27 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე თბილისში, პროფკავშირების კულტურის სახლში ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ხსოვნის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები, რომლებიც შეასრულებენ თეონას სიმღერებს, წაიკითხავენ მის მიერ დაწერილ და მისდამი მიძღვნილ ლექსებს. პროფკავშირების კულტურის სახლში ყველა ის ადამიანი შეიკრიბება, ვისაც თეონა და მისი შემოქმედება გამორჩეულად უყვარდა.
თეონა ქუმსიაშვილი პოეტ გელა დაიაურის მეუღლე იყო. 27 იანვარი მისი დაბადების დღეა, უბადლო მომღერალს 28 წელი შეუსრულდებოდა. თეონა ქუმსიაშვილი ბავშვობიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებში. იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი "ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული". მისი სიმღერები მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლოდა და ყველა აღნიშნავდა, რომ თეონა საოცრად სულში ჩამწვდომად მღეროდა. მომღერალი ყოველთვის იღებდა მონაწილეობას ღონისძიებაში "მთის საჩუქარი ბარს", რომელიც ბავშვთა ქალაქ "მზიურში" იმართებოდა და მასში მთის მაცხოვრებლები თავისი კულტურით იყვნენ გაერთიანებული.
თეონა ქუმსიაშვილი გასული წლის ზაფხულში ხევსურეთში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირა. მუცოს ხეობაში დღეობიდან მომავალი ბერდია არაბული და მისი მგზავრები მანქანით ადიდებულ მდინარეში გადავარდნენ, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა - თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე, ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.
პროფკავშირების კულტურის სახლში დაგეგმილ ხსოვნის საღამოზე შედგება თეონა ქუმსიაშვილის ლექსების კრებულის "მთის ბულბული" პრეზენტაცია. ღონისძიებაზე დასწრება კი თავისუფალია.
fs22
















































































მთავარი
კონტაქტი





2010