დამატებული ღირებულების გადასახადი
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) (ინგლ. value added tax)
1. უნივერსალური არაპირდაპირი გადასახადის სახეობა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სახის საქონელსა და მომსახურებას და იფარება წარმოებული დამატებული ღირებულების მთლიანი თანხიდან;
2. განაკვეთი, რომელიც შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის „X“ პროცენტს (საქართველოში 18%). დასაბეგრი ბრუნვა წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამს.
დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) იმპორტი;
გ) ექსპორტი;
დ) დროებითი შემოტანა.
დღგ-ით დასაბეგრი 29 ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის ან/და თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა; არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.
ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე; დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.