მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-04-23
მოდი, ავირჩიოთ ორი მერი

გასულ კვირაში თბილისის ქუჩებში ნაცმოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასა და კაი ხნის წინათ გადაყენებული გიგი უგულავას პორტრეტებით დამშვენებული ბილბორდები გამოჩნდა. ეტყობა, თანაპარტიელები მაინცდამაინც ვერ ენდობიან მელიას ავტორიტეტს და მერად მის "გათრევას" ისევ ბიუჯეტის ქურდობაში ეჭვმიტანილი უგულავას ხელით აპირებენ.
ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოს ყველა თავმოყვარე გაზეთისა თუ საინფორმაციო სააგენტოს ყურადღების ცენტრში უკრაინასა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. გასაკვირი არაფერია - რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს კატასტროფით ემუქრება.

მშვიდობით, უკრაინა!
"მაიდნის რევოლუციამ" ჩვენი კეთილი მეგობარი და მეზობელი უკრაინა არა მარტო შინააშლილობამდე და სამოქალაქო ომამდე, არამედ რუსეთთან უმწვავეს დაპირისპირებამდე და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალურ საშიშროებამდე მიიყვანა. მართალია, თავიდან ევროკავშირიც, აშშ-ც, ნატოც, სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციებიც და თვით ქართული "ვარდების რევოლუციის" მამინაცვალი გივი თარგამაძეც კლიჩკოსა და მისი რაზმის მხარეს იყვნენ, მაგრამ სულ მალე ვითარება რადიკალურად შეიცვალა - ცივილიზებულმა დასავლეთმა ფრთხილი პოზიცია ამჯობინა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "აგრესორი" პუტინის რეიტინგმა რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოში კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია.
ჯერ გასულ კვირაში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება გავიხსენოთ: "თუ კიეველი თავგახურებულები დროზე გონს არ მოეგებიან, რუსეთი მზადაა გამანადგურებელი დარტყმისთვის".
7 აპრილს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს უკრაინის ანექსიას, ანექსიის მცდელობასაც კი. ამიტომ მომხრეა ნატოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და მისი უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოყენებისა. სულ რაღაც ცხრა დღის შემდეგ, მილოშ ზემანი უკვე რადიკალურად ცვლის "ჩვენებას": "უკრაინას მართლაც სჭირდება ძლიერი ლიდერი, მაგრამ არა იმ განგსტერებიდან, ახლა რომ არიან ხელისუფლებაში, თუნდაც იყოს მდედრობითი სქესისა, ჰქონდეს ანგელოზური ღიმილი და მშვენიერი ვარცხნილობა". მისი აზრით, ახლა უკრაინაში მიმდინარეობს დაპირისპირება ორ განგსტერულ დაჯგუფებას შორის. ასეთ ვითარებაში უკრაინას ვერავინ დაეხმარება, მათ შორის, ვერც ევროკავშირი, რადგან ეს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ მიაღწევს და ოლიგარქების ჯიბეებში დაილექება. რასაკვირველია, შოთა მალაშხიამ და გოგა ხაჩიძემ უკეთ იციან, მაგრამ მილოშ ზემანიც არ არის ხელწამოსაკრავი კაცი.
მეგონა, განგსტერებთან დაკავშირებით ჩეხეთის პრეზიდენტმა ცოტა გადაამლაშა, მაგრამ გასულ კვირაში ლვოვის ოლქში მოხდა ფაქტი, რომელმაც მძიმედ ჩააფიქრა მოაზროვნე კაცობრიობა - ადგილობრივმა ნაციონალისტებმა საზეიმოდ გადაასვენეს 1944 წელს ლვოვში დაღუპული თთ-ელები. გადასვენების საზეიმო ცერემონიალისას დაცული იყო ესესისა და, საერთოდ, ფაშისტური გერმანიის არმიის ყველა ტრადიცია: სს-ის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები, სვასტიკიანი დროშები, საზეიმო მსვლელობა, შმაიზერები, საპატიო ყარაული, შაშხანების ზალპი, ტრადიციულ უკრაინულ ფორმაში გამოწყობილი მწუხარესახიანი ჯენტლმენები...
ამავე დროს, აღმოსავლეთ უკრაინის ოლქებში ადმინისტრაციულ შენობებსა და სამხედრო ბაზებზე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და რუსული დროშების ასაფრიალებლად მიმდინარეობს აშკარა შტურმი (თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების საყურადღებოდ - რუსული და არა სლოვაკური ან ფრანგული დროშებისა!ძ
მოკლედ, ერთი მხრივ, დასავლეთ უკრაინის უმრავლესობის აშკარად გამოხატული სეპარატისტულ-შოვინისტურ-ფაშისტური განწყობა და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინის ასევე აშკარად გამოხატული პრორუსული განწყობა!
ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება, უკრაინას თავისი საზღვრები (სადემარკაციო ხაზები) ოფიციალურად დაფიქსირებული არა აქვს, ხოლო, რაც არ არსებობს (ანუ უკრაინის სახელმწიფოს საზღვრები), იმის დარღვევა ყოვლად შეუძლებელიაო.
გასულ კვირაში გამართლდა ყველაზე უარესი პროგნოზი: ჟენევის ოთხმხრივი შეხვედრის რეზოლუციით რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა და ისიც, რასაც ვერ იოცნებებდა - უკრაინა, ფაქტობრივად, რუსეთის პროვინციად იქცა. არავითარი აგრესია, არავითარი ანექსია, არავითარი ოკუპაცია: ევროკავშირისა და აშშ-ს ხელშეწყობით რუსეთის ყოფნა მოძმე უკრაინაში დაკანონებულია.
ბარემ საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ბავშვების დიდი მეგობრის, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ ერთ საინტერესო განცხადებასაც გაგაცნობთ: "როდესაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, მისი (რუსეთის) ტანკები შუა გზამდე ძლივს მივიდნენ, მისმა დაჟანგულმა რაკეტებმა კი ვერ შეძლეს გამკლავებოდნენ ქართულ შეიარაღებას. მისმა მოძველებულმა ტექნიკამ და ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს შეესრულებინათ ოფიცრების ბრძანებები. ამიტომაც რუსეთის "წითელი არმია" საქართველოში, 2008 წელს დამარცხდა."
ეს რომ დიდ ქართველ ანალიტიკოსს გოგა ხაჩიძეს ეთქვა, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ რასმუსენისგან ნამდვილად არ ველოდი - ეს ბიჭი, მგონი, საწყალ უკრაინელებს აგიჟებს!
საერთოდ, ანალიზის გაკეთება რთული საქმეა და მე როგორ გავბედავ, მით უფრო აგერაა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი: ტელეკომპანია "ტაბულაში" გამოსვლისას მან ბრძანა, ზოგჯერ ომის წაგება საჭიროა, რომ მერე ისევ იომოო. მართალია, დედა მიგიჯირყვნება, სამაგიეროდ, ტელევიზიები წალეკავენ ქვეყნიერებას და მაგარი "პაპულიარნი" გახდებიო, რუსეთსაც ნიღაბს ჩამოხსნიო! რაც მთავარია, მის ამ გამოსვლას კვერი დაუკრეს "პროსტა" ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა და დიდმა პოლიტიკოსმა გოკა გაბაშვილმა.
მოკლედ, თუ რასმუსენს და მიშას "კამანდას" დაუჯერეს, უკრაინელების საქმე წასულია.
მშვიდობით, საქართველო!
გასულ კვირაში საქართველოს ევროინტეგრაციასა და რუსეთის დასამარებაზე მეოცნებე საზოგადოებაში დიდი აღტყინება გამოიწვია აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლამ, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ევროპას გაზი საკუთარი რეზერვებიდან მიაწოდოსო. თანაც იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება მოძმე ევროპის გასათბობად, გასაძღომად და გასანათებლადო. ეს ნიშნავს, რომ მეგობარი ამერიკა მზადაა, დღემდე დაკონსერვებული თავისი მარაგები გახსნას და ევროპა რუსის კლანჭებისგან იხსნას.
ამერიკის ეს ნაბიჯი არა მარტო ევროპას გაუხსნის ხელ-ფეხს, არამედ რუსეთსაც დააჩოქებს და შემადგენელ ნაწილებად დაშლის, ანუ კაცობრიობა საქართველოსთან ერთად გიგანტური ნაბიჯებით გაემართება სანეტარო მომავლისაკენ.
ბატონ ობამას არ დაუზუსტებია, რამდენი ხანი დასჭირდება ამერიკიდან ევროპამდე გაზსადენის მშენებლობას და რა მარშრუტით წამოგრიალდება გაზი. არც ის უთქვამს, რა შეიძლება ელოდეს საქართველოს რუსეთის მარტივ მამრავლებად დაშლის შემთხვევაში.
არადა, ჩვენთვის, საქართველოსათვის განსაკუთრებით საშიში რუსეთის დაშლა იქნებოდა: ვინ დაიცავს საქართველოს ჩრდილოკავკასიელი ძმებისაგან. სიტყვა "საშიში", მგონი, ცოტა უადგილოდ ვიხმარე - ურუსეთოდ დარჩენილი ჩრდილოეთ კავკასიის პირობებში საქართველოს გასავერანებლად და მიწის პირისაგან აღსაგველად ორიოდე წელიწადიც საკმარისზე მეტი იქნება.

საეჭვო დამთხვევა
კი ბატონო, რუსი აგრესორია, ასეთია, ისეთიც კია, მაგრამ იგი არსებობს, იგი საშიშია და მასთან დიალოგი აუცილებელია (სანამ გივი თარგამაძე დაშლიდეს, მანამ მაინც!). ასეთი დიალოგი უმაღლეს დონეზე უახლოეს მომავალში გაიმართება. დიალოგის ერთი მონაწილის პერსონა ისედაც ცნობილი იყო - პრეზიდენტი პუტინი. მეორის ვინაობის დასადგენად კი საქართველოში დიდი აზრთა სხვაობაა. უფრო ზუსტად, არაფორმალური (ნამდვილი) "უმაღლესი" კი ცნობილია, მაგრამ ვერ ვთანხმდებოდით, ვინ უნდა ყოფილიყო დანარჩენებზე მაღალი და ნამდვილ უმაღლესზე დაბალი უმაღლესი - პრემიერი ღარიბაშვილი თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი. გასულ კვირაში ეს პრობლემაც წარმატებით გადავჭერით, უფრო ზუსტად, გადაჭრა პარლამენტმა - უმაღლესი პერსონა პრემიერი ღარიბაშვილია და პრეზიდენტ პუტინსაც ის შეხვდება!
მანამდე კი ერთმანეთს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარასინი და ჩვენი ზურაბ აბაშიძე შეხვდნენ. შესაძლოა, მათ პრეზიდენტ პუტინისა და პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრის მოსამზადებელ დეტალებზეც ესაუბრათ.
საინტერესოა, რომ მათი შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონში ქართული ემ-3-ის სამი ჟურნალისტი დააკავეს, ანუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სწორედ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას შეიქმნა უაღრესად კონფლიქტური ვითარება.
ალბათ, ამიტომაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტების დაკავება ინსპირირებული იყო რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების მოწინააღმდეგეთა მიერ.
წარმოიდგინეთ, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან დავით ნარმანიას გადადგომაც კი დაჩრდილა. ნარმანია კი, როგორც სინდისიერ კაცს შეეფერება, მინისტრის პოსტიდან თბილისის მერის პოსტის მაძიებლებში გადანაცვლების გამო გადადგა.
მერზე გამახსენდა, გასულ კვირაში თბილისის ქუჩებში ნაცმოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასა და კაი ხნის წინათ გადაყენებული გიგი უგულავას პორტრეტებით დამშვენებული ბილბორდები გამოჩნდა. ეტყობა, თანაპარტიელები მაინცდამაინც ვერ ენდობიან მელიას ავტორიტეტს და მერად მის "გათრევას" ისევ ბიუჯეტის ქურდობაში ეჭვმიტანილი უგულავას ხელით აპირებენ.
ისე, მერად ნიკა და გიგი ორივე ერთად რომ ავირჩიოთ, რა მოხდება. - ბილბორდებზე ძალიან უხდებიან ერთმანეთს.

მერული ციებ-ცხელება
მინდა, მოგილოცოთ, ძვირფასო თბილისელებო - თქვენი კეთილდღეობისათვის თავგადადებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. არენაზე უკვე გამოჩნდა მხოლოდ თქვენთვის გაერთიანებული კოალიცია ,,ალიანსი - ევროატლანტიკური არჩევანი" (მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" - ს. ჯავახიძე; "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - ბ. ქარდავა; "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" - ზ. ხარატიშვილი; "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" - გ. ჯოჯუა; "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" - თ. ჩხეიძე; "მერაბ კოსტავას საზოგადოება" - ვ. ადამია; "საქართველოს ქალთა პარტია" - ხ. მაჭავარიანი; კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა უხელმძღვანელებს.
16 აპრილს სასტუმრო "შერატონ მეტეხი-პალასიდან" საზოგადოების წინაშე წარსდგა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორები" საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ღლონტის მეთაურობით.
ერთობ სერიოზული განზრახვა აქვთ კახა კუკავასა და სალომე ზურაბიშვილს; შეიქმნა კიდევ ერთი გაერთიანება დავით თარხან-მოურავის თავმჯდომარეობით; გამორიცხული არ არის, ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ მერობაზე კენჭისყრას მიხეილ-გელა სალუაშვილი და შალვა ნათელაშვილიც კი დათანხმდნენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რას აპირებენ თენგიზ კიტოვანი და ლოთი ქობალია.
არჩევნებში ნამდვილად გვიმართლებს!

სად არის ქართული მწერლობა.
გასულ კვირაში პატივი დაგვდო და თავისი მწვავე განცხადებით თავი შეგვახსენა ბატონმა გივი სიხარულიძემ. რამე რომ არ შემეშალოს, მოვიყვან ციტატას საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული მისი განცხადებიდან:
"ეს ბუღაძეები, დეისაძეები, ქარუმიძეები, ბურჭულაძეები არც გიჟები არიან და არც ავადმყოფები, ესენი არიან კარგად გააზრებული ნაძირლები, რომლებმაც მშვენივრად იციან, რა არის საქართველო და სწორედ იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველო თავისი დიადი კულტურით, ისტორიითა და სულიერებით მიწაში ჩადონ!... როცა ბურჭულაძემ პირველად დაწერა, რომ მას დედამისზე "უდგება" აი, მაშინ უნდა მივარდნილიყო მთელი საქართველო, გამოეყვანათ ეს ნაძირალა და გაეძევებინათ საქართველოდან, იმიტომ რომ ასეთი ქართველი არ სჭირდება საქართველოს".
ამას ამბობს გივი სიხარულიძე - წარსულში კარგი მოცეკვავე და ქალების გულთა მპყრობელი, ახლა ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყველა რანგის ქართული ტელევიზიების უცვლელი ბრენდი, კაი მოქეიფე და მოღადავე ბიჭი, საშუალოდ უნიჭო მსახიობი, უნიჭო პოეტი, კიდევ უფრო უნიჭო მწერალი და კიდევ უფრო უნიჭო პუბლიცისტი.
ეს ბუღაძეები და სხვები "ცუდები" არიან თუ "კარგები", ეს უნდა თქვას ქართულმა ლიტერატურის კრიტიკამ, პუბლიცისტიკამ, მწერლობამ და არა კაი ბიჭმა გივი სიხარულიძემ. როცა ამას ამბობს ბატონი გივი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მწერლობა მომკვდარა.
იმედია, ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები არ დაგვზარდებიან და დაგვარწმუნებენ ჩემი აღშფოთების უსაფუძვლობასა და გივი სიხარულიძის მწერლობაში.
იქნებ, მწერლებმაც თქვან ორიოდე სიტყვა...

















ავტორი:  მიხეილ დარახველიძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი