გეორგიკა (პერიოდული გამოცემა)
„გეორგიკა“, „Georgica“ – თბილისისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი ყოველწლიური გამოცემა. 1978–89 გამოდიოდა იენაში (დაიბეჭდა 12 ნაკვეთი), მე-13–14 გაერთიანებული ნაკვეთი დაიბეჭდა კონსტანცაში (რუმინეთი). ამ ნომრიდან „გეორგიკა“ გამოდის როგორც ოთხი უნივერსიტეტის (თბილისი, იენა, საარბრიუკენი, კონსტანცა) ერთობლივი ორგანო (რედაქტორები: ჰ. ფენრიხი – იენა, შ. ძიძიგური – თბილისი). 2006-თვის გამოსულია 89 ნომერი (რედაქტორები: შ. ხოტიეარი-იუნგერი, მ. ლორთქიფანიძე). „გეორგიკა“ ფართო პროფილის ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური გამოცემაა, რომელშიც ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების გამოკვლევები ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოსოფიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების საკითხებზე. აქვს კრიტ. ბიბლიოგრაფიული განყოფილებაც.
გ. თოფურია