"ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. გიგი უგულავას განცხადებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს არ არის მხოლოდ თარიღის ცოდნა და მხოლოდ ის, რომ მეორე ტურში გასული სუბიექტები უნდა მოემზადონ განმეორებითი არჩევნებისთვის. როგორც უგულავა აცხადებს, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე.
უგულავას განცხადებას უპასუხოდ ტოვებს მმართველი კოალიცია. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მეორე ტური გახდება "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გამარჯვების იურიდიული დასაბუთება. რაც შეეხება აქტივობას, მისი თქმით, ამას დაგვანახვებს ხმების რაოდენობა, რომელსაც მიიღებს "ქართული ოცნების" კანდიდატი.
აწკყპუ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რატომ არ მივიდა მოსახლეობა არჩევნებზე და რა გარანტიაა, რომ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, მეორე ტურში მიიღებს მონაწილებას.
- გადავავლოთ თვალი დემოკრატიულ ქვეყნებში გამართულ არჩევნებს, იმ ქვეყნებში სადაც ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს ქვეყნის თავდაყირა დაყენებას, ან დიამეტრულ ცვლილებებს. როცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მიაშურა ყველამ საარჩევნო უბნებს, ეს იყო მათი პროტესტი იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და შიში იმისა, რომ ის ვერაგი ხელისუფლება შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამ არჩევნებზე კი ჩვენს მოსახლეობას არ ჰქონდა ასეთი შემაშფოთებელი მიზეზი, მათ პირიქით აწყნარებდნენ, რომ აი, ორიოდე დღეში "ნაციონალური მოძრაობა" რადარებიდან გაითიშება.
- ფიქრობთ, რომ ეს მოწოდება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ მოვიდა ამომრჩეველი არჩევნებზე.
- ასეთი მოწოდება რას ნიშნავს. - ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო, თავი არ შეიწუხო არჩევნებში მონაწილეობით, ისედაც ყველაფერი კარგად იქნება. სამაგიეროდ, ამან უფრო მტკიცე გუნდად შეკრა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებმაც სერიოზულად აღიქვეს ეს მუქარა და ყველამ ერთად მიაშურა საარჩევნო უბნებს. ეს გახლავთ საარჩევნო უბანში მისვლა-არმისვლის მთავარი მოტივაცია. ნებისმიერი სხვა განმარტება ნიშნავს ამომრჩევლის დაბალ პოლიტიკურ კულტურას. როცა ამბობენ, რომ მე ნაწყენი ვარ და არ მივდივარ, უკაცრავად, ეგ თქვენი წყენა საკუთარ საძინებელ ოთახში შეგიძლიათ შეინახოთ და გვერდზე მყოფს გაანდოთ მხოლოდ.
- მეორე ტურში რამდენად დიდი იქნება იმ ადამიანების აქტივობა, რომლებიც არ წავიდნენ არჩევნებზე.
- ნიჰილიზმი არის კოხტა თავშესაფარი სიზარმაცისა. ვერ დავიჯერებ, რომ მხოლოდ სიზარმაცე იყო მიზეზი ასეთი პასიურობის, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი ამა თუ იმ მოქალაქის. მეორე ტურის სიტუაცია ბევრად უფრო მარტივია, აღარავის აქვს ვალდებულება, თავი შეიკავოს საკუთარი არჩევანის დასახელებისგან. დიდი ალბათობით მეორე ტური გახდება "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გამარჯვების იურიდიული დასაბუთება. როგორი იქნება აქტივობა, ამას დაგვანახვებს ხმების რაოდენობა, რომელსაც მიიღებს "ქართული ოცნების" კანდიდატი.
- როგორ ფიქრობთ, თანხები, რომლის საქართველოში შემოტანას ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.
- არ მაქვს ინფორმაცია, შემოჰქონდათ თუ არა თანხები. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვიდეოაპარატურა არსებობს, აზერბაიჯანშიც საკმარისი ვიდეოაპარატურა აქვთ და თუკი ასეთი ვიდეომასალა არსებობს, ამას, ალბათ, ვიხილავთ. ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მსახიობები, ხოლო ვინ არის ამ თავგადასავლის სცენარის ავტორი და რეჟისორი, ჯერჯერობით არ სახელდება. ასე არ ხდება, რომ მსახიობმა თვითონ მოიგონოს საკუთარი როლი, განახორციელოს, ხოლო მეორე მოქმედებაში საპირისპირო სცენარი შემოგვთავაზოს და დაიმსახუროს საკუთარ თაყვანისცემელთა ტაში.
ჩემთვის საინტერესოა პროცესის წინაპირობა. თუ დადასტურდა, რომ რეალურად იყო არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობა, მაშინ მართლა სახალხო არტისტის წოდება უნდა მივანიჭოთ ჯაფარიძიეს და ნადირაშვილს, ისე კარგად ასრულებენ ისინი უბიწო ქალწულისა და ვაჟწულის როლს.
- თქვენთვის აღმოჩენა იყო, რომ, შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" "შავ ფულთან" ჰქონოდა საქმე. გავიხსენოთ უგულავას ქვისლის დაკავების წინაპირობა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სწორედ "შავი ფულის" შემოტანის ბრალდებით დააკავა, რომელსაც საარჩევნოდ საქართველოში მილიონ ნახევარი აშშ-ის დოლარი შემოჰქონდა...
- "შავი ფული" გახლდათ და გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" არსებობის ფორმა. ყველა ბიზნესმენისთვის უსამართლოდ და ყაჩაღური გზით წართმეული თანხები სწორედ ასეთ ფულად მოიაზრება, რადგან მათ, როგორც ჩანს, სრულიად მკაფიო მისამართით აგზავნიდნენ, აგროვებდნენ და ინაწილებდნენ. რომ არა ეს დაუოკებელი ლტოლვა ფულისკენ, "ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა და სხვა სახის კომპეტენციის და უნარების პარტიად გამოჩნდებოდა.
ფულმა დაღუპა, როდესაც საკუთარ ფასეულობათა სათავეში ფული წარმოაჩინეს და არა ადამიანი. საკუთარ თავს თვითონვე ვნებდნენ და ვფიქრობ, რომ დღესაც ვნებენ და არა მარტო საკუთარ თავს. დღევანდელ "ნაციონალურ მოძრაობაზე", მიუხედავად იმისა, რომ იქ ნიჭიერი ადამიანები არიან, შეიძლება ვისაუბროთ როგორც "ნაციონალურ მავნებლურ" პოლიტიკურ ძალაზე.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010