ნატოს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა - ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მონაწილე ქვეყნების საჰაერო თავდაცვის კოალიციური სისტემა ევროპის ომის თეატრზე.

შეიქმნა 1961 წელს. მოიცავს ოთხ ზონას: ჩრდილოეთის (ოპერატიული ცენტრი კოლსოსი, ნორვეგია), ცენტრალურს (ოპერატიული ცენტრი ბრიუნსიუმი, ნიდერლანდი), სამხრეთის (ოპერატიული ცენტრი ნეაპოლი, იტალია) და ატლანტიკისა (ოპერატიული ცენტრი სტანმორი, დიდი ბრიტანეთი), რომლებიც დაყოფილია რაიონებად, სექტორებად და ორ ცალკე სექტორად - მალტისა და კვიპროსის.

პირველი სამი ზონის საზღვრები ემთხვევა, შესაბამისად, საომარი მოქმედებების ჩრდილოდასავლეთის, ევროპის, ცენტრალური ევროპის და სამხრეთ ევროპის თეატრების საზღვრებს. ატლანტიკის ზონა მოიცავს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას, ფარერის კუნძულებს (დანია) და მათი მიმდებარე ზღვების აკვატორიებს.

XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს ნატოს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის საბრძოლო შემადგენლობაში იყო საზენიტო მართვადი რაკეტების 1700-მდე გამშვები დანადგარი და საჰაერო თავდაცვის 600-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი. საზენიტო მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარების 70%-მდე და გადამჭერი ავიაგამანადგურებლების დაახლოებით 30% თავმოყრილია ცენტრალურ ზონაში.

ნატოს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მოქმედებების როგორც ცენტრალიზებული (ძირითადი მეთოდი), ისე დეცენტრალიზებული მართვა. საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის ძალებისა და საშუალებების მართვას თავისი შტაბის მეშვეობით ახორციელებს ნატოს ევროპაში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსადლობა. ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები საომარი მოქმედებების თეატრებზე მართავენ საჰაერო თავდაცვის ძალებსა და საშუალებებს შესაბამის ზონებში, ინგლისის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი დიდ ბრიტანეთში - ატლანტიკის ზონაში, ხოლო გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობისა და ტაქტიკური საავიაციო სარდლობის სარდლები - საჰაერო თავდაცვის რაიონებში. მართვისათვის შექმნილია შემდეგი ორგანოები: საჰაერო თავდაცვის ზონების, რაიონების, სექტორების ოპერატიული ცენტრები, მართვისა და შეტყობინების ცენტრები, საგუშაგოები, აგრეთვე რადიოლოკაციური საგუშაგოები. მართვის საფუძველია ავტომატიზებული სისტემა „ნეიჯ“, რომელიც განკუთვნილია ნატოს სარდლობის შეტყობინებისათვის საჰაერო ვითარების შესახებ, საჰაერო მიზნებზე გამანადგურებლებისა და მართვადი საზენიტო რაკეტების გამიზვნის თაობაზე.

ნატოს საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სისტემა მჭიდროდ ურთიერთქმედებს „ნორად-თან“, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საჰაერო თავდაცვის ეროვნულ სისტემებთან და ხმელთაშუა ზღვაში მყოფი აშშ-ის VI ფლოტის საჰაერო თავდაცვის სახომალდო საშუალებებთან.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები