გარდაქმნის პოლიტიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები
გარდაქმნის პოლიტიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები - სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახალი კურსი (1985-91), რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვან გარდაქმნებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე საგარეო ურთიერთობებში.
მ. გორბაჩოვმა და მისმა გუნდმა შეიმუშავა ე.წ. „ახალი აზროვნების პოლიტიკა“, რომლის უმთავრესი ნიშანი იყო საერთაშორისო ურთიერთობებში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების უარყოფა. კერძოდ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ყურად იღო მსოფლიო თანამეგობრობის აზრი და გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან. აშშ-თან ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. საგრძნობლად გაუმჯობესდა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ სსრ კავშირი წინ აღუდგა ორი გერმანული სახელმწიფოს გაერთიანებას. ამასთანავე, თბილისის (1989), ბაქოს (1990), ვილნიუსისა და რიგის (1991) მოვლენებმა ცხადყო, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა არ იყო მზად, ბოლომდე და ყველა სფეროში გაეტარებინა გარდაქმნები. ამან, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.