მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-09
მუზეუმები მართლა იძარცვება ??? კულტურული მემკვიდრეობა ხალხს ეკუთვნის...

მუზეუმები იძარცვება!

ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ეროვნულ საგანძურს უპასუხისმგებლოდ ექცევა, ექსპონატები კანონდარღვევით გადააქვთ მუზეუმიდან მუზეუმში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ - ამ და სხვა უმძიმეს ბრალდებებს ყოველდღიურად ისმენს საზოგადოება. განსაკუთრებული აჟიოტაჟი არის ატეხილი მედიაკავშირ "ობიექტივში", ჟურნალისტები ირმა ინაშვილი და ნინო მიქიაშვილი ეროვნული მუზეუმის დირექტორსა და ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.
რამდენად ობიექტურია ეს ინფორმაცია, ხდება თუ არა მუზეუმების მიზანმიმართული "ძარცვა-განადგურება" და რას უპასუხებენ ამდაგვარ ბრალდებებს ოპონენტები. ჩვენ კითხვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი უპასუხებს.-

ბატონო მიხეილ, უკვე ათი წელიწადია, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მუზეუმი ერთი ქოლგის ქვეშ - ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა. მაგრამ ისევ ვაწყდებით უმძიმეს პრობლემებს (ბოლო ხანს საკმაოდ ხმაურიანი სატელევიზიო აქციებიც მიმდინარეობს მუზეუმის დირექციის წინააღმდეგ). თუკი რიგი დეტალები კვლავ მოუგვარებელი დარჩებოდა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა მუზეუმების გაერთიანება.

- გაერთიანების იდეა იყო ის, რომ საქართველოს მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთ სისტემაში მოქცეულიყო. გაერთიანების შექმნის მიზანი იყო, თავი მოეყარა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილისთვის, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალისთვის და ერთიანი მართვის სისტემის შემოღებით, ერთიანი სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზის შექმნით, სამუზეუმო პოლიტიკის განსაზღვრით, საგანმანათლებლო, აკადემიური და სამუზეუმო საქმიანობის კოორდინირებით განხორციელებულიყო ეროვნული საგანძურის ეფექტური მოვლა და მართვა.
გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ერთიანი ქსელი, სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერდისციპლინური ფორმა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეფექტურ საქმიანობას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი; ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი; იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ასევე ამ გაერთიანებაში შედის: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი. გაერთიანების ერთ-ერთი მიზანი იყო, არ მომხდარიყო მსგავსი ჯგუფის ნივთების, გამოფენების აღრევა და ერთიანი ხედვით წარგვედგინა ისინი საზოგადოებისთვის. ეს ხელს შეუწყობდა როგორც სამეცნიერო, ასევე საკონსერვაციო პოტენციალის კონსოლიდაციას.
ეს აპრობირებული პრაქტიკაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მუზეუმები სწორედ ასეთი სისტემით იმართება.

- თუმცა ბრძანებაში არსებობს ასეთი ჩანაწერი: "ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას, ექსპონირებას, კონსერვაციას თუ რესტავრაციას, კანონით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი". ასე ერთპიროვნული მმართველობის მინიჭება ვინმესთვის, თუნდაც დირექტორისთვის, რამდენად გამართლებულია.

- გენერალური დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს, რადგან გადაწყვეტილების მიღება თანმშრომელთა თანამონაწილეობით ხდება. არსებობს სპეციალური საბჭოები, რომლებიც ამა თუ იმ ქმედების მართებულობას განსაზღვრავენ.

- პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია: "დაკეტილი საგამოფენო დარბაზები, ერთ სივრცეში თავმოყრილი ექვსი ფონდსაცავი, კიბის ქვეშ დაყრილი ქანდაკებები, ჩამონგრეული, წყალჩამონადენი კედლები"... მოკლედ, ჩანს, რომ უმძიმესი ვითარებაა. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ტყუის. თუკი ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ამაში დაუჯერებელი არც არაფერია.

- ხელოვნების მუზეუმის შენობა მძიმე მდგომარეობაშია და ეს არ არის დღევანდელი პრობლემა. ეს პრობლემა ეროვნული მუზეუმის შექმნამდე, გაცილებით ადრე არსებობდა. 1960-იან წლებში შალვა ამირანაშვილი იმდროინდელ მთავრობასთან აყენებდა ამ საკითხს. კერძოდ, შენობის მძიმე მდგომარეობას, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების აუცილებლობას და, რაც მთავარია, კოლექციებისათვის არა საკმარისი ტერიტორიის პრობლემას. სწორედ ფონდებში არასაკმარისი სივრცე არ იძლეოდა და დღესაც არ იძლევა კოლექციების განთავსების საშუალებას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ჩვენს ხელთ არსებული რესურსით, ერთადერთი გზა გახდა საგამოფენო სივრცეების დაკეტვა და მათი გამოყენება საფონდო სივრცეებად. რამაც შესაძებლობა მოგვცა, განახლებულიყო კოლექციების შეჯერების პროცესი.
აქვე მინდა, აღვნიშნო რომ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეიმუშავა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება დაფინანსების საკითხი.
რაც შეეხება თვენს მიერ ნახსენებ ნივთებს, აქვე გეტყვით, რომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ბევრი საკითხი უკვე გადაჭრილია, ნივთები დაბინავებულია. ეს არ არის უშუალოდ დირექციის გადასაწყვეტი. იქ თანამშრომლები არიან, რომელთაც ევალებათ ადგილზე შექმნილი ვითარების მეთვალყურეობა.

- მათი მეთვალყურეობა კი თქვენ გევალებათ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელოვნების მუზეუმი მძიმე გარემოების თვალსაჩინო მაგალითია.

- გეთანხმებით, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ათწლეულებია, მუზეუმის საცავები არ გარემონტებულა. მართალია, პერიოდულად ტარდება რიგი სამუშაოები, მაგრამ შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია სჭირდება. თანდათან უნდა მოხდეს იქიდან ყველა ექსპონატის შესაფერის პირობებში დროებით გადატანა, თორემ თან რემონტი გაკეთდეს და ექსპონატებიც იქ იყოს, წარმოუდგენელია. როგორც იცით, მტვერი და ვიბრაცია ერთ-ერთი ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორია.

- ე. ი. მუზეუმიდან ნივთები გააქვთ იმ მიზნით, რომ შენობა რემონტისთვის ემზადება. ნივთები გააქვთ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ხოლო თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები მთელი რიგი კანონდარღვევით მიმდინარეობს...

- სრული სიცრუეა. თუ ნივთი გადის მუზეუმიდან, ეს ხდება დროებით საგამოფენოდ. ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში, მაღალი სტანდარტების დაცვით. როცა ნივთი მიდის უცხოეთში, კანონს აქვს რამდენიმე მოთხოვნა. ერთ-ერთი არის სახელმწიფო გარანტია. ანუ მასპინძელი ქვეყნის მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ ნივთი იქნება ხელშეუხებელი. მეორე მოთხოვნაა გადამზიდავი კომპანიის პასუხისმგებლობა, მაგალითად, ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანია რფთუტლფქზ-თან, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ტრანსპორტირებაში 100-წლიანი გამოცდილება აქვს. ნივთის შესაფუთად ჩამოდიან სპეციალისტები და ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ეწყობა სპეციალურ ყუთებში, ილუქება, შემდეგ ნივთს მიჰყვება თანამშრომელი, რომლის მეთვალყურეობით იხსნება ყუთი, თავსდება საგამოფენო ვიტრინაში და ა.შ. ყველა ნივთს ქვეყნიდან თუ სხვა მუზეუმში გადატანის დროს უტარდება ექსპერტიზა.
ანუ, როცა ამბობენ, რომ რომელიმე ნივთს მოვექეცით უდიერად, ან ქვეყანაში არ დაბრუნდა, ან ფიროსმანის ორიგინალი ნამუშევარი გავიტანეთ და ასლი ჩამოვიტანეთ, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, მტკნარი სიცრუე. ექსპონატის გატანის საქმეს ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

- ითქვა ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს სათანადო აპარატურა, რომლითაც დეტალურად დაზუსტდება ექსპონატების მდგომარეობა, მასალა, შექმნის დრო და ნამდვილობა...

- ძალიან მიკვირს, ვისგან მოდის ასეთი ინფორმაცია. როცა ექსპერტებს, მეცნიერებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ისტორიკოსებს ექსპონატების ნამდვილობაში არანაირი ეჭვი არ აქვთ, ჩნდება არაპროფესიონალი, რომელსაც სურს, უსაფუძვლოდ ატეხოს აჟიოტაჟი. რასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ ამ სფეროში დახელოვნებული და გამოცდილი მეცნიერების შეურაცხყოფაა.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, მოგახსენებთ: ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარებით რამდენიმე წელი მიმდინარეობდა რემონტი. ორი ალტერნატივა იყო: ან ყუთებში უნდა ჩაგვეწყო ექსპონატები, ან მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენი კულტურა. მუზეუმის რემონტის დროს ჩვენი კოლექცია ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით იფინებოდა ევროპისა და ამერიკის ცნობილ მუზეუმებში. ამ ღონისძიებებმა მილიონობით უცხოელ დამთვალიერებელს გააცნო საქართველო, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოიცა წიგნები ინგლისურ, ჰოლანდიურ, გერმანულ, ფრანგულ, ბერძნულ ენებზე. განსაკუთრებით აღვნიშნვადი გამოფენას საბერძნეთში. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა. ოჯახები, რომელთა შვილებიც რიგ შემთხვევაში საქართველოში ნამყოფებიც არ იყვნენ, დიდი სიამაყით ეცნობოდნენ თავიანთი სამშობლოს ისტორიას. როგორ ფიქრობთ, ეს კარგი საქმეა თუ ცუდი.

- გასაგებია, ბატონო მიხეილ, მაგრამ პრეტენზიები გვაქვს ექსპონატთა დაცვაზე და არა ქვეყნის პოპულარიზაციაზე. მაგალითად, ფიროსმანის სურათების წაღება პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს რამდენად აუცილებელი იყო.

- ითხოვა ქვეყნის პრეზიდენტმა და სრული წესების დაცვით იყო გატანილი. იქ დაცული იყო ყველა პირობა. სამი თვით უნდა დარჩენილიყო, თუმცა ვინაიდან ხმაური ატყდა, ორი თვის შემდეგ დაბრუნდა. სანამ ნამუშევარი იქ იყო, ჩვენი თანამშრომლები ახდენდნენ მონიტორინგს, რეგულარულად ამოწმებდნენ მდგომარეობას.

- ზარზმის და აწყურის ღვთისმშობლის ხატების გატანა ახალციხეში შეიძლებოდა.

- ნამუშევრები მუზეუმიდან არსად გაგვიტანია, ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი.

- იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა განგაში ატეხა. სვანეთის საგანძურთან დაკავშირებითაც ხმაური იყო.

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სვანეთის მუზეუმი მსოფლიოს მაღალი დონის მუზეუმებს არაფრით ჩამოუვარდება.

- მაგრამ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სტატიაში წერს: განძი გადაიტანეს ქიმიური ანაორთქლებით გაჯერებულ ახალაშენებულ მუზეუმშიო.

- საიდან შეიძლება იცოდეს მან ქიმიური ანაორთქლები, სპეციალისტია.! ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები. რემონტის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ხდებოდა შენობის მონიტორინგი და როდესაც დავრწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს და პირობები შეესაბამება სამუზეუმო სტანდარტებს, მოხდა ნივთების გადატანა და ახალი ექსპოზიციის აწყობა.

- ერთი და იმავე ნივთის ზომა, წონა, მასალა სხვადასხვა დოკუმენტში სხვადასხვაგვარადაა აღნუსხულიო. ამგვარი რამე შეიძლება.

- სამუზეუმო დოკუმენტაციაში ნივთები სათანადოდაა აღრიცხულ-აღწერილი. ცალკეულ პუბლიკაციებში მექანიკური ხასიათის უზუსტობები გამორიცხული არ არის. მექანიკური შეცდომებია, რაც ყველა ადამიანს შეიძლება გაეპაროს. ფერწერის შემთხვევაში ზოგიერთი სურათის ჩარჩოს ზომასაც ამატებს, ზოგიერთი - მხოლოდ ნამუშევარს ზომავს. ამჟამად მიმდინარეობს მსაგვსი საკითხების უნიფიცირება.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ვთქვათ, ნივთები (ოქრო, ვერცხლი და სხვა), ან ფიროსმანის ნახატები ხელოვნების მუზეუმიდან გაიტანეს, მაგრამ უკან არ დააბრუნეს. ამაზეც აპელირებენ ოპონენტები.

- უკან არ დაბრუნდა, რას ნიშნავს. ჩვენ იურიდიულად ეროვნულ მუზეუმს განვიხილავთ, როგორც ერთ სისტემას. ნივთის გატანა ერთი მუზეუმიდან მეორეში კანონდარღვევა არ არის. უხეშად თუ ვიტყვით, ეს იგივეა, ნივთი სახლის ერთი ოთახიდან მეორეში გაიტანო.
ამ წუთას ხელოვნების მუზეუმის კოლექცია, ფიროსმანის ნამუშევრები გამოფენილია ეროვნულ გალერეაში. ოფიციალურად ის ირიცხება ხელოვნების მუზეუმის დოკუმენტაციაში, ეს გამოფენაზე ეტიკეტზეც არის მითითებული.
ასევე არის გამოფენილი ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის განყოფილების კოლექცია ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ამას აქვს დროებითი ხასიათი. ჯერ ერთი ეროვნული გალერეა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის სივრცეები შეესაბამება სტანდარტებს და იძლევა საშუალებას დიდი ღირსებით წარმოაჩინოს ნამუშევრები და უზრუნველყოს კოლექციების დაცვის პირობები. თანაც ამ გზით ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარდგება დამთვალიერებლების, ტურისტების, ხელოვნების მოყვარულთა წინაშე.
ექსპონატების გადაადგილება ხდება სპეციალისტების მეთვალყურეობითა და შესაბამისი ნებართვით. ჩვენთან არის რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტი, დაცვა-აღრიცხვისა და კოლექციების მართვის სამსახურები, უსაფრთხოების სამსახური და სამუშაოები კოორდინირებულად ხორციელდება. ასე რომ, უდიერად და უპასუხისმგებლოდ ჩვენს ეროვნულ მემკვიდრეობას არავინ ექცევა. ვთქვათ, თუ რესტავრატორი იტყვის, რომ ამ ნივთისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, ის ნივთი გადატანას არ დაექვემდებარება...

- რამდენიმე დღის წინათ "ობიექტივმა" უჩვენა კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ გააქვთ პოლიეთილენის მაგვარ პარკებში შეფუთული ნივთები, ჩვეულებრივი "მარშრუტკით" ხელოვნების მუზეუმიდან. იყო თუ არა იქ დაცული ყველა ნორმა.

- ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ნივთები არ ეკუთვნის ამა თუ იმ მუზეუმს, ის ხალხის კუთვნილებაა, უბრალოდ მუზეუმი მას იცავს და გამოფენს. როცა ნივთი გამოფენაზეა წარდგენილი და თანამშრომელი ითხოვს, დამიბრუნეთ ეს ნივთიო, არამართებულია.
დიახ, ნამუშევრები საგამოფენოდ დროებით გადატანილ იქნა ეროვნულ გალეარში, რომელთა ხილვა დამთვალიერებელს წლის ბოლომდე ახალ ექსპოზიციაზე შეეძლება. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ნივთების გატანა მოხდა კანონის სრული დაცვით და ისინი ხელოვნების მუზეუმის რესტავრატორებმა შეფუთეს.

- მოდით, ერთგვარი რეზიუმე გააკეთეთ და კონკრეტული პასუხი გაეცით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ თქვენ და, საერთოდ, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია, ჭეშმარიტად იცავთ ქვეყნის საგანძურს.

- ჩვენს მუზეუმებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ჰქონდათ პრობლემები. გაერთიანების შემდეგ ათიდან ექვსი მუზეუმი სრულად გარემონტდა. დანარჩენების მწყობრში მოსაყვანად საჭიროა დრო და, რაც მთავარია, ფინანსური რესურსები. თუმცა ჩატარდა ძალიან შრომატევადი, კომპლექსური სამუშაოები პროექტების მოსამზადებლად. აქ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დარგის, სფეროს წარმომადგენლები, ინჟინრები, სამუზეუმო საქმის მცოდნეები, უცხოელი სპეციალისტები და ა. შ.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუზეუმო საქმე წარვმართოთ წარმატებულად, ჩვენს კულტურას გავუწიოთ პოპულარიზაცია და ვაჩვენოთ ის მსოფლიოს. ასე რომ, სრულიად უსაფუძვლოა, როცა მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, გვიყენებენ უსაფუძვლო ბრალდებებს და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ...

ესაუბრათეა მოსია










 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი