ჟენევის თათბირები 1954-59
ჟენევის თათბირები 1954-59
სარჩევი |
1. ჟენევის თათბირი 1954
ჟენევის თათბირი 1954, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ის, საფრანგეთისა და ჩინეთის ვახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. თათბირი (26.IV-21.VII) მოწვეულ იქნა ბერლინის თათბირის 1954 გადაწყვეტილების თანახმად კორეასა და ინდოჩინეთში მშვიდობის საკითხების განსახილველად. კორეის საკითხის განხილვისას კონფერენციაზე აგრეთვე დაშვებულ იქნენ კსდრ, სამხრეთ კორეა და კორეაში გაეროს ეგიდით ჩატარებული ოპერაციის მონაწილე 12 ქვეყანა (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბელგია, ეთიოპია, თურქეთი, კანადა, კოლუმბია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საბერძნეთი, ტაილანდი, ფილიპინები). რაიმე შეთანხმების მიღწევა ჟენევაში კორეის საკითხზე ვერ მოხერხდა მხარეთა დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციების გამო. ბევრად უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა ინდოჩინეთის საკითხის განხილვა, რომელშიც მონაწილეობის უფლება მიეცათ აგრეთვე ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკას, სამხრეთ ვიეტნამს, ლაოსს და კამბოჯას. საბოლოოდ, 20-21 ივლისს ხელმოწერილ იქნა შეთანხმებები, რომლებმაც ბოლო მოუღეს ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში 1945 წლის სექტემბრიდან მიმდინარე ომს.
ჟენევის თათბირის მონაწილეებმა, მათ შორის საფრანგეთმაც, აიღეს ვალდებულება, ეცნოთ ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თანახმად დაწესდა დროებითი სადემარკაციო ხაზი მე-17 პარალელის მახლობლად და განსაზღვრულ იქნა მეომარ მხარეთა ძალების ამ ხაზიდან გაყვანის ვადები. ლაოსისა და კამბოჯის თაობაზე ხელმოწერილი ანალოგიური შეთანხმების თანახმად ამ ქვეყნების ტერიტორიები უნდა დაეტოვებინათ საფრანგეთის კავშირის ძალებსა და ვიეტნამელთა შენაერთებს, ხოლო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატეტ-ლაოს წინააღმდეგობის ძალები უნდა გაეყვანათ ლაოსის ორ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში. გარდა ამისა, ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის ტერიტორიაზე აიკრძალა სხვა სახელმწიფოთა სამხედრო ბაზების შექმნა, საკუთრივ ეს სახელმწიფოები კი არ უნდა შესულიყვნენ რომელიმე სამხედრო ბლოკში. სამხედრო საკითხების განხილვის გარდა ჟენევაში მიღწეულ იქნა შეთანხმებები ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის პოლიტიკური მოწყობის შესახებ. გადაწყდა, რომ 1955 ლაოსსა და კამბოჯაში, ხოლო 1956 ვიეტნამში ჩატარდებოდა საყოველთაო თავისუფალი არჩევნები ინდოჩინეთის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე. ინდოჩინეთის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების პირობების შესრულებაზე კონტროლის გასაწევად ჟენევის თათბირზე შეიქმნა საერთაშორისო კომისია ინდოეთის (თავმჯდომარე), კანადისა და პოლონეთის წარმომადგენლების შემადგენლობით. თათბირის სამხედრო მუხლები ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განსაზღვრულ დროში განხორციელდა. 1955-57 შესრულდა ლაოსსა ღა კამბოჯაში პოლიტიკური მოწესრიგების პირობებიც, მაგრამ ვიეტნამში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით არსებული დიდი დაპირისპირების გამო.
2. ჟენევის თათბირი 1955
ჟენევის თათბირი 1955 ოთხი სახელმწიფოს მთავრობათა მეთაურების, მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის (ნ. ბულგანინი), აშშ-ის (დ. ეიზეჰაუერი), დიდი ბრიტანეთის (ა. იდენი) და საფრანგეთის (ე. ფორი) მთავრობათა მეთაურები, მიმდინარეობდა ჟენევაში 18-23.VII. მთავრობათა მეთაურების გარდა თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. თათბირის დღის წესრიგში შეტანილი იყო გერმანიის საკითხი, აგრეთვე საკითხები ევროპის უშიშროების, განიარაღების და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კონტაქტების განვითარების შესახებ.
თათბირზე საბჭოთა დელეგაცია გამოვიდა გდრ-ის ლიკვიდაციისა და მთელი გერმანიის დასავლეთის სამხედრო ბლოკში ჩათრევის იმ გეგმის წინააღმდეგ. რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები „თავისუფალი არჩევნების“ გზით გერმანიის გაერთიანების პროგრამის სახის სთავაზობდნენ. საბჭოთა დელეგაცია მიუთითებდა ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე და ევროპის კოლექტიური უშიშროების სისტემაში ორივე მათგანის მონაწილეობას უჭერდა მხარს. საბჭოთა მთავრობამ გაითვალისწინა დასავლეთ სახელმწიფოთა უარყოფითი დამოკიდებულება ევროპაში კოლექტიური უშიშროების შესახებ საერთოევროპული ხელშეკრულების საბჭოთა პროექტის მიმართ (წამოყენებული 1954) და შესთავაზა თათბირს ევროპის უშიშროების განხორციელება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე ძალაში რჩებოდა როგორც ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულება 1949, ისე ვარშავის ხელშეკრულება 1955. ამას გარდა, საბჭოთა მთავრობამ წინადადება შეიტანა, რომ საერთოევროპული ხელშეკრულების ხელმოწერამდე ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების მონაწილეებს უარი ეთქვათ ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე და შეთანხმებულიყვნენ ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების თაობაზე. მთავრობათა მეთაურებმა მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებას. მიღებულ დირექტივებში თათბირმა დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრებს, განეგრძოთ მთავრობათა მეთაურების მიერ განხილულ საკითხთა შემდგომი შესწავლა.
3 ჟენევის თათბირი 1955
ჟენევის თათბირი 1955 ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა, მიმდინარეობდა 27-X-16.XI, ესწრებოდნენ სსრკ-ის (ე. მოლოტოვი), აშშ-ის (ჯ ფ. დალესი), დიდი ბრიტანეთისა (ჰ. მაკმილანი) და საფრანგეთის (ა. ჰინე) საგარეო საქმეთა მინისტრები. ჟენევის თათბირი 1955 მოწვეულ იქნა ოთხი სახელმწიფოს მთავრობათა მეთაურების თათბირის დირექტივების შესაბამისად.
დღის წესრიგში იყო: ევროპის უშიშროება და გერმანია, განიარაღება, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონტაქტების განვითარება. გერმანიის საკითხის განხილვისას საბჭოთა დელეგაციამ უარყო „იდენის გეგმა“, რომლითაც გამოდიოდნენ დასავლეთის სახელმწიფოები. სსრკ-ის დელეგაციამ მიუთითა, რომ ასე ხელოვნურად ორი სახელმწიფოს გაერთიანება შეუძლებელია, რადგანაც ამ ქვეყნებში არსებობდა სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა. ამ ეტაპზე საბჭოთა დელეგაციის განცხადებით შესაძლებელი იყო გდრ-ისა გფრ-ის მხოლოდ თანმიმდევრული დაახლოება საერთოევროპული უშიშროების სისტემის ფარგლებში, იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს ევროპული კოლექტიური უშიშროების საერთოევროპული ხელშეკრულების საბჭოთა პროექტის მიღებაზე, საბჭოთა მთავრობამ წინადადება შეიტანა, თავდაპირველად დაედოთ ხელშეკრულება სახელმწიფოთა უფრო ვიწრო წრეში, სახელდობრ, სსრკ-ს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ვარშავის ხელშეკრულების, აგრეთვე დასავლეთევროპული კავშირის სხვა სახელმწიფოთა შორის, გდრ-ის და გფრ-ის ჩათვლით. საბჭოთა მთავრობა დაეთანხმა ასევე დასავლეთ სახელმწიფოთა სურვილს შეიარაღებულ ძალთა დონისა და ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შესაძლებელი შეთანხმების ძალაში თანმიმდევრული შესვლის თაობაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟენევის თათბირის რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი გახდა.
4. ჟენევის თათბირი 1959
ჟენევის თათბირი 1959 ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა, მიმდინარეობდა ორ ეტაპად 11.V-20.VI და 13.VII-5.VIII; გერმანიის საკითხის განხილვისას საბჭოთა დელეგაცია არ დაეთანხმა დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შემოთავაზებულ გეგმას და თათბირს შესთავაზა საერთო გერმანული კომიტეტის შექმნა, სადაც გდრ-ისა და გფრ-ის მთავრობები მოახდენდნენ საჭირბოროტო საკითხებზე კონსულტაციებს. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარყო საბჭოთა დელეგაციის მოსაზრება, გადაქცეულიყო დასავლეთ ბერლინი დემილიტარიზებულ ქალაქად. თათბირზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დასავლეთ ბერლინში არ განლაგებულიყო ატომური და რეაქტიული რაკეტები. ჟენევის თათბირზე მხარეებმა, მიუხედავად რამდენიმე სერიოზული შეთანხმებისა, გერმანიის საკითხზე მაინც ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას.