11x11
2011-08-30
მორიგი სკანდალი სქაიში
მსოფლიოს წამყვან ტელესადგურში, "სქაი სპორტში" მორიგი სკანდალი აგორდა. ამჯერად საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში სპორტული არხის კომენტატორი, ტონი კასკარინო მოხვდა. ამ უბადრუკმა პიროვნებამ ისეთი კომენტარი გაუკეთა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" შეხვედრას, რომ შესაძლოა არათუ სამსახური დაკარგოს, არამედ სასამართლოს წინაშეც მოუხდეს თავის მართლება. მოკლედ, როდესაც "მანჩესტერმა" ლონდონური კლუბის კარში მერვე გოლი გაიტანა, კასკარინომ ბრძანა: "ძალიან მეცოდება არმან ტრაორე, რომელსაც ლუიშ ნანი ალაზღანდარავებს და ასაცოდავებს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ გამოსულიყო მოედანზე. ტრაორეს, ალბათ, ამ კოშმარის დასავიწყებლად მთელი ერთი თვე დასჭირდება. ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ანდრეი არშავინზე. რუს ფეხბურთელს არათუ გოლის გატანა, სირბილიც კი დაავიწყდა, რასაც ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ". პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც სპორტის ჩართვა დასრულდა, მთავარმა წამყვანმა, ნატალი სოიერმა, როგორც ჩანს პროდიუსერების დირექტივის შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში კოლეგის არაეთიკური განცხადებების გამო, მაგრამ საქმეს რომ არ უშველიდა მისი მობოდიშება, ეს ცხადზე უცხადესი იყო. ჯერჯერობით "სქაის" წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ამბავს სკანდალური გაგრძელება მოჰყვება. კულუარული ინფორმაციით, გამოცდილი და ძალიან ცნობილი სპორტული კომენტატორი ტონი კასკარინო სამსახურიდან უკვე დაითხოვეს, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ საქმის შიდა ძიება არ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "სქაი სპორტის" საფეხბურთო მიმომხილველები სკანდალში ეხვევიან. რამდენიმე თვის წინ ასევე ძალიან ცნობილმა და ავტორიტეტულმა კომენტატორებმა ქალ ლაინსმენზე პირდაპირ ეთერში თქვეს, რა კარგი უკანალი აქვსო, რის გამოც ორივე საბოლოოდ ჩამოაშორეს ჟურნალისტურ საქმიანობას. რაც შეეხება "არსენალის" ხელმძღვანელთა პოზიციას, ჯერჯერობით ამ გუნდში სრული ქაოსია და ამ ფაქტისთვის არავის სცხელა, თუმცა კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ლონდონელთა მხრიდან ადრე თუ გვიან მომხდარზე რეაგირება აუცილებლად მოხდება.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010