მერუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერუ(ინდ.) წმიდა მთა, რომელიც აღმართულია სამყაროს შუაგულში; ღმერთები იკრიბებიან მასზე, როგორც ბერძენთა ოლიმპოზე; იქ უდევთ ბინა დიდ ღმერთებს: ბრაჰმას, ვიშნუს, შივას, ინდრას... მის გარშემო მოძრაობენ მზე და მთვარე, და ვარსკვლავები. ერთხელ ერთმა მთამ, სახელად ვინდჰიამ, უსაყვედურა მზეს: „ყოველდღიურად დილიდან საღამომდე შენი ბრწყინვალებით გარს უვლი მერუს. ახლა მე მინდა, რომ პატივი მომაგო: იბრუნე ჩემს ირგვლივ მარცხნიდან მარჯვნივ!“ მაგრამ მზემ უარი უთხრა: „მე ჩემი ნებით კი არ ვბრუნავ მერუს გარშემო, არამედ სამყაროს შემოქმედის ნებას ვასრულებ. ჩემი გზა განგებისეულია, მე არ შემიძლია მისი შეცვლა“. მერუ გულმოწყალებას იჩენს მართალი, წმინდა და ბრძენი ადამიანების მიმართ. როცა დიდმა განდეგილმა ვასიშთჰამ თავისი ასი შვილის დაღუპვის ამბავი გაიგო, ავიდა მერუს მთაზე და მართალი მწვერვალიდან კლდეებზე თავი გადმოიგდო. მაგრამ მთის კლდოვანი ფერდობები მას ფაფუკ სარეცლად ექცა და განდეგილიც უვნებლად დაეშვა მასზე.

მერუზე გადის გზა ცისკენ. ბევრი მითიური გმირი უცდია მერუზე ასვლას, მაგრამ ამაოდ. ზოგს ჩადენილი უსამართლობა აბრკოლებდა, ზოგს – ამპარტავნობა, ზოგს – ზედმეტი თავდაჯერებულობა, ზოგს – კვეხნა ფიზიკური ძალით, ზოგს – სილამაზით. მხოლოდ ერთი მათ შორის, იუდჰიშთჰირა, გახდა მერუზე ასვლის ღირსი, მაგრამ მან არ ინება თავის საყვარელ ძაღლთან განშორება და უარი თქვა მარტო ასვლაზე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები