გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ირინე მელიქიშვილი.
ირინე მელიქიშვილი დაიბადა 1943 წლის 29 მაისს ქ. თბილისში ცნობილი მეცნიერების - აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილისა და პროფესორ ელენე დოჩანაშვილის ოჯახში. მან 1960 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა, 1960-1965 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილებაზე. იყო ლენინის სახელობის სტიპენდიატი, წარჩინებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი.
ირინე მელიქიშვილმა სამეცნიერო საქმიანობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებაში დაიწყო. აქ მუშაობდა იგი 1965-1986 წლებში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს და ბოლოს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. აქვე მოამზადა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში". საყურადღებოა, რომ სადისერტაციო ნაშრომის ორივე ოპონენტის (აკად. თ. გამყრელიძე და პროფ. ზ. ჯაფარიძეძ აზრით, ნაშრომი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს იმსახურებდა. ასევე წარმატებული იყო მისი სადოქტორო დისერტაციაც - "საერთო-ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით" (1987), ამ ნაშრომში წარმოდგენილია ძირის სტრუქტურათა ზოგადი ტიპოლოგია, რეკონსტრუირებულია საერთო-ქართველური ძირის სტრუქტურა, გამოვლენილია საერთო-ქართველური და საერთო-ინდოევროპული ძირის სტრუქტურათა ფუნდამენტური პარალელიზმი. ი. მელიქიშვილის მიერ წარმოჩენილი კანონზომიერებანი საფუძვლად დაედო საერთო-ინდოევროპულ ხშულთა სისტემის და საერთო-ქართველური სისტემის რეინტერპრეტაციას.
1986 წლიდან ირინე მელიქიშვილი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიისა და ფონეტიკის განყოფილებაში, ჯერ წამყვან, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 2000 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 2000-2005 წლებში იყო ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი, 2005-2006 წლებში - კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის სრული პროფესორი.
2009 წლის 28 აპრილს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ფართო იყო ირინე მელიქიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო: ენათა ტიპოლოგიური შედარება და ენობრივი უნივერსალიები, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება, არეალური ლინგვისტიკა, ქართველური ენების ტიპოლოგია და ისტორია. პარალელურად მას აქვს საყურადღებო გამოკვლევები ზოგადი ენათმეცნიერების სხვა სფეროებშიც, მაგალითად, როგორიცაა ენობრივი ნიშნის არახაზოვანი ბუნების შესახებ, ნაშრომი "ფონეტიკური პროცესების ტელეოლოგიური გააზრებისათვის", გამოკვლევა გალაკტიონის ბგერწერის შესახებ და სხვ.
ი. მელიქიშვილის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. მეცნიერი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ლინგვისტიკურ კონგრესებსა და კონფერენციებში. მის პუბლიკაციებს იცნობდნენ ევროპაში. გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი იოსტ გიპერტი წერდა: "პროფ. მელიქიშვილი იყო ერთ-ერთი მცირერიცხოვან ქართველ ლინგვისტთა შორის, რომლის პუბლიკაციებიც ცნობილი იყო დასავლეთში საბჭოთა პერიოდშიც კი და რომელსაც გარკვეული წვლილი შეჰქონდა ლინგვისტური ტიპოლოგიის თეორიის და ინდოევროპულ კვლევათა განვითარებაში"; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი კი ასე ახასიათებდა ი. მელიქიშვილის ღვაწლს: "წიგნი "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში" (1976ძ უდავოდ იყო ნიშანსვეტი ამ სფეროში. ეს ნაშრომიც და ამავე თემატიკის მრავალი სხვა სტატიაც მნიშვნელოვანი წვლილი იყო ქართველურ ენათა ფონოლოგიური და ფონოტაქტური თვისებების სისტემატური ახსნის სფეროში. ამ უაღრესად სოლიდურმა შრომებმა საერთაშორისო აღიარებაც პოვა ფონოლოგიურ ტიპოლოგიასა და უნივერსალიების კვლევაში".
იგი იყო არა ერთი და ორი საგრანტო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. ის იჩენდა როგორც მეცნიერების, ისე სწავლების ორგანიზაციის შესაშურ უნარს: მან შეადგინა სასწავლო პროგრამები "თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების" სპეციალობისათვის თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის; ასევე შემოიღო ახალი სასწავლო კურსები.
ირინე მელიქიშვილმა, ფართოდ ერუდირებულმა, ჭეშმარიტად შემოქმედებითმა მეცნიერმა ახალი მიმართულებით გაამდიდრა ლინგვისტიკური ქართველოლოგიის საგანძური, ასევე, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თეორიული ენათმეცნიერების სფეროში.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ირინე მელიქიშვილი გამორჩეული ადამიანური თვისებების მქონე ქალბატონი ბრძანდებოდა: ქვეყნის ერთგული მოქალაქე, ნამდვილი ქართველი ინტელიგენტი, იგი ქართველი დედის, შვილის, დედმამიშვილისა და მეუღლის უბადლო ნიმუში იყო.
მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.lang1079
















































































მთავარი
კონტაქტი




2010