მთის ჩადუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sryiopter.PNG

მთის ჩადუნა - Dryopteris filix-mas.

მთის ჩადუნას ქართლში დათვისაგებელას ეძახიან; თუშეთში - მჩადას, ჩადას, ზემო იმერეთში- ღორთოფქლას; რაჭაში - იფხლას, იმლას; ლეჩხუმში-მუჩუს; გურიაში - ტყის გვიმრაის; სამეგრელოში - მაგვიმარაია, ლაგვიმორია.

მთის ჩადუნა მიეკუთვნება ნამდვილი გვიმრების Aspleniaceae-ს ოჯახს. 1 სმ-მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული. მიწის ზემო განვითარებული ღერო არ გააჩნია.

ფოთლები დიდი ზომის კენტფრთართული, ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი. ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული. ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა. გვხვდება ნესტიან ტყეებში. მთის ჩადუნა გამოიყენება მედიცინაში. შეიცავს ფილიკსის მჟავას (ფილიცინი), ფლავასპიდინის მჟავას, ასპილნოლს, ალბასპიდინს. მცენარეთა დაცვაში გამოყენებულია გალიანი ნემატოდების წინააღმდეგ; აღნიშნულის შესახებ მასალებს ვხვდებით ბულგარელი მეცნიერების ე. ხრისტოვასა და ნ. კონევას შრომებში, რომლებიც მიუთითებენ მცენარეებზე მთის ჩადუნას გამაჯანსაღებელი მოქმედების შესახებ ამიტომ იყენებენ ნაყენს, რომლის დასამზადებლად 500 გ ნედლეულს 48 საათის განმავლობაში ალბობენ 10 ლიტრ წყალში, თითოეულ მცენარეს რწყავენ 200 მლ-ით. ასეთი ღონისძიებების შემდეგ უჯობესდება მცენარის ზრდა-განვითარება, მცირდება გალიანი ნემატოდების მავნეობა, მაგრამ თვით ნემატოდები არ იღუპებიან. ცნობები გვაქვს მთის ჩადუნას ინსექტიციდური თვისებების შესახებაც.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს და ანთოციანებს; ფესურაში ამის გარდა აღინიშნება ტრიტერპენოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, უმაღლესი ალიფატური სპირტები და ცხიმმჟავები; ფოთლებში ნაპოვნია ეთერზეთები, ვიტამინი C, ფლავონოიდები, უმაღლესი ცხიმმჟავები, მათ რიცხვში ლინოლინის, პალმიტინის, ოლეინის, ლინოლენის, სტეარინის; ლიპიდები, სახამებელი, მწარე ნივთიერებები. სამკურნალოდ ფესურა გამოიყენება. ცნობილია მისი ფარმაცევტული პრეპარატები ექსტრაქტების, ფხვნილებისა და კომპლექსური შენაერთების სახით. მეცნიერულ მედიცინაში ფესურა გამოიყენება როგორც სოლიტერის საწინააღმდეგო ძლიერ მომქმედი საშუალება. იგივე დანიშნულებით ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდან იხმარებოდა. არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ხალხში ჩადუნა ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი და სიცხის დამწევი საშუალება. გარეგანად გამოიყენება საფენების ან აბაზანების სახით ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, რევმატიზმის დროს; ფესურების წყლის ნახარში რეკომენდირებულია საჯდომის ნერვის დაავადებების, ხოლო სპირტიანი ნაყენი მშრალი პლევრიტის სამკურნალოდ.

საყურადღებოა ჩადუნას ძლიერ შხამიანობა, მისი სამკურნალოდ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (შენგელია, 1983).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები