ბაკურაძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ბაკურაძე

ბაკურაძე შალვა – (1973), ქართველი მწერალი, პოეტი. დაიბადა სოხუმში; 1995 წელს დაამთავრა თსუ-ს სოხუმის ფილიალი ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობა, არის მწერალი. მოგვიანებით სწავლობდა საქართველოს კულტურის ინსტიტუტში. მუშაობდა რადიოში მუსიკალურ წამყვანად. მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „რიწასა” და გაზეთ „ოქროს საწმისში”. შემდეგ თითქმის ყველა ქართულ ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდება. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „კეთილი ადამიანები” (2000), „წერილი ნინოს” (2003), „დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი”.


* * *
ამ ლექსის წერა დავიწყე ასე:
წარმოვიდგინე, ვზივარ რაფაზე,
ვამტვრევ და ვისვრი
ზღვისკენ სველ ფრაზებს,
თან სიგარეტსაც ვურტყამ ნაფაზებს
და კვამლი მძიმე დუმილით მავსებს.
ვწერდი, ვფიქრობდი. რა უფრო ადრე
გაჩნდა ამ ლექსში: ზღვა, თუ რომ ვამტვრევ
სიტყვებს და ან რა ბედი ეწია
ქალს ნაადრევად მოსახუცებელს,
ვისთვისაც ლექსში დიდხანს ვეძიე
კუთხე და ბოლოს აქ მოვუძებნე.
ხოლო ეს ლექსი შეივსო ასე:
მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, რაზე
უნდა მეწერა. გულდაღმა ვეგდე.
თავს ვერ ვუყრიდი გაფანტულ აზრებს.
ვხედავდი ჩემს თავს, ამ ლექსს ზემოდან,
და პირქვე გდება წუთების შემდეგ,
ლექსის ნაწილი როგორ ხდებოდა.
ლექსი კი უკვე ითხოვდა წერტილს,
მაგრამ ამის თქმაც სიტყვებს ითხოვდა.
ამიტომ ვწერდი, ჯერ ისევ ვწერდი
და ლექსმა ისე შეავსო გვერდი,
არ დამეწეროს იგი ვითომდაც.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები