ბიბი-ხანიმის მეჩეთი
ბიბი-ხანიმის მეჩეთი – სამარყანდის მთავარი მეჩეთი – ბიბი-ხანიმი შუა აზიის მუსლიმანური არქიტექტურის, XV საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. იგი აგებულია 1399-1404 წწ. მისი კომპლექსი შედგება დიდი ზომის (76X63 მ) შიგა ეზოსაგან, რომელიც ოთხივე - მხრიდან გარს უვლის გალერეები . დასავლეთის გალერეა დანაწევრებულია სვეტების ცხრა რიგით, ხოლო დანარჩენ გალერეებში სვეტები 4 რიგადაა განლაგებული. გალერეის სვეტები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თაღებით, რომელთაც ზემოდან გუმბათები ედგა. ეზოს მხრიდან გალერეა გახსნილი იყო არკადით. დასავლეთის გალერეის ცენტრში მოთავსებული იყო მთავარი მეჩეთი, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის გალერეებთან – მცირე ზომის მეჩეთები. აღმოსავლეთის გალერეის ცენტში მოწყობილი იყო მთავარი შესასვლელი, გადაწყვეტილი დიდი პორტალის სახით, რომელიც ორივე მხრიდან ფლანკირებულია მინარეთებით, კომპლექსის ოთხივე კუთხეში აღმართული იყო აგრეთვე შედარებით უფრო მცირე დიამეტრის მინარეთები.
მთავარი მეჩეთის შენობა შედგება ერთი კვადრატული გეგმის მქონე სათავსისაგან, რომელიც გადახურული იყო გუმბათით. მისი ინტერიერი ერთ მთლიან კუბურ სივრცეს წარმოადგენს. სათავსის კედლები და გუმბათი შელესილია და მოხატული. სამი მხრიდან (აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან) მეჩეთს მოწყობილი აქვს შესასვლელები, ხოლო დასავლეთიდან კედელში ჩაშენებულია ნიში. მთავარი (აღმოსავლეთის) შესასვლელი გაფორმებულია ისრისებრი ფორმის თაღის მქონე პორტალით. მეჩეთის გუმბათი მთლიანად დაფარულია ფირუზისფერი ჭიქურით. პორტალის კედლები ამოყვანილია ლურჯი ფერის აგურით. ასეთი აგურების წყობით კედლის ზედაპირზე შექმნილი იყო პარალელოგრამებიდან შედგენილი ბადე, რომლის ჩაღრმავებული სიბრტყეებიც დაფარული იყო ფირუზისფერი აგურისგან შედგენილი წარწერებით ასეთივე ლურჯი და ფირუზისფერი მოჭიქული აგურებით იყო აგებული ბიბი-ხანიმის კომპლექსის მთავარი შესასვლელი. ბიბი-ხანიმის მეჩეთის კომპლექსმა ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.