რუსეთ-საფრანგეთის კავშირი
რუსეთ-საფრანგეთის კავშირი – ჩამოყალიბდა 1891-93 და იარსება 1917-მდე.
XIX ს-ის 80-იან წლებში საგრძნობლად გაუარესდა საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობა. ამან აიძულა საფრანგეთი რუსეთთან დაახლოების კურსი აეღო. 1887 წარმოიშვა საფრანგეთის წინააღმდეგ გერმანიის აგრესიის საფრთხე. საფრანგეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს დახმარებისათვის. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა გერმანიას არ მისცა ნეიტრალიტეტის გარანტია, რითაც საგრძნობი დახმარება გაუწია საფრანგეთს.
1887 წლის ივნისში რუსეთსა და გერმანიას შორის დაიდო ე.წ. „გადაზღვევის ხელშეკრულება“, შეთანხმების თანახმად, ორივე მხარე ერთმანეთს ჰპირდებოდა ნეიტრალიტეტს მათზე მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ იქვე აღნიშნული იყო ორი გამონაკლისის შესახებ. რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის კონფლიქტის შემთხვევაში გერმანია არ იყო ვალდებული დაეცვა ნეიტრალიტეტი. რუსეთი უარს ამბობდა ნეიტრალიტეტზე საფრანგეთ-გერმანიის კონფლიქტის შემთხვევაში, შემდეგში საგრძნობლად გართულდა რუსეთ-გერმანიისა და რუსეთ-ავსტრია-უნგრეთის ურთიერთობა. ამის გამო 1890 გერმანიამ „გადაზღვევის“ ხელშეკრულების განახლებაზე უარი თქვა და ინგლისთან დაიწყო დაახლოება. ევროპაში ამგვარი პოლიტიკური სიტუაციის არსებობამ განაპირობა რუსეთ-საფრანგეთის კავშირის შექმნა.
1891 წლის 15 (27). VIII მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრთა მიერ წერილების გაცვლის საფუძველზე შეიქმნა რუსეთ-საფრანგეთის პოლიტიკური კავშირი, ამ შეთანხმების მიხედვით, ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, ჩაეტარებინათ ერთმანეთში კონსულტაციები ყველა საჭირბოროტო საკითხზე. ამასთანავე. მესამე ქვეყანასთან საომარი მოქმედებების შემთხვევაში დახმარებოდნენ ერთმანეთს, საფრანგეთი დაინტერესებული იყო, გაეფართოებინა 1891 შეთანხმებით მიღწეული პირობები. 5 (17). VIII, 1892 რუსეთისა და საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ხელმოწერილ იქნა სამხედრო შეთანხმება: იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთს თავს დაესხმოდა გერმანია, იტალია ან რუსეთი მას აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და თავს დაესხმებოდა გერმანიას, ასეთივე ვალდებულება იკისრა საფრანგეთმა რუსეთზე გერმანიის ან ავსტრია-უნგრეთის თავდასხმის შემთხვევაში. აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა 15 (27). XII. 1893 - 23-XII. 1893. (4 I. 1894) მხარეთა მიერ წერილების გაცვლის გზით. რუსეთ-საფრანგეთის კავშირმა იარსება 1917-მდე.
პირველი მსოფლიო ომის წინ ორივე მხარის გენერალური შტაბების თანამშრომლობამ უფრო მჭიდრო ხასიათი მიიღო. 1891-93 შეთანხმებას 2 (15) - 3 (16). VIII. 1912 დაემატა პარიზში ხელმოწერილი რუსეთ-საფრანგეთის საზღვაო კონვენცია. კონვენციის ძირითადი მიზანი იყო, წინ აღსდგომოდა აგრესიულ ბლოკს – „სამთა კავშირს“, რომელშიც წამყვან როლს გერმანია ასრულებდა. სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა მთელი სიცხადით რუსეთ-საფრანგეთის კავშირის აუცილებლობა, რუსეთ-საფრანგეთის დაახლოებამ საგრძნობლად იმოქმედა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაზე.