მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-10-14
მიხეილ წერეთელი ცრუობს ! ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები უფროსის პათოსმა გააღიზიანა

"ღმერთმა არ ქნას, ჩვენი ბრძოლა კრახით დასრულდეს!
ჩვენი სიტყვები, ადრე თუ გვიან, წინ დახვდება საქართველოს: ქართული კულტურა განადგურდება. რა უნდა ვუთხრათ მომავალ თაობას, ან რას ვუპირებთ ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, შალვა ამირანაშვილის ხსოვნას." - ასეთი მძაფრი გულისტკივილით გამოეხმაურნენ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელები, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის მიხეილ წერეთლის საგაზეთო ინტერვიუს, რომელიც "საქართველოს რესპუბლიკის" 9 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

მართლა იძარცვება თუ არა მუზეუმები. - კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიტანეთ, რესპონდენტმა გზადაგზა გააქარწყლა, თუმცა, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ მიხეილ წერეთელი ცრუობს, სიმართლეს მალავს და სიყალბეს ავრცელებს საზოგადოებაში.
ჩვენ შევხვდით ხელოვნების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელს. ამდენად, ამ ინტერვიუს რეპორტაჟულ ჩანაწერს შემოგთავაზებთ, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით, რამდენად რადიკალურები არიან ისინი და ვნახავთ, როგორი შეუვალია მათი პოზიცია.


ახალი და თანამედროვე ფერწერის კურატორი იზოლდა ქურდაძე და ქანდაკების, კერამიკისა და გამოყენებითი ხელოვნების კურატორი მზია კაცაძე საექსპოზიციო დარბაზებს მათვალიერებინებენ. ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყლით გაჟღენთილ კედლებში სოკოა მოდებული. ნამუშევრები მიჯრით არის მიწყობილი, არანაირი კონდიცირება, აქ არაფერი არ სუნთქავს...
- თქვენ ზაფხულში უნდა გენახათ, აქ რა ხდებოდა. საღებავები იღვენთებოდა ნამუშევრებიდან. ჩვენზე არ ვწუხვარ, მაგრამ ამ კულტურულ მემკვიდრეობას რა ეშველება? აი, ჩემი ფონდიდან ცნობილი ქართველი მხატვრების საუკეთესო ნამუშევრები წაიღეს. დარჩა და დარჩა იქ... გვეუბნებიან, ეს ხომ ერთი სივრცეაო, - მიყვება ქალბატონი იზოლდა.
- ეროვნულ გალერეაში წაიღეს, იქ კარგი პირობებია და როცა ამ მუზეუმის რესტავრაცია დამთავრდება, კვლავ უკან დავაბრუნებთო.
- როდის დამთავრდება, როცა ჯერ არ დაწყებულა?! დარბაზები დაკეტეს...
- დარბაზები იმიტომ დავკეტეთ, რომ ასეთი სავალალო მდგომარეობა არისო. მართლაცდა, აქ სურათების შენახვა როგორ შეიძლება.
- არ იყო ასეთი მდგომარეობა 2004 წელს, როცა ეროვნულ მუზეუმში გავერთიანდით, მაგრამ 10 წელიწადი როცა ხელს არ ახლებ შენობას, სახურავს არ გამოცვლი, არ შეაკეთებ, აბა, რა მოუვა.! მოვიდნენ თუ არა, დახსნეს კონდიციონერები, ახალი უნდა გავაკეთოთო და 10 წელიწადია, სუნთქვის საშუალება მოსპეს. ნაჟური წყლის მილი არა აქვს შენობას და წვიმით პირდაპირ კედლები იჟღინთება. ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდება. სურათებიც სპეციალურად გააქვთ აქედან, რომ საბოლოოდ ხელოვნების მუზეუმი მოსპონ.
- რა ბედი ეწევა სურათებს?
- ეროვნულ გალერეაში წაიღეს და, ალბათ, მისი კუთვნილება გახდება. თუკი მუზეუმი დაიხურება, ექსპონატებს სხვაგან გადაანაწილებენ.
- ყველაფერი მუზეუმს დარჩებაო. გალერეაში გამოფენილი ნახატები დოკუმენტებში ხელოვნების მუზეუმის ბალანსზე აღირიცხებაო.
- არ გვჯერა. ჩვენთვის არავის უთქვამს, მუზეუმი გარემონტდება და ყველაფერი აქ დარჩებაო. 43 წელიწადია, აქ ვმუშაობ და ასეთ სავალალო დღეში მუზეუმი არასოდეს ყოფილა. გამოცარიელებულია ფონდები. საექსპოზიციო დარბაზები ერთმანეთშია აღრეული.. არავინ არაფერს გვეკითხება.
- ნამუშევრების გატანა-შემოტანას გეკითხებიან?
- "გვეკითხებიან" მაშინ, როცა უკვე გადაწყვეტილია. როცა უნდა შედგეს აქტი და ხელი მოვაწეროთ.
- ქალბატონო იზოლდა, თქვენც ხომ კარგად გესმით, რომ მუზეუმის რესტავრაციას ფინანსური რესურსი სჭირდება. თანაც, ბატონმა მიხეილმა აღნიშნა, რომ სხვა გარემონტებული მუზეუმების მაგალითზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და ხელოვნების მუზეუმს კიდევ უფრო სოლიდურად და ფუნდამენტურად გავაკეთებთო. არსებობს გეგმა...
- ასეთი მძიმე ვითარება არ იყო აქ და სამაგისო არაფერი სჭირდა ამ მუზეუმს. 10 წელიწადი საკუთარ სახლს ხელი რომ არ შეავლო, ნახეთ, რა მოუვა. შეიძლებოდა, მთელი ეს წლები ასე უპატრონოდ მიდგებულიყო კულტურული მემკვიდრეობა. შეიძლება, წლების განმავლობაში მიყარ-მოყარო უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშები ნესტსა და უჰაერობაში, რას უნდა ელოდო, საბოლოოდ როდის განადგურდება.!
7 7 7
საგანძურის ფონდის კურატორი ქალბატონი ელენე კავლელაშვილი თავის კაბინეტში იმ 87 თანამშრომლის ხელმოწერილ წერილს მიჩვენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზე დაიწერა. სულ 90 თანამშრომელია, ეროვნული მუზეუმის დირექციის მართვის სტილით კი 87 უკმაყოფილოა და ისინი ხელოვნების მუზეუმის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. მოითხოვენ, მაგრამ ორი წელიწადია, ამაოდ!!!
- უწმინდესი და უნეტარესი ილია || საქმის არსს იცნობს და თანახმაა, ხელოვნების მუზეუმს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი აღუდგეს. ის ამის თაობაზე ორჯერ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს. ამ ზაფხულს ჩვენც უნდა შევხვედროდით პრემიერ-მინისტრს, მაგრამ, რატომღაც ეს შეხვედრა ჩაიშალა...
მიხეილ წერეთელი ინტერვიუში ამბობს, რომ შ. ამირანაშვილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ითხოვდა შენობის რემონტსო.
შალვა ამირანაშვილი ამ შენობის რემონტს კი არ ითხოვდა, გაფართოების მიზნით, ახალი შენობის აშენება უნდოდა. მაკეტიც კი არსებობდა, თითქოს რიყეზე უნდა აშენებულიყო ხელოვნების მუზეუმი, მაგრამ მისი გარდაცვალების გამო, ეს იდეა იდეად დარჩა. შემდეგ სხვა შენობები შემოგვთავაზეს, თუმცა, 2004 წლის გაერთიანებამ არათუ ახალი ააშენა, არამედ არსებული შენობაც კატასტროფამდე მიიყვანა.
1952 წელს სტალინის დახმარებით გადაეცა ეს შენობა ხელოვნების მუზეუმს. აქ არის ყველა შესაბამისი სტანდარტი დაცული და ნაგებობა სრულიად შეესაბამება მასალების მედეგობას, რათა სიძველეების შენახვა შეძლოს.
2004 წელს მუზეუმების გაერთიანებით ფაქტობრივად მივიღეთ შერწყმა. არადა, ამბობდნენ, რომ ფონდებს ხელს არ ახლებდნენ. ის, რაც მუზეუმის მფლობელობაშია, სხვა მუზეუმს არ უნდა გადაეცეს, ეს საერთაშორისო კანონია. როგორც კი ფონდების აღრევა დაიწყება, უნდა ველოდოთ ექსპონატების გადინებას და დაკარგვას. ამას მსოფლიოში არც ერთი მუზეუმი არ უშვებს. ძალიან მინდა, სწორად გაიგოს საზოგადოებამ. ჩვენ არ ვებრძვით მუზეუმის დირექციას, ან კონკრეტულ პიროვნებებს, ჩვენ ვებრძვით იმ სისტემას, რომელმაც დიდი ზიანი მოუტანა სამუზეუმო სფეროს.
- ქალბატონო ელენე, იქნებ ჩქარობთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაერთიანებამ სასიკეთო ცვლილებები მოუტანა ჯანაშიას სახელობის მუზეუმს, ეროვნულ გალერეას, სვანეთის მუზეუმს, სადაც რემონტი გაკეთდა, ხელფასებიც მაღალია, გარემო მაღალი სტანდარტების შესაბამისი და ა. შ.
- ვერ დაგეთანხმებით. რამდენი წელი გრძელდებოდა რემონტი - 10 წელი. ან რა არის გამოფენილი ჯანაშიას მუზეუმში. ერთადერთი ოქროს ფონდი დარჩა. ყველაფერი საცავებშია ჩაკეტილი, ხოლო დარბაზებს აქირავებენ, რაც დაუშვებელია. "ქარვასლაში" ქორწილებს იხდიან, ეროვნულ გალერეაში უძვირფასესი ნამუშევრების წინ ადამიანები პოზიორობენ, სურათებს, ვიდეოს იღებენ, რაც ნამუშევრებს აზიანებს და საფრთხის წინაშე აყენებს. ეს არის კულტურის პოპულარიზაცია. რაღაც, არ მგონია!
ცისფერი გალერეის ფონდები დაიცალა და ჩვენს საცავებში შემოიტანეს. 300 კგ. ბრინჯაოს ქანდაკებაა დაკარგულიო. სად წაიღეს, ან ვინ ეძებს.! იქიდან ფერწერული ნამუშევრების გატანას აპირებდნენ და უცხოეთში საქართველოს სხვადასხვა საელჩოში უნდა გამოეფინათ. საბედნიეროდ, ისევ განძისმცველი ღირსეული ადამიანების წინააღმდეგობით ვერ მოახერხეს.
რაც მე აქ ვმუშაობ, ფონდის გადატანა მოხდა სულ რამდენჯერმე, ისიც 3-4, მაქსიმუმ 10 მეტრის მანძილზე. იმწუთში ხატებმა ცვლილება განიცადეს. ჩვენ ფონდებში ექსპონატების ჩაკეტვა არ გვინდა, მაგრამ ასე წინ და უკან თუ ვატარებთ, არც ერთი ნივთი მთელი არ დარჩება.
- ვთქვათ, დაიწყეს შენობის რესტავრაცია. არ უნდა მოხდეს ექსპონატების გადაადგილება.
- არსებობს სარესტავრაციო გეგმა, და ამაზე ვრცლად გაგესაუბრებათ ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გიორგი მარსაგიშვილი. მაგალითად, ახლა ფონდები ცარიელია და ნამუშევრები საექსპოზიციო დარბაზებშია გადატანილი. კედლებს ფუნდამენტური რემონტი არ სჭირდება. გარემონტდება საცავები და ნივთები იქ გადავა. ამის მერე შეკეთდება დარბაზები. ფონდსაცავს რაც შეეხება, ნივთებს ხელს არ ვახლებთ, თავისივე კარადებით გადმოვაადგილებთ, რემონტის შემდეგ ისევ დავაბრუნებთ. ამის გაგონებაც კი არ უნდათ. რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ. - ჩვენი დასკვნით, აქედან ექსპონატების გატანა არის საბაბი, რათა მუზეუმი დაიცალოს.
ჯერ ერთი, რატომ დაკეტეს დარბაზები. აქ არ იყო საგანგაშო ვითარება. ხალიჩებდაფენილი, მოფარდაგებული ოთახები გვქონდა, სავსე იყო დამთვალიერებლებით. მეორე სართულზე ახლაც არის გარემონტებული საგამოფენო დარბაზი. დაკეტილია. ნუთუ, არ შეიძლება ექსპონატები აქ გამოვფინოთ. მაგრამ რატომღაც ნებას არ გვრთავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდათ, ხელოვნების მუზეუმს ფუნქცია დაუკარგონ და კატასტროფამდე მიიყვანონ!
7 7 7
- ვის და რატომ უნდა ხელოვნების მუზეუმის განადგურება, მართალი გითხრათ, არ მესმის, ქართველ კაცს, როგორ შეიძლება ეს უნდოდეს.
გოჩა ლომთაძე (კურატორ-ასისტენტი): მოდით, რა, პირდაპირ გეტყვით. აინტერესებთ ეს შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში, მიმზიდველ ტერიტორიაზე არის განთავსებული. რომ უყურებთ ამ ქალბატონებს, თავი ჰქონდათ გადადებული გაგდებისთვის, უმუშევრობისთვის, რადგან ეროვნული მუზეუმის დირექციას გადაწყვეტილი ჰქონდა თანამშრომლების გაყრა. იცით, რისთვის შეიქმნა ეროვნული მუზეუმი. - დავით ლორთქიფანიძის საფაშოდ. სამაგიეროდ, ის უსიტყვოდ ასრულებდა ნაციონალების ყველა მითითებასა და დავალებას.
ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს ფინანსურად. მაშინ, როცა ხელფასი 36 ლარი გვქონდა, 50-ლარიანი დანამატი დაგვინიშნა. როგორც ვიცი, შემდეგ გადაწყვიტა, ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა აეგო. როგორც კი მილიონები ნაციონალების ხელში ჩავარდა, ამათ თავის ნებაზე დაიწყეს განკარგვა. ჯანაშიას მუზეუმი გაარემონტეს და მერე იქ იმართებოდა მათი "საღამოები". ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონია დავით ლორთქიფანიძესთან. ეტყობა, გაფანტული და განიავებული მილიონების ბედით დაინტერესდა...
- თუკი ხელოვნების მუზეუმი დამოუკიდებლად გავა, შეძლებთ თუ არა მის გადარჩენას. მოიპოვებთ კი ამხელა ფინანსებს.
- ჩვენი ძალებით გადავარჩენთ. ჩვენ ბიუჯეტიდან ვიღებთ დაფინანსებას, ეროვნული მუზეუმი კი არ გვაფინანსებს. მუზეუ
მს კოლოსალური თანხები სულაც არ სჭირდება...
7 7 7
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას ის თანხაც ეყოფოდა, რასაც საჯარო პირები პრემიებისა და დანამატების სახით იღებენ. მეტიც, ამბობენ, რომ მაგალითად, ეროვნული გალერეა 49 წლით არის გაყიდული... ეჭვობენ, რომ შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი განძსაცავებიც გაიყიდოს... მოკლედ, პრეტენზიები არ ელევათ. თუმცა, ამაში პირადული და მერკანტილური არაფერია... ამბობენ, რომ ამ ფორმით, ამ გზით და ასეთი რწმენით ქართული კულტურის გადარჩენას ცდილობენ!!!











 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი