პერფილიევის მისია 1658-62

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერფილიევის მისია 1658-62 – ოფიციალური მისია ჩინეთში, რომელიც რუსეთმა გაგზავნა ცინების იმპერიაში დიპლომატიური და სავაჭრო კავშირების მოწესრიგების მიზნით.

ამურისპირეთში რუსეთის შენაერთების შეტაკებებმა მანჯურიის ჯარებთან და ჩინეთში ბაიკოვის მისიის 1654-57 წარუმატებლობამ აიძულა რუსეთი, წასულიყო დათმობებზე ცინების იმპერიის მიმართ. ბაიკოვის დაბრუნების შემდეგ პეკინში გაიგზავნა „ბოიარის შვილი“ (ქ. ტარიდან) ი. პერფილიევი, რომელსაც დაევალა იმპერატორ ფუ ლინისათვის მეფე ალექსი მიხეილის ძის სიგელისა და საჩუქრების გადაცემა, ჩინეთში რუსული საქონლის გაყიდვა, ჩინური წარმოების საქონლის შესყიდვა და ჩინელ ოსტატთა მოწვევა რუსეთში. მეფის სიგელში ცინების მთავრობას სთავაზობდნენ მეგობრული, დიპლომატიური და სავაჭრო კავშირების დამყარებას. მაგრამ რუსეთის წარმომადგენლების ჩასვლა პეკინში შეფასდა როგორც „ხარკი“ ჩატანა, მეფის სიგელი განიხილეს, თუმცა რუსეთის წინადადებები ცინების მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა. ის ფაქტი, რომ რუსეთის მეფე სიგელში იწოდებოდა „დიდ ხელმწიფედ“, ცინებმა თავხედობად ჩათვალეს (მათი წარმოდგენით, მეფეს ამისათვის უნდა მიეღო ჩინეთის იმპერატორის ნებართვა). ჩინეთის მხარემ გადაწყვიტა, არ ეპასუხა სიგელზე და არ გაეგზავნა რუსეთში საპასუხო ელჩობა. პერფილიევს გადასცეს მხოლოდ საპასუხო საჩუქრები. I-VI.1662 ის სამშობლოში დაბრუნდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები