11x11
2011-08-30
რედნაპი გაცეცხლებულია
არადა არ უჩანს ბოლო ლუკა მოდრიჩის სატრანსფერო საგას. ბოლო ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი "ტოტენჰემში" უნდა დარჩენილიყო, მან "სიტის" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც, მაგრამ ვაი ამ თამაშს. აშკარად ეტყობოდა ლუკას, რომ ძალიან უნდა გუნდიდან დახვევა და შეგნებულად, ფეხიც არ გაუნძრევია. ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეამჩნია გუნდის მენეჯერმა, ჰარი რედნაპმა და მოთამაშე მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა, მოგვიანებით კი "ქალაქელებთან" განადგურების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ინგლისელმა მწვრთნელმა ცოფები ყარა: "ის, რაც მოდრიჩმა ჩაიდინა, არაკაცობაა და მეტი არაფერი. როგორ შეიძლება პროფესიონალმა სპორტსმენმა ასეთი რამ იკადროს. გასაგებია, შესაძლოა მას უკეთეს გუნდში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ "ტოტენჰემის" ფეხებზე დაკიდება და მატჩისადმი ასეთი აგდებული დამოკიდებულება ძალიან ცუდი ფაქტია. მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ მივეცით საშუალება, წარმატებული ევროპული კარიერა ჰქონოდა, ახლა კი ამ ღვაწლს ასე არაკაცურად "გვიფასებს". კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდრიჩს აუცილებლად მოუწევს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შესაბამისად, ის ვერსად ვერ წავა. თუ საქმე მიდგა ჯიბრში ჩადგომაზე, მას მეორე გუნდში გადავიყვანთ და მალე ყველას მიავიწყდება. ამიტომ, მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ძველებური მონდომებით ივარჯიშოს, თამაშების დროს ბოლომდე დაიხარჯოს და "ტოტენჰემის" წარმატებისთვის თავი არ დაზოგოს". სამწუხაროდ, ინგლისელი ჟურნალისტების დიდი მცდელობის მიუხედავად, ლუკა მოდრიჩის პოზიციის გაგება ვერ მოხერხდა. ხორვატს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და კონტაქტზე საერთოდ არ გამოდის.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები















































































