საერთაშორისო კონვენცია ყოველგვარი რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ 1966

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო კონვენცია ყოველგვარი რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ 1966 – მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის XX სესიაზე (1965); ხელმოსაწერად გაიხსნა 7.III.1966. ძალაში შევიდა 4.I.1969.

კონვენციამ განავრცო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ გაეროს დეკლარაციის 1963 დებულებები და რასობრივი დისკრიმინაცია განსაზღვრა როგორც რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომადგენლობის საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა თუ უპირატესობა, რაც მიზნად ისახავს თანასწორობის საწყისებზე ადამიანის უფლებების აღიარების, გამოყენებისა და განხორციელების განადგურებას ან დამცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ან სხვა ნებისმიერ სფეროში.

კონვენციის მონაწილენი გმობენ რასობრივ დისკრიმინაციას და კისრულობენ ვალდებულებას: გაატაროს ყველა მისი ფორმის ლიკვიდაციის პოლიტიკა და გამოდიან გარანტად, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო იმოქმედებს ამ ვალდებულების შესაბამისად, არ წააქეზონ, არ დაიცვან და მხარი არ დაუჭირონ რასობრივ დისკრიმინაციას ამა თუ იმ პირების ან ორგანიზაციების წინააღმდეგ; გამოაცხადონ კანონის მიხედვით დასჯად ქმედებად რასობრივი უპირატესობა და სიძულვილზე აგებული იდეების ყოველგვარი გავრცელება, ძალადობის ყოველგვარი აქტი.

კონვენცია კრძალავს ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ეწევიან ან ხელს უწყობენ რასობრივი დისკრიმინაციის პროპაგანდას. კონვენცია განსაკუთრებით გმობს რასობრივ სეგრეგაციას, აპართეიდს და წევრი ქვეყნები კისრულობენ მსგავსი ხასიათის ყოველგვარი ლიკვიდაციის ვალდებულებას.

კონვენცია შეიცავს იმ უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაში აკრძალული და ლიკვიდირებული უნდა იყოს დისკრიმინაცია რასობრივი ნიშნის მიხედვით. ზოგიერთი რასობრივი ან ეთნიკური ჯგუფის ან ცალკეული პირების მიმართ განსაკუთრებული ზომების მიღება, რაც მიზნად ისახავს შესაბამისი პროგრესის უზრუნველყოფას. არ განიხილება როგორც რასობრივი დისკრიმინაცია, თუმცა იმ პირობით, რომ გატარებული ზომების შედეგად არ შენარჩუნდება განსაკუთრებული უფლებები სხვადასხვა რასობრივი ჯგუფებისათვის. კონვენციის შესაბამისად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომების შესახებ წევრი ქვეყნების მოხსენებათა განხილვის მიზნით შექმნილია რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები