მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-03-12
ნოდარ ნათაძე: რუსები პუტინს ჩამოახრჩობენ

ქვეყნის ისტორიაში არის ისეთი მოვლენები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და გაანალიზებას, გააზრებას საჭიროებს. ასეთ მოვლენებს შორისაა 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიაც, რომელიც მოაწყვეს თბილისში საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით.
1956 წლის 9 მარტს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე ხრუშჩოვმა სტალინი კულტად გამოაცხადა, რასაც სტალინის მავზოლეუმიდან მისი გამოსვენება, კრემლის კედელთან დამარხვა და მისი მოღვაწეობის დაგმობა მოჰყვა.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე 9 მარტის მოვლენების მონაწილეა და ამ ტრაგედიას ბროშურა მიუძღვნა, სადაც გააანალიზა და შეაფასა მომხდარი.
- ეს იყო, უბრალოდ, ხრუშჩოვის ინსტინქტებზე დამყარებული საზიზღარი შურისძიება. ბოლო დღეებში უკვე ხდებოდა პროვოცირება, რომ ხალხი ყოფილიყო მეტი და არავინ წასულიყო. ხრუშჩოვმა გამოიყენა რუსი ხალხის ბნელი ინსტინქტები ქართველების წინააღმდეგ მიმართული. საერთოდ, საბჭოთა კავშირის დროს ისეთი იდეოლოგია ჰქონდათ, თითქოს საქართველოში კოლმეურნეობა არ იყო და, საერთოდ, ბედნიერი ცხოვრება სუფევდა, - განაცხადა ნოდარ ნათაძემ.
- ბატონო ნოდარ, 9 მარტის მოვლენები იმპერიული, სადამსჯელო აქცია არ იყო?
- ხრუშჩოვის მხრიდან ეს იყო პრიმიტიული, ცხოველური შურისძიება.
- თუმცა, რამდენადაც ვიცი, 9 მარტის მოვლენების შემდეგ ხრუშჩოვს რეპრესიები აღარ გაუგრძელებია ისე მასშტაბურად, როგორც ეს სტალინის დროს ხდებოდა.
- არა, ჩაფარცხვა არჩიეს. 9 მარტს რუსების მოქმედებაში საინტერესო არაფერია.
- ქართველებმა თუ გაიაზრეს? საინტერესოა იმის გაანალიზება, ზოგადად, იმპერიების პირობებში ქართველები როგორ მოქმედებდნენ?
- გეტყვით. სტალინი მოკვდა 1953 წელს. შემდეგ დაიწყო ქართველების დემონსტრაციული შევიწროება ჯარში, სავაჭრო ადგილებში და ყველგან. დაიწყო ინსტინქტური შევიწროვება ქართველებისა რუსების მიერ მთელ საბჭოთა კავშირში.
- ისე, რა უნდოდათ სტალინს და ბერიას რუსეთში, მოსკოვში, ვერ გაჩერდნენ საქართველოში და ვერ მოუარეს თავის ქვეყანას? რატომ ხდება, რომ ყოველთვის ქართველები იმპერიების სამსახურში, სხვებისთვის უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე თავისი ქვეყნისთვის?
- სანამ სტალინი ცოცხალი იყო, რუსები მხოლოდ იმ ფაქტს ხედავდნენ, რომ ქართველი მართავდა რუსეთს. როცა სტალინი მოკვდა და გავიდა რამდენიმე წელი, გაიაზრეს, რომ მათ უნდოდათ ისეთი მმართველი, რომელიც მკაცრ პოლიტიკას გაატარებდა, ანუ უნდოდათ უცხოელი დიქტატორი, რომელსაც ყოველ წელიწადს რაღაც გამარჯვებები მოაქვს. სტალინი კორეაში რომ დამარცხდა, ის მათ არ შეუმჩნევიათ, გარდა ერთისა.
- სხვების იმპერიული ზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ გასაგებია, მაგრამ თვითონ ქართველები საქართველოს წინააღმდეგ რატომ მოქმედებდნენ. თან ისე აშკარად და ღიად, როგორც ეს, ვთქვათ, ორჯონიკიძემ გააკეთა, როცა რუსეთის ჯარს შემოუძღვა საქარველოში? რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქართველი თავის ქვეყანას არ უვლის, მტრობს, ხოლო იმპერიის სამსახურში მეტს აკეთებს?
- იმიტომ, რომ სხვისი ქვეყნის სამსახურში გაწეული შრომა და სისხლი უფრო ფასდება, რადგან სხვა ქვეყანა უფრო ძლიერია. საქართველო თავისი შვილების ღვაწლს ვერ აფასებს, ღარიბია, სუსტია და არ აქვს ის ჯილდო, რომელიც უნდა გადაუხადოს თავის შვილებს.
- რით დაუფასეს სტალინსა და ბერიას იმპერიის შექმნა და მტრის სამსახური?
- პირადი მდგომარეობა შეუქმნეს, გმირობა მიანიჭეს, ვთქვათ, რაღაც შეღავათი მისცეს. ბინა მისცეს და ა.შ. რუსეთი, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ომებში გაწეულ ღვაწლს, ასე თუ ისე, აფასებდა.
- ორჯონიკიძეს, რომელიც შემოუძღვა ჯარს, რაში დაუფასეს?
- ორჯონიკიძეს სამსახური ძალიან დაუფასეს. ორჯონიკიძე საბჭოთა კავშირში მძიმე მრეწველობის კომისარი იყო, ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა. ორჯონიკიძეს ბერიამ წააცალა თავი - თავი მოაკვლევინა, პირადი ანგარიშის საფუძველზე. სტალინს ერთი ქართველი ჰყავდა და მეორეს არ გაიკარებდა ოლიმპზე. ამან ის მოიტანა, რომ ბერია თვითონ დაჯდა ორჯონიკიძის მაგივრად.
- 9 მარტს ქართველების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა გაცნობიერებული იყო?
- დიახ. ამას თავისი ისტორია აქვს. სასტიკი და ულმობელი ზეწოლის გამო, ჯავრი და ბოღმა რომ დაგროვდა, სტალინის სიკვდილის მეორე წელს, ხალხი სტალინის ძეგლთან ცალ-ცალკე მოვიდა (არავის არავისთან მოულაპარაკია) და მოიტანეს ყვავილები. აღმოჩნდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ და უხმოდ ეკითხებოდნენ, ხედავთ, რამდენი ვართ, ხედავთ? ეს მოხდა 1954 წელს. 1955 წელს ეს ახსოვდათ. ამიტომ მოვიდა ათჯერ მეტი ხალხი. ეს უკვე გაცნობიერებული იყო, როგორც პროტესტის ფორმა - ბევრნი მოვალთ და ვნახოთ! მოვიდა ბევრი ხალხი. ამასობაში ბოღმა მეტი დაგროვდა. 1956 წელს ხალხი შეგნებულად მოვიდა, რომ ძლიერი პროტესტი განეცხადებინათ. ეს ძლიერი პროტესტი დახვრიტა რუსეთმა.
- სტალინი რომ მოკვდა, ხალხი ტიროდაო.
- არა, საქართველოში არავინ ტიროდა. მაშინ 26 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ არავინ ტიროდა. საქართველოს სტალინი სძულდა. გარდა პარტმუშაკებისა და ისეთი ბნელი ოჯახებისა, რომლებსაც ისტორიის არაფერი გაეგებოდათ, ყველას სძულდა. გლეხებს სტალინი სძულდათ კოლმეურნეობის გამო.
- ახლა ზოგიერთები სტალინის ძეგლებს რომ დგამენ?
- დღეს ზოგიერთები სტალინის ძეგლს კი არ დგამენ, არამედ იმ კაცის ძეგლს დგამენ, ვის გამოც სისხლი დაიღვარა 1956 წელს, ვის გამოც საქართველო დაუპირისპირდა რუსეთს.
- 9 მარტის მოვლენები სათანადოდ ვერ დაფასდა? ამას იმიტომ გეკითხებით, იქ, სადაც ის მოვლენები ვითარდებოდა, წარწერაა, რომ იქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულ ქართველთა მემორიალი, მაგრამ დღემდე ეს არ გაკეთდა.
- ეს მემორიალი, რასაკვირველია, დაიდგმება. დღემდე არ დაიდგა იმიტომ, რომ დღემდე საქართველოს წითლები მართავენ.
- თუ სათანადოდ არ შეფასდა?
- ვის მიერ არ შეფასდა? მე პირადად დავწერე პატარა მოგონება, პატარა ბროშურა და გავაკეთე ანალიზი. ის ანალიზი ადეკვატურია. სხვებმაც დაწერეს, რომელიც ასევე ადეკვატური შეფასებაა. ერთმა (ნოზაძემ) დაწერა სხვანაირად. ნოზაძემ დიდი წიგნი დაბეჭდა მას შემდეგ, რაც მე პატარა ბროშურა დავბეჭდე. მან სხვანაირად დაწერა. მე ობიექტურად დავწერე.
- თუმცა, ფაქტია, რომ ის მოვლენები ტრაგედიაა საქართველოსთვის.
- რა თქმა უნდა, 500-დან 1200 კაცამდე დაიღუპა, ცოტაა.
- არა, ცოტა ნამდვილად არ არის. მთავარია, ერი როგორ გაიაზრებს თავის ისტორიას.
- ისე გაიაზრებს, როგორც არის. მე მგონი, ჩემს ბროშურაში ისეა შეფასებული, როგორც სინამდვილეშია.
- კერძოდ, როგორაა გაანალიზებული თქვენს ბროშურაში 9 მარტის მოვლენები?
- ეს იყო ქართველი ერის თავისუფლების მოყვარეობის და რუსეთისაგან გათავისუფლების გრძნობის გამოვლინება. ეს იყო პატრიოტული და ვაჟკაცური გამოსვლა. ზოგიერთები, ვინც ბროშურები გააკეთა, საქმის კურსში არ იყვნენ, სტალინი ვინ და რა იყო საქართველოსთვის. რუსები სიამოვნებით ისროდნენ.
- საბჭოთა დროს ე.წ. ვასმოი პოლკს იყენებდნენ, რომელიც უპატრონო ბავშვთა სახლებში გაზრდილი ახალგაზრდებით იყო შედგენილი.
- არა, მხოლოდ ისინი არ იყვნენ. სხვადასხვა ნაწილები მონაწილეობდნენ, რომელთაგან ზოგი გზებს კეტავდა და ზოგი სიტუაციას არეგულირებდა. ისინი განუსაზღვრელი რაოდენობით იყვნენ. ისინიც ისევე იყვნენ განწყობილები, როგორც მსროლელები. ყველაფერი ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
- სტალინმა როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს საშინელი რეპრესიები დაატეხა თავს. გარკვეული სიძულვილი რომ იქნებოდა, ცხადია.
- 10 მარტს რომ გაეცოცხლებინათ და ისევ თავის თანამდებობაზე დაესვათ, სტალინი საქართველოს სამ მეოთხედს დახვრეტდა ამ გამოსვლის პასუხად. ხრუშჩოვმა რომ ვერ დახვრიტა, ეს მისი სისუსტე იყო. მას ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ დახვრიტა.
- შეიძლება დადებითი მხარეც იყო, ისეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რომ არ გააგრძელა?
- რუსეთს მასობრივი დახვრეტების გაგრძელება აღარ შეეძლო. სტალინი რატომ მოკლეს რუსებმა? იმიტომ მოკლეს, რომ სტალინი დამარცხდა კორეის ომში. რუსეთს სჭირდებოდა უკან დახევა. სტალინი უკან დამხევი არ იყო. მოკლეს სტალინი და იმ კვირაშივე დაიწყეს უკან დახევა. ე.წ. დათბობის პოლიტიკა ამის შემდეგ შემოიღეს. ახლა, ანალოგიურად, რუსები პუტინს ჩამოახრჩობენ, რადგან პუტინი დამარცხებული დიქტატორია და მას ჩამოახრჩობენ. ამიტომ რუსები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ საქართველო აიძულონ, აფხაზეთი და ცხინვალი აღიაროს. ამიტომაა, რომ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ.

fs22

ავტორი: გულიკო ბალაძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი