მულტიპლიკატორი (ეკონომიკა)
მულტიპლიკატორი (ეკონომიკა) (multiplier, <ლათ. multiplicator მამრავლი), კოეფიციენტი (K), რომელიც გამოხატავს გარკვეულ რაოდენობრივ თანაფარდობას ფუნქციონალურად ერთმანეთზე დამოკიდებულ ორ ან მეტ ცვალებად ეკონომიკურ სიდიდეს შორის. ერთობლივი მოთხოვნის მატების ერთ ერთეულზე ერთობლივი მიწოდების ცვლილების კოეფიციენტი.
დასაქმების მულტიპლიკატორი გამოხატავს რაოდენობრივ თანაფარდობას ერთობლივი დასაქმების ნამატსა და ინვესტიციების ნამატს შორის.
ინვესტიციის მულტიპლიკატორი ასახავს რაოდენობრივ თანაფარდობას შემოსავლებისა და ინვესტიციების ნამატს შორის. თუ ინვესტიციის მოცულობა იზრდება, შემოსავალი მატულობს იმ სიდიდით, რომელიც K-ჯერ მეტი იქნება ინვესტიციის ნამატზე. მაგ., თუ ინვესტიციის 10 მლნ დოლარით ზრდა იწვევს შემოსავლის ზრდას 40 მლნ დოლარით, მაშინ მულტიპლიკატორი 4-ის ტოლი იქნება.
შემოსავლის მულტიპლიკატორი გამოხატავს რაოდენობრივ დამოკიდებულებას შემოსავლების ნამატსა და ინვესტიციების განსაზღვრულ სიდიდეს შორის. შემოსავლების ნამატი უდრის ინვესტიციების ნამატს, გამრავლებულს მულტიპლიკატორზე.