იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი - სახლ-მუზეუმი დგას შიდა ქართლის მხარეში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ცენტრში; გორი-ნიქოზის გზის მარცხენა მხარეს.
შენობა ქვითკირისაა, ორსართულიანი, ღიააივნიანი. ააგეს სოფლის მღვდელმა ს. გოგებაშვილმა და მისმა ვაჟმა ანდრიამ. იაკობ გოგებაშვილის ძმამ ზაქარიამ სახლს მიუმატა ერთი ოთახი. შემდგომში სახლს კიდევ მიაშენეს ორი ოთახი და გახსნეს სკოლა (1930 წ). საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით (1958 წ. 14 დეკ.) ამ შენობაში გაიხსნა პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზ. მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წწ.) სახლ-მუზეუმი. იგი შედგება სამი დარბაზისაგან. პირველი დათმობილი აქვს მწერლის ბავშვობის, სტუდენტობისა და მასწავლებლად მუშაობის ამსახველ სურათებსა და ექსპონატებს. მეორე დარბაზში მოთავსებულია ი. გოგებაშვილის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები და მწერლის მოთხრობების სიუჟეტზე შექმნილი მხატვრული ტილოები. მესამე მემორიალურია – გამოფენილია მწერლის პირადი ნივთები.