გიორგი I (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი I - ერთიანი საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში. ბაგრატ III-ის ძე.

პოლიტიკური ვითარება

გიორგი I-ის გამეფების დროისთვის გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლის ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურს აქ მდგომარეობის გამყარება, ბიზანტია თავისი მიზნისათვის საუკეთესოდ იყენებს დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული: „იბერიის თემი“ შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიზანტიისთვის, რომელიც აქედან ავრცელებს თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე (ამავე დროს ეს მხარე დიდი ეკონომიკური შემოსავლების წყაროა), ისე საქართველოსთვის, რათა თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. ამიტომ გიორგი I იწყებს შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოს დასაბრუნებლად.

გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაშორეს და აქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის, მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით, კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთის სახელმწიფო და ბასილი II (976-1025) ოთხი წლის მანძილზე მასთან ომს აწარმოებდა.

ბიზანტია-საქართველოს ომი

გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II-მ ბულგარეთთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023 წ.

გიორგი I-მა, ბუნებრივია, კარგად იცოდა, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს, მან გადაწყვიტა უართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით გიორგი I დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვაპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთან. ეგვიპტის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად ყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფ ალ-ჰაქიმთან, რომელსაც ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. სამწუხაროდ, კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა. გარდაიცვალა ალ-ჰაქიმი, რამაც ალბათ განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.

1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრა, მოწინააღმდეგენი ბასიანს დაბანაკდნენ, გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა. ქ. ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს „უკანმავალ“ ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკანაქციეს ბიხანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ „ქართველი ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“. უკანდახეულ ქართველებს ბასილი დევნიდა, თან ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. ბიზანტიელებმა „ტყუე ყვეს და მოაორეს არტანი“... იმპერატორმა „ასწყჳიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გადავიდა თრიალეთს... თრიალეთით, უკუმოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრე ქვეყანანი იგი“. გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა. სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებებს აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ მიიღო ცნობა, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ, მათთან, როგორც ჩანს, გიორგი I-ს კავშირი ჰქონდა. გიორგი I-მა აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა. იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო საქართველოს მეფეს და დაამარცხა.

1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დათანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლით მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში.

გიორგი I ამ მდგომარეობას ვერ შეეგუა და რევანშისთვის ემზადებოდა. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულებაში, იმპერატორის წინააღმდეგ, მიიღო მონაწილეობა. შეთქმულება გამომჟღავნდა.

გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას.

ქართული წყარო „მატიანე ქართლისა“ გიორგი I-ს შემდეგნაირად ახასიათებს: „სავსე ყოვლითა სიკეთითა, რომელ არიან გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა“ იყო იგი „უშიშ ყოვლითურთ ვითარცა უჴორცო“.

მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, დაკრძალულია ქუთაისს. მისი მეფობის დროს აშენდა მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარი.



წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები