ვბეჭდავთ გრიგოლ რობაქიძის სიტყვას 1920 წელს თქმულს ევროპის სოციალისტების დელეგაციის თბილისში სტუმრობის დროს. სტატიის პათოსი სრულად შეეფერება დღეს, 27 ივნისს, ვეროპასთან ასოციირების ხელმოწერის
*
ძვირფასნო სტუმარნო!
ჩვენი შეხვედრა არ არის შემთხვევით მოვლენილი.
ორი ათასი წლის ქართველნი, ბუნებით დაუდეგარნი, გელოდებოდათ თქვენ: რჩეულ შვილებს დასავლეთისას.
ჩვენ ვცხოვრობდით მცირე აზიის გახურებულს შუაგულში და მზით მოთენთილნი ვგრძნობდით ჩვენ მთვლემარე ღმერთებს გარუჯულ ქვებში.
ჩვენში იყო ანთებული ხილვა აღმოსავლური.
მაგრამ ჩვენ ვერ გავუძელით აღმოსავლეთის დიდი შუადღის ავხორცობას და გამოვეშურეთ ჩრდილოეთისაკენ. ჩვენ გამოვიარეთ ცხელი ველები ქალდეასი და კავკასიონის მანელებელ კალთებს შევაფარეთ თავი.
იყო იმთავითვე ჩვენს რასსიულ ტემპერამენტში რაღაც უცნაური, რომელიც ვერ ეგუებოდა აღმოსავლურს მოდუნებას. ფიქრმორეულ თვლემასთან ერთად ჩვენს ხასიათში იწვოდა თესლი დასავლური ნების ამახვილებისა.
ჩვენ ვიყავით პირველნი მომგონნი ფოლადისა და ჩვენი ხასიათის რკინეული ელემენტები ვერ ეთვისა საბოლოვოდ მოთენთასა, თუ გინდ ღმერთების ძილში გადასულს.
და: მოშვებულნი აღმოსავალს, ჩვენ მივილტვოდით მუდამ დასავლეთისაკენ.
ამ ლტოლვილებით არის დაღარული ყოველი ხვეული ჩვენი ისტორიის: ამ ლტოლვილებით არის ყვითურად (!) დადაღული ყოველი მოქნევა ჩვენი შემოქმედების.
ახლაც გაისმის ყიჟინი და როკვა გარდასულ ნადიმის. სრული ხელმწიფება პიროვნების და სოციალურ სიცოცხლეში რჩეულობა. სხეულის სილამაზის კულტი. მარადი ქალური სიყვარულით აშარავანდებული. თაყვანი უზომო მეგობრების: რაინდის ხმალზე ათამაშებული. ყველა ის მოტივები, რომლებიც შემდეგ იტალიურმა რენესსანსმა მაგარ სურნელოვანი ყვავილებით გაახმაურა.
მაგრამ ჩვენ მუდამ გვქონდა ტრაგედია გეოგრაფიის - არა საშიშარი მისტიური საშინელებით, არამედ საზარელი მაღალი პათოსის არქონებით, და ვერც მომწიფებაში ავსცილდით ჩვენ მას.
მონგოლურმა ურდოებმა, აღმოსავლეთით მოვარდნილმა, სასტიკი მახვილით გასწყვიტეს ლხინით გადაზნექილი წელი ნათელი ქორწილის.
და ჩვენ შევჩერდით შუა გზაზე;
აღმოსავლეთსაც მოვსცილდით და ვერც დასავლეთს ვეზიარეთ.
მრავალი საუკუნე ვიტანჯეთ ჩვენ შუა გზაზე ყოფნით.
მაგრამ ჩვენ მეომარნი ვართ იმ თავითვე და გვიყვარს ომში ხმალის დატრიალება. ჩვენ მხედარნი ვართ დაბადებით და ესპანელებივით გვიყვარს შეუძლებელის გადალახვა. ჩვენ მეოცნებენი ვართ გაუსწორებელნი და გვესმის ღიმილი პარიზის ქიმერებისა ნოტრ-დამის კათედრალს რომ დასევიან.
და ჩვენ მუდამ გვაცოცხლებს შორეული და უცნაური.
ჩვენ მოვინდომეთ ორი ქვეყნის შეუღლება და, რასაკვირველია, ხალხთა შეერთებას უფრო მოვისურვებდით. ეს არის, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ "ინტერნაციონალის" ხმა არსად ისე სიხარულით არ გადავარდნილა როგორაც ჩვენში.
ჩვენ ჯერ მანქანებიც არ აგვიმოძრავებია, მაგრამ სოციალური სამართლიანობისათვის მაინც ვიბრძვით. ეს პარადოქსია ისტორიული, მაგრამ ჩვენი ისტორიაც უცნაურობითაა ხომ დაგრეხილი.
ბუნებით მეომარნი ჩვენ გადავიქეცით რევოლუციონერებათ. რუსეთის რევოლუცია ჩვენმა შვილებმა გაიტანეს, - და როცა სპარსეთს დასჭირდა ამბოხება, სათავეში მას ჩვენი გადავარდნილი გმირები მოექცენ.
ლიტერატურაც ჩვენი მხოლოდ კეთილშობილებისა და რჩეულობის ხაზებით იყო ამეტყველებული. მისი დევიზი "სულის ინტერნაციონალად" ისახებოდა და, ცხადია, მისთვის კლასსიური საზღვრების გადალახვაც იყო ადვილი.
ჩვენში არის მრავალი ლიტერატურული ჯგუფი ერთიმეორის მეომარი. მაგრამ არ არსებობს არც ერთი მწერალი, რომელიც ალმაცერად უცქერდეს სოციალურს იდეალს.
უმეტესი ჩვენგანნი სოციალიზმს უცქერის ისე, როგორც ოსკარ უაილდ, მედიდური და ბრწყინვალე გენია დიდი ბრიტანეთის, - ან ისე, როგორც ანატოლ ფრანს, სკეფსისით დახვეწილი გენია ლატინთა რასსის. ხოლო ყველას გვესმის სპილენძის საყვირები ემილ ვერხარნის სადაც იძვრიან მძიმე რიტმები, დიდრონ მასსათა მიერ აგორებულნი.
დღეს შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და ამიერიდგან ამ შეხვედრით დაიწყება ახალი უღელტეხილი ქართული ისტორიის.
ჩვენ ვიცით სადავეს მოშვება, მაგრამ გვეძნელება თავშეკავება: - თქვენგან უნდა ვისწავლოთ იგი.
ჩვენ ვიცით მზით დაღალული ხილვა, მაგრამ არ გვესმის მაგარი სილლოგიზმი: - თქვენგან უნდა შევითვისოთ იგი.
ჩვენ ვიცით ლხენა და უდარდელობა, მაგრამ შორს არის ჩვენგან რკინისა და ჯავშანის ორგია: თქვენგან უნდა მივიღოთ იგი.
თქვენ მოგვცემთ ჩვენ უძლეველობით გაჭედილსა და გამართულს ნებას, - ჩვენ მას გავაცხელებთ ცეცხლეული ტემპერამენტით.
თქვენ შემოიტანთ ჩვენში ცივსა და მძიმე სისტემებს, - ჩვენ მას შევსვამთ მზით აპრიალებულ აზარფეშებით.
თაყვანი თქვენ, მაღალნო და ძვირფასო სტუმარნო, ქართველ მწერალთაგან. თქვენი მოსვლა ამღერდება ჩვენს ზომაგადასულ შაირებში.
"ბარრიკადა", # 1,
ორშაბათი, 18 ოქტომბერი, 1920 წ.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010