ისტორიული ჰერეთი (დღვანდელი საინგილო) იწყება იქ, სადაც კახეთი მთავრდება. საქართველოს და ისტორიული ჰერეთის ტერიტორიას ჰყოფს მდინარე მაწიმი. დღეს აქ მდებარეობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომლის საშუალებითაც ჰერეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს უკავშირდებიან. მდიდარი ბუნება, რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგი, მდიდარი მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. მდიდარი ისტორიის მქონე მხარე დღესაც ცდილობს, მოიკრიბოს უკანასკნელი ძალები და შეინარჩუნოს სარწმუნოება და ქართველობა. თუმცა, ეს ძალიან ძნლია და რაც დრო გადის მით უფრო რთულდება. იქ მცხოვრებ ქართველებს უამრავი პრობლემა აქვთ განათლებასთან დაკავშირებით. სარწმუნოების შესანარჩუნებლად კი ძალიან დიდი გარჯა უწევთ. ახალგაზრდებს უჭირთ იქ ცხოვრება, ამიტომ ყველა საქართველოში გამორბის და შესაბამისად იქაურ სოფლებში მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება. ჰერეთში დღეს არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ ჰერეთის კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოება "ქურმუხელის" დამფუძნებელსა და თავჯდომარის მოადგილეს საგანმანათლებლო საკითხებში თემურ სუყაშვილს.
- გთხოვთ მკითხველს შევახსენოთ ჰერეთის ისტორია, როგორ აღმოჩნდა იგი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
- საუკუნეების განმავლობაში ისტორიული ჰერეთი აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონად და ზურგად გვევლინებოდა. X|| საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებლის მეოხებით ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. შემდგომში, როცა აქ ქართული მოსახლეობა და ძალაუფლება შესუსტდა და ჰერეთი დღევანდელი საინგილოს ფარგლებში მოექცა, მისი სახელწოდებაც შეიცვალა, სახელწოდება ჰერეთი ისტორიას ჩაბარდა და დარჩენილ ტერიტორიას გაღმამხარი ანუ კაკ-ელისენი ეწოდა. მმართველად ამ ქვეყნისა მოურავი ინიშნებოდა, რომელსაც რეზიდენცია ხშირად დღევანდელ ალიაბათში ჰქონდა. გაღმამხარი მაშინ კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და კახეთს ემორჩილებოდა. ეს მოსახლეობა მხნე დარაჯად ედგა საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრებს. ჰერეთის სახელის ცვლილება უკავშირდება ლევან კახთა მეფის დროს, როდესაც X|| საუკუნეში ჰერეთის სამთავრო გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა კაკ-ელისენისა და ჭიაურის სამოურავოები კახეთის სამეფოს შემადგენლობაში. X||| საუკუნის დასაწყისიდან იწყება ისტორიული ჰერეთის, იგივე გაღმამხარის საქართველოდან, კერძოდ, კახეთის სამეფოდან მოწყვეტის შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესში უდიდეს როლს სპარსეთი და დაღესტნელი ლეკები ასრულებდნენ. X||| საუკუნემდე, კერძოდ შაჰ-აბასის ლაშქრობებამდე, ამ ტერიტორიაზე ქართველები სრულ უმრავლესობას და, შესაბამისად, გაბატონებულ ეთნოსს წარმოადგენდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანის შაჰმა აღმოსავლეთ კახეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა აჰყარა საკუთარი მიწა-წყლიდან და ირანში - ფერეიდანში გადაასახლა, ქართველების ნამოსახლარზე ჩრდილოეთ კავკასიიდან დაღესტნელი ლეკების ჩამოსახლება დაიწყო.
- საქართველოში რუსეთის იმპერიის დამკვიდრების შემდეგ, ისტორიულ ჰერეთს ზაქათალის ოლქი ეწოდა. ეს ტერიტორია თბილისის გუბერნიას ექვემდებარებოდა. ისტორიული ჰერეთის საქართველოსაგან საბოლოოდ ჩამოცილების პროცესი 1921 წელს დაიწყო, როდესაც ბოლშევიკებმა მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია და დაისვა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი. საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი საბოლოოდ 1921 წლის 5 ივლის გადაწყდა. ხელშეკრულებით ზაქათალის ოლქი და ყარაიაზის საძოვრები აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას მიეკუთვნა.
- დღესღეობით რამდენი სოფელია საინგილოში, რომელია მათგან აქედან ქრისტიანული და რომელია მუსლიმანური.
ისტორიული ჰერეთი, ანუ თანამედროვე საინგილო სამი - ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონებისაგან შედგება. თანამედროვე ბელაქნის რაიონში ქართველებით დასახლებული მხოლოდ ერთი სოფელი - ითითალა გვხდება. ის რაიონულ ცენტრ ბელაქნიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული. დღევანდელი ეთნიკური სურათის მიხედვით სოფელ ითითალაში მცხოვრებთა 100 პროცენტი ქართველია. აღმსარებლობით უმეტესი მათგანი მაჰმადიანია, თუმცა, გვხდება მართლმადიდებელ ქართველთა ოჯახებიც. სამეტყველო ენაა ჰერული-ინგილოური კილო-კავი. ძალიან იშვიათია შერეული ოჯახები, რის გამოც სოფლის ეთნიკური სურათი მკაცრად არის დაცული. სოფელში არსებობს ორსექტორიანი სკოლა, სადაც სწავლა მიმდინარეობს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი და ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის სახლი.
თანამედროვე ზაქათალის რაიონში ქართველებით დასახლებული ორი საკმაოდ დიდი სოფელი გვხვდება, კერძოდ ალიაბათი და მოსული. დღევანდელი სურათის მიხედვით, ალიაბათში მცხოვრებთა უმეტესობა ეთნიკური ქართველია. აღმსარებლობით უმეტესი მათგანი მაჰმადიანია, თუმცა, გვხდება მართლმადიდებელ ქართველთა ოჯახებიც. სამეტყველო ენაა ადგილობრივი კილო-კავი. სოფელ მოსულში მცხოვრებთა 100 პროცენტი ქართველია. აღმსარებლობით უმეტესი მათგანი მაჰმადიანია, თუმცა, აქაც გვხვდება მართლმადიდებელ ქართველთა ოჯახები. სამეტყველო ენა აქაც ადგილობრივი კილო-კავია. აქაც ძალიან იშვიათია შერეული ოჯახები, რის გამოც სოფლის ეთნიკური სურათი მკაცრად არის დაცული, როგორც სოფელ ითითალაშია.
მართლმადიდებელი ქართველებით დასახლებული რაიონია კახი. აქ გვხვდება ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სამი უბანი. ესენია: თოფაღი, კაკისთავი და კახ-ინგილო. თავის მხრივ თითოეული ეს უბანი ცალკე უბნებად იყოფა ძირითადად მაცხოვრებელთა გვარების მიხედვით. მაგალითად: ოთარაანთობა, (ოთარაშვილების უბანი), ქიტიაანთობა (ქიტიაშვილების უბანი), ბულუღაანთობა (ბულუღაშვილების უბანი), ბაჩალიანობა (ბაჩალიაშვილების უბანი) და სხვა.
კახის რაიონში არსებული უბნების გარდა, ქართველები ცხოვრობენ აგრეთვე სოფლებში: ალიბეგლო (ქათმისხევი), ალათემური (დიდბინა), მეშაბაში (ტყის თავი), ყარამეშა (შავი ტყე). ქოთოქლო (შუახევი) და ყორაღანი.
- დაახლოებით რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს ჰერეთის ტერიტორიაზე.
- 1999 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანში 15000-მდე ქართველია რეგისტრირებული, აქედან კახის რაიონში დაახლოებით 8000 მდე ქართველია. თუმცა დღეს ეს ციფრი შეიძება უფრო ნაკლები იყოს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები ქართველების რაოდენობა არც ერთ აღწერაში არ არის შეტანილი, როგორც ქართველი. დღესდღეობით, სამივე რაიონში დაახლოებით 30 ათასი ქართველია.
- საინგილოში არის ქართული ეკლესიები.
- ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე უამრავი შეუსწავლელი ძეგლია, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ეკლესიებიც. გამიჭირდება კონკრეტული ციფრის დასახელება, მაგრამ შემიძლია დაგისახელოთ მათ შორის ყველაზე ცნობილი ეკლესიები, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს. პირველი ეს გახლავთ ზაქათალის რაიონში არსებული ბაზრის ეკლესია, რომელიც დღევანდელი სოფელ ალიაბადის (ისტორიული სახელი ელისენი) მიდამოებში მდებარეობს. ეს ეკლესია ლევან კახთ მეფის დროს აშენდა. მე-16 საუკუნეში ამ მიდამოებში სავაჭრო ქალაქი ძაგემი არსებობდა, რომლიც შაჰ-აბასის ლაშქრობების შედეგად განადგურდა.
ასევე ცნობილი ტაძარია ქურმუხის წმინდა გიორგი, რომელიც ოდითგანვე ისტორიული ჰერეთის ქართველობისათვის უდიდეს სალოცავს წარმოადგენდა. დღეს ეს ეკლესია აზერბაიჯანული მხარის მიერ ალბანური წარმოშობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. კახის რაიონში, ასევე დღემდე შემორჩენილია ყუმის ბაზილიკა და ლექართის სამონასტრო კომპლექსი, რომლებიც ანალოგიურად ალბანური წარმოშობის ძეგლთა ნუსხაში არიან შეყვანილი, რაზეც რეაგირებას არ ახდენს საქართველოს არც ერთი სამთავრობო და სამეცნიერო წარმომადგენლობა.
ასევე განთქმულია გიშის ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. იქიდან ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი, დაღესტანში. ამ ეკლესიაში დღეს მუზეუმია გახსნილი და ანალოგიურად ალბანური წარმოშობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.
რაც შეეხება მოქმედ ეკლესიებს. საბედნიეროდ, დღეს აზერბაიჯანში უკვე ორი მოქმედი ეკლესია გვაქვს. პირველი გახლავთ კახში არსებული კახის წმინდა გიორგის და 2011 წელს ამოქმედებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სოფელ ალიბეგლოში.
გარდა აღნიშნულისა, ბელაქნის რაიონში დგას მადლის ეკლესია. ასევე კახის რაიონის სოფლებში- მეშაბაშში და ქოთოქლოში დგას 1880-იან წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის პერიოდში აგებული ტაძრები, სოფელ ალათემურში შემორჩენილია წმ. სამების ეკლესიის ნანგრევები. კახის ცენტრში კი დგას კახის ალავერდის ტაძარი, რომელიც ასევე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის პერიოდშია აგებული.
- ისტორიული ძეგლები თუა შემორჩენილი, მაგალითად ხიდები, ციხეები, ნაქალაქარები.
- როგორც უკვე გითხარით, ჰერეთი, დღევანდელი საინგილო, გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით. თუმცა, ამ საკითხზე საუბრისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი მათგანი შეუსწავლელია. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი რთული გახლდათ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება, დღეს კი ეს საერთოდ შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს ტერიტორია და იქ არსებული ძეგლები "დაკონსერვებული" აქვს.
დღემდე შემორჩენილთაგან აღსანიშნავია კახის რაიონში მდინარე ქურმუხზე არსებული თამარის ხიდი, რომელიც ზუსტი ანალოგია საქართველოში არსებული მსგავსი ხიდებისა. თამარის ხიდის მსგავსი თაღოვანი ხიდია შემორჩენილი სოსიკაანთკარში (კახის რაიონი). ასევე აღსანიშნავია ქურმუხის ციხე, რომელიც თამარის ხიდის მიდამოებში მდებარეობს. ეს ციხე 2011 წლის ზაფხულში მოვინახულე. სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ქურმუხის ციხის სტრატეგიული მდებარეობა. ის ერთდროულად კეტავს ორ ხეობას, რომლებიდანაც გადმოდის გზა დაღესტნიდან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია კავკასიის მცირე კედლად წოდებული კომპლექსი. მისი ნანგრევები დღემდე შემორჩენილია სოფელ კატეხთან. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს კედელი სათავეს იღებდა ყვარლის მიდამოებში და გრძელდებოდა დარუბანდამდე.
- თუ არის საინგილოში ქართული სკოლები და საბავშვო ბაღები.
- ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ქართველებით დასახლებულ სოფლებში მოქმედებს ქართული სკოლები და ქართული სექტორები, ასევე ბაგა-ბაღები. ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში და ზაქათალის რაიონის ქართველებით დასახლებულ სოფელ ალიაბადსა და მოსულში არსებობს მხოლოდ ქართული სექტორები. ცნობილია, რომ სოფელ ალიაბადში საბჭოთა კავშირის დაშლამდე 4 ქართულენოვანი სრული საშუალო სკოლა არსებობდა. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ქართული მხარის უყურადღებობით და სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო, ეს სკოლები ნელ-ნელა დაიხურა ან აზერბაიჯანულენოვან სკოლებად გადაკეთდა. ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში არსებობს ქართული ბაგა-ბაღიც.
რაც შეეხება კახის რაიონს, მოქმედებს 5 სრული ქართული საშუალო სკოლა (კახის საშუალო სკოლა, კაკისთავის საშუალო სკოლა, სოფელ ქოთოქლოს სრული ქართული სკოლა, სოფელ ალათემურის სრული ქართული სკოლა და სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა), ერთი ქართული სექტორი (კახის ინტერნაციონალური სკოლის ქართულენოვანი სექტორი) და ერთიც არასრული სკოლა სოფელ მეშაბაშში. ამავე სოფლებში და უშუალოდ კახშიც ფუნქციონირებს ბაგა-ბაღები, სადაც სკოლამდელთა აღზრდა ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
აზერბაიჯანში მოქმედ ქართულ სკოლებსა და სექტორებში უამრავი პრობლემაა: თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და მეთოდური წიგნების უქონლობა, სახელმძღვანელოების ნაკლებობა და ან საერთოდ არარსებობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაცია არის ის მწვავე პრობლემები, რომლებიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებენ.
რაც შეეხება სწავლების ენასა და საგნებს, ქართულ სკოლებსა და სექტორებში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. ქართული ისწავლება როგორც მშობლიური ენა, ხოლო აზერბაიჯანული როგორც სახელმწიფო ენა. სასწავლო პროგრამა დაახლეობით იგივეა, რაც საქართველოში. არსებობს მხოლოდ ორი გამონაკლისი 1994-95 წლებში აიკრძალა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება.
- რამდენად უწყობს ხელს ქართულ სკოლებს აზერბაიჯანის ხელისუფლება. ეხმარება თუ არა მათ საქართველო.
- საკმაოდ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ. ჯერჯერობით საშველი არ დაადგა იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც არსებობს განათლების სფეროში. აზერბაიჯანული მხარე საკუთარ პოლიტიკას ატარებს ქართულ სკოლებში, რაც გამოიხატება თუნდაც დაწყებით კლასებში ბაქოში დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შეტანაში. რაც შეეხება ქართულ მხარეს, უმძიმესი იყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი, რადგან ამ დროს საერთოდ არ მოუმარაგებიათ სკოლები სახელმძღვანელოებით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევხვდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს. შვიტყვეთ, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს აზერბაიჯანში მოქმედი ქართული სკოლების წიგნებით მომარაგების პროგრამაზე. სავარაუდოდ, უკვე მომდევნო სასწავლო წლისთვის იქ გაიგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაბეჭდილი ახალი წიგნები.
- როგორია მიგრაციის პროცესი, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულები უკან თუ ბრუნდებიან.
- მიგრაცია დღევანდელი საინგილოს უმთავრესი და უმწვავესი პრობლემაა. როცა ზემოთ სკოლების პრობლემები ვახსენე, ამ საკითხს არ შევეხე. დღეს ქართულ სკოლებში უკვე თვალსაჩინოა მოსწავლეთა საგრძნობი კლება. მაგალითისათვის გეტყვით, 2006 წელს დავამთავრე სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. იმ პეიორდში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის საშუალო სტატისტიკური რაოდენობა მერყეობდა 25-დან 30-ბავშვამდე. დღეს ჩემს სკოლაში კლასებში საშუალოდ მხოლოდ 15 მოსწავლე ირიცხება.
ამ პრობლემის უმთავრესი მიზეზია ახალგაზრდების გადინება კუთხიდან და მათი საქართველოში დამკვიდრება. მიგრაცია ასევე იწვევს კუთხიდან ინტელექტუალური რესურსის გადინებასაც. მაგალითად სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდები სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში რჩებიან. შედეგად, კუთხეს აკლდება მოაზროვნე თაობა. ამ საკითხზე საუბარი ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან მეც ჯერჯერობით საქართველოში ვარ და ასე ვთქვათ, ერთ-ერთ "დამნაშავეს" წარმოვადგენ.
- რით ცხოვრობს იქაური ქართველი, რით ირჩენს თავს, მეურნეობის რა დარგებია განვითარებული.
- თანამედროვე აზერბაიჯანის ეს ნაწილი, ანუ კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონები გამოირჩევიან სახნავ-სათესი მიწების ნოყიერებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,90-იანი წლების ბოლომდე ამ ტერიტორიაზე მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და თამბაქოს მოყვანას. შემდგომ პერიოდში ეს კულტურები ნელ-ნელა გაქრა. დღეს ადგილობრივი ქართველები ძირითადად სოფლის მეურნეობის ისეთი დარგებით ირჩენენ თავს, როგორებიცაა მესაქონლეობა და მეხილეობა. ისტორიული ჰერეთი მდიდარია თხილისა და კაკლის კულტურებით.
მოსახლეობის თავის რჩენის კიდევ ერთ და დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს სამუშაოდ რუსეთში გასვლა. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლაა, რაც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელთა რუსეთში გამგზავრებას.
საქართველოს ყველა კუთხეს ჰყავს საკუთარი გამოჩენილი პიროვნებები. ამ მხრივ გამონაკლისი არც ისტორიული ჰერეთია. უამრავი პიროვნების დასახელება შეიძლება, რომლებმაც ჩვენს კუთხეს შეუნარჩუნეს ქართველობა. კუთხის გადარჩენაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დიმიტრი ჯანაშვილს, რომლის მეოხებითაც X|X საუკუნის 60-იან წლებში მოხდა ქართველების გაქრისტიანება. ასევე გვერდს ვერ ავუვლით მოსე ჯანაშვილის ღვაწლს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას X|X საუკუნეში გააცნო ის სატკივარი, რომელიც აწუხებდათ ჰერეთის ქართველობას.
2012 წელს ქართულმა ეკლესიამ ისტორიულ ჰერეთში მოღვაწე მღვდელი მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა. ის იყო ქირიტიანობის დამცველი და ეკლესიათა მაშენებელი ისტორიულ ჰერეთში. მისი აქტიურობა არ მოსწონდათ მუსავატელებს, ამიტომ მოტყუებით გაიყვანეს ტყეში და თავი მოჰკვეთეს.
რაც შეეხება უახლოეს წარსულს, გავიხსენებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ ერეკლე ყულოშვილს. იგი კახიდან იყო წარმოშობით. სამშობლოს წინაშე ჩადენილი გმირობისათვის 2008 წელს ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
- როგორ ხედავთ ჰერეთის მომავალს.
- იმისთვის, რომ ამ ისტორიულ მხარეში არ დაიკარგოს ქართველობა, აუცილებელია მეტი ყურადღება საქართველოდან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებიდან. ჩემი აზრით, აუცილებელია, შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის ადგილზე დარჩენისაკენ. ამ მხრივ დიდი როლის შესრულება შეუძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რაც გამოიხატება ჰერეთში გამოყენებად პროფესიებზე - პედაგოგი, კულტურის მუშაკი, ექიმი და სხვ. სპეციალური კვოტების დაწესება და უფასო განათლების მიცემა.
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, 7-8 წელიწადში, ჩვენ აღმოვჩნდებით ფაქტის წინაშე: კუთხეში ნელ-ნელა დაიკეტება ქართული სკოლები, კულტურის სახლები, ბაგა-ბაღები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ვითარებაში ასევე დიდია ქართული საზოგადოების როლი. საქართველოში მცხოვრები მოსახლეობაც უნდა დაუდგეს მხარში საინგილოში მცხოვრებ ქართველობას. ქართველ ერს მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს!
7 7 7
ერთობ არასახარბიელო პერსპექტივაა. მაგრამ გვაიმედებთ, რომ მართალია ისტორიამ გაწირა ჰერეთი, მაგრამ დღესდღეობით იქ ისეთი ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და ინარჩუნებენ თავის მამულს, ენასა და სარწმუნოებას.
ნინო ოთარაშვილი, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტი.
ჩვენი სპეც. კორ.















































































