული, რადგან ამ პრობლემას სხვანაირად, უფრო დახვეწილი მეთოდებით, პირველ რიგში კი, ეფექტიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით სჭირდება გადაწყვეტა.

"კახეთი-2002"-ის კიდევ ერთი ფარული საბრძოლო ამოცანა, თუ თავდაცვის მინისტრს დავუჯერებთ, იმაშიც მდგომარეობდა, რომ ჩაეკეტათ ის ადგილები, სადაც თურმე ქართული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი საჰაერო დესანტის გადმოსხმას აპირებდა.

ასეა თუ ისე, 2002 წელს პანკისში განხორციელებულმა საგანგებო ღონისძიებებმა საქართველო გადაარჩინა კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტს და, შესაბამისად, ახალი "თეთრი ლაქის" გაჩენას ჩვენი ქვეყნის რუკაზე, დაახლოებით ისეთივესი, როგორიცაა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

უცხო ბომბები ქართულ მიწაზე

ამ წელსაც გაგრძელდა ქართული მიწის დაბომბვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებზე და ამას 23 აგვისტოს, სამწუხაროდ, პირველი მსხვერპლიც მოჰყვა.

ტრადიციულად უდენოდ და საწვავის გარეშე დარჩენილი ქართული რადიოლოკატორები თითქმის ვერ აკონტროლებენ საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს, რაც, ცხადია, აძნელებს საზღვრის დამრღვევი საჰაერო ობიექტების დროულად აღმოჩენას. ამიტომაც ხშირად საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავების და შვეულმფრენების აღრიცხვას ქართველი მესაზღვრეები აწარმოებენ, რაც ნორმალურ ქვეყანაში ნონსენსად მიიჩნევა. მესაზღვრეების მონაცემით, 2002 წელს ჩრდილოეთიდან სახელმწიფო საზღვრის საჰაერო სივრცე 33-ჯერ დაარღვიეს.

ვინ "დანავარდობს" დაუკითხავად ჩვენს საჰაერო სივრცეში? ცხადია, ეს "ამოუცნობი მფრინავი ობიექტები" მარსიდან არ მოფრინდებოდნენ. ისიც ნათელია, რომ ისინი მეზობელ რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ ამას ობიექტური რადიოლოკაციური დადასტურება მაინც სჭირდება, ან სულაც ჩამოგდებული თვითმფრინავის დეტალების წარდგენა.

მეზობელი ქვეყნის თვითმფრინავის ჩამოგდება და მით უმეტეს, მისი პილოტის დაღუპვა, ორ ქვეყანას შორის მართლაც ძალიან დაძაბავდა ისედაც რთულ ურთიერთობას, მაგრამ მეორე მხრივ, გულს მოფხანდა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ უსუსური სახელმწიფოსა და ხელისუფლების ყურება.

NATO- საქართველო- ორივეს თავისი ინტერესები გააჩნია

პრაღის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული სურვილი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესახებ, შეიძლება უსაფრთხოების საუკეთესო გარანტად იქცეს მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ NATO ზურგზე წამოგვიკიდებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება. პირიქით, NATO-ში შესვლა, უპირველესად, უამრავი ვალდებულების აღებას ნიშნავს, რომელთა შეუსრულებლობას არავინ გვაპატიებს.

სიმართლე რომ ითქვას, NATO-ში ჩვენნაირ ქვეყანას ახლოსაც არავინ გაიკარებდა, რომ არა ერთი მთავარი არგუმენტი- NATO თავადვეა დაინტერესებული აღმოსავლეთით გაფართოებით და ამიტომ ნაწილობრივ თვალს ხუჭავს ბევრ, არც ისე წვრილმან დეტალზე. NATO-ს სამხედრო სტანდარტამდე ქართული არმია ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას და ერთადერთ იმედს მხოლოდ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის შემდგომი წარმატებითი გაგრძელება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ან წევრობის მოსურნე ქვეყანას, რა სუსტიც არ უნდა იყოს ის სამხედრო თვალსაზრისით, მეზობლები და პირველ რიგში რუსეთი, ძველებურად თავხედურად იმედია, ვეღარაფერს გაუბედავს.

NATO-ში გაწევრების სურვილი უკავშირდება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს, რადგან სწორედ NATO იქნება ის პირველი ფარი, რომელიც განსაზღვრავს ამ ნავთობსადენის უსაფრთხოებას.

მაგრამ NATO-ში გაწევრებას შეიძლება მოჰყვეს მისი სამხედრო ბაზების და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ბაზებიდან, არ არის გამორიცხული, განხორციელდეს საჰაერო დარტყმები რომელიმე მეზობელ ქვეყანაზე, რაც ავტომატურად საქართველოს ტერიტორიას საპასუხო დარტყმების სამიზნედ აქცევს.

გროზნოს დანგრევიდან - მოსკოვის "ნორდ-ოსტამდე"

საერთაშორისო ტერორიზმის ტალღა საქართველოს საბედნიეროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ირიბად შეეხო- იმ ჩეჩნების დიდი ნაწილი, ვისაც მოსკოვი ტერორისტად მოიხსენიებდა და მათ შეფარებას პანკისის ხეობაში გვაბრალებდა მთელი წელიწადი, ან უკან, ჩეჩნეთში დაბრუნდა, ან რუსეთში გადაიგზავნა, ანდა ადგილზე გაანადგურეს.

თავის მხრივ, თუ არ ვცდებით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმაც იპოვეს საკბილო "ალ-ქაიდას" 8 წევრის სახით და ისინიც პანკისიდან კუბის გუანტანამოს გზას გაუყენეს.

23 ოქტომბერს საქართველო კინაღამ ახალი ტერორისტული აქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ მოსკოვში ჩეჩენი ტერორისტების მიერ "ნორდ-ოსტში" აყვანილ 800-მდე მძევალში რამდენიმე ქართველიც ერია, არამედ იმის გამო, რომ რუსეთში მაშინვე გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც ეს ტერორისტული აქტი პანკისის ხეობიდან გამოსულ ჩეჩნებს დაუკავშირეს.

ჩვენდა საბედნიეროდ, ამ დეზინფორმაციას არავინ მიაქცია ყურადღება, თორემ ამერიკისა არ იყოს, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტების გამო ავღანეთს ბომბების წვიმა დაუშინა, რუსეთიც "ნორდ-ოსტის" გულისთვის პანკისის ხეობას რელიეფს შეუცვლიდა.

"ნორდ-ოსტში" რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო ის, რაც 1994 წლიდან გროზნოსა და ჩეჩნეთში თესა. თავის დროზე "კვირის პალიტრამ" მოინახულა დანგრეული გროზნო. ადგილობრივ მცხოვრებლებს არც დაუმალავთ შურისძიების წყურვილი- მოსკოვს დღევანდელ გროზნოს დავამსგავსებთო, რაც ჩეჩნების ნაცვლად თავად რუსეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს. მათ მომწამვლელი გაზით სცადეს ტერორისტების განადგურება და მძევლების განთავისუფლება, მაგრამ საბოლოოდ, უფრო მეტი მძევალი იმსხვერპლეს, ვიდრე თავად ტერორისტებმა.

დაახლოებით ასე წარიმართა მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ახალ ომებს გადავურჩით, თუმცა ერთი ნაბიჯიც ვერ წავდგით წინ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. დაველოდოთ მომავალ, 2003 წელს და ვნახოთ, რას მოგვიტანს ცხვრის წელი, ტყუილად ხომ არ ამბობენ, ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცხარეაო!

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი