ლუჩია დი ლამერმური (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ლუჩია დი ლამერმური“ – იტალიელი კომპოზიტორის გაეტანო დონიცეტის ოპერა. ოპერა კომპოზიტორმა 1835 წელს დაწერა. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო უოლტერ სკოტის რომანი „პატარძალი ლამერმურიდან“. ლიბრეტოს ავტორია სალვატორე კამარანო. ოპერის პრემიერა 1835 წლის 26 სექტემბერს ნეაპოლის თეატრ სან-კარლოში შედგა. უნდა აღინიშნოს, რომ დონიცეტიმ ლუჩიას ფრანგულენოვანი ვარიანტიც შექმნა.

ოპერის მოქმედება XVI საუკუნის შოტლანდიაში ხდება. მოვლენების ცენტრშია ლუჩია, ლორდ ჰენრი ეშტონის (ენრიკო) – ლამერმურთა საგვარეულო ციხესიმაგრის ბატონის და, რომელსაც ფარულად უყვარს საგვარეულოს მტერი ედგარ რავენსვუდი. სწორედ ეს სიყვარული ხდება მისი ტრაგედიის მიზეზი. ძმისგან მოტყუებული და საყვარელი ადამიანისგან მიტოვებული ლუჩია მწუხარებისგან ჭკუიდან შეიშლება. ის არასასურველ საქმროს მახვილით კლავს. მოჩვენებასავით გაფითრებულ, გასისხლიანებულ საქორწინო კაბაში გამოწყობილ ლუჩიას სახეზე ბედნიერი გამომეტყველება აქვს, რადგან ედგარი ელანდება და ჰგონია, ჯვარს მასთან იწერს. იგი გრძნობს, რომ სიკვდილი მალე დადგება და ზეცაში იქნება ბედნიერი საყვარელ ადამიანთან ერთად. ლუჩიას გარდაცვალების შემდეგ ედგარიც თავს იკლავს.

„ლუჩია დი ლამერმური“ ერთ-ერთი ურთულესი ოპერაა თავისი მრავალრიცხოვანი პასაჟებითა და მაღალი ბგერებით დატვირთული არიებით. განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა ლუჩიას სიგიჟის სცენა, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის 18-წუთიან არიას Spargi d’amaro pianto-ს („მწარე ცრემლები იღვრება ჩემს ვუალზე“) წარმოადგენს. ლუჩიას პარტია, ძირითადად, სრულდება კოლორატურული სოპრანოების მიერ. მათი ხმის ტემბრი და შესრულების ტექნიკა bel-canto-ს სტანდარტებში ჯდება.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები