1994-2004 წლებში ჟინვალჰესის მძარცველი და მისი სადერევაციო გვირაბის დამანგრეველი შპს "ჟინერი", რომელიც იმავე წლებში იჯარით მართავდა ამ ენერგოობიექტს, მართლმსაჯულებას ვერ გაექცა, ვინაიდან ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის (სახელმწიფოს კუთვნილი თითქმის ორასი მილიონი ლარის თანხების მითვისება), ხანდაზმულობის ვადა, მოქმედი კანონმდებლობით, 25 წელია.
ის, რომ შპს "ჟინერის" მესვეურებმა ვერ შეძლეს გაქცეოდნენ მართლმსაჯულებას, იმით დასტურდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 10 აგვისტოს # 13-81688 წერილში, რომელსაც ხელს აწერს ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი და რომლის ადრესატია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართელოს უფროსის მოადგილე ლევან მიქაბერიძე, კერძოდ, აღნიშნულია: "... შემდგომი რეაგირებისთვის და თქვენდამი ქვემდებარე სამმართველოში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად გეგზავნებათ ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "დრო და სივრცის" მიერ მოპოვებული მასალები, რომელიც შეეხება შპს "ჟინერის" ხელმძღვანელ პირთა მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტებს..."
ჩვენი სააგენტო შპს "ჟინერის" საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა 2011-2012 წლებში, თითქმის ორი წლის განმავლობაში. ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით იმავე პერიოდში გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა რვა პუბლიკაცია სახელწოდებით "დაუდევრობა-დოყლაპიობა თუ გამიზნული ბოროტმოქმედება"- 2011 წლის 22 და 24 დეკემბერს, 2012 წლის 24 იანვარ-14 მარტს, 2012 წლის 25 ივლისს. 18.09.2012 წ. სახელწოდებით "შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ: ავიცილოთ ჟინვალჰესის კატასტროფა" 2012 წლის 24 ოქტომბერს და 2012 წლის 5 დეკემბერს, რომლებშიც ჩვენს მიერ მოპოვებული მრავალი ფაქტი და მათი დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება იყო აღბეჭდილი, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან შპს "ჟინერის" მთავარი მესვეურების, კერძოდ, თეიმურაზ ჭიჭინაძის, ემზარ ჩაჩხიანის, ალექსანდრე კობაიძის და ანზორ დუნდუას დანაშაულებრივ ქმედებებს და მათ სახელისუფლებო მფარველებს. კერძოდ ვაჟა მეტრეველი, - 1994 წელს დეპარტამენტ საქენერგოს გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელმაც მისი სახელით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესი ხუთწლიანი საიჯარო სარგებლობაში გადაეცა იმავე წელს შექმნილ კერძო საწარმო კომერციულ ორგანიზაციას შპს "ჟინერს"; საქართველოს 1995-2003 წლებში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჟინვალჰესთან და შპს "ჟინერთან" დაკავშირებით მიიღო არაერთი განკარგულება, რის შედეგადაც შპს "ჟინერის" ხსენებული საიჯარო ხელშეკრულება გაბათილდა და მას აეკრძალა ჟინვალჰესზე მეიჯარის სტატუსით ყოფნა. მან არც ერთხელ არ ჩათვალა საჭიროდ გაეკონტროლებინა თავისი განკარგულებების შესრულება, რითიც ხელი შეუწყო შპს "ჟინერის" კანონსაწინააღმდეგო ფუნქციონირებას ჟინვალჰესზე, რასაც მოჰყვა შპს "ჟინერის" მხრიდან სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობის ძარცვა და მითვისება; სს "საქენერგოგენერაციის" გენერალური დირექტორი ნოდარ ბადურაშვილი, რომელმაც არანაირ კანონიერ ქმედებებს არ მიმართა, რათა ბათილად ეცნო ხსენებული ხელშეკრულება და აეკრძალა ჟინვალჰესზე მეიჯარის სტატუსით შპს "ჟინერის" ყოფნა; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრები 1994-2003 წლებში რევაზ არველაძე, დავით ზუბიტაშვილი, თეიმურაზ გიორგაძე და დავით მირცხულავა, რომლებმაც თავიანთი კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობით პირდაპირ და დაუმალავად ხელი შეუწყვეს შპს "ჟინერის" მეიჯარეობას ჟინვალჰესზე; ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსი იური მაისაშვილი, თბილისის მერი ვანო ზოდელავა, საქართველოს 1994-2003 წლებში სახელმწიფო უშიშროების მინისტრები იგორ გიორგაძე, ვახტანგ ქუთათელაძე და ვალერი ხაბურძანია, რომლებმაც თავიანთი უმოქმედობით აგრეთვე ხელი შეუწყვეს შპს "ჟინერის" კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას ჟინვალჰესზე; საქართველოს 1994-2003 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრები კახა თარგამაძე და კობა ნარჩემაშვილი, რომლებმაც არ ჩათვალეს საჭიროდ აემოქმედებინათ თავიანთი ფუნქციური დანიშნულება, რათა აღეკვეთათ შპს "ჟინერის" ჟინვალჰესზე კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა და თბილისის პრემიერი გიორგი შერაძე, რომლებმაც თავიანთი კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობით პირდაპირ ხელი შეუწყვეს შპს "ჟინერის" კანონსაწინააღმდეგო ფუნქციონირებას ჟინვალჰესზე, კიდევ სხვები, რომელთა დასახელებას აღარ შევუდგები.
2012 წლის 25 დეკემბერს დასრულდა პირველი ინსტანციის სასამართლო დავა "მოსარჩელე" თეიმურაზ ჭიჭინაძეს და "მოპასუხეს" - ჟურნალისტური გამოძიება "დრო და სივრცეს" და გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას" შორის. თბილისის სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლემ ასმათ კოხრეიძემ მიიღო გადაწყვეტილება "მოსარჩელის" სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. ამის შემდეგ მოქალაქე თ.ჭიჭინაძემ რატომღაც დაგვიანებით გაასაჩივრა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რამაც განაპირობა ის, რომ უკანასკნელმა იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობით და განსახილველად არ მიიღო ხსენებული სარჩელი. იმავე მოქალაქე თეიმურაზ ჭიჭინაძემ არ ჩათვალა საჭიროდ კერძო საჩივრით მიემართა უზენაესი სასამართლოსთვის. ამით დასრულდა შპს "ჟინერის" მთავარი მესვეურის - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეიმურაზ ჭიჭინაძის ჩივილი იმის თაობაზე, რომ ჩვენმა სააგენტომ და გაზეთმა "საქართველოს რესპუბლიკამ" ჩვენი საგაზეთო პუბლიკაციებით შელახეს მისი ღირსება და საქმიანი ავტორიტეტი.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ზემოხსენებულ პუბლიკაციებში მოყვანილ ფაქტებს და მათ დამადასტურებელ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, თეიმურაზ ჭიჭინაძის ე.წ. ღირსება და საქმიანი ავტორიტეტი ჟინვალჰესთან დაკავშირებით, სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ თეიმურაზ ჭიჭინაძის ჟინვალჰესთან დაკავშირებული საქმიანობა წარმოადგენს სახელმწიფო სახსრების მითვისებას, ანუ თეიმურაზ ჭიჭინაძემ ჩადენილი დანაშაულის გამო უნდა აგოს პასუხი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
აღსანიშნავია, რომ შპს "ჟინერის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის იანვარში სსრკ-ს 182 მუხლის საფუძველზე, რის შემდეგ რამდენიმე დღეში, როცა, კერძოდ, თეიმურაზ ჭიჭინაძის თანხმობით ჟინვალჰესთან მიმართებაში შპს "ჟინერს" შეუწყდა საიჯარო ხელშეკრულება და თავად შპს "ჟინერი" მთლიანად გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. სანაცვლოდ კი ხსენებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ შეწყდა, გენერალური პროკურორის "თაროზე" დაიდო. ამის შედეგად შპს "ჟინერის" მესვეურებს თეიმურაზ ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით შერჩათ ათი წლის განმავლობაში ჟინვალჰესის მეიჯარის სტატუსით ექსპლუატაციის პროცესში თითქმის 200 მილიონი ლარის ოდენობის მითვისებული სახელმწიფო სახსრები, რომლებიც, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული დროის განმავლობაში შპს "ჟინერის" დანაშაულებრივ საქმიანობას ჟინვალჰესზე, რაც ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, ნაწილდებოდა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში.
ე.შევარდნაძის მიერ დაწესებული საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სტრატეგიული ობიექტების, კერძოდ, ენერგეტიკის და წყალმომარაგების უცხოელებზე გასხვისება სააკაშვილის ხელისუფლებამ დაასრულა. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ 1994-2004 წლებში სამამულო ენერგეტიკაში ხელ-ფეხი ჰქონდათ გახსნილი საეჭვო პიროვნებებს, რომლებიც ორგანიზებულ მაქინაციებში არავის არ უმხელია. უფრო მეტიც, მათ ფორმალურ ხელმძღვანელს თეიმურაზ ჭიჭინაძეს ფილიპინების საპატიო გენერალური კონსულის წოდებაც "გაუფორმეს"...
შპს "ჟინერის" მესვეურები ამაყად აცხადებენ, და დღესაც იმავეს იმეორებენ, რომ ისინი ქვეყნის ენერგეტიკის ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენენ და სწორედ მათმა "ინტელექტუალურმა კაპიტალმა" განაპირობა ჟინვალჰესის კომპლექსის ვითომც ნორმალური მუშაობა ქვეყანაში არსებული მძიმე ენერგეტიკული კრიზისის დროს და იმავე დროს უზრუნველეყო მოსახლეობის სასმელი წყლის შეუფერხებელი მომარაგებაც, რაც ზემოაღნიშნული ფაქტების და მათი დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე, სრული სიცრუეა. ამ ამბის სიცრუეს ისიც ადასტურებს, რომ თბილისი და მისი გარეუბნები სასმელი წყლით დღესაც შეფერხებით მარაგდება, არსებობს მიწოდების გრაფიკები, რაც, უწინარესად, შპს "ჟინერის" ე.წ. საქმიანობის შედეგიც არის, რადგან მან არა მარტო არ აღადგინა ჟინვალჰესის სადერევაციო გვირაბი (არ მოახდინა მისი დაზიანებული ორ კილომეტრამდე სიგრძის ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია), არამედ ყველანაირად შეეცადა ხსენებული გვირაბის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხი თვითდინებაზე მიეშვა. ეს მაშინ, როცა შპს "ჟინერის" მესვეურებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დედაქალაქსა და მის გარეუბნებს სასიცოცხლოდ ესაჭიროება სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდება.
როგორ მოახერხეს, თითქოსდა რიგითმა ენერგეტიკოსებმა მართლმსაჯულებისთვის თავის დაღწევა, სწორედ ისე, როგორც ეს ხდებოდა ჩვენს უახლოეს ისტორიაში, და ახლაც არაერთი ფაქტია იმისა, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი თავიანთ პირად ინტერესებს სდებენ კორუფციულ საქმეებში, მაინც გაუგებარია.
ამ შპს-ს მესვეურები არიან არა ინტელექტუალები, როგორც ისინი უწოდებენ თავიანთ თავს, არამედ ბოროტი ძალა. ისინი კარგად მოერგნენ იმ პერიოდში ქვეყანაში დანერგილ ეკონომიკისთვის მავნე, სამამულო ენერგოსისტემაში არსებულ ე.წ. ურთიერთჩათვლების პრაქტიკას. მათი ძირითადი მიზანი გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურის მითვისება იყო და 2005 წლამდე გრძელდებოდა. 2005 წლიდან კი, როგორც აღვნიშნეთ, მათი პარპაში კი არ აღიკვეთა, არამედ მხოლოდ ჟინვალჰესთან დაკავშირებით მათი დაუსჯელობით დასრულდა. კორუფციონერები კი დღესაც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობენ, თავაწეულები ამაყად დააბიჯებენ საზოგადოებაში, თავს იწონებენ აგარაკებითა და "ჯიპებით", რადგან დარწმუნებულები არიან, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა ვითომ ხანდაზმულია და ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებათ, თავიანთი "საქმიანი გამოცდილებითა და სიბრძნით" სხვებს "მოძღვრავენ".
ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების გამოფხიზლებაში, იმ საზოგადოებისა, რომელმაც გადაჭრით თქვა უარი გადატრიალებებისა და ე.წ.რევოლუციების მხარდაჭერაზე და სურს სამართლიანი და ობიექტური ქმედებების საფუძველზე გახდეს საქართველოს განვითარების საწინდარი, სადაც დამკვიდრებული იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება, რომლის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების დაცვა, დამნაშავეთა მხილება და მათთვის საკადრისი სასჯელი.
ჩვენი ზემოხსენებული ჟურნალისტური გამოძიების საგაზეთო პუბლიკაციების (2012 წლის ივლისამდე) შედეგად ჟინვალჰესის ამჟამინდელი მფლობელი "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" (რომელიც 2008 წლიდან ეუფლება ქალაქ თბილისის და მისი გარეუბნების სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემას და აგრეთვე "ჟინვალჰესს", იძულებული გახდა ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები ხსენებული გვირაბის სამასმეტრიან მონაკვეთზე, რამაც ერთი მხრივ, განაპირობა ის, რომ 2012 წლის ივლის-სექტემბერში დედაქალაქის უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდა თბილი და არა ცივი, არასაკმარისად გაფილტრული სასმელი წყალი მკაცრი გრაფიკით, რაზეც უკმაყოფილებას გამოხატავდა მოსახლეობა და მეორე მხრივ, დედაქალაქს და მის გარეუბნებს დღეს მიეწოდება ცივი და ნორმალურად გაფილტრული სასმელი წყალი.
მიუხედავად ამისა, ჟინვალჰესის სადერევაციო გვირაბის მდგრადობის და უსაფრთხოების საკითხი დღესაც საგანგაშოა და, მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მინისტრი კ.კალაძე) არანაირ რეაგირებას არ ახდენს, რაც იმით გამოიხატება, რომ მის მიერ უგულებელყოფილია შპს "თბილწყალკანალის" (რომელშიც შედიოდა "ჟინვალჰესი") გასხვისების ხელშეკრულება, რის შედეგად შპს "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" საქმიანობა საქართველოში ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის მიზნით არანაირად არ კონტროლდება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ მინისტრი კახი კალაძე არ არის დაინტერესებული, რომ თბილისის და მისი გარეუბნების სასმელი წყლით მომარაგება ტექნიკური თვალსაზრისით მდგრადი და უსაფრთხო გახდეს.
ჩვენი პუბლიკაციის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის ფართო საზოგადოება სათანადო ყურადღებას მიაქცევს დედაქალაქისთვის სასიცოცხლო ობიექტის -"ჟინვალჰესის" ნორმალური ფუნქციონირების საკითხს და თავის სათქმელს დროულად იტყვის, რათა აცილებულ იქნას მოსალოდნელი კატასტროფა - "ჟინვალჰესის" სადერევაციო გვირაბის მწყობრიდან გამოსვლა. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები ყველა ღონეს იხმარენ საიმისოდ, რომ არსებული და მოპოვებული ფაქტების მტკიცებულებების საფუძველზე მოახდინონ რეაგირება შპს "ჟინერის" დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით და გამოიტანენ სათანადო დასკვნა, რომლის საბოლოო განსჯას სასამართლო მოახდენს.
თენგიზ ჩხიკვაძე, ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "დრო და სივრცე" დირექტორი
















































































მთავარი
კონტაქტი
2010