ორლარიანი "Weekend"-ის აპრილის ბოლო ნომერში ვინმე თაკო სალთხუციშვილი "ფსიქომანის" სახელწოდებით ახალ რუბრიკას გვთავაზობს და ფიქრობს, რომ საუბარი მეტად მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს. ეს კი ფსიქოსოციალური ტოქსინებია.
ტოქსინი ბერძნული სიტყვაა და შხამს ნიშნავსო. შხამები კი, როგორც ფაშიზმისა და კომუნიზმის დროს, თურმე სწორედ დღეს მოგვეწოდება ჰაერიდან, მიწიდან, პურიდან, წყლიდან, ერთი სიტყვით, შხამებში ვყოფილვართ ჩაფლული.
თაკოს რეცეპტი ასეთია: იმისათვის, რომ არ გავხდეთ ტოქსინების მსხვერპლი, საჭიროა საკუთარი თავი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდეს (ანუ გვეყუდნოდესო!) და ვინმე "გივის" აზრი ჩვენი ცხოვრების მმართველი არ იყოსო.
მოკლედ, გივი რას იტყვის, რას იფიქრებს, ან როგორ მოიქცევა, ჩვენს პიროვნებას არ უნდა შეეხოს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნება, ავიხდენთ საწადელს (ზუსტად ისე, როგორც ცნობილი ლელთ ღუნია გვმოძღვრავდა). და თაკო იქვე გვთავაზობს: მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ რასაც ვამბობთო (ამ დროს თავისი თავი აღარ ახსოვს!) და იმედი აქვს, რომ ფსიქომანის პირველი თემა ყველას მოგვეწონა და კვლავაც შეეცდება ამ თემაზე წერას. ერთი სიტყვით, გული არ უნდა გავიტეხოთ, თაკოსგან შხამი არ მოგვაკლდება.
თავისი აზრით (შეფარვით, ცხადია), სახელმწიფოს მთავარი იარაღი (დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოსი, რასაკვირველია, და არა გუშინდელი, სააკაშვილის, სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა) იდეოლოგიური შხამია. ასეთი იდეოლოგიები კი კაცობრიობას მრავლად გამოუცდია, ფაშიზმი და კომუნიზმი ამის საკმარისი დასტურიაო.
ხომ გესმის, ძვირფასო მკითხველო, სად უკაკუნებს ეს ჩვენი თაკო! ფაშიზმი და კომუნიზმი ერთნაირი შხამია და ნელ-ნელა გვეპარებაო, სწორედ ამისგან უნდა დავიცვათ დღეს თავიო.
მაგრამ ეს თავის დაცვა თაკოს საკმაოდ რთულ და გრძელ თემად ეჩვენება და ამაზე სხვა დროს გვპირდება საუბარს (გეყოფა, თაკო!).
ო, რა ეშმაკი ხარ თაკო, თაკუნა, რა ეშმაკურად შემოგვაპარე შენი ტოქსინი, ანუ შხამი. იმასაც მიგიხვდით, რომ ვინმე გივიში, რასაკვირველია, თარგამაძეს არ გულისხმობ, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ პირველ მომწამლავსა და მომშხამავს. გივი შენ დღევანდელი ხელისუფლების ზოგად სახელად წარმოგიდგენია, და მორიელისა არ იყოს, ნაციონალების საყვარელი "ცუულუტვ"-ის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ ორ ლარად შხამავ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გაუთვითცნობიერებელ გულუბრყვილო მკითხველს.
არა, ნამდვილად არ გეკადრება, თაკუნა, ასეთი აშკარა (შენი აზრით კი, ფარული) აღვირახსნილი ვირეშმაკობა.
გვეყო, რაც შენს ქალბატონ რედაქტორთან ერთად შენისთანებმა მთელი ათი წელიწადი გვშხამეთ და გვწამლეთ.
ახლა თქვენი შხამ-ტოქსინებისგან განკურნების ჟამია...
















































































მთავარი
კონტაქტი
2010