აჟი(ი)რნჷჰοა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟი(ი)რნჷჰοა - აფხ. სამჭედლოს ლოცვა. კავკასიის ხალხებში რკინის კულტის არსებობას, მეცნიერები ძველთაგან მეტალურგიის დარგის გავრცელებას უკავშირებენ. ძველი ანტიკური წყაროებიდან მოყოლებული ამ დარგში პირველობას ქართველურ ტომებს (ხალიბებს, მოსხებს, ანუ მესხებს, მეგრელ-ჭანებს, სვანებს) ანიჭებდნენ. ქრისტიანული რელიგიის გავრცელების გამო ქართველებში ეს კულტი დაიკარგა, მაგრამ კავკასიელ მოსახლეობაში იგი დღემდე ადიღებმა, აფხაზებმა, ჩერქეზებმა და ყაბარდოელებმა შემოინახეს. XIX საუკუნის ბოლოს აფხაზებში სამჭედლო, როგორც სამეურნეო მნიშვნელობის ნაგებობა აღარ არსებობდა, თუმცა, სიმბოლური სამჭედლო „აჟიირა ნჷჰვართა“ ყველა ოჯახს საკუთრად ჰქონდა. ეს სალოცავი ნაგებობა მცირე ზომის, ოთხ ბოძზე დაყრდნობილი გადახურვით, ფარდულს წარმოადგენდა, რომელსაც კედლები არ ჰქონდა. იგი ჭიშკართან ახლოს, მარჯვვენა მხარეს იდგმებოდა. გადახურულში, გადაჭრილ მორგვზე, მუდმივად სამი რამ მაინც ეწყო: გრდემლი, მარწუხი და ჩაქუჩი. აფხაზურ პოლითეისტურ რწმენაში „აჟიირა ნჷჰვა“-ს (აჟიირა-სამჭედლო, ნჷჰვა-ლოცვა; ე. ი. სამჭედლოს ლოცვა) და მის ღვთაებას „შაშο ახ დუ“-ს (აფხ. ახ დუ_თავი დიდი, ან „შაშვი თავში მდგომი“) ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სიმბოლური სამჭედლო ნაგებობა აფხაზებისათვის ერთადერთი რელიგიური რეალური მატერიალური კულტურის გამოხატულება იყო. აფხაზების წარმოდგენით, მჭედელი, რომელსაც საკრალური „სამხელი“ ინსტრუმენტები: გრდემლი, მარწუხი და ურო გააჩნდა, შესაძლოა ღვთაება თვით ყოფილიყო. ნართების ეპოსის გადმოცემით, „მარჯვენა ხელი - ურო, მარცხენა - მარწუხი და ორივე მუხლი კი გრდემლი“ უნდა ყოფილიყო. ძველად ამ „სამხელის“ წინ ხდებოდა ავადმყოფის განკურნება, ფიცისა და აღთქმის დადება, მტრისადმი წყევლის გაგზავნაც. ამიტომ ამ ღვთაებისადმი მიძღვნილ დღეს, 13 იანვარს, ძველი სტილით 1 იანვარს აუცილებელი იყო მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარება. ამ რიტუალში მონაწილეობას მხოლოდ ერთი დიდი ოჯახიდან განაყარი ოჯახები, ძმათაშვილები, პატრონიმია იღებდა მონაწილეობას. ოჯახიდან შორს გათხოვილ ქალებსაც კი ევალებოდათ ამ დღეს წინაპრის სახლში დაბრუნება.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები