დაპირებისამებრ, "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ საპროპტესტო აქციების ახალი სერია დაიწყეს.
"დედაქალაქში პლაკატები მუდმივად გაიკვრება, სანამ პროტესტი შედეგს არ გამოიღებს, ეს აქციები ყრუ ხელისუფლებისთვის ეწყობა, რომელსაც ხალხის ხმა არ ესმის", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
არასამთავრობოები მერაბიშვილის მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში საზოგადოებას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. "არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ" გუშინ სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის ოჯახის წევრებთან ერთად საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა. როგორც გაირკვა, არასამთავრობოთა გუშინდელი პრესკონფერენცია პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას მიეძღვნა.
"სიკვდილის ბრიგადირს" კვლავ ამტკიცებენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქართველ ერს კიდევ ერთ დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს", - ასეთი შინაარსის განცხადებები კეთდებოდა გუშინ როგორც პრესკონფერენციაზე, ასევე, ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებს გამვლელი მძღოლებიც უერთდებოდნენ ხმოვანი სიგნალებით.
"ხელისუფლების წევრები, რომლებიც ხმას მისცემენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დამტკიცებას, მოღალატეები იქნებიან. ვანო მერაბიშვილის დამტკიცება "სიკვდილის ბრიგადირად" ხელისუფლების მხრიდან ცინიზმია", - აცხადებდნენ როგორც სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის ოჯახის წევრები, ასევე, არასამთავრობოები.
რესპუბლიკის მოედანზე დაწყებულმა აქციამ, მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.
24 საათი
















































































მთავარი
კონტაქტი
2010