აბუსელიძე როინ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბუსელიძე როინ − (1988), ქართველი პოეტი. დაიბადა ბათუმში, 1988 წლის 25 ივლისს. 2005 წელს დაამთავრა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის 22-ე სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში (2005-2009). წერა დაიწყო 14 წლის ასაკში, იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: „ჭოროხი“ „ლიტერატურული პალიტრა“. 2010 წელს გამოსცა კრებული – „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“. ამავე წელს გამოიცა მისი და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული „ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“, რომელშიც მისი და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა; 2014 წელს გამოსცა კრებული „ჰოლი“ და აუდიო წიგნი „ჰამაკი“.
- იანვარია, მგონი, ქუჩებში...
- იანვარია, მგონი, ქუჩებში
- და ჩამოუსხამს ყინვა ყალიბად,
- მე კი ვერაფრით გადავურჩები,
- ახლა იმდენად ერთი ცალი ვარ.
- ამ თოვლს, ამ ყინვას და ყველაფერ „ამ“-ს,
- რაც უშენობას სიკვდილს ურითმავს,
- ვიკლავ ბუხართან და ცხელ საფერავს
- ვსვამ დახვრეტილი ხელისგულიდან.
- როგორც ეს თოვლი ზეცას მიფშვნილი,
- ისე მარტივად ვქრები ამ ბოლოს,
- მხოლოდ სტრიქონებს გიწერ სიმშვიდით,
- უმუხტოსა და უმეტაფოროს,
- ჩვენ არ შევცვლილვართ წლების შემდეგაც,
- ეს ლექსიც იმედს აღარ გვითესავს,
- რადგან იგივე არის შედეგი
- მე კვლავ პაჟი ვარ, შენ კი − პრინცესა.
- იანვარია, მგონი, ქუჩებში