2013 წლის ბოლოს გამოვიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბოლო პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის მემუარული ხასიათის წიგნი - "ოცდასამი წლის შემდეგ", რომელსაც ვაჟა-ფშაველას მრავლისმთქმელი სტრიქონი აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული: "დაზიანებულ სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ"...
არადა, თამამად შეიძლება თქმა, ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელთაგან მართლაც ისე არავინ დაზიანებულა, როგორც ჯუმბერ პატიაშვილი.
"ისტორიკოსი არ გახლავართ, მაგრამ პროცესების უშუალო მონაწილე ვიყავი, - წერს ბატონი ჯუმბერი, - იმ პროცესებისა, რომელთაც მხოლოდ ნეგატიური მხარე არ ჰქონია, პოზიტივიც ახლდა. წლების გადასახედიდან ორივე კიდევ უფრო ნათლად ჩანს... რეალურ შედეგს კი, ნებისმიერ შემთხვევაში - პოზიტიური იქნება იგი თუ ნეგატიური - პასუხისმგებლობის გადანაწილება სჭირდება... გამარჯვებას გმირობის უამრავი მსურველი ჰყავს, მარცხზე პასუხისმგებლობას - არც ერთი".
რასაკვირველია, ასე მოხდა 9 აპრილის შემთხვევაშიც. კაცს, რომელსაც ერის სამსჯავროზე გამოაქვს თავისი განვლილი გზა, როგორც თავადვე წერს, ზოგიერთებისგან განსხვავებით, თავის წილ პასუხისმგებლობას არც იცილებს და არც იმძიმებს.
იგი იმაშიც უთუოდ ბოლომდე მართალია, როდესაც ამბობს, რომ დასამალი და დასაფარავი არაფერი აქვს.
დანარჩენს მკითხველი თვითონ მიხვდება იმ რამდენიმე ნაწყვეტის მიხედვით, რომელთაც დღეს, ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი შავ-თეთრი თარიღის - 9 აპრილის 25 წლისთავზე, ვთავაზობთ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილის უაღრესად საყურადღებო აღსარება-წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ".
1989 წლის 3 აპრილს, ღამის ათ საათზე, ჩემთან მოვიდა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ნიკო ჭავჭავაძე. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში, ჩემს კაბინეტში შედგა.
ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა და საზოგადოების თვალში, ალბათ, დაპირისპირებულ ძალებსაც წარმოვადგენდით, შეხვედრამ ადამიანურ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
ხელის ჩამორთმევით მივესალმეთ ერთმანეთს, სამუშაო მაგიდას მივუსხედით და საუბარი პირდაპირ აფხაზეთის თემით დავიწყე.
როგორი განსხვავებული პოზიციები და ხედვებიც უნდა გვქონოდა, ერთი რამ ცხადი იყო - ჩვენ საერთო სამშოლო გვქონდა, რომლის მთლიანობასაც აფხაზური სეპარატიზმი უქმნიდა საფრთხეს.
- შეწყვიტეთ დემონსტრაციები და მიტინგები. მომეცით ორი კვირა. თუ ამ დროის განმავლობაში მე, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ვერ შევძლებ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, პირობას გაძლევთ, რომ თანამდებობიდან გადავდგები და როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ქართველი, თქვენ გვერდით დავდგები!
ამ სიტყვებით დავიწყე და ამ სიტყვებით დავასრულე შეხვედრა, რომლის მიმდინარეობის დროსაც ასევე დეტალურად, სამივესთვის გასაგებ ენაზე ავხსენი, თუ რა მნიშვნელოვანი, რამდენად მომგებიანი იყო საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიადის ბაკურიანში ჩატარება და დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად რამდენად არსებითი იყო, რომ საქართველოში სიმშვიდე და სტაბილურობა ყოფილიყო.
პირველი ზვიად გამსახურდია წამოდგა სკამიდან და თქვა:
- მართალია ეს კაცი, უნდა ვაცადოთ, მით უფრო, რომ არც ორი დღე და არც ორი კვირა არაფერს წყვეტს. თუ დათქმულ დროში არაფერი გამოვიდა, აქციების გამართვა სოხუმში ზაფხულშიც შეიძლება და გაცილებით მეტი ხალხის მობილიზაციასაც შევძლებთ, ვიდრე ეს დღესაა თბილისში შესაძლებელი...
დანარჩენებიც დაეთანხმნენ.
შეთანხმების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და როდესაც სტუმრები კარამდე მივაცილე, რა თქმა უნდა, აზრად არ მომსვლია, რომ ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავდით...
ამის შემდეგ გათენდა 4 აპრილი.
გრამოვი საქართველოში ჩამოვიდა და ბაკურიანში გავემგზავრეთ.
აღფრთოვანებული გრამოვი, რომელიც იმედს იძლეოდა, რომ ოლიმპიადის ბაკურიანში ჩატარებას დაუჭერდა მხარს, საღამოს ვახშმად დანგაძის ცნობილ ქოხში დავპატიჟეთ.
ამ დროს მიკავშირდებიან თბილისიდან და მეუბნებიან, რომ არაფორმალების ლიდერები მომიტინგეებთან და ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილთან ერთად, "დინამოს" სტადიონზე გამართული ფეხბურთის მატჩის შემდეგ, დაიძრნენ და მთავრობის სახლთან აქციას ატარებენ.
ყურებს არ ვუჯერებდი. ჩვენი შეთანხმებიდან ორი კვირა კი არა, ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული.
სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში და იმავე საღამოს ადლეიბას შემცვლელი კანდიდატის შერჩევას შევუდექი.
გადაწყდა, რომ ადლეიბას ვლადიმერ ხიშბა შეცვლიდა, რომელიც სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და რომლის დასაყოლიებლად პირადად მე რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება დამჭირდა.
სოხუმისთვის არაფერი შეგვიტყობინებია.
გათენდა თუ არა 6 აპრილის დილა, ექვს საათზე ვლადიმერ ხიშბა - საფოსტო რეისით, მე კი მომდევნო რეისით აფხაზეთში ჩავფრინდით.
აეროპორტში შს მინისტრი შოთა გორგოძე, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სესილი გოგიბერიძე და მეორე მდივანი ბარამიძე დამხვდნენ.
ჩავატარეთ ბიუროს სხდომა, დავსვით ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის ადგილზე რეკომენდაცია ხიშბას გავუწიეთ.
არავინ მოელოდა ასეთ რადიკალურ ზომებს...
ბიუროს ყველა წევრი, მათ შორის თავად ადლეიბა, გაოგნებას ვერ ფარავდა. ბაგრატ შინკუბა, აფხაზი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ერთგვარ იდეოლოგად ითვლებოდა აფხაზურ საზოგადოებაში და რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს ითხოვდა კრემლისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობას, წამოდგა და განაცხადა:
- ჯუმბერ პატიაშვილი მართალია და დღეს ჩვენ მის სამართლიან გადაწყვეტილებას მხარი უნდა დავუჭიროთ!
თანამდებობიდან მხოლოდ ადლეიბა არ გაგვითავისუფლებია. მისი ბედი გაიზიარა ლიხნის შეკრებაში მონაწილე რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც. ჩავატარეთ რამდენიმე ემოციური შეხვედრა, დავგმეთ სეპარატიზმი, ქართულ პოლიციას სიტუაციის სრული კონტროლი დავავალეთ და 7 აპრილს გამთენიისას მე, შოთა გორგოძე და სესილი გოგიბერიძე თბილისში გამოვფრინდით.
სოხუმიდან გამომგზავრებამდე თბილისს გადმოვეცით ინფორმაცია და ვთხოვეთ, მომიტინგეებისთვის ეცნობინებინათ, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, სეპარატისტები საკადრისად დაისაჯნენ და მთავრობის სახლის წინ გამართული აქციაც, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, უნდა დაეშალათ.
სამწუხაროდ, სანამ ჩვენ თბილისში დავბრუნდებოდით, ორგანიზატორებმა აქციის დაშლის ნაცვლად მოთხოვნა შეცვალეს და იმ დროისთვის ყოვლად აბსურდული და წარმოუდგენელი მოთხოვნა დააყენეს - საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან(!).
ცხადი იყო, რომ ამ ვითომდა სპონტანურ და უმართავ პროცესებს უხილავი მმართველი ჰყავდა და აქციები სულაც არ იყო ისეთი "ბუნებრივი", როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
აეროპორში ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ნიკოლსკი დამხვდა და დეტალური ინფორმაცია მომაწოდა:
- დღის 12 საათზე დანიშნულია პარტიული აქტივის კრება. შემუშავებულია გეგმა, რომელშიც გაწერილია, თუ რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გავატაროთ ვითარების სტაბილიზაციისათვის.
თორმეტის ნახევარზე მოსკოვიდან ტელეფონით დამიკავშირდა თავდაცვის მინისტრი იაზოვი (რომელთანაც გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით მანამდეც დაძაბული ურთიერთობა მქონდა) და მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა:
- თხუთმეტ წუთში თქვენთან იქნება ჩემი პირველი მოადგილე კოჩეტოვი.
თხუთმეტ წუთში მართლაც იღება ჩემი კაბინეტის კარი და კოჩეტოვი და როდიონოვი ერთად შემოდიან.
გამიკვირდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდიონოვი თბილისში არ იმყოფებოდა. მივხვდი იმასაც, რომ ვერც კოჩეტოვი ჩამოფრინდებოდა თხუთმეტ წუთში მოსკოვიდან პირდაპირ ჩემს კაბინეტში.
პარტაქტივის შეკრების დაწყებამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა.
ცხადი იყო, რომ კოჩეტოვი და როდიონოვი სწორედ კრებაზე დასასწრებად იყვნენ ცენტრალურ კომიტეტში მოსული. ნამდვილად არ მქონდა იმის სურვილი, რესპუბლიკის აქტივის სხდომას საკავშირო სამხედრო პირები დასწრებოდნენ, მაგრამ ჩემს სურვილზე ბევრი არაფერი იყო დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ ორივეს, როდიონოვსაც და კოჩეტოვსაც, ამის სრული უფლება ჰქონდათ.
კოჩეტოვი ამიერკავკასიის ჯარების ყოფილი სარდალი და ჩვენი ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო, ხოლო როდიონოვი - ასევე ჩვენი ბიუროს წევრი.
პარტაქტივის კრების დაწყებამდე თხოვნით მივმართე ორივეს: საქართველოს შსს-ს ე. წ. მერვე პოლკი, რომელიც იმხანად ყარაბაღში იყო, დაებრუნებინათ საქართველოში, რადგან თბილისი რამდენიმე ასეული მილიციელის იმედად იყო დარჩენილი. ქართული მილიციის დიდი ნაწილი იმხანად (ლიხნისა და ბზიფის მოვლენების შემდეგ) აფხაზეთში იყო მობილიზებული და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აუცილებლად მიმაჩნდა, რომ დედაქალაქში წესრიგი ისევ ქართულ მილიციას დაემყარებინა. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი თხოვნა, რომლითაც ასევე ოფიციალურად მივმართე საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს.
გავრცელდა ხმები, თითქოს 9 აპრილის წინა დღეებში კრემლში დეპეშას დეპეშაზე ვგზავნიდი და დახმარებას ვითხოვდი.
ტყუილია! არანაირი სხვა შინაარსის დეპეშა ჯარებთან და ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით არც ჩემგან და არც ჩემი დავალებით მოსკოვში არ გაგზავნილა.
რასაკვირველია, მე მქონდა ვალდებულება, რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ კრემლი საქმის კურსში ჩამეყენებინა და ვაყენებდი კიდეც; თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი, კრიტიკული სიტუაციებიც კი შერბილებული ფორმით მიმეწოდებინა. ვითარების ხელოვნურად დრამატიზება და ემოციების უტრირება არასდროს ყოფილა ჩემთვის დამახასიათებელი. მით უმეტეს, რომ ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი - პროცესებს რესპუბლიკის, ანუ საკუთარი ძალებით გავაკონტროლებდით.
სამწუხაროდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არასანქცირებულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს მფარველი და წამხალისებელი კრემლშიც ჰყავდა, ხოლო საკავშირო აგენტურის ქსელი გაცილებით ფართო და სოლიდური იყო (როგორც მთავრობაში, ასევე არაფორმალებს შორის,) ვიდრე ამის წარმოდგენა მე შემეძლო.
7 7 7
ყველა ისე ემსახურება საკუთარ ქვეყანას, როგორც შეუძლია და როგორც ესმის. იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართლაც გულანთებული იყო და აქციებშიც გულწრფელად, უანგაროდ იღებდა მონაწილეობას, მაშინაც და ახლაც ერთადერთ გრძნობას განვიცდი - პატივისცემას!..
რაც შეეხება კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, რომელთაც ამ წიგნში, სავარაუდოდ, ზოგიერთი რამ გააღიზიანებს - მე ვწერ იმას, რაც რეალურად იყო, ფაქტის შეფასება უკვე მკითხველის პრეროგატივაა.
ბევრისგან განსხვავებით, რომელთაც ზვიად გამსახურდია პირისპირ ერთხელაც არ უნახავთ, მე ზვიადს ბავშვობიდან ვიცნობდი და ზოგიერთი დაბადებულიც არ იყო, როცა მე და ზვიადი თანატოლებთან ერთად ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით... ასე რომ, ზვიადის ჩემგან დაცვის აუცილებლობა არ არსებობს და თუ ვინმეს საკუთარი თავის რეკლამისა თუ თვითდამკვიდრებისთვის ეს მაინც სჭირდება, ეს მისი ნება და პრობლემაა. ავანტიურისტებს ნამდვილად არ ავყვები, მით უფრო, რომ კერპთაყვანისმცემელი არც თავად გახლავართ და არც სხვების კერპთაყვანისმცემლობისა მესმის.
თუ ზვიად გამსახურდიას მომხრეების გარკვეულ ნაწილს ის გააღიზიანებს, რომ მერაბ კოსტავაზე გაცილებით მეტი სიმპათიითა და სიყვარულით ვლაპარაკობ, ვწუხვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პიროვნული ღირსებებით ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთ სიბრტყეში არც მაშინ განვიხილავდი და არც დღეს განვიხილავ.
მერაბ კოსტავას ვერც იმ ე. წ. ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან გავაიგივებ, რომელთა შესახებაც აქციებზე ხმას ავრცელებდნენ, თითქოს ისინი სუკ-მა დააპატიმრა, იმ დროს, როცა სინამდვილეში რესტორნებში ქეიფობდნენ. ყანწებს ყანწებზე ცლიდნენ და აქციაზე მოშიმშილე ადამიანების გულწრფელი ემოციებითა და შეშფოთებით სპეკულირებდნენ.
როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში დუმილს ოქროს კი არა, ჩალის ფასიც არ ჰქონია! ოცდასამი წელია, იმას გაჰყვირიან - პატიაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე სიმართლეს რატომ არ ამბობსო(.!).
ვამბობ და, სავარაუდოდ, ახლა იმას "გააპროტესტებენ" - "ცეკას" ყოფილი მდივანი კერპებს გვინგრევს და მითებს გვიუფასურებსო(!).
ვისაც სურს კერპთაყვანისმცემლად და ფანატიკოსად დარჩენა, დარჩეს. მე მათთვის ვლაპარაკობ და ვწერ, ვისაც რეალური ისტორია აინტერესებს და არა ლეგენდები და მითები!
რასაკვირველია, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელს, სიტუაციის კონტროლზე პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, რომელსაც არც მაშინ გავურბოდი და არც დღეს გავურბივარ.
დიახ, მე ვიყავი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელიც არაფორმალებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. იმ არაფორმალებთან, რომლებიც მოთხოვნას მოთხოვნაზე აყენებდნენ, რადიკალიზმს რადიკალიზმს უმატებდნენ, პირობას პირობად არ ასრულებდნენ და ქვეყანა სრული დესტაბილიზაციისა და კატასტროფისკენ მიჰყავდათ!..
ვიყავი რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელიც პარალელურად აფხაზურ სეპარატიზმს, ხალხთა შორის დაპირისპირებას ებრძოდა და რადიკალურ საკადრო ცვლილებებს ატარებდა.
ვიყავი რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელსაც, ამავე დროს, კრემლთან ჰქონდა ანგარიშვალდებულება და ცდილობდა, საკავშირო ძალების ჩაურევლად აერიდებინა თავიდან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გარდაუვალი უბედურება...
ვიყავი რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელსაც ყველა სტრუქტურაში, ყველა კაბინეტსა და ყველა ორღობეში აგენტურა ჰყავდა ჩასაფრებული... რომელსაც საჭირო ინფორმაციას ან დროულად არ აწვდიდნენ, ან საერთოდ უმალავდნენ...
ყველა თავის თამაშს თამაშობდა!
ეს იყო ლახტის წრე, რომელიც ვერაფრით გავარღვიე, რადგან ერთ მონოლითად შეიკრა - კრემლიც, ჯარიც, ცენტრალური კომიტეტიც და არაფორმალების აგენტურაც! ამ ლახტის წრეში მოქცეულს კი 9 აპრილის ტრაგედიის ყველა შოლტი მე მომხვდა.
ამ ყველაფერს თანაგრძნობისთვის არ ვამბობ; მით უფრო, არ ვამბობ სიბრალულისთვის...
7 7 7
ტრაგედიის შემდეგ იაზოვმა პირველსავე ინტერვიუში დაადასტურა, რომ სხვადასხვა უწყებამ აპრილის დასაწყისში მოსკოვიდან საქართველოში უამრავი "უჩინარი" აგენტი გამოგზავნა.
თვითონ ის ფაქტი, რომ კოჩეტოვი და როდიონოვი აქტივის დაწყებამდე თხუთმეტი წუთით ადრე მოულოდნელად მოვიდნენ ჩემს კაბინეიტში, მაშინ როცა არც ერთი არ მეგულებოდა საქართველოში, და გამომიცხადეს - საკუთარი თვალით ვნახეთ, ღამით მომიტინგეების რიცხვი მცირდება და აქციაც სწორედ ღამით უნდა დავშალოთო - მეტყველებს იმაზე, რომ ისინი, სულ მცირე, წინა ღამით მაინც უკვე თბილისში იმყოფებოდნენ და ამის შესახებ მე, რესპუბლიკის პირველი პირი, არც ერთმა უწყებამ არ ჩამაყენა საქმის კურსში.
მენიშნა იური როსტის ინტერვიუც, რომელიც მან 9 აპრილის ტრაგედიიდან მალევე გამოაქვეყნა "ლიტერატურნაია გაზეტაში".
ფოტორეპორტიორი, რომელიც ლამის გმირად შერაცხეს ქართველებმა, რადგან მსოფლიოს სწორედ მის მიერ გადაღებული ფოტომასალით შეექმნა წარმოდგენა 9 აპრილის ტრაგედიაზე, წერს:
- 8 აპრილს მეგობრები დამიკავშირდნენ თბილისიდან და მითხრეს: სასწრაფოდ ჩამოდი თბილისში. ამაღამ აქ დიდი ამბები მოხდება და საოცარი კადრების გადაღებას შეძლებ... მე გავითვალისწინე ჩემი მეგობრების თხოვნა და რჩევა და 8 აპრილს, ბოლო რეისით თბილისში ჩავფრინდი...
საოცარია, ამას ამბობს და წერს საქართველოდან ინფორმირებული მოსკოველი ფოტორეპორტიორი, მაშინ, როცა ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მის ხელთ არსებული ყველა ოფიციალური ინფორმაციით, დარწმუნებულია, რომ მოედანს მომიტინგებისაგან ისე გაათავისუფლებენ, არც ერთი მოქალაქის არათუ სიცოცხლეს, თმის ღერს არ შეექმნება საშიშროება.
თავი მეთექვსმეტე
7 აპრილს პარტაქტივის კრება დღის თორმეტ საათზე დაიწყო.
როდესაც კოჩეტოვთან და როდიონოვთან ერთად დარბაზში შევედი, იქ ოთხასამდე პარტიული მუშაკი, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენელი დაგვხვდა.
არც ერთს არ გასჩენია პროტესტი, არც ერთს არ დაუსვას კითხვა, რატომ მახლდნენ თან კოჩეტოვი და როდიონოვი, ან რა ესაქმებოდათ სამხედრო პირებს პარტაქტივის კრებაზე.
დარბაზში მყოფთა ტაშის თანხლებით ავედით პრეზიდიუმამდე.
კრების მსვლელობის დროს სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა.
იმ აზრს, რომ სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის თავიდან ასაცილებლად აქცია აუცილებლად უნდა დაშლილიყო, ყველა უსიტყვოდ დათანხმდა.
ჟურნალისტების ამალით სიარული და კერძო სტენოგრამების ფარულად გაკეთება ჩემი სტილი არ იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, მეხსიერება კარგი მაქვს. დარბაზში ოთხასი კაცი იჯდა და იმედია, ვისაც არც მახსოვრობა და არც სინდისი ღალატობს, არ დავიწყებია, რომ ზოგიერთი ამხანაგი, რომელიც დღემდე ჩუმადაა, მაშინ მხოლოდ აქციის მშვიდობიანად დაშლას კი არა, არაფორმალების დასჯასა და დაპატიმრებასაც მოითხოვდა და არც ლიდერების "ფაშისტებად" და "რევანშისტებად" მოხსენიებას მორიდებია.
კრების მსვლელობის დროს რეჟისორი რეზო ჩხეიძე გამოვიდა ინიციატივით: შექმნილიყო ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც მიტინგის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და შეძლებდა მათ დარწმუნებას, რომ სიტუაციის უკიდურესად დაძაბავას ქვეყანა გარდაუვალი კატასტროფისკენ მიჰყავდა და მიტინგები უნდა შეეწყვიტათ.
რასაკვირველია, რეზო ჩხეიძის ინიციატივას მხარი დავუჭირეთ.
ანალოგიური ინიციატივა (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) პოეტ მუხრან მაჭავარიანსაც ჰქონდა; თუმცა, თავად მუხრანი ხელჩაკიდებული დადიოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შორის 4 აპრილის აქციაზე, ანუ მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც ცენტრალურ კომიტეტში, ჩემს კაბინეტში ზვიადთან და მერაბთან შევთანხმდით, რომ აქციებს ორი კვირით გადადებდნენ.
იმ დღეს პარტაქტივის კრებაზე დაისვა საკითხი: უნდა გამოვსულიყავი თუ არა მე, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, მომიტინგეებთან.!
ყველა წინააღმდეგი წავიდა, ომარ ვარძელაშვილის გარდა, რომელმაც მეორე დღეს ბიუროზე უკვე შეცვალა პოზიცია და უმრავლესობის მსგავსად განაცხადა:
- მომიტინგეებთან გასვლა არანაირ დადებით შედეგს არ გამოიღებს. პირიქით, შესაძლოა, ეს კიდევ უფრო მეტი აგრესიისა და პროტესტის საბაბი გახდეს.
დღემდე ბევრს ლაპარაკობენ ამ თემაზე, არის სჯა-ბაასი და აზრთა სხვადასხვაობა...
ბუნებრივია, მეც არაერთხელ დავფიქრებულვარ, მაგრამ ნებისმიერ სავარაუდო უკეთეს შედეგს ყოველთვის ერთი ჯიუტი ფაქტი მიბათილებს: მომიტინგეები მთავრობის სასახლესთან არაფორმალთა ლიდერებმა შეკრიბეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ მათ ნება-სურვილს ემორჩილებოდნენ!
ახლოს არ გაიკარეს და არ მოუსმინეს ჩვენ მიერ წარგზავნილ არც ერთ პარტიულ ფუნქციონერს, არც ერთ საზოგადო მოღვაწეს, არც შეისმინეს არანაირი თხოვნა, არანაირი გაფრთხილება...
არ ვიცი, ვის აქვს იმის ილუზია, რომ ადამიანები, რომლებმაც უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს არ დაუჯერეს, მე, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს დამიჯერებდნენ(.!).
ფაქტია, მე მსგავსი ილუზია არც მაშინ მქონია და არ დღეს მაქვს.
ერთადერთი, ვისაც მომიტინგეების დაშლა შეეძლო, აქციის ორგანიზატორები იყვნენ, სწორედ ამიტომ ვაწარმოებდი მათთან მოლაპარაკებას, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მათ მოცემული პირობა არ შეასრულეს.
მერაბ კოსტავა ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ამბობს: პატიაშვილი მაშინ ჩვენ გვერდით რომ დამდგარიყო, თავსაც გადაირჩენდა და ქვეყანას გადაარჩენდაო.
მერაბი, როგორც ყოველთვის, ალბათ, ამ სიტყვების წარმოთქმის დროსაც გულწრფელად, მაღალი იდეალებიდან უყურებდა სამყაროს... მაგრამ სამყარო, ისევე როგორც მერაბის გვერდით მდგომები, ყოველთვის გულწრფელი არ ყოფილან. პირიქით, ის ხშირად დაუნდობელიც იყო!
მერაბ კოსტავა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იდეაში საბჭოთა იმპერიალიზმს მართლაც ებრძოდა, მაგრამ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რეალურად რა მექანიზმით, რა სტრუქტურებით მუშაობდა კრემლი, რაზე იდგა თავად იმპერიალიზმი, ანუ ის, რასაც პატიმრობაში, გადასახლებაში და თავისუფლებაზე მყოფი წლების განმავლობაში ოცნებით "ანგრევდა"...
უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც მე ჩემს პასუხისმგებლობასა და პრინციპებზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მაშინც კი, თუ მხოლოდ ემოციებით მივიღებდით გადაწყვეტილებას, დავტოვებდი ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტს და მომიტინგეებს შევუერთდებოდი, შესაძლოა, ფანატიკოსებისა და იდეალისტებისათვის გმირი მართლაც გავმხდარიყავი!
საქართველოში ხომ არაფერია იმაზე იოლი, ვიდრე ერთ წუთში გმირად "აღიარება"(!).
...მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაპონის როლს შევასრულებდი, საქართველოში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა, ხოლო მსხვერპლი ორი ათეულის ზღვარზე კი არ გაჩერდებოდა (როგორც ეს ჩემი "ცეკას" პირველი მდივნობის პირობებში 9 აპრილს მოხდა), ასეულებს და ათასეულებს მიაღწევდა.
ამას თავის მართლების გამო კი არ ვამბობ, მათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ფუჭი ლაპარაკის, იაფფასიანი პოპულიზმისა და სხვისი განვლილი გზის განქიქების გარდა ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია; ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რა არის რეალურად პასუხისმგებლობა არაერთი, ორი, სამი ადამიანის ან სულაც ათასობით მომიტინგის, არამედ მთელი ერის, მთელი ქვეყნის წინაშე!
იმ დღეს კი, როცა პარტაქტივის კრებამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომიტინგეებთან ჩემი გასვლა ყოვლად დაუშვებელი იყო, 7 აპრილს სატელევიზიო მიმართვა გავაკეთე.
7 7 7
8 აპრილის დილა ასეთი სურათით დაიწყო - მომიტინგეები კვლავ აგრძელებენ მიტინგს, ცენტრალურ კომიტეტში კი მუშაობას ვაგრძელებთ.
ოთხასკაციანი დარბაზი, რომელშიც წინა დღეს პარტაქტივის კრება ჩატარდა, კვლავ გაჭედილია. ამჯერად უკვე 8 აპრილს განხილულ აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხას ვამტკიცებთ.
პარტაქტივის მიერ შემუშავებულ აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებათა ნუსხაში ერთ-ერთი პუნქტი ასეთი შინაარსის შემცველია - არასანქცირებული მიტინგის ორგანიზატორთა იზოლირება, რაც, ბუნებრივია, არაფორმალთა ლიდერების დაპატიმრებას გულისხმობს.
ამ წინადადებას ყველა ერთხმად უჭერს მხარს. უფრო მეტიც, დარბაზი ტაშისკვრით ხვდება.
სწორედ მაშინ თქვა ჯანსუღ ჩარკვიანმა თავისი ცნობილი ფრაზა:
- ახლა ყველა ტაშს უკრავთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოვა დრო და პასუხს მხოლოდ ამათ მოსთხოვთ! - და ხელი ჩვენკენ გამოიშვირა.
კრება ჯერ არ დასრულებულიყო, აქციის ორგანიზატორები კი უკვე ინფორმირებული იყვნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ და, როგორც მოსალოდნელი იყო, სასწრაფოდ დატოვეს მიტინგი.
სამაგიეროდ, მოულოდნელი იყო იმავე დღეს, აქტივის დასრულების შემდეგ რაზუმოვსკის ზარი.
- კრემლი კატეგორიული წინააღმდეგია, აქციის ორგანიზატორების დაპატიმრების უფლებას არ გაძლევთ! - განმიცხადა მან.
(გაგრძელება იქნება)
















































































მთავარი
კონტაქტი
2010