ახლახან დაისტამბა ნაპოლეონ ქარქაშაძის ახალი დოკუმენტური რომანი "სხივი წყვდიადში" (გამომცემლობა "ივერიონი", 2013). ავტორს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსს, საერთაშორისო აკადემიების წევრს, პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, "საპატიო ნიშნისა" და ღირსების ორდენის კავალერს, 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 სახელმძღვანელოს და 4 მონოგრაფიისა - კარგად იცნობს ქართველი საზოგადოებრიობა. ბატონი ნაპოლეონი 1975-1990 წლებში იყო სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი და ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი აფხაზეთში, 1990-2004 წლებში - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, 2004 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად იგი ნაყოფიერ სამწერლო და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწევა. გამოქვეყნებული აქვს სამი პოლიტიკური რომანი "სტალინი", "ხრუშჩოვი", "ბრეჟნევი".
"სხივი წყვდიადში" მეოთხე დოკუმენტური რომანია, რომელშიც აღწერილია ყველა ის პოლიტიკური მოვლენა და ფაქტი, რომელიც აფხაზეთში ხდებოდა 1975-1990 წლებში, ხოლო საქართველოში 1990 წლიდან დღემდე მიმდინარეობს და რომელთა უშუალო მონაწილეც თვითონ არის.
ერთი არსებითი ნიუანსიც - ნაპოლეონ ქარქაშაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია. თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააპატიმრეს და მთელი 108 დღე ციხე "ახეხინეს" ხანდაზმულ გამოჩენილ მეცნიერსა და თითით საჩვენებელ მოქალაქეს.
ვბეჭდავთ ერთ თავს ნაპოლეონ ქარქაშაძის დოკუმენტური რომანიდან "სხივი წყვდიადში" (ამ ზაფხულს, წიგნების გამოცემამდე, ჩვენმა გაზეთმა ამ რომანის რამდენიმე თავი).
გვიანი ღამე იყო, როცა "რევოლუციური სამეული", კანცელარიის მე-12 სართულზე ავიდა. დერეფანში კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე დახვდათ. სააკაშვილმა ჩქარი ნაბიჯებით გაიარა მისაღები ოთახები და პრეზიდენტის კაბინეტის წინ შედგა, ესიამოვნა მოოქროვილ ლითონზე გაკეთებული წარწერა: "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", გაეღიმა და მამრაძის მიერ მოწიწებით გაღებულ კარში პირველი "შევარდა".
"სამეულმა" ოთახი შეათვალიერა, მოიხიბლნენ ახალი რემონტით და წითელი ხისგან დამზადებული ავეჯით. ერთ-ერთ კედელზე, შვეიცარიიდან ჩამოტანილი ძვირფასი საათი ეკიდა, მუქი ყავისფერი ტყავისგან დამზადებული რბილი ავეჯი, წესისა და რიგის მიხედვით, გემოვნებით იყო დალაგებული. ოდნავ ოვალურ სამუშაო მაგიდასთან, დიდზურგა სავარძელი იდგა, მოპირდაპირე მხარეს კი ორი ასეთივე, შედარებით პატარა სავარძელი იდგა სტუმრებისთვის.
"რევოლუციური სამეული" სავარძლებში მოთავსდა.
- დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დღე იყო - ღიმილით თქვა ჟვანიამ და კაბინეტი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
სააკაშვილს არაფერი უთქვამს, ისიც ახალი კაბინეტის დათვალიერებით იყო "დაკავებული".
- კარგი და გემოვნებიანი რემონტია - ისევ წამოიწყო ჟვანიამ - ეს, ალბათ, ქალბატონი ნინოს დამსახურებაა. - ბურჯანაძეს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.
- თქვენ ახლა განმარტოება გჭირდებათ, თუ ნებას მოგვცემთ ჩვენ დაგტოვებთ - თქვა ჟვანიამ და ფეხზე წამოდგა, სააკაშვილმა "თანხმობის ნიშნად" ხელი ასწია.
ცუდად ენიშნათ კაბინეტიდან გამოსულებს, სააკაშვილის საქციელი, რომელმაც ისინი საუბრის ღირსადაც კი არ ჩათვალა.
მათი გასვლის შემდეგ, პრეზიდენტი სავარძელში "მიესვენა" და "ფიქრს მიეცა". კარგად იცნობდა ორთავეს და იცოდა, რომ ისინი საკუთარი თამაშის წამოწყებას შეეცდებოდნენ, იცოდა, რომ ორივე ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება იყო. არ უნდა მისცეს მათ ამისი უფლება. ძირშივე უნდა აღკვეთოს ამაზე ფიქრიც კი... ახლა მას ისინი უკვე აღარ სჭირდება, სხვები უნდა დაიყენოს გვერდით, რომლებიც მასში პარტნიორს კი არა... "პატრონს" დაინახავენ. მადლობა ღმერთს, ასეთები ბლომად არიან. სწრაფად ამოტივტივდა მის გონიერებაში მერაბიშვილის, ადეიშვილის, ლომაიას და სხვების უსახური სახეები. ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, გაჩახჩახებულ თბილისს გადახედა.
სულ რამდენიმე საათს მოითვლის მისი პრეზიდენტობა და უკვე იგრძნო ტვირთის სიმძიმე. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ბევრ ჩახლართულ სიტუაციას დააღწია თავი, კარგად ისწავლა პოლიტიკურ ლაბირინთებში სიარულიც, სასურველ შედეგს ყოველთვის უმოკლესი გზით აღწევდა. ენდობოდა მხოლოდ თავის ინტუიციას და თანამოაზრეთა ერთგულების შეფასების თავისი მეთოდი ჰქონდა - ეს იყო უსიტყვო მორჩილება. კარგად იცოდა, რომ პირველკაცობა, დიდი საფრთხის შემცველია, რამდენიმე წუთის წინ კაბინეტიდან ღიმილით გასულ ორ ადამიანს, რომ "ერთი სული ჰქონდათ", ამ კაბინეტის დაპატრონებამდე, ესეც კარგად იცოდა.
ბავშვობიდანვე ფრთხილი იყო, თავს არიდებდა ძალისმიერ თამაშებს, უპირატესობას სიტყვიერ პოლემიკას ანიჭებდა, სარკის წინ საკუთარ თავთანაც ხშირად კამათობდა ხოლმე. ამის შედეგია ის შემტევი ლოგიკა, რომელსაც პაექრობაში იყენებდა და რომელმაც ამ კაბინეტამდეც მიიყვანა.
კედლის საათს შეხედა, ისრები "ორს" უახლოვდებოდა, ახლა გაახსენდა, რომ ფაქტობრივად არაფერი უჭამია, თუ არ ჩავთვლით აშშ სახელმწიფო მდივან პაუერთან აეროპორტში წახემსებას... სამუშაო მაგიდასთან მივიდა, მბზინავი მაგიდის მარჯვენა კუთხეში დადგმულ წითელ ტელეფონს "დაადგა თვალი"... იცოდა, რომ ამ აპარატით, პლანეტის ნებისმიერი სახელმწიფოს პირველ პირთან შეეძლო დაკავშირება... სავარძელში ჩაჯდა და ფიქრს მიეცა. ახლა ვაშინგტონში შუადღეა, პრეზიდენტი ბუში, ალბათ, ოვალურ კაბინეტშია, რა იქნება რომ დაურეკოს.! ტყუილად ხომ არ დევს წითელი ტელეფონი მაგიდაზე.! ხელი ტელეფონის ყურმილს დაადო და გაირინდა... გაახსენდა, რომ ძალიან პატარა ქვეყნის პრეზიდენტია... "თუმცა, რა დროს ყოყმანია".! მან ყურმილი ენერგიულად აიღო და "თეთრი სახლის" კოდი აკრიფა...
- თქვენ, თეთრი სახლის სატელეფონო ქსელში ხართ, სერ, რით შემიძლია გემსახუროთ, - გაისმა ყურმილში ქალის სასიამოვნო ხმა.
- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარ, გთხოვთ შემაერთოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
- ყურმილი არ დაკიდოთ, სერ - გაისმა დედამიწის მეორე სფეროდან. აღელდა, იგი ხომ მსოფლიოს "ნომერ პირველი" ქვეყნის პრეზიდენტს ურეკავს. რომ არ უპასუხოს. იქნებ ჯობდა მერე დაერეკა! ან ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვაშინგტონში ჩასვლას დალოდებოდა!.. ოფლმა "დაასხა"... დროზე გაისმა სურმილში სასიამოვნო ხმა.
- ხაზზეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გთხოვთ ილაპარაკოთ, სერ...
- თქვენო აღმატებულებავ... კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ "იქიდან დაასწრეს"...
- ჰელო, მაიკლ, როგორ ხართ, კოუელი მესაუბრა თვითმფრინავიდან, კმაყოფილია. კარგია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, - გაისმა ყურმილში, ჯორჯ ბუშის მხიარული ხმა.
- მადლობისთვის გირეკავთ, თქვენმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, ამას ქართველი ხალხი არ დაივიწყებს.
- გადაჭარბებულად აფასებთ ჩვენს როლს. საქართველო საინტერესო ქვეყანაა, იმედია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ისტორიას, კულტურას, ხალხს...
- მადლობთ კეთილი სიტყვებისთვის, შევეცდები ვიყო თქვენი ღირსეული უმცროსი პარტნიორი... თუ თქვენი სამუშაო გრაფიკი იძლევა საშუალებას, მინდა, ვაშინგტონში გეწვიოთ და დაგიდასტუროთ ქართველი ხალხის ღრმა პატივისცემა.
- ნუ იჩქარებთ, მაიკლ, ჩვენ შეხვედრას ნებისმიერ დროს შევძლებთ. ვფიქრობ, ჯობს ჯერ სამეზობლოში ჩახვიდეთ, საინტერესოდ მეჩენება ვიზიტი რუსეთში - გამოცდილი კაცი იყო ამერიკელი, იცოდა პატარა ქვეყნის ლიდერების ამბიციურობა, სააკაშვილს, რომ დადგენილი ჩარჩოებიდან ამოხტომა შეუძლია, ისიც იცოდა, ასეთი კაცის "სასურველ" მანძილზე დაყენება რომ აუცილებელია! ესეც... კიდევ ბევრი რამე იცოდა ამერიკის პრეზიდენტმა - წარმატებას გისურვებ მაიკლ, მიგულეთ თქვენს გვერდით, გთხოვთ ჩემი მოკითხვა გადასცეთ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს - დამოძღვრა სააკაშვილი ბუშმა და ტელეფონი გათიშა. არ ესიამოვნა შევარდნაძის ხსენება, დღეს იგი მისთვის მხოლოდ უბრალო პენსიონერია, რომელიც პრეზიდენტის სიმაღლიდან არც კი ჩანს. მიუხედავად ამისა, დაცვის უფროსი მაინც გააგზავნა მასთან და ბუშის მოკითხვა გადასცა.
ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა ადამიანებთან ურთიერთობის თავისებური სტილი, რომელიც მისდამი მონურ ერთგულებას გულისხმობდა. პოლიტიკაში ჟვანიამ მოიყვანა, მიუხედავად ამისა, ისიც აითვალისწუნა, მეტოქედ მიაჩნდა და იმიტომ. დღეს ჟვანია მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ერთი ნაბიჯი აშორებს პირველკაცობას. აშინებდა ჟვანიას მებრძოლი ხასიათი, ფაქტობრივად, მან მიიყვანა შევარდნაძე პოლიტიკურ კრახამდე, თავად კი "ცხვირწინ აართვა პრეზიდენტობა", დარწმუნებული იყო, რომ იგი ამას არ აპატიებდა.
მორჩილი პარლამენტია საჭირო, ბურჯანაძეც უნდა ჩამოაშოროს ჟვანიას, ახალი პარლამენტის არჩევნებამდე კი, შევარდნაძის დროინდელ დამფრთხალ პარლამენტს მიაღებინებს ისეთ კანონებს, რომელიც მის ძალაუფლებას უკონტროლოს გახდის, იცოდა, როგორ მიეხედა საკუთარი თავისთვის და ამაზე ზრუნვა პირველი დღიდანვე დაიწყო.
მობილურის ზარმა შეაწყვეტინა ფიქრი, მეუღლე ურეკავდა... "მოვდივარო" - უთხრა და ფეხზე წამოდგა.
7 7 7
სხვისი აზრის მოსმენა არ შეეძლო. თათბირებსა და მთავრობის სხდომებზე მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა და დასმულ შეკითხვებსაც თვითონვე პასუხობდა. მისი შეხვედრები, სატელევიზიო შოუებს უფრო გავდა, ძნელი საყურებელი იყო თავდახრილი, ყურებჩამოყრილი მინისტრებისა და დეპუტატების ხილვა. საზოგადოება მალევე მიხვდა, რომ პრეზიდენტი არა მარტო უცოდინარი, გაუწონასწორებელი, ზარმაცი და უტიფარია, არამედ ამპარტავანი და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულიც.
ერთხანს ტელევიზორში მისი თოჯინაც გამოჩნდა, რომელიც შევარდნაძის თოჯინაზე უფრო სასაცილო იყო. საზოგადოებამ დაინახა, რომ მათ მიერ ზარზეიმით არჩეული პრეზიდენტი, სხვა არფერია, თუ არა ნაცარქექიასა და ყვარყვარეს ყველაზე უარესი ნაზავი.
ცოტა ხანს აბოგინა თოჯინა ეკრანზე, მერე კი... მისი ავტორები ხმაურით ჩასვა ციხეში, თოჯინა კი უკვავლოდ გააქრო. საზოგადოება მიხვდა, რომ ის "შევარდნაძე არაა" და გაიტრუნა.
ეშმაკიც იყო, იცოდა, ვისთვის რა დაევალებინა. ჯერ კიდევ საპრეზიდენტოდ ემზადებოდა, როდესაც ბურჯანაძესა და ჟვანიას ახალი საპარლამენტო სიების შედგენა "სთხოვა". ფანდი იხმარა, ამით გაიგებდა, თუ ვინ რას აპირებდა მომავალში. შევარდნაძეც ასე აკეთებდა, სხვებს ავალებდა პარლამენტარების შერჩევას, სიებსაც ზერელედ გადახედავდა და თუ რა დამართა ასეთმა გაუფრთხილებლობამ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, ცხადია, თვითონ ასე არ მოიქცევა.
მოგვიანებით, როდესაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კაბინეტში დაიბარა, რამდენიმე წუთით მისაღებში აყურყუტა ისინი, თუმცა, მარტო იყო და ოთახში შესულებსაც ღიმილით შეეგება.
არც ბურჯანაძე და, მით უმეტეს, არც ჟვანია იყვნენ მიამიტები, მიხვდნენ მისაღებში ხუთწუთიანი ყურყუტის მიზანს, მაგრამ იცოდნენ, რომ ხელისუფლებაში ახლახან მოსულებს, ჯერჯერობით ამბიციები უნდა მოეთოკათ.
- ნინო, ალბათ, იცნობთ ამ ადამიანებს, - ჰკითხა ბურჯანაძეს, როდესაც ჟვანიამ სადეპუტატო ადამიანების სია გადააწოდა.
- მხოლოდ მისაღებში გადავხედე, - მშრალად უპასუხა ბურჯანაძემ.
შეიჭმუხნა. მიხვდა, რომ ჟვანია ახალი რაუნდისთვის ემზადებოდა.
- ეს რაღაც ახალია. პარლამენტის თავმჯდომარე შენ უნდა იყო, სიები კი არ გაინტერესებს.! - ეს მარტო მსუბუქი საყვედური არ იყო, სააკაშვილი მასწავლებელივით ტუქსავდა ორთავეს.
- ბატონო მიხეილ, თქვენს გამოძახებას ასე ადრე არ ველოდი, ამიტომ ვერ მოვასწარი სიის სათანადოდ შესწავლა, - თავი "იმართლა" ბურჯანაძემ.
არაფერი უთქვამს, სიების კითხვა გააგრძელა, სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება, რამდენიმე გვარი გადახაზა კიდეც.
- სიის უმრავლესობა ჩემთვის უცნობია. გარდა გვარ-სახელისა, ადამიანებს აქვთ დაბადების წელი, პროფესია, ბიოგრაფია და ა. შ. ჩვენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის ვარჩევთ ხალხს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიაში ის ხალხია ჩაწერილი, ვინც გაგახსენდათ.! - სააკაშვილმა ჟვანიას გადახედა.
- მიშა, აქ ის ხალხია, ვინც ქარსა და წვიმაში ჩვენს გვერდით იდგა, - ჟვანია შეეცადა საუბარი მეგობრულ კალაპოტში მოექცია, ისე როგორც შევარდნაძის დროს აკეთებდა, არ გამოუვიდა.
- რევოლუცია დამთავრდა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ სახელმწიფოს აშენებაზე უნდა ვიფიქროთ და პარლამენტიც შესაფერისი უნდა გვქონდეს, - ხაზგასმული ოფიციალურობით თქვა სააკაშვილმა და ფურცლები ცხვირწინ აუფრიალა.
ჟვანია გაფითრდა, თვალის გუგები გაუფართოვდა, შევარდნაძეს მისთვის ასეთი რამ არასოდეს უკადრებია, მაშინაც კი, როცა დაპირისპირებული იყო, სააკაშვილმა კი, ფაქტობრივად, სახეში მიაყარა ფურცლები...
- ასაღელვებელი არაფერია, შეგეძლო სხვანაირადაც გეთქვა, - კბილებში გამოცრა ჟვანიამ და ფურცლების აკრეფას შეუდგა. ახალმა პრემიერმა, მაშინ პირველად ინანა შევარდნაძისგან განდგომა.
სამეულის მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ შედგა, სააკაშვილმა სიებს ზერელედ გადახედა, "დავიტოვებო" თქვა და ფურცლები თავის საქაღალდეში ჩააწყო.
- დრო შეზღუდულია, მხოლოდ სამი დღე დაგვრჩა, ცესკოს ნუ დავაყენებთ დარტყმის ქვეშ, - ხმადაბლა თქვა ჟვანიამ.
- ჩვენ კანონს არ დავარღვევით, საარჩევნო კომისია სიებს დროულად მიიღებს, - თქვა და "თანამებრძოლებს" ჩინოვნიკური ღიმილით დაემშვიდობა.
- მას თავისი სიები აქვს, რომლებშიც აქა-იქ ჩაამატებს ჩვენს მიერ გადაცემულ გვარებს, - უთხრა კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს.
- შენ სხვაგვარად ფიქრობდი. - გაეპასუხა ბურჯანაძე.
დადგენილი ვადის გასვლამდე სამი საათით ადრე მიიტანეს ცესკოში სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი სიები, თვითონ ბათუმში გაემგზავრა და იქიდან შეეხმიანა "კოლეგებს".
ორთავე მიხვდა, რომ სააკაშვილთან "წყვილში" მუშაობა აღარ გამოუვიდოდათ. პრეზიდენტი მათ, როგორც შემსრულებლებს, ისე უყურებდა. ერთმანეთისთვის არ უთქვამთ, მაგრამ მოენატრათ ბუნჩულა კაცი, ედუარდ შევარდნაძე რომ ერქვა... კიდევ ბევრჯერ მოენატრებათ.
7 7 7
პრეზიდენტობიდან ერთი თვის შემდეგ, სააკაშვილმა კანცელარიის სააქტო დარბაზის ფოიეში, პირველი სამთავრობო სპექტაკლი დადგა. მან, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მთავრობის წევრები სატელევიზიო კამერების წინ გაამწკრივა, თვითონ სახელდახელო ტრიბუნასთან დადგა და განაცხადა:
- შეხედეთ და დაიმახსოვრეთ; თქვენს წინ საქართველოს მთავრობაა სრული შემადგენლობით. ისინი მდიდრები არ არიან და არც მდიდარი ნათესავები ჰყავთ. თუ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ისინი ან მათი ნათესავები ქონებას დააგროვებენ, ჩათვლით, რომ ეს კორუფციის შედეგად მიღებული სიმდიდრეა და ასეთები ციხეში წავლენ!
კიდევ ბევრი რამ უთხრა მაშინ მთავრობის წევრებს, პატარა ბავშვებივით დატუქსა პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა, ისინი კი დუმდნენ. ერთ-ერთი მორიგი სხდომის დროს, მთელი ქვეყნის დასანახად, მთავრობას ცხვირწინ უქნია თითი, არც მაშინ ამოუღია ვინმეს ხმა.
კომიკური იყო მთავრობის ის სხდომაც, როდესაც სააკაშვილმა ღვინო შემოიტანა ბოთლებით და დამფრთხალ მინისტრებს, ძალით დაალევინა, თვითონ კი, მრისხანედ განაცხადა, რომ "არ დაუშვებს ფალსიფიცირებული ღვინით ქართველების მოწამვლას, რომ ამისათვის ყველანი დაისჯებიან" და ა. შ. პრეზიდენტის სიტყვებზე უფრო ამაზრზენი კი ის იყო, რომ ამდენ მამაკაცში არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მის ცინიზმზე პროტესტს... ჩურჩულით მაინც გამოთქვამდა.
7 7 7
პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში ეწვია აბაშიძეს. სწორედ მისი კაბინეტიდან დაურეკა მაშინ თავის კოლეგებს, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ღიმილიანი იყო ეს შეხვედრა. აბაშიძემაც შეიფერა და როგორც შევარდნაძის დროს იყო მიჩვეული, სააკაშვილსაც ისე დაუწყო ლაპარაკი. ისიც კი უთხრა, "იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წინანდელზე ნაყოფიერი იქნებაო". არაფერი უთქვამს, იცოდა, რომ "პატარა კაცუნებს" ლაპარაკში არ უნდა აჰყოლოდა.
შემდეგ ჩასვლაზე ბათუმში ვარშალომიძე ჩამოიყვანა, მხოლოდ თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების შემდეგ გაიგო აბაშიძემ ამის შესახებ და ტრაპთან ძლივს მიუსწრო პრეზიდენტს. ტრაპიდან ჩამოსულმა სააკაშვილმა, მასპინძელს ხელი ისე ჩამოართვა, რომ მისთვის, არც კი შეუხედავს, დანარჩენებსაც თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა და ახალთახალი "ჰამერის" უკანა სალონში, ვარშალომიძესთან ერთად დაჯდა.
ნირწამხდარი აბაშიძე ქათამივით დაიბნა და ისღა მოახერხა, რომ დაცვის თანამშრომელივით მძღოლის გვერდით "მოკალათდა".
- რატომ არ შემატყობინეს, თუ აქეთ მობრძანდებოდით, - ზრდილობისთვის იკითხა ასლანმა.
- ხომ შეგატყობინეს, აბა, ისე როგორ დამხვდებოდი.! - მიუგო და ვარშალომიძესთან გააგრძელა საუბარი.
აჭარის მეთაურის რეზიდენციაშიც, ვარშალომიძესთან ერთად შევიდა, აბაშიძე კი უკან ადიუტანტივით მისდევდა... კაბინეტშიც ისე შევიდა, რომ მისაღებში მოწიწებით მდგარი თანამშრომლებისთვის არც კი შეუხედავს.
ამჯერად აჭარაში გაძლიერებული დაცვით ჩავიდა, რომლებიც რეზიდენციაში ისე განლაგდნენ, როგორც სამხედრო ოპერაციის დროს ხდება ხოლმე. აბაშიძის დაცვაც გაძლიერებული შევიდა შენობაში და სხვადასხვა პოზიციებზე განლაგდნენ. პრეზიდენტის დაცვის ორი თანამშრომელი აბაშიძის მისაღებშიც შევიდა.
- მეგობრებო, აქ ავტომატებით შემოსვლა აკრძალულია, - მორიდებით უთხრა მათ აბაშიძის კანცელარიის უფროსმა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
აბაშიძის კაბინეტში კი ასეთი დიალოგი გაიმართა:
სააკაშვილი - ასლან, ვის ექვემდებარება აჭარაში დისლოცირებული ბრიგადა, რომელსაც გენერალი დუმბაძე ხელმძღვანელობს.
აბაშიძე - ბრიგადა მცირერიცხოვანია და ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს და მე...
სააკაშვილი - თქვენ რატომ. მართალია, გენერალი ხართ, მაგრამ ქვეყნის მთავარსარდალი - არა!..
აბაშიძე - ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს შევარდნაძის სპეციალური განკარგულება, აჭარა სასაზღვრო ზონაა და ამანაც განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
სააკაშვილი - ეს ანტიკონსტიტუციურია და შევარდნაძემ კანონი დაარღვია.
აბაშიძე - მე ასე არ ვფიქრობ!..
პრეზიდენტმა მისი რეპლიკა "გაატარა".
სააკაშვილი - რა ესაქმებათ მოსკოვის მერიის თანამშრომლებს, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.
აბაშიძე - ისინი მოქმედებენ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ეს საკითხიც შევარდნაძესთან იყო შეთანხმებული.
სააკაშვილი ვარშალომიძეს მიუბრუნდა:
- ამათ, სანაპიროს ყველაზე კარგი მიწები მოსკოვის მერს მისცეს, - შემდეგ აბაშიძისკენ მობრუნდა და ჯიქურ ჰკითხა - გულახდილად მითხარით, რამდენი გადაიხადა ლუჟკოვმა.
აბაშიძე შეშინებული კი იყო, მაგრამ ღირსებაც ჰქონდა:
- ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ თვლით, რომ მე შემიძლია ასეთი რამის ჩადენა, მაშინ რატომ ვსხედვართ ერთად.!
- ჰო, კარგი, მე მხედველობაში ბიუჯეტში შეტანილი ფული მქონდა.
აბაშიძეს არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე ისეთი უკმაყოფილება გამოეხატა, მხოლოდ მისთვის რომ იყო დამახასიათებელი.
შემდეგ ბობოყვათის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, მაგრამ საუბარი არც იქ გამოუვიდათ., ვიწრო წრეში ივახშმეს კიდეც.
- ასლან, შენც ჩვენთან დარჩი, ხვალ დილით ადრე მივფრინავ და სალაპარაკო მაქვს, - უთხრა სააკაშვილმა ნირწამხდარ ასლანს.
ცხადია, მიხვდა ასლანი, რომ პრეზიდენტი მას არ ენდობოდა, მეტიც, მისი ეშინოდა. თუმცა, რეზიდენციის შიდა და გარე პერიმეტრი სააკაშვილის დაცვას ჰქონდა დაკავებული. დარჩა იმ ღამეს ბობოყვათში. პრეზიდენტი დილით მართლაც ადრე ადგა, გაშლილი საუზმიდან მხოლოდ კაკაო დალია და ვარშალომიძესთან ერთად აბაშიძის "ჰამერით" და დაცვით აეროპორტისკენ გაემართა. "ნუ გამაცილებო", - უთხრა აბაშიძეს და მხარზე პატარა ბიჭივით ხელი მოუთათუნა.
აბაშიძეც და მისი გუნდიც მიხვდა, რომ აჭარაში მათი 13-წლიანი მმართველობა მთავრდებოდა. შევარდნაძეც გაახსენდა, მაგრამ გვიან იყო, ყოვლისშემძლე მმართველი ერთ წუთში არარაობად იქცა.
მოგვიანებით გაბრძოლებაც დააპირა, მდ. ჭოლოქზე ხიდიც ააფეთქა, დუმბაძის ბრიგადა საომარ მდგომარეობაში მოიყვანა, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქოდა და მოსკოვიდან გამოგზავნილი თვითმფრინავით აჭარა დატოვა...
მეორე დღესვე ჩავიდა თანმხლებ პირებთან ერთად აჭარაში. დიდი ზარ-ზეიმიც მოაწყო, მსოფლიოს ამცნო "აჭარის გათავისუფლება და საქართველოსთან შეერთება". "ვაი სირცხვილო, აჭარას გასანთავისუფლებელი რა სჭირდაო", იტყვის მერე ხალხი, მაგრამ მაშინ, მოზეიმე მიშას სულ ტაშის გრიალით დაჰყვებოდნენ აჭარლებიც და სხვებიც.
საქართველო ხომ სანახაობების ქვეყანაა... სანახაობების დადგმა კი, სააკაშვილმა მართლაც კარგად იცოდა...
















































































მთავარი
კონტაქტი
2010