მოლაღურისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოლაღურისებრნი (ლათ. Oriolidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მოლაღურისებრთა ოჯახი შედარებით მცირერიცხოვანი და ერთგვაროვანი, საშუალო სიდიდის, დაახლოებით შოშიიდან ჩხიკვისოდენამდე ფრინველების ჯგუფია. აქვთ მოხდენილი, ოდნავ წაგრძელებული ფორმის სხეული, მჭიდროდ სხეულზე მიტმასნილი და ჩვეულებრივად მკვეთრად შეფერილი ბუმბულსაფარველი, სადაც გამოირჩევა მკვეთრი ყვითელი, მწვანე, მოწითალო და შავი ფერები. ზოგიერთი მათგანი მთლიანად შავია. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში ხშირად კარგად არის გამოხატული. ნისკარტი ზომიერი სიგრძის, საკმაოდ მსხვილი, წაგრძელებული კონუსის ფორმისაა. ნისკარტზედა წვეროში ოდნავ მოხრილია, შეფერილობით ნისკარტი მეტწილად მოწითალოა. ნესტოების ხვრელები მოგრძოა და დაუფარავი. ნისკარტის ძირში ძალიან პატარა ჯაგრისებური ბუმბულებია. გრძელი და მახვილი ფრთა თითქმის კუდის ბოლომდე აღწევს, აქვს 10 პირველი რიგის მომქნევი, რომელთაგან პირველი საკმაოდ გრძელი, დაახლოებით მე-2 მომქნევის ნახევარი სიგრძისაა. ყველაზე გრძელი კი მე-3 და მე-4 მომქნევია. ნორმალური სიგრძის კუდი ბოლოში მომრგვალებულია და საჭის 12 ბუმბულს შეიცავს. ფეხები მძლავრია, შედარებით მოკლე გალო უკანა მხარეს დიდი ზომის ფარებითაა დაფარული. გარეთა და შუა თითები ძირში ერთმანეთთან ოდნავ შეზრდილია.

ბინადრობენ ტყეებში, მეტწილად ზედა იარუსში, ხეების კრონაში. მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ განცალკევებულ წყვილებად. აგებენ ღია, ჯამის ფორმის მოხდენილ ბუდეს, ჩვეულებრივად ჩამოკიდებულს წვრილ ტოტებზე, მიწის ზედაპირიდან დიდ სიმაღლეზე. დებენ 4-5 კვერცხს. იკვებებიან ძირითადად დიდი ზომის მწერებით და მათი მუხლუხოებით. ჭამენ ნაირგვარი ხეხილსაც. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვთ სატყეო მეურნეობისათვის.

მოლაღურისებრნი გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ინდომალაის არქიპელაგზე და ავსტრალიაში, მაგრამ უფრო რიცხვმრავალი სახეობები ტროპიკულ ქვეყნებშია. ოჯახში გამოყოფენ სულ 2 გვარს, 28-29 სახეობით, თუმცა სხვა ავტორთა მონაცემებით, ოჯახი შეიცავს 70-მდე სახეობას. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები