საქართველოში ტყეს მთელი ტერიტორიის 40 პროცენტზე მეტი უკავია. მაგრამ მისი არაეფექტური მართვის გამო, წინა ხელისუფლებამ დარგი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, საბიუჯეტო შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ ის თავის თავსაც ვერ ირჩენს - ამბობენ სპეციალისტები.
2004 წელს დარგში რეფორმები დაიწყო, მისი ინიციატორი იყო ბიძინა გიორგობიანი, - გვიხსნის პროფესორი ლევან გვაზავა. მისი თქმით, იმდროინდელ მთავრობას ტყისადმი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდა: რაც შეიძლება მეტი მოეჭრათ და გაეყიდათ. ყოველივე ეს ხდებოდა სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის გაუთვალისწინებლად. ვინც მათ (წინა ხელისუფლებას) ხელს უშლიდა, ყველა ჩამოიშორეს. ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას შეეწირა არა მარტო ბიძინა გიორგობიანი, არამედ სატყეო მეურნეობები და იქ დასაქმებული პროფესიონალი მეტყევეები და მთელი სისტემა, ამტკიცებს პროფესორი.
ყველაფერს ხანძარი ჩამოწერს...
ხელისუფლების მომხმარებლური პოლიტიკა განპირობებული იყო მერქანსა და შეშაზე მოსახლეობის მოთხოვნილების ზრდით. რა დროსაც მართვის პრინციპების დარღვევამ პირველ რიგში ტყიდან მერქნით სარგებლობის "უწყვეტობაში" ჰპოვა ასახვა, - განმარტავენ სპეციალისტები და იქვე დასძენენ - სრული განუკითხაობა გამეფდა შეშის რესურსების გამოყენების სფეროშიც. წინა ხელისუფლებამ ვითარება იმ დონემდე მიიყვანა რომ ექსპერტებს საჭიროდ მიაჩნიათ სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა.
ლ. გვაზავას გადმოცემით, ბოლო 15 წელიწადია არ ჩატარებულა ტყეების აღრიცხვა. ხის ჭრაზე ლიცენზიებს წინა მთავრობა ახლობლებსა და პოლიტიკური ერთგულების მიხედვით გასცემდა. ლიცენზიანტები პროფესორის მოსაზრებით, ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალხარისხიანი მერქანი დაამზადონ, ნაკლები დანახარჯებით, რაც ტყისათვის ზიანის მიუყენებლად შეუძლებელია. ნაცვლად იმისა, რომ განავითარონ სატყეო მეურნეობა, მერქანი საზღვარგარეთ გააქვთ, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის წამგებიანია.
ლიცენზიანტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "სენის" კოორდინატორს რეზო გეთიაშვილს. მისი აზრით, გასულ წლებში გამხმარი, დაავადებული ხეების მოსაჭრელად ლიცენზიების გაცემამ მანკიერი სახე მიიღო. ლიცენზიების პირობები უხეშად ირღვეოდა. ვისაც სანიტარიული ჭრის ლიცენზია ჰქონდა, იმათ ეს საქმე ბიზნესად აქციეს. კოორდინატორი აკონკრეტებს: შედის სიგნალები, რომ სადაც დაავადებული ხე უნდა მოიჭრას. სანიტარიული ჭრის ნებართვის მქონენი გარშემო ყველა ხეს ჭრიან. დაავადებული კი ადგილზე რჩება.
ახლობლობის ლიცენზიების ნიშნით გაცემის ტიპიური მაგალითია ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში ვანო მერაბიშვილის ბიძისთვის გაცემული ნებართვა. შეესივნენ მერაბიშვილები დედა-ბუდიანად ამ უნიკალურ ზონას და უმოწყალოდ იწყეს უკანონო ჭრები. განმკითხავი არავინ იყო. ვინ გაბედავდა, ვანიჩკა ხომ სააკაშვილის მთავრობის ხერხემალი იყო. ტყე ნადგურდებოდა. განსაკუთრებით ეს თვალში საცემი იყო დაბა და კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიებზე. გაქრნენ ტყის ბინადარი ცხოველები და ფრინველები. მომრავლდა წყალდიდობები, მეწყერი. იმატა ქარის სიძლიერემ. საქმე იქამდე მივიდა, რომ შეშფოთებულმა ადგილობრივებმა გარემოს დამცველ არასამთავრობოებთან ერთად უკანონობის შესაჩერებლად რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მაშინ ბოროტისმქმნელებმა ტყეს ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე ასეული ჰექტარი დაიწვა. უკანონოდ მოჭრილი ხეებიც "სტიქიურ უბედურებაში მოყოლილთ" მიაწერეს. ამ ვითომ "ხანძარს" უყოყმანოდ დაეთანხმა გარემოს დაცვის მაშინდელი მომღერალი მინისტრი გოგა ხაჩიძეც. პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. არც დღეს უჩანს რაიმე პირი იმას, რომ ამ საკითხით ვინმე ინტერესდებოდეს.
პირად საუბარში ერთ-ერთმა აბასთუმნელმა რეინჯერმა სინანულით გვითხრა. ეს ტყე ათეული წლების განმავლობაში იზრდებოდა. მოსახლეობა მას შვილივით უვლიდა. ასე გადადიოდა თაობიდან თაობაზე. მერაბიშვილმა და მისმა კლანმა რაღაც წლებში ბოლო მოუღეს ამდენი ხნის ნაამაგარს. ტყეს სიმღერებსაც უძღვნიდნენ, - ამბობს ჩვენთან მოსაუბრე - "ტყე შეუნახე შვილებსაო", აქ არ არის ნათქვამი, მერაბიშვილებსაო.
გამეჩხერება - დაავადების ძირითადი მიზეზი
"მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი ნინო ჩხობაძის გადმოცემით, როცა ტყის სიხშირე მცირდება (დიდია ჭრა), ტყე ნათდება. ამ შემთხვევაში ხის დაავადებები უფრო ადვილად ვრცელდება. დაბურულ ტყეში ამის ალბათობა ნაკლებია. ასე რომ, თუ ტყეში ბევრ დაავადებულ ხეს წავაწყდებით, ეს ნიშნავს, რომ უკანონო ჭრებია ჩატარებული, - დაასკვნის ექსპერტი.
წინა ხელისუფლების ტყეებისადმი მომხმარებლური უსულგულო დამოკიდებულების გამო ლაგოდეხის ნაკრძალში წაბლის ხეების 70 პროცენტი დაავადებულია. იქ 22 პროცენტი უკვე ხმობადი ხეა. ტყიბულში 800 ჰა-ზე დაზიანებულია წაბლის კორომები. ზესტაფონში კი 5 ათასი ჰექტარია დაზიანებული, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში გამხმარია კოლხური ბზის კორომები. არადა, წაბლიცა და კოლხური ბზაც უძვირფასესი სამერქნე მცენარედ ითვლება და ორივე, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი, შეტანილია "წითელ წიგნში".
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაავადებების სწრაფად განვითარების უმთავრესი მიზეზი ტყეების გამეჩხერება, უკანონო ჭრებია. მათი განმარტებით წინა ხელისუფლების მომღერალი მინისტრის უწყება იმაზეც არ ზრუნავდა, რომ დაზიანებული ხეებისგან დაეცვა გარშემო მყოფნი და შეეწამლა ისინი. თუნდაც წაბლის ტყეების ამგვარი მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობის ყოფაზე; სადაც ის ერთ-ერთი საარსებო წყაროა. წაბლით საზრდობს აგრეთვე ტყის ბევრი ბინადარიც - ირემი, შველი, დათვი, ღორი და ა. შ.
დაავადების მძიმე სტადიაში მყოფი და გამხმარი ხეების ავადმყოფობის სხვებზე გადადების თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად გარემოს დამცველებს, მათი მოჭრა მიაჩნიათ. მოჭრილი ხეები უნდა გაიქერქოს და მოხდეს მათი დაწვა-დამარხვა.
სად არის გამოსავალი.
თუ სატყეო პოლიტიკა გონივრულად წარიმართა, დარგი აღარ იქნება წამგებიანი და მცირეშემოსავლიანი. თუნდაც მოსახლეობისათვის ერთი კუბური მეტრი შეშის შედარებით იაფად დამზადება (რაც ხალხს 50-60 ლარი უჯდება), შეშის ზედა ბაქანზე და ადგილზე მიწოდება (თუ დარგი ამას თავის თავზე აიღებს, ბიუჯეტს 25-30 მლნ ლარით შეივსებს.
წინა ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა ტყეების აღდგენა-განახლება თავს კი იმით იმართლებდა, ძვირი ფუფუნებაა და მწირი ბიუჯეტი გვაქვსო (თუმცა გართობებისა და ტაშ-ფანდურებისათვის თანხები გამოინახებოდა ხოლმე).
პროფესორ ლევან გვაზავას საჭიროდ მიაჩნია ტყეების რიგრიგობით 5 წლით დასვენება. იგი თვლის, რომ დღეს ტყე ისეა განადგურებული, რომ ხელოვნურ განახლებაზე უარის თქმა დანაშაული იქნება. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს - ამბობს პროფესორი. თბილისის შემოგარენში, ხაშურის მიმდებარე ტერიტორიის ფიჭვნარი და მრავალი სხვა სულ ხელოვნურადაა გაშენებული, ამტკიცებს იგი და ევროპულ გამოცდილებაზე საუბრობს, სადაც ტყეების ტერიტორიების 90 პროცენტი ხელოვნურადაა გაშენებული.
მიშვებულობისა და წინა ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო კონტროლის არარსებობის გამო, ზოგიერთ ტყეს მღრღნელიც გაუჩნდა. ისინი ფოთლებს ჭამენ. ე. წ. გარემოს დამცველი არჩილ სუპატაშვილი განმარტავს, რომ ახლა რაიმე პრეპარატის გამოყენება დაგვიანებულია. ფოთლის მღრნელების წინააღმდეგ კარგ ბიოლოგიურ პრეპარატს აწარმოებს რუსეთი - დეპიდოციდს, ამბობს სპეციალისტი და მისივე გადმოცემით სამინისტრო აპირებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის შეიძინოს ის.
დასკვნის მაგივრად
ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ტყე სამყაროს შექმნიდან მესამე დღეს მოავლინა და ყველა უნაყოფო ხესთან ცული მიაყუდა. ამით მან ადამიანს წინასწარ მოუმზადა სიცოცხლისა და არსებობისთვის აუცილებელი ადამიანურ-ეკოლოგიურ-ეკონომიური გარემო.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010