აბია
აბია – (დაახლ. ძვ.წ. 911-908), იუდეის სამეფოს არმიის მთავარსარდალი მამამისის, რობოამის მეფობის პერიოდში და იუდეის მეორე მეფე.
აბიას შესანიშნავმა მოქმედებამ აღკვეთა იუდეის სამეფოზე მტრების თავდასხმები, განსაკუთრებით ისრაელის მეფის, იერობოამ I-ის. ბიბლიის მიხედვით აბია და მისი მამა, იუდეის პირველი მეფე რობოამი წინ ვერ აღუდგნენ ეგვიპტის ფარაონის, შეშონქ I-ის ლაშქრობას იუდეაში, რამაც დიდი ზარალი მოუტანა ქვეყანას.
რობოამის სიკვდილის შემდეგ იუდეაში აბია გამეფდა, რომლის დროსაც იუდეისა და ისრაელის ომმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. ისრაელის მეფეს, იერობოამ I-ს აბიაზე ბევრად დიდი არმია ჰყავდა, ამას აბია არ შეუშინებია და ის მის წინააღმდეგ დაიძრა თავისი შედარებით მცირერიცხოვანი ჯარით.
აბიამ ხერხს მიმართა და ისრაელის არმიას და იერობოამს შესძახა, რომ ისინი ღმერთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რადგან იერობოამმა კერპთაყვანისმცემლობა გაავრცელა ისრაელში. ამან ჯარისკაცებზე დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა, ხოლო იერობოამი ამას ვერ მიხვდა, იმდენად დიდ იმედი ჰქონდა თავისი უზარმაზარი ჯარის. მან არმია შეტევაზე გადაიყვანა და სასტიკადაც დამარცხდა. უამრავი ისრაელიანი დაიხოცა, ტყვედ ჩავარდა ან გაიქცა. იუდეველებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს. ამ ბრძოლაში გამარჯვებით აბიამ მოახერხა და იუდეის სამეფოს ისრაელისთვის შეერთების გეგმა ჩაუშალა იერობოამ I-ს.
მიუხედავად იმისა, რომ აბიამ იერობოამი ამხილა კერპთაყვანისმცემლობაში, თვითონაც უარყო მოსეს რჯული და მამა-პაპური რწმენა და ხალხს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა. აბია თავისი მეფობის მესამე, წელს გარდაიცვალა და იუდეაში მისი ძე, ასა გამეფდა.